კვლევის ადრეულ ეტაპზე, მალარიის ვაქცინამ 77%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, მალარიის ვაქცინამ 77%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ეს კი დაავადებასთან ბრძოლის საკითხში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. როგორც ვაქცინის უკან მდგარი ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდი აღნიშნავს, მალარია ყოველწლიურად 400 000-ზე მეტ ადამიანს კლავს, მათ უმეტესობას კი აფრიკაში მცხოვრები ბავშვები წარმოადგენენ.
მკვლევართა თქმით, ამ ვაქცინას აქვს პოტენციალი დიდი გავლენა მოახდინოს მსოფლიო ჯანდაცვის სფეროზე. ვაქცინა 450 ბავშვზე გამოსცადეს და კვლევამ აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა და მაღალეფექტიანობას 12 თვის განმავლობაში ინარჩუნებს. რაც ნიშნავს, რომ აცრილთა 77%-ს ვაქცინა დაავადებისგან 12 თვის განმავლობაში იცავს.
უფრო დიდ კვლევაში, რომელსაც გუნდი მომავალში ჩაატარებს, 5 000 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა ასაკი 5 თვიდან სამ წლამდე იქნება. ამ ეტაპზე, ისინი აფრიკის 4 ქვეყანას ელოდებიან, იმისათვის, რომ კვლევის შედეგები დაადასტურონ და კვლევის გაგრძელების ნებართვა გასცენ.
მალარიის დაავადებას იწვევენ პარაზიტები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში კოღოს ნაკბენის გზით ხვდებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს მსოფლიოში 229 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც 409 000 ლეტალური იყო.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორმა და ჯენერის ინსტიტუტის დირექტორმა — ადრიან ჰილმა, რომელიც კვლევის ავტორია, განაცხადა, რომ აღნიშნული ვაქცინა პირველია, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანს მიაღწია და 75%-ზე მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. აქამდე არსებული ყველაზე ეფექტიანი მალარიის ვაქცინა კი 55%-იან ეფექტიანობას აჩვენებდა.
კომენტარები