5 სარგებელი, რომელიც წერას მენტალური კეთილდღეობისთვის მოაქვს
წერა სულაც არ არის მხოლოდ რომანტიკოსების და არამიწიერი შთაგონების მქონე ადამიანების საქმე. გარდა იმისა, რომ ეს არის შემოქმედების შესაქმნელად ყველაზე მოსახერხებელი და წესებისგან თავისუფალი სივრცე, მეტად ინტიმური პროცესიცაა და ალბათ სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ხშირად ფურცლისთვის უფრო ადვილია გულისნადების განდობა, ვიდრე ადამიანისათვის.
"ქაღალდი ადამიანზე მომთმენია", — წერს ანა ფრანკი საკუთარ დღიურში. დღიურის წარმოება წერის კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც ასეთივე თავისუფალი და მოქნილია: შეგიძლიათ წეროთ ყოველთვის, ყველგან და ნებისმიერი რამ. წერა ერთგვარი მედიტაციაა, რითიც გონების გაწმენდა, საკუთარი თავის უკეთ შეცნობა და ეგრეთ წოდებული მაინდფულნესის მდგომარეობის მიღწევა შეგიძლიათ.
რა კავშირშია წერა და მენტალური კეთილდღეოება — ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაფერს წერის პროცესიდან მისით მიღებულ სარგებლამდე.
როგორ უნდა ვწერო?
სასურველია, საკუთარი განცდები გულწრფელად გადმოსცეთ. ეს დაგეხმარებათ, ზუსტად აღბეჭდოთ ის მენტალური მდგომარეობა, რომელშიც იმ მომენტში იმყოფებით. თუკი გამოცდილების აღწერას განსხვავებულად ეცდებით — ისე, როგორც ეს თქვენმა ტვინმა აღიქვა — თქვენი ხედვა შეიძლება ტექსტში დამახინჯდეს; ამის გამო კი, მიზნის მიღწევა, ანუ მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება, სათუო გახდება.
როდის უნდა ვწერო?
უმჯობესი იქნება, თუკი ყოველდღიურად გექნებათ გამოყოფილი დრო საწერად. ამით წერის ჩვევას გამოიმუშავებთ და ეს პროცესი დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახდება.
მნიშვნელოვანია ისიც, თუ დღის რომელ მონაკვეთს ირჩევთ ჩანაწერების გასაკეთებლად. ეს დამოკიდებულია თქვენს ხასიათსა და განრიგზე, თუმცა, საღამო ალბათ ის პერიოდია, როდესაც თქვენც გაქვთ დრო საწერად და დღის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაც უკვე მომხდარია.
თუკი საღამოს დაღლილი ხართ და ფურცელს ბალიშს ამჯობინებთ, შეგიძლიათ, დილით დაწეროთ წინა დღეს მიღებულ შთაბეჭდილებებზე; თანაც, ახალგაღვიძებულზე გონებაც დასვენებულია და მეტი შემართებით შეუდგებით საქმეს.
სად უნდა ვწერო?
საწერი ადგილის პოვნაც თქვენს ხასიათზეა დამოკიდებული, თუმცა, წერისთვის უმჯობესია, თუკი მყუდრო და წყნარ ადგილს მონახავთ, სადაც ყურადღების გადასატანი საშუალება არ გექნებათ. სიმშვიდე საკუთარი აზრების უკეთ დალაგებასა და გრძნობებზე ფოკუსირებაშიც დაგეხმარებათ.
რაც შეეხება საწერ მასალას — ეს, რა თქმა უნდა, თქვენი ასარჩევია. თუკი ბლოკნოტში კალმით წერისას ხელი გეღლებათ, აუცილებელია, რომ უფრო მოსახერხებელი საშუალება აირჩიოთ. მნიშვნელოვანია, წერის პროცესში კომფორტულად გრძნობდეთ თავს და მის ნაჩქარევად დასრულებას არ ცდილობდეთ.
რა უნდა ვწერო?
იფიქრეთ იმაზე, თუ რა "გიფრთხობთ" გონებას იმ მომენტში: რაზე ფიქრობთ, დარდობთ და რას განიცდით. ეს შეიძლება იყოს წინა ღამეს ნანახი სიზმარი, პატარა უთანხმოება მეგობართან ან უსიამოვნო მოგონება.
რაც უნდა იყოს წერის მთავარი თემა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ იგი საკუთარი პერსპექტივით დაინახოთ და ეცადოთ, შელამაზების გარეშე, გულწრფელად წეროთ. თავდაპირველად, შესაძლოა, ცოტათი შეშინდეთ კიდეც, თუმცა, როცა თქვენი ნააზრევით ფურცელს გაავსებთ, ერთი მხრივ, შვებას, მეორე მხრივ კი — საქმის დასრულებისგან მიღებულ კმაყოფილებას იგრძნობთ.
ახლა კი, როცა უკეთ გავერკვიეთ წერის პროცესში, გადავიდეთ იმ სარგებლის ჩამონათვალზე, რომლის მოტანაც სიტყვებს შეუძლიათ.
1. აუმჯობესებს ძილს და ენერგიის აღდგენის პროცესს
მენტალური პრობლემების უმეტესობა ხშირად ძილის რეჟიმზე ახდენს გავლენას. უძილობა და არასაკმარისი დასვენება პირდაპირ არის დაკავშირებული სტრესის მოზღვავებასა და შფოთვასთან. მათ, ვისაც ტრავმული გამოცდილება ჰქონდა, განსაკუთრებით უჭირთ დაძინება და ძილშიც უსიამოვნო სიზმრებით კარგავენ მოსვენებას. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩანაწერების გაკეთებაა. ამგვარად გათავისუფლდებით იმ ფიქრებისგანაც, რომლებიც ჩაძინებამდე გაწუხებთ.
2013 წელს, ჟურნალმა TIME-მა გამოაქვეყნა ოკლენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ელიზაბეთ ბროუდბენტისა და მისი გუნდის კვლევის ანგარიში. კვლევაში 49 ადამიანი მონაწილეობდა 64 წლიდან 97 წლამდე. მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს. ერთ გუნდს სთხოვეს, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მათ მიერ გამოვლილ ტრავმულ გამოცდილებაზე ეწერათ, მეორეს კი — იმ რაღაცებზე, რის გაკეთებასაც მომდევნო დღეს აპირებდნენ. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პირველმა ჯგუფმა, რომელიც ტრავმულ გამოცდილებებზე წერდა, ძილი გაიუმჯობესა.
2. ამცირებს სტრესსა და შფოთვას
მიუხედავად იმისა, რომ წერასა და სტრესის შემცირებას შორის არსებული კავშირი დიდი ხანია, აღმოაჩინეს, ახალი კვლევები კიდევ უფრო ამტკიცებს ამ მოსაზრებას.
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ჯეისონ მოუზერი, ამბობს, რომ, როცა მოახლოებული დავალება გსტრესავთ, საკუთარი ემოციების გადმოცემა გონებას მეტ სიმშვიდეს ჰგვრის.
მოუზერის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ წერა შესანიშნავი გამოსავალია მათთვის, ვისაც შფოთვასთან გამკლავება უხდება. პროცესი ხსნის ღელვას და გვეხმარება მეტისმეტი ფიქრისგან გათავისუფლებაშიც.
3. გვეხმარება დეპრესიასთან გამკლავებაში
უსიამოვნო ფიქრების გამოუთქმელად დაგროვება კიდევ უფრო აუარესებს მენტალურ მდგომარეობას და რთულ პრობლემებამდე მივყავართ. კვლევები მიუთითებს, რომ წერა დეპრესიასთან გასამკლავებელი ერთ-ერთი იარაღიცაა.
Journal of Affective Disorders-ში 2013 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც რამდენიმე ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჩაატარა. კვლევაში დეპრესიული აშლილობის მქონე 40 ადამიანი მონაწილეობდა. პირველ დღეს მათ მისცეს კითხვარები და გონებრივი სავარჯიშოები.
ამის შემდეგ, მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს; პირველ ჯგუფს სთხოვეს, აღეწერათ მათი ფიქრები, განცდები და ემოციური მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდნენ. მონაწილეები ზედიზედ სამი დღე წერდნენ — ყოველდღიურად 20 წუთის განმავლობაში. მეორე ჯგუფს მკვლევრებმა სთხოვეს, ემართათ ემოციები და ყოველდღიურად ეწერათ მხოლოდ არაემოციურ აქტივობებზე.
მეხუთე დღეს მონაწილეებმა კვლავ შეავსეს კითხვარები და შეასრულეს გონებრივი სავარჯიშოები. ოთხი კვირის შემდეგ, განმეორებითი ტესტირების ჩატარებამ დაასკვნა, რომ მათ, ვინც საკუთარ ემოციებზე წერდა, მნიშვნელოვანწილად შეუმცირდა დეპრესიის სიმპტომები.
4. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას
ყოველდღიური წერითი სამუშაო ტვინისთვის საუკეთესო სავარჯიშოცაა. წერის პროცესში ჩართულია თქვენი მეხსიერება, მოტორული და სხვა უნარები.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგიის პროფესორი, ვირჯინია ბერნინგერი, The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში აღნიშნავს, რომ თითის მოძრაობები წერის პროცესში ააქტიურებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც ფიქრზე, ენასა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.
ჩანაწერების გაკეთებას, როგორც გონებრივ სავარჯიშოს, ხშირად ურჩევენ ხანდაზმულ ადამიანებსაც.
თუკი ამის შესაძლებლობა გაქვთ, სცადეთ სხვა ენაზე წერაც. ამგვარად საკუთარი თავის განსხვავებულად გამოხატვასა და ფიქრების სხვა კუთხით დანახვასაც შეძლებთ; ამასთან, გაიუმჯობესებთ ენობრივ უნარ-ჩვევებსაც. ამიტომ, ეს კიდევ უფრო კომპლექსური გონებრივი სავარჯიშოა.
ჩამოთვლილ და კიდევ ბევრ სხვა სარგებელთან ერთად, წერა აუმჯობესებს კონცენტრაციის, პრობლემების გადაჭრის და შემოქმედებითობის უნარებსაც.
5. ზრდის მადლიერების გრძნობას
ყოველდღიური რუტინული ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, მხოლოდ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ. სწორედ ამის გამო გვავიწყდება, სათანადოდ დავაფასოთ ბედნიერი მომენტები, რომლებიც იმაზე მეტია ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე გვგონია.
თვალისმომჭრელად ლამაზი მზის ამოსვლა, გამყიდველი, რომელმაც ბედნიერი დღე გვისურვა, მეგობრის კომპლიმენტი და სხვა ბევრი დეტალი — ნუ მოგერიდებათ, რომ ამ ყველაფერზე ნაწერებშიც ისაუბროთ. გაზიარებული სიხარული გაორმაგებულიცაა. ეს ყველაფერი კი აისახება ჩვენს მოტივაციაზე, ოპტიმისტურ განწყობასა და ხანგრძლივ მენტალურ კეთილდღეობაზე.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები