კვირის ბოლოს გავიგებთ, გასცემს თუ არა WHO სინოფარმის გამოყენების ნებართვას
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ორი ჩინური ვაქცინის ავტორიზაციასთან დაკავშირებით მსჯელობს. გასცემს თუ არა ორგანიზაცია Sinopharm-ის გამოყენების ნებართვას ამ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, Sinovac Biotech-თან დაკავშირებით კი იგივე ინფორმაციას მომდევნო კვირის ბოლოს მივიღებთ. ამის შესახებ WHO-ს ასისტენტ-დირექტორმა, მარიანგელა ბატისტა გალვაო სიმაომ, ორშაბათს განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში Sinopharm-ის 100 000 დოზაა მარაგში, ამ კონკრეტული ვაქცინის მისაღებად კი ვიზიტის დაჯავშვნა 18+ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესი კი WHO-ს გადაწყვეტილების გაცხადების შემდეგ დაიწყება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 16 აპრილს განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა სინოფარმის ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აპრილის ბოლოს იყო დაგეგმილი, საქართველოში ვაქცინის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისიდან დაიწყება.
ჩინეთმა ორივე ვაქცინა უკვე რამდენიმე ქვეყანაში გაიტანა ექსპორტზე, მათ შორის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აზიასა და აფრიკაში. WHO-ს დასკვნა ვაქცინის დისტრიბუციისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან სწორედ ამ რეგულატორის აღიარებაა მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის ინდიკატორი. WHO-ს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, Sinopharm COVAX-ის პლატფორმაზეც მოხვდება, რომელიც ვაქცინების განვითარებადი ქვეყნებისთვის მიწოდებას ისახავს მიზნად.
ასევე იხილეთ: კორონავირუსის ჩინური ვაქცინის ისტორია: ვაქცინების დიპლომატია თუ ბრძოლა საყოველთაო კეთილდღეობისთვის
WHO-ს ნებართვის მიღების შემთხვევაში, ჩინური Sinopharm იქნება პირველი ვაქცინა არადასავლური ქვეყნიდან, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო ნებართვა. ამ ეტაპზე კი, WHO-ს საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს ისეთი ვაქცინებისთვის, როგორიცაა Pfizer-BioNTech, AstraZeneca and Johnson & Johnson. ორგანიზაცია მიმდინარე კვირაში Moderna-სთვის ნებართვის გაცემის საკითხსაც განიხილავს.
კომენტარები