როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბები — მაგდა გუგულაშვილისა და ზურა ბალანჩივაძის რჩევები
"5G ინტერნეტი კორონავირუსის გასავრცელებლად შექმნეს", "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნაყოფობას იწვევს", "ვირუსი კაცობრიობის გასანადგურებლად ხელოვნურადაა შექმნილი" — ეს იმ კონსპირაციული თეორიების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც წელიწადზე მეტია, საზოგადოება მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ყალბი ამბები კორონავირუსის გავრცელებამდეც საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო, პანდემიამ ახალ-ახალი თეორიები შვა და მათი გამავრცელებელთა რაოდენობაც გაზარდა.
ყალბ ამბებსა და მათთან ბრძოლის გზებზე ჟურნალისტმა, პლატფორმა მედიაჩეკერის ექსპერტმა მაგდა გუგულაშვილმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა, ბლოგერმა და აქტივისტმა ზურა ბალანჩივაძემ ისაუბრეს. იქიდან გამომდინარე, რომ 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება, სტუმრებმა დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენის გარდა, ყალბ ამბებთან ბრძოლაში მედიის როლიც განიხილეს.
მაგდა პანდემიის პერიოდში გავრცელებულ დეზინფორმაციას რამდენიმე ნაწილად ყოფს. მისი თქმით, თავდაპირველად ყალბი ამბები ვირუსის წარმოშობის წყაროს შესახებ გავრცელდა, რასაც არასწორი პრევენციის გზები და ე.წ. "ხალხური" მეთოდებით მკურნალობის ხერხები, შემდეგ კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ყალბი ამბების ტალღა მოჰყვა.
მაგდა ყალბი ამბების ამოცნობად რამდენიმე მნიშვნელოვან მინიშნებას გვიზიარებს:
- ყალბი ამბები ხშირად სენსაციური სათაურებით გამოირჩევა;
- ხშირად შეხვდებით ფრაზას "გადადი ლინკზე" — ეს მკითხველის ყურადღების მიქცევის ხერხია;
- ყალბი ამბავი შენში ეჭვის შეგრძნებას ბადებს;
- ყალბ ამბებში უმეტესად არაა დასახელებული, თუ რომელ წყაროებსა და კვლევებს ეყრდნობა ინფორმაცია;
- ყალბი ამბები ხშირად არარელევანტურ წყაროებს ეყრდნობა.
მაგდა მიიჩნევს, რომ საზოგადოება ინფორმაციისა და ახალი ამბებისადმი სკეპტიკურად უნდა იყოს განწყობილი.
ყალბი ამბების ამოსაცნობად რჩევებს ზურა ბალანჩივაძეც გვიზიარებს:
- ყალბი ამბების შემთხვევაში, ფეისბუქზე გაზიარებული ბმული, მასზე გადასვლის შემდეგ, სახელს ხშირად იცვლის;
- აუცილებელია, მკითხველმა ყურადღება მიაქციოს იგივე წყაროს სხვა კონტენტსაც. არასანდო მედიებში ხშირად გადააწყდებით არარელევანტურ რეკლამებსა და ამბებს.
გადამოწმებასთან ერთად, ზურა ბალანჩივაძის თქმით, მედია ვალდებულია, ამბავს წყაროც მიუთითოს.
აღსანიშნავია, რომ ზურა ბალანჩივაძემ კორონავირუსი თავადაც დაამარცხა და მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ მკითხველებს ინფორმაციას ფეისბუქზე დღიურების სახით უზიარებდა. თავად კორონავირუსის შესახებ არსებულ მითებს კომპეტენტური წყაროების დასკვნებითა და ინფორმაციით ებრძვის.
მაგდა და ზურა აღნიშნავენ, რომ საზოგადოების ვალდებულება ინფორმაციისადმი სკეპტიკური განწყობის შენარჩუნება და წყაროების შემოწმებაა, მედიის კი — საზოგადოებისთვის სანდო და რელევანტურ წყაროებზე დაყრდნობით სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მაშინაა საჭირო, როდესაც საკითხი ადამიანების სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას ეხება.
მოსაუბრეების თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილე საზოგადოებას სოციალურ ქსელებში მართებს, რადგან დეზინფორმაცია ყველაზე ხშირად სწორედ აქ ვრცელდება.
თუ ყალბი ამბების ამოცნობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში საზოგადოებისა და მედიის ვალდებულების საკითხი გაინტერესებთ, მოუსმინეთ პოდკასტს:
იმისთვის, რომ უკეთ გაერკვეთ თანამედროვე მედიასივრცეში და მეტი ინფორმაცია გქონდეთ დეზინფორმაციის საკითხებზე, ეწვიეთ ევროკავშირის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინიციატივისთვის შექმნილ ვებგვერდს.
სტატია მომზადდა პროექტის EU NEIGHBOURS east თანამშრომლობის ფარგლებში.
კომენტარები