ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოონ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა ამის შესახებ ამერიკის ხმას წერილობითი კომენტარი მას შემდეგ მისცეს, რაც აშშ-ში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა.

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად", — აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 18 აპრილს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. პარტიები ერთმანეთს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდებიან და სავარაუდოდ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე იმსჯელებენ.

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია დოკუმენტს ხელს აწერს. გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი.

ქართული ოცნების მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას წინ უძღოდა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი. კობახიძის განცხადებით, აშშ-ში შეხვედრებისას პარტნიორები მიანიშნებენ, რომ მათ, როგორც მმართველმა პარტიამ კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯები უნდა გადადგან.

30 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თავდაპირველად ხელი არ მოაწერა არც მმართველმა პარტიამ.

კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საკითხები რამდენიმე პუნქტად იყო დაყოფილი. ის ეხებოდა:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას;
  • ამბიციურ საარჩევნო რეფორმას;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმას;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას;
  • მომავალ არჩევნებს.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.