კორონავირუსის ჩინური ვაქცინის ისტორია: ვაქცინების დიპლომატია თუ ბრძოლა საყოველთაო კეთილდღეობისთვის

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

გაყიდვებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვაქცინა

დეკემბრის მიწურულს, შანხაიში მცხოვრებმა 31 წლის ამერიკელმა მასწავლებელმა, უილ ჰენრიმ, სამსახურიდან ისეთი მეილი მიიღო, რომელიც ერთი შეხედვით ულტიმატუმს უფრო ჰგავდა. მას შემდეგი 3 საათის განმავლობაში უნდა გადაეწყვიტა, უნდოდა თუ არა COVID-19-ის ჩინური ვაქცინით აცრა. როგორც მეილი იუწყებოდა, ვაქცინა 79%-იანი ეფექტიანობით გამოირჩეოდა და იგი უსაფრთხო გახლდათ. წერილმა ახალგაზრდა მასწავლებელში ამბივალენტური ემოციები გააჩინა: ვაქცინაციის ამერიკელ ენთუზიასტს ჩინეთში ინფორმაციის გაუმჭვირვალობა განსაკუთრებით ადარდებდა და მისთვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიის, Sinopharm-ის პროდუქტი უპირობო ნდობას ნამდვილად არ იწვევდა. მოგვიანებით, სკოლამ მოსაფიქრებელი დრო 24 საათამდე გაზარდა და ეს ჰენრისთვის საკმარისი აღმოჩნდა: მან აცრა გადაწყვიტა. მისი თქმით, იმის გააზრება, რომ იმუნიზაციის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნებასა თუ ოჯახის მონახულებას თავისუფლად და მარტივად შეძლებდა, გადამწყვეტი აღმოჩნდა. მათ ერთმანეთის ცოცხლად ხილვის საშუალება კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ აღარ ჰქონიათ.

"ჩინეთის ყურადღება არა "ვაქცინების რბოლაზე" (აღარაფერს ვამბობთ ე.წ. "ვაქცინების დიპლომატიაზე"), არამედ კაცობრიობის საყოველთაო ინტერესებზეა კონცენტრირებული. ჩინეთის, როგორც ხალხმრავალი სახელმწიფოსა და საწყის ეტაპზე ანტი-ეპიდემიური ბრძოლის მთავარი ველის "ხედვა ვაქცინებზე" არის ჯანსაღი. მისი ვალდებულება, აქციოს ვაქცინა საყოველთაო კეთილდღეობად, უკვე სრულდება", — ნათქვამია ჩინეთის სამთავრობო მედიის Тhe Global Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში. ამ სიტყვებს იქვე აშშ-ს ლანძღვა და დასავლური სამყაროს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციაც მოსდევს, რის ფონზეც ჩინელი მეცნიერების ბოლო მიღწევები კიდევ უფრო გოროზად გამოიყურება. რეალურად, არაფერი ორგანულად ახალი არ ხდება: ჩინეთი და რუსეთი თავიანთი ვაქცინების რეკლამირებისთვის ზუსტად ამგვარ ტექნიკას იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ აზიური სუპერსახელმწიფოს შექმნილი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ საბოლოო, დეტალურად განხილული სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, იგი თავისი გაყიდვებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვაქცინაა.

საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა უკვე გვაქვს. აღნიშნულმა კი Sinopharm-ის შესახებ, ლოგიკურია, არაერთი კითხვა გააჩინა.

როგორ შეიქმნა და მუშაობს ჩინური ვაქცინა

ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტმა შექმნა და მას BBIBP-CorV უწოდა. კლინიკური კვლევების ჩატარება საკუთარ თავზე სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, Sinopharm ითავა. ვაქცინა ორგანიზმს კორონავირუსის ამოცნობასა და მასთან ბრძოლას ასწავლის, რისთვისა იგი ინაქტივირებულ კორონავირუსს იყენებს. ჩინელმა მკვლევრებმა ჰოსპიტლებში მოთავსებული პაციენტებიდან კორონავირუსების 3 ვარიანტი აიღეს და მათგან ისეთი შეარჩიეს, რომლის გამრავლებაც ლაბორატორიულ პირობებში ყველაზე სწრაფად შეეძლოთ. კორონავირუსების კოლონიების მიღების შემდეგ, მას ქიმიური ნივთიერება, ბეტა-პროპიოლაქტონი შეურიეს და ამგვარად მისი ინაქტივაცია მოახერხეს — ვირუსს გამრავლება აღარ შეეძლო, მაგრამ მისი შემადგენელი ცილები (მათ შორის ე.წ. "სპაიკ-ცილები") ხელუხლებელი დარჩა. ამის შემდეგ იგი ადიუვანტს შეურიეს. ეს უკანასკნელი იმუნურის სისტემის ერთგვარი გამღიზიანებელია, რაც აცრაზე საპასუხო რეაქციის განვითარებას იწვევს — ორგანიზმი შესაბამისი დაცვის გამომუშავებას იწყებს. ეს ტექნოლოგია უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის და იგი ვაქცინის კლასიკურ დიზაინს მიეკუთვნება. სწორედ ასე შექმნა 1950-იან წლებში ჯონას სოლკმა პოლიომიელიტის ვაქცინა, რაც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამეცნიერო მიღწევად მიიჩნევა.

ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხი

BBIBP-CorV ვაქცინაში კორონავირუსი მკვდარია, რის გამოც მას ადამიანის დაინფიცირება და COVID-19-ის გამოწვევა აღარ შეუძლია. აცრით ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ მას იმუნური სისტემის ანტიგენ-წარმდგენი უჯრედი ამჩნევს და შთანთქავს. ეს უკანასკნელი ინაქტივირებულ კორონავირუსს ნაწილებად ხლეჩს და მათ მისივე ზედაპირზე დამხმარე Т-უჯრედებს წარუდგენს. როცა იმუნური სისტემის ეს უჯრედები კორონავირუსის ნაწილებს დაუკავშირდებიან, ისინი გააქტიურდებიან და იმუნურ სისტემას ანიშნებენ, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. ამგვარად იწყება აცრით გამოწვეული იმუნური პასუხი.

ორგანიზმის პასუხში იმუნური სისტემის სხვა უჯრედებიც, B ლიმფოციტებიც ერთვებიან. ისინი ვირუსთან შეკავშირების შემდეგ მასიურ გამრავლებას იწყებენ, რათა მათ მსგავსად შვილეულმა ანტიგენურმა უჯრედებმა ვირუსის ამოცნობა და დაჭერა მოახერხონ. ამგვარად, იმუნური სისტემა ცოცხალი კორონავირუსის ამოცნობას სწავლობს და ორგანიზმში შემოჭრის შემთხვევაში, მას დროულ პასუხსაც სცემს, რის შედეგადაც ადამიანი COVID-19-სგან დაცული ხდება.

კლინიკური კვლევის შედეგები

ვაქცინაზე მუშაობა 2020 წლის იანვარში დაიწყო, თუმცა პირველადი შედეგები ხელმისაწვდომი მხოლოდ ზაფხულში გახდა. როგორც გაირკვა, Sinopharm-ის პროდუქტმა პრე-კლინიკურ ეტაპზე იმედისმომცემი შედეგები აჩვენა, რის შემდეგაც კლინიკური კვლევაც დაიწყო. I ეტაპზე მასში 192 ადამიანი ჩაერთო (47% კაცი და 53% ქალი). მათი ნახევარი 18-59 წლის ასაკის გახლდათ, ხოლო ნახევარი - 60 წლის ზემოთ. ბრმა განაწილებით 144 ადამიანი ვაქცინას იღებდა, ხოლო 48 მოხალისე - პლაცებოს. აცრილებიდან 42 ადამიანს (29%) მინიმუმ ერთი გვერდითი მოვლენა მაინც გამოუვლინდა, მაგრამ მისი სიმწვავე მინიმალურ ხასიათს ატარებდა. ყველაზე ხშირი ლოკალური ჩივილი ნანემსარის ტკივილი, ხოლო სისტემური - სხეულის ტემპერატურის მატება გახლდათ. კლინიკური კვლევის მეორე ეტაპში მონაწილეობას 448 მოხალისე იღებდა. გაიტესტა აცრის სხვადასხვა დოზა და რეჟიმი, რის შედეგადაც ოპტიმალური სქემა იქნა შემუშავებული.

კლინიკური კვლევის შუალედურმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ ვაქცინა უსაფრთხო იყო და მას ადამიანის ორგანიზმი კარგად იღებდა. ანტისხეულების გამომუშავებას ორგანიზმი ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ იწყებდა და სრული იმუნიზაციისთვის 2 აცრა იყო საჭირო, ერთმანეთისგან 21 ან 28 დღიანი შუალედით. პირველი აცრიდან 42 დღის შემდეგ ორგანიზმში ანტიგენების ჯეროვანი რაოდენობა ფიქსირდებოდა, რაც ადამიანის ვირუსისგან დასაცავად საკმარისი იყო.

2020 წლის ივლისში კლინიკური კვლევის მესამე ფაზა დაიწყო, თუმცა საბოლოო მონაცემები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. არაბეთის გაერთიანებულმა საემიროების ჯანდაცვის სამინისტრომ დეკემბერში მესამე ფაზის კვლევის შედეგები პრეს-რელიზის სახით გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 31 ათასი მოხალისის ვაქცინაციის შედეგების ანალიზით, ვაქცინის ეფექტიანობა 84%-ს შეადგენდა. ამას გარდა, იგი 100%-ით იცავდა იმუნიზირებულ პირებს COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობისგან. ამგვარად, არაბულმა ქვეყანამ Sinopharm-ის ვაქცინას სრული ნდობა გამოუცხადა. მიუხედავად ამ სიახლისა, ჩინელმა მეცნიერებმა განცხადების გაკეთება არ იჩქარეს და საჯარო განცხადება დეკემბრის ბოლოს გააკეთეს. მათი სიტყვებით, კლინიკური კვლევის მესამე ფაზის შუალედური ანალიზით დგინდება, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ სიტყვებია და ჯერ შესაბამისი სამეცნიერო კვლევა აკადემიურ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ბევრმა ქვეყანამ BBIBP-CorV-ს საგანგებო შემთხვევებში გამოყენების ნებართვა უკვე მისცა. აღნიშნული სამეცნიერო წრეებში ჯეროვან სკეპტიციზმს იწვევს.

"ეს საოცრად უცნაურია და ბევრ კითხვა აჩენს", — აღნიშნავს გადამდებ დაავადებათა ექსპერტი, პიტერ ინგლიში. დაყოვნების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ამის ახსნის ორი ყველაზე ლოგიკური ვარიანტი არსებობს:

  1. მთელ მსოფლიოში გაფანტული კვლევის საბოლოო შედეგების შეგროვებას დიდი დრო და რესურსი სჭირდება;
  2. მიღებული შედეგები სკრუპულოზურ სამეცნიერო შემოწმებას ვერ გაუძლებენ და გამოჩნდება, რომ ისინი ჩინელი მეცნიერების მიერ არასწორადაა ინტერპრეტირებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ვარიანტი უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც Sinopharm ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ინიცირებულ COVAX პლატფორმის მონაწილეც არის და კონტრაქტის მიხედვით, მას 10 მილიონი ვაქცინა უნდა მიაწოდოს. ეს უკვე ცალსახად გულისხმობს, რომ კლინიკური კლვევის შედეგებს WHO დეტალურად შეისწავლის. მათი პირველადი შეფასებით, ვაქცინა ორგანიზაციის მოთხოვნილ ეფექტიანობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

2020 წლის ნოემბრის მიწურულს მეცნიერთა ჯგუფმა ბრიტანულ აკადემიურ გამოცემაში The BMJ მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამეცნიერო პუბლიკაციის წინმსწრები პრეს-რელიზები არც კარგი სამეცნიერო პრაქტიკაა და არც ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდომას ამაღლებს. მეტიც, ნაადრევად გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა შეიძლება სტატიის აკადემიურ გარჩევაზეც იქონიოს გავლენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიდგომა მხოლოდ ჩინურ ვაქცინაზე არ ვრცელდება: მსგავსად მოიქცა Pfizer / BioNTech, Moderna, Oxford / AstraZeneca. თუმცა, ამ უკანასკნელებმა პრეს-რელიზს რამდენიმე დღეშივე აკადემიური სტატიებიც მოაყოლეს. Sinopharm-ის შემთხვევაში ეს გაურკვეველი პაუზა უკვე მეოთხე თვეა, რაც გრძელდება.

ვაქცინების გაქნილი დიპლომატია თუ ღარიბი ქვეყნების რობინ ჰუდი?

"ვაქცინა არ შეიძლება პოლიტიკური განხილვის საგანი იყოს. დასავლურ და აღმოსავლურ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, როცა ისინი საკმარისი რაოდენობით იქნება", — აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. უნგრეთმა რუსული Sputnik - V ევროკავშირის გვერდის ავლით შეიძინა და ამას თავისი ლოგიკური ახსნაც აქვს. მდიდარი ქვეყნების მიერ ვაქცინების დატაცებამ ჩინეთსა და რუსეთს თავიანთი პროდუქციის გასაყიდად და პოლიტიკური გავლენის გასაფართოებლად კომფორტული გარემო შეუქმნა. დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარი, ანდრეა ტეილორი, აღნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობა მთელი მსოფლიოს 16%-ს შეადგენს, თუმცა, მათ წარმოებული ვაქცინის 60% უკვე დაბევებული აქვთ. ვაქცინების განაწილების მსგავსი ასიმეტრია პოტენციური ზიანის მომტანია თვითონ ამ მდიდარი ქვეყნებისთვისაც კი, რადგანაც ღარიბ ქვეყნებში ჯეროვანი იმუნიზაციის მიუღწევლობა კორონავირუსის ახალი ვარიანტების გაჩენასა და გავრცელებას უწყობს ხელს. ეს ყოველივე კი პანდემიის საბოლოო დასრულებას კიდევ უფრო შორეულ მომავალში გადაწევს.

ვაქცინების მასიურმა დატაცებამ ღარიბ ქვეყნებს სხვა გზა აღარ დაუტოვა და მათაც მხსნელად ჩინეთი მოევლინათ. ოფიციალური პეკინი ამ ყოველივეს კაცობრიობის წინაშე არსებულ მორალურ ვალდებულად კი ფუთავს, მაგრამ რეალურად, ეს მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რაც ჩინეთის მსოფლიო გავლენის გაძლიერებას ემსახურება. ამის დასტურად თუნდაც დასავლური ვაქცინების წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიაც კმარა. სამთავრობო მედიები და ოფიციალური პირები ამ ტექნიკას იმისთვის მიმართავენ, რომ საკუთარი პროდუქცია უფრო მისაღებად წარმოაჩინონ. BBIBP-CorV-ის შემთხვევაში ძირითადი აქცენტი მის ტრადიციულ, ძირძველ დიზაინზე კეთდება. ჩინეთის ლოგიკა მარტივია: დროში გამოცდილი ვაქცინა უკეთესია, ვიდრე ახალი, აქამდე გამოუცდელი ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტი. მიუხედავად ამისა, იგი გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მისი დასავლური კონკურენტები. Sinopharm-ის ვაქცინის ერთი დოზის ფასი $18.50-დან $44-მდე მერყეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველომ COVAX პლატფორმის დახმარებით $4-5-ის ფარგლებში შეიძინა, Pfizer-ის ფასმა $11-12 შეადგინა, ხოლო Sinopharm-ის ვაქცინა $19-20 დაგვიჯდა.

ვაქცინების დისტრიბუცია თუ ექსპორტი ჩინეთისთვის დიდი გამოწვევაა, რადგანაც პირველად ხდება, როცა მათ ეს პროდუქტი გასაყიდად ქვეყნის გარეთ გააქვთ და მასზე დიდი მოთხოვნაა. ამას ემატება წარმოების შედარებით მცირე მოცულობა. 2020 წელს Sinopharm-მა 300 მილიონი ვაქცინა აწარმოვა და მისმა შემოსავალმა $77,7 მლრდ შეადგინა. ახლა მათ გაფართოება აქვთ დაგეგმილი და წლის ბოლომდე 1 მილიარდი ვაქცინის დამზადებას აპირებენ.

ექსპორტის გარდა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით მოსახლეობის სრული იმუნიზაცია, რისი თადარიგიც ჩინეთმა ადრიდანვე დაიჭირა. გასული წლის მეორე ნახევარში მათ დიპლომატები, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტები, სამხედროები და სახელმწიფო მოხელეები ისე აცრეს, რომ კლინიკური კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მსგავსი მიდგომა ჰქონდა რუსეთსაც და ამაში უცნაური არაფერია — ავტორიტარულ სახელმწიფოებში სამეცნიერო კვლევის სტანდარტები ძალიან დრეკადია, რაც დასავლური აკადემიის შეშფოთებას იწვევს. მინესოტას უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის ასოცირებული პროფესორი, ლი ტერნერი აღნიშნავს, რომ როცა კვლევის გარეთ სამხედროების ვაქცინაციის ცნობები ვრცელდება, მაშინვე ჩნდება კითხვა: აქვთ კი ამ ჯარისკაცებს ვაქცინაციაზე უარის თქმის უფლება? ეს ძალზედ ლეგიტიმური კითხვაა, რადგანაც 2019 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ჩინეთის მოსახლეობის 70% ზოგადად ვაქცინებს არ ენდობა. ამ ყოველივეს განსაკუთრებით ხელს უწყობს კლინიკური კვლევების გაუმჭვირვალობა და დისტრიბუციის თანმდევი სირთულეები. თურქეთი და ბრაზილია ჩინურ კომპანიებს შესყიდული ვაქცინების დაგვიანებით მიწოდებაში ადანაშაულებენ, რასაც მწარმოებლები გაზრდილი მოთხოვნით ხსნიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში Sinopharm-ით აცრილ ზოგიერთ ადამიანს დამატებით მესამე აცრაც დასჭირდა, რადგანაც ვაქცინამ ანტისხეულების მაღალი ტიტრის გამომუშავება ვერ შეძლო. როგორც ფარმაკოლოგიურ კომპანიაში აცხადებენ, მათ კლინიკური კვლევის საბოლოო ანალიზი სჭირდებათ, რათა ოფიციალურად განაცხადონ, რა შემთხვევაშია საჭირო დამატებითი აცრის გაკეთება. საბოლოოდ, ეს ყოველივე ჩინურ ვაქცინებს ბევრი ადამიანისთვის მიუღებლად აქცევს.

Sinopharm-ის ვაქცინის შემსყიდველთა მთელი ყურადღება ახლა WHO-სკენ არის მიმართული. მათ მიერ გაცემული ავტორიზაცია უკვე ავტომატურად ნიშნავს, რომ ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხოა. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემთ, აცრა უფრო მშივადად და დარწმუნებით გაიკეთონ. შანხაიში მცხოვრები ამერიკელი მასწავლებელი, უილ ჰენრიც ზუსტად ამას აღნიშნავს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვაქცინას ჩინეთის გარეთ, ლიცენზია სხვა ქვეყანაშიც ჰქონდა მოპოვებული, მისთვის ძლიერი მოტივატორი გამოდგა.

"ეფექტიანობის თუნდაც 80% და იმის ალბათობა, რომ მე ვირუსის სხვისთვის გადადების მცირე რისკი მექნება, ჩემთვის სრულიად საკმარისია", — აღნიშნავს ჰენრი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს
  2. დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს — აი, რატომ
  3. არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
  4. აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომელიც ტყვიასავით მკვრივია
  5. ანტარქტიდაზე ქარვა აღმოაჩინეს — ძველი ტყეების კვალი ყინულოვან კონტინენტზე

გირჩევთ