ევროპის სახალხო პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას EPP სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"EPP ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო. ბარამიძე მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერი იყო.

EPP-ისთვის კარგად არის ცნობილი მისი პირადი წვლილი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რომელსაც თანმიმდევრულად ატარებდა, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პროდასავლური ოპოზიციის პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს გიორგი ბარამიძე და საქართველოში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები", — ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარამიძე 2026 წლის 11 სექტემბერს თბილისში, "სამშობლოს ღალატის" (კონკრეტულად საბოტაჟის) ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ბრალდება კანონით 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება იაგო ხვიჩიას გადაცემაში "საქართველოს დაბადება" გაკეთებული განცხადების გამო 7 აგვისტოს დაიწყო. გადაცემის მსვლელობისას ბარამიძემ აფხაზეთის ომის კონტექსტში თქვა: "ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ". ხვიჩიამ დააზუსტა — "ჩვენები?" — რაზეც ბარამიძემ უპასუხა: "ჩვენები".