დღეს, ფაბრიკაში, არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო წინადადების სექსუალურ შევიწროებაზე და კვლევის სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი წარადგინეს.

კვლევის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ის მიმოიხილავს სხვადასხვა კვლევებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროების გარშემო ჩატარებულა.

2014 წელს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მეტროში მგზავრების 45 პროცენტს განუცდია სექსუალური შევიწროება, ხოლო 200 გამოკითხულიდან 90-ს სექსუალური შევიწროების რამდენიმე ფორმა აქვს გამოცდილი.

კვლევის მიხედვით, იმ პირების 85,5 პროცენტს, რომლებიც თავს მსხვერპლად მიიჩნევდნენ, არავინ დახმარებია. მათ არც პოლიციისთვის მიუმართავთ, მიუხედავად იმ შევიწროებისა, რომელსაც განიცდიდნენ.

2015 წელს ქალთა ფონდმა გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში სექსუალური შევიწროება - ქალთა "უჩინარი" დისკრიმინაცია, რომელიც სტუდენტებს შორის ჩატარდა. მისი მიხედვით, რესპონდენტებს საკუთარი და პირადი გამოცდილებიდან, კარგად ესმით სექსუალური შევიწროების სოციალური და კულტურული ფენომენის მნიშვნელობა.

2014 წელს სოციალური მეცნიერებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა 95,8% აცხადებს, რომ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება არ განუცდიათ, თუმცა საბოლოო შედეგებით ჩანს, რომ მათი პასუხი მოვლენის განსზღვრების არცოდნითაა განპირობებული. შემდგომში ჩაღრმავებული კითხვების პარალელურად, 50%-ზე მეტი ადასტურებს სექსუალური ხასიათის ქმედებებს მათ მიმართ, რომლების მიმართაც უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.

იგივე კვლევის მიხედვით, გამოკითხულ დასაქმებულთა 89 პროცენტი, სექსუალური ხასიათის შევიწროების არსებობს შემთხვევაში ამაზე უფროსთან არ განაცხადებს, ხოლო 97% - პოლიციასთან.

კვლევაზე დაყრდნობით საფარმა შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადება და ჩამოაყალიბა მუხლის ის ვერსია, რომელმაც შესაძლებელია, დაარეგულიროს სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში.

ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება ასე გამოიყურება:

  1. საზოგადოებრივ ადგილას სექსუალური შევიწროვება გულისხმობს ადამიანისთვის არასასურველ, სექსუალური ხასიათის, ფიზიკურ, ვერბალურ ან არავერბალურ ქმედებას, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოიწვევს პირის დამცირებას, შეურაცხყოფას, შეშინებას ან/და მისთვის მტრული გარემოს შექმნას.
    გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 1000 ლარამდე, ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
  2. იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ
    გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
  3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში
    გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

საფარმა ასევე წარმოადგინა საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების განსაზღვრება. ბაია პატარაიას თქმით, კავშირის წევრებმა ამ განმარტების თითოეულ სიტყვაზე დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელეს.

საფარის თქმით, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება შესაძლოა იყოს:

  • დასტვენა ან დასიგნალება;
  • სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება;
  • სახელის ან/და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა, მას შემდეგ, რაც ადამიანმა გარკვევით თქვა უარი, ან იგნორირება გაუწია ამ მოთხოვნას;
  • სექსისტური კომენტარები;
  • შემფასებლური კომენტარები;
  • ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კომენტარები;
  • ვულგარული ჟესტები;
  • გენიტალიების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში;
  • არასასურველი შეხება ან ხახუნი;
  • სექსუალური ძალადობა;
  • სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას, ან/და შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, ძალადობრივი, ან/და მტრული გარემოს შექმნას და კავშირშია სექსუალობასთან.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, რათა ახალ რეგულაციებს შორის აცილებული იყოს სტერეოტიპები. ჯაშის მოსაზრებით, აღნიშნული კანონპროექტის აღსრულებას შესაძლებელია თან ახლდეს პრობლემები.

კავშირ საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობა მათ მიერ არჩეული ცხოვრების წესის შეცვლასაც აიძულებს:

"ქუჩაში წამოძახებები და კომპლიმენტები უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. თითქმის არ ვიცნობ ქალს, რომელსაც არ აქვს საჯარო ტრანსპორტში მიღებული გამოცდილება, რომ მას შეეხნენ ისე, რაც იყო მისთვის არასასურველი და სექსუალური შინაარსის. ამას გარდა, ძალიან ბევრი ქალი საერთოდ აღარ იყენებს მიწისქვეშა გადასასვლელებს, სადაც გახშირებულია ექსჰიბიციონიზმი. საჯარო სივრცეში ქალების მოძრაობა შეზღუდულია.

"ის, რომ ქალი საკუთარ ჩაცმულობას იცვლის, იმის გამო რომ საჯარო სივრცეში თავს დაცულად არ გრძნობს, არის უკვე მისი ცხოვრების ხარისხის დაცემა"

ბაია პატარაია

ბევრი ქალი ერიდება ჩაიცვას ისე, როგორც ეს მას სურს იმიტომ, რომ ეშინია, შეიძლება კიდევ გახდეს წამოძახილების მსხვერპლი. ეს მასში ავითარებს შიშის გრძნობას, უხერხულობას და აიძულებს რომ ქცევა შეიცვალოს. მხოლოდ ის, რომ ქალი საკუთარ ჩაცმულობას იცვლის, იმის გამო რომ საჯარო სივრცეში თავს დაცულად არ გრძნობს, არის უკვე მისი ცხოვრების ხარისხის დაცემა".

კავშირმა საფარი ასევე დაიწყო კამპანია რა მოხდა ქუჩაში. მის ფეისბუკ გვერდზე ყოველდღიურად გამოქვეყნდება სხვადასხვა ქალის ისტორია, რომლებიც საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებასთან იქნება დაკავშირებული.

ბაია პატარაიას თქმით, კამპანიის ფარგლებში ექვს უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია, ასევე დიდ ქალაქებში გაიკვრება პლაკატები.

პრეზენტაციის დასასრულს, საფარის წევრებმა ფაბრიკის კედელზე სტენსილი დახატეს, რომელიც საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრობლემას ეხმიანება.

საფარის წევრებმა ფაბრიკის კედელზე სტენსილი მიახატეს, რომელიც სექსუალურ შევიწროებას აპროტესტებს. 21 თებერვალი, 2017 წელი.

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge