გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის მეტისმეტად უჩვეულო და არასასიამოვნო გამოცდილებებით სავსე პერიოდი გამოდგა. მათ შორის, გამონაკლისი არც კინოსთვის იყო, თუმცა ჩაშლილი კინოფესტივალების, გადადებული პრემიერების, შეფერხებული გადაღებებისა და დახურული კინოთეატრების მიუხედავად, 2020 ნამდვილად არ იყო ყველაზე გვალვიანი წელი კინოსამყაროსთვის. მეტიც, არაერთი გამორჩეულად დასამახსოვრებელი კინოსურათიც ვიხილეთ.

2020 წლის 10 საუკეთესო ფილმი

კინოს მოსავალს, როგორც წესი, სულ ბოლოს ამერიკული კინოაკადემია მიითვლის ხოლმე: ოსკარების დაჯილდოების შედეგებს მთელ მსოფლიოში დღემდე მაინც ყველაზე მეტად ელოდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ დაჯილდოების მესვეურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მრავალი მაყურებლისთვის სულ უფრო მეტად კარგავს ფასს.

რამდენად მრავალფეროვანი, შესაბამისი და მართლაც ღირებული ფილმებია წარდგენილი ოსკარებზე, ეს ყოველთვის დიდი კითხვის ქვეშ დგას, მაგრამ On.ge-ის ორმა ჟურნალისტმა, თემუკა ზოიძემ და ნინიკო ლეკიშვილმა, კომენდანტის საათის გამო სხვა თავშესაქცევებისგან ისედაც გაღარიბებული თავისუფალი საღამოები წლევანდელი კანდიდატი ფილმების სანახავად გამოვიყენეთ (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნინიკომ უფრო ბევრ ფილმს უყურა) და ამ სტატიაში სწორედ ჩვენს, ალბათ, მეტწილად არაპროფესიონალურ, თუმცა სანაცვლოდ სრულებით გულწრფელ პროგნოზებსა და მოლოდინებს გაგიზიარებთ.

P.S. ნინიკოს კი უნდოდა, საუკეთესო მონტაჟსა და კიდევ ვინ იცის, ხმის რეჟისურაზეც გვესაუბრა, მაგრამ ამ საკითხებში ჩემი სრული არაკომპეტენტურობის გამოვლენის თავიდან ასარიდებლად (ნინიკო პროფესიით კინომცოდნეა), განვაცხადე, მკითხველისთვის მოსაწყენი იქნება მეთქი და მხოლოდ ძირითად ნომინაციებზე ვისაუბრებთ.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

  • საშა ბარონ კოენი, The Trial of the Chicago 7

  • დენიელ კალუია, Judas and the Black Messiah

  • ლესლი ოდომი, One Night in Miami

  • პოლ რაჩი, Sound of Metal

  • ლაკიტ სტენფილდი, Judas and the Black Messiah

სავარაუდო გამარჯვებული: დენიელ კალუია

ვინ იმსახურებს გამარჯვებას: დენიელ კალუია

თემუკა: მაყურებლების დიდი ნაწილისთვის გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა შაკა კინგის ფილმის იუდა და შავი მესია ორი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მეორეხარისხოვან როლის ნომინაციაში, თუმცა რახან ასე მოხდა, კეთილი ინებონ და დენიელ კალუიას დამსახურებული ოსკარიც გადასცენ.

ნინიკო: მე ჯერ The Trial of the Chicago 7 ვნახე და მაშინვე მოვინუსხე საშა ბარონ კოენით, რომელიც საუცხოოდ თამაშობს. ვთვლიდი, რომ ის ნამდვილად იმსახურებდა ოსკარს, მაგრამ შემდეგ დენიელ კალუიას უბადლო შესრულება რომ ვიხილე, აზრი შევიცვალე. ჩემი ნება რომ იყოს, ამ კატეგორიაში სამივეს მივცემდი ოსკარს — საშას, დენიელსა და ლაკიტს.

დენიელ კალუია ფილმში Judas and the Black Messiah.

ფოტო: Warner Bros. Pictures

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

  • მარია ბაკალოვა, Borat Subsequent Moviefilm

  • გლენ ქლოუზი, Hillbilly Elegy

  • ოლივია კოლმანი, The Father

  • ამანდა სეიფრიდი, Mank

  • იუნ იუ-ჯუნგი, Minari

სავარაუდო გამარჯვებული: იუნ იუ-ჯუნგი

ვინ იმსახურებს გამარჯვებას: იუნ იუ-ჯუნგი / გლენ ქლოუზი

თემუკა: ფილმი მინარი ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავი მთელი მისი სამსახიობო გუნდის გამო იყო – ერთხელაც არ მიფიქრია, რომ ისინი ეკრანზე თამაშობენ. მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი კი საოცარი კორეელი ბებიის როლის შემსრულებელი იუნ იუ-ჯუნგი იყო.

ნინიკო: მინარი ნამდვილად განსაკუთრებული ფილმია, არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით. მაგრამ მე გლენ ქლოუზს უნდა დავუჭირო მხარი, რომლისთვისაც ეს მე-8 ნომინაციაა და ვთვლი, რომ უკვე დროა, ოსკარი გადასცენ. ისე კი ძალიან უხერხული იქნება, ისევ ოლივია კოლმანმა რომ აჯობოს, როგორც 2019-ში.

იუნ იუ-ჯუნგი ფილმში Minari.

ფოტო: A24

გლენ ქლოუზი ფილმში Hillbilly Elegy.

ფოტო: Netflix

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

  • რიზ აჰმედი, Sound of Metal

  • ჩედვიკ ბოუზმენი, Ma Rainey’s Black Bottom

  • ენტონი ჰოპკინსი, The Father

  • გარი ოლდმანი, Mank

  • სტივენ იუნი, Minari

სავარაუდო გამარჯვებული: ჩედვიკ ბოუზმენი

ვინ იმსახურებს გამარჯვებას: ენტონი ჰოპკინსი

თემუკა: მიუხედავად იმისა, რომ ჩედვიკ ბოუზმენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მისი შესრულებაც მომეწონა, მაინც მგონია, რომ ამ კატეგორიაში უპირობო ლიდერი ენტონი ჰოპკინსია — მან სამაგალითოდ ოსტატური შესრულება გვაჩვენა. თან, მე თუ მკითხავთ, მიცვალებულებს ჯილდოები არც აღარაფერში სჭირდებათ.

ნინიკო: არ შემიძლია, არ დაგეთანხმო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა როლი შეუდარებელია, ენტონი ჰოპკინსმა ამ ფილმში საკუთარ თავსაც კი აჯობა. ეს მისი საუკეთესო როლია ჰანიბალ ლექტერის შემდეგ. მთელი გულით ვგულშემატკივრობ მას.

ენტონი ჰოპკინსი ფილმში The Father.

ფოტო: Lionsgate

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

  • ვაიოლა დევისი, Ma Rainey’s Black Bottom

  • ანდრა დეი, The United States v. Billie Holiday

  • ვანესა კირბი, Pieces of a Woman

  • ფრენსის მაკდორმანდი, Nomadland

  • კერი მალიგანი, Promising Young Woman

სავარაუდო გამარჯვებული: ფრენსის მაკდორმანდი

ვინ იმსახურებს გამარჯვებას: ვანესა კირბი / ფრენსის მაკდორმანდი

თემუკა: არ მეწყინება, თუ ფრენსის მაკდორმანდი აიღებს ოსკარს ან თუნდაც ვაიოლა დევისი — ორივემ მათგან მოსალოდნელი კლასიკური მაღალი ხარისხი გვაჩვენა, თუმცა პირადად ჩემთვის ვანესა კირბი უფრო მეტად იმსახურებს გამარჯვებას: ჯერ ერთი, ზემოთ ხსენებულ ტიტანებს უკვე აქვთ ეს ჯილდო მიღებული, უდავოდ ნიჭიერ ახალგაზრდა ვანესა კირბის კი ნამდვილად არ აწყენდა წახალისება. და მეორეც, რასაც ის ფილმის ქალის ნაწილები თუნდაც პირველ ოც წუთში ატრიალებს, რთულია, ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს.

ნინიკო: არ მინდა, იფიქროთ, რომ ხალხს ოსკარებს ვუთვლი, მაგრამ ფრენსისის მესამე ოსკარს მას შემდეგ ველოდები, რაც პირველი აიღო. ვთვლი, რომ იგი ამ ფილმში ძალიან განსხვავებული იყო მისი სხვა როლებისგან. ვანესა ნამდვილად კარგია, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

ვანესა კირბი ფილმში Pieces of a Woman.

ფოტო: Netflix

ფრენსის მაკდორმანდი ფილმში Nomadland.

ფოტო: Searchlight Pictures

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

  • Judas and the Black Messiah

  • Minari

  • Promising Young Woman

  • Sound of Metal

  • The Trial of the Chicago 7

სავარაუდო გამარჯვებული: Promising Young Woman

იმსახურებს გამარჯვებას: Minari

თემუკა: მართალია, ახალგაზრდა იმედისმომცემი ქალი უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე არ მომეწონა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მესმის ის აღფრთოვანება, რომელსაც ამ ფილმის მისამართით გამოხატავენ. ამიტომ ჩემი ხმა მინარის — ძალიან სადა და თან ზღაპრულ იგავს ცხოვრებაზე.

ნინიკო: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანი ველოდი ახალგაზრდა იმედისმომცემი ქალის ეკრანებზე გამოსვლას, ამ კატეგორიაში მეც მინარის უნდა დავუჭირო მხარი. თუნდაც მისი სცენარის შექმნის ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ ჩემი აზრით, ნამდვილად იმსახურებს ოსკარს. გირჩევთ, რეჟისორის ინტერვიუებს უყუროთ, თუ თქვენს ბავშვობაზე გსურთ სცენარის დაწერა.

Minari

ფოტო: A24

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

  • Borat Subsequent Moviefilm

  • The Father

  • Nomadland

  • One Night in Miami

  • The White Tiger

სავარაუდო გამარჯვებული: Nomadland

იმსახურებს გამარჯვებას: The Father / One Night in Miami

თემუკა: აქაც ის შემთხვევაა, როცა ამ ორი ყველაზე ძლიერი კონკურენტიდან ორივეს გამარჯვება გამიხარდება, თუმცა მაინც მგონია, რომ მოხეტიალეთა მიწის ისედაც გარანტირებული ტრიუმფის ფონზე მამა მთლიანად ჩრდილში არ უნდა მოექცეს და მათ შემქმნელებს დემენციის პრობლემებისას გონების ლაბირინთში დაკარგული ადამიანის ასე შემაძრწუნებლად აღწერა სათანადოდ უნდა დაუფასდეთ.

ნინიკო: მგონია, რომ One Night in Miami ძალიან დაჩაგრეს წელს, ამიტომ მინდა, ამ კატეგორიაში ოსკარი მან აიღოს. მოხეტიალეთა მიწას კი სცენარი თითქმის არ ჰქონია და ამ ჯილდოს ნამდვილად არ იმსახურებს.

The Father

ფოტო: Sony Pictures Classics

One Night in Miami

ფოტო: AMAZON STUDIOS

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

  • Another Round (დანია)

  • Better Days (ჰონგ-კონგი)

  • Collective (რუმინეთი)

  • The Man Who Sold His Skin (ტუნისი)

  • Quo Vadis, Aida? (ბოსნია და ჰერცოგოვინა)

სავარაუდო გამარჯვებული: Another Round

იმსახურებს გამარჯვებას: Collective

თემუკა: ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მიჭირს იმის თქმა, თუ ვინ იმსახურებს გამარჯვებას, რადგან წელს ამ ნომინაციაში სხვა ფილმების ხილვას უფრო ველოდი. მაგალითად, La Llorona გვატემალადან, A Sun ტაივანიდან თუ I'm No Longer Here მექსიკიდან.

ნინიკო: ჩემი მხარდაჭერა, გული და სიყვარული ეკუთვნის კოლექტივს და მის შემოქმედებით ჯგუფს. თან ვთვლი, რომ ეს ფილმი ყველა ქართველმა უნდა ნახოს. ის ასევე წარდგენილია საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში და იმედია, იქ მაინც მოახერხებს გამარჯვებას.

Another Round

ფოტო: Nordisk Film

Collective

ფოტო: HBO Europe

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

  • Onward

  • Over the Moon

  • Shaun the Sheep Movie: Farmageddon

  • Soul

  • Wolfwalkers

სავარაუდო გამარჯვებული: Soul

იმსახურებს გამარჯვებას: Soul

თემუკა: ვინმე თუ გეტყვით, რომ სული დიდი ვერაფერი ანიმაციაა, არ დაუჯეროთ, უგულო ვიღაც იქნება ეგ. ერთი მხრივ, გაცილებით ნაკლებად ცნობილი ანიმაციური სტუდიოს მიერ შექმნილი Wolfwalkers-ის დაფასებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა სულის გამარჯვებაც სრულებით მიზანშეწონილი მგონია.

ნინიკო: მიუხედავად იმისა, რომ Soul-ის სცენარი არ მომწონს, ტექნიკურად ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციაა, რაც მინახავს. ამიტომ მეც მგონია, რომ ის გახდება წელს ოსკაროსანი.

Soul

ფოტო: Pixar

საუკეთესო რეჟისორი

  • თომას ვინტერბერგი, Another Round

  • დევიდ ფინჩერი, Mank

  • ლი ისააკ ჩუნგი, Minari

  • ქლოა ჭაო, Nomadland

  • ემერალდ ფენელი, Promising Young Woman

სავარაუდო გამარჯვებული: ქლოა ჭაო

ვინ იმსახურებს გამარჯვებას: ქლოა ჭაო

თემუკა: მართალია, გული მწყდება, რომ დევიდ ფინჩერი, დიდი ალბათობით, წელსაც ოსკარის გარეშე დარჩება, არადა, ჩემი აზრით, ის აქამდეც იმსახურებდა ამ ჯილდოს და თავის სრულებით შესანიშნავი ახალი კინოსურათისთვისაც მანკი ეკუთვნის აღიარება, თუმცა წლევანდელი წელი ნამდვილად ქლოა ჭაოსია (როგორც ჩინური ენის სპეციალისტებმა გვითხრეს, ჩინური წარმოშობის ამ შესანიშნავი ხელოვანის გვარი სწორედ ასე გამოითქმის).

ნინიკო: ქლოა ჭაო გახდება მეორე ქალი რეჟისორი, რომელსაც ოსკარი აქვს, ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს ჯილდო სრულიად ღირსეული გამარჯვება იქნება. ხოლო თუკი ასე არ მოხდა, მომიწევს სადმე სხვა პარალელურ სამყაროში გადავსახლდე, სადაც სამართლიანობა იზეიმებს და ქლოას ოსკარი ექნება.

ქლოა ჭაო ფრენსის მაკდორმანდთან ერთად გადასაღებ მოედანზე.

ფოტო: Searchlight Pictures

საუკეთესო ფილმი

  • The Father

  • Judas and the Black Messiah

  • Mank

  • Minari

  • Nomadland

  • Promising Young Woman

  • Sound of Metal

  • The Trial of the Chicago 7

სავარაუდო გამარჯვებული: Nomadland

ვინ იმსახურებს გამარჯვებას: Nomadland

თემუკა: ცოტათი მოულოდნელი იყო ის წარმატება, რაც ქლოა ჭაოს მოხეტიალეთა მიწას ხვდა წილად — ფილმი არაფერზე და თან ყველაფერზე. ამიტომ განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდის მეტწილად პრიალა "პროდუქტს" შორის ასეთი გამორჩეული ხმა ჰოლივუდის მეინსტრიმულ კინოშიც კი არ ჩაიკარგა.

ნინიკო: ზოგადად, ყველა ოსკარზე ვიცი, რომელია ჩემი ფავორიტი ფილმი, წელს ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება, ყველა ფილმი თითქოს ერთმანეთზე უკეთესი იყო. ეს იმას ჰგავს, სამი საყვარელი შვილიდან ერთი რომ უნდა აარჩიო, მაგრამ რადგან ნომინანტებიდან პირველი ფილმი, რაც ვნახე, იყო Father და რომ არა პანდემია, შეიძლება ეს ფილმი ოსკარზე ვერც მოხვედრილიყო, იქნებ ბოლომდე გაუმართლოს და გამარჯვებულიც გახდეს. თუმცა Minari-სა და Nomadland-ის წარმატებაც ასევე ძალიან გამიხარდება.

Nomadland

ფოტო: Searchlight Pictures

წელს ოსკარების ცერემონია ყველასთვის ცხადი გარემოებების გამო ორი თვით გვიან, 25 აპრილს (თბილისის დროით 26 აპრილის დილა) პანდემიისთვის შესაფერისი ფორმატით იმართება და სწორედ მაშინ გავიგებთ, რამდენად გამართლდება ჩვენი პროგნოზები, იმედები და მოლოდინები. ვინ იცის, იქნებ კინოაკადემიამ მიღებული გადაწყვეტილებებით ყველას გაოცებაც კი შეძლოს.

მანამდე კი შეგიძლიათ, ყველა ნომინაციაში წარდგენილ კანდიდატებს თვალი ამ ბმულზე შეავლოთ.