ეს ჭიანჭველები ტახტის მოსაპოვებლად ტვინის ზომას იცვლიან
როდესაც ჭიანჭველა Harpegnathos saltator-ების დედოფალი კვდება, სხვა დედალი მწერები მაშინვე იწყებენ ბრძოლას ტახტისთვის, ამ დროს კი მათ სხეულში უცნაური ტრანსფორმაციები იწყება.
მეცნიერთა გუნდმა, რომელიც აღნიშნულ რიტუალს შეისწავლის, კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში ოთხშაბათს, 14 აპრილს გამოაქვეყნა. ამ უკანასკნელის მიხედვით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ Harpegnathos saltator სახეობის ჭიანჭველები რეალურად იცვლიან ტვინის ზომას.
New York Times იუწყება, რომ, ამჟამინდელი ინფორმაციით, ეს მწერების ერთადერთი სახეობაა, რომელსაც საკუთარი ტვინის შეკუმშვისა და შემდეგ ნორმალურ ზომამდე გაზრდის უნარი აქვს. ეს ყველაფერი კი იმ კომპლექსური პროცესების საშუალებით ხდება, რომელთა მიზანი, სავარაუდოდ, ჭიანჭველების სხეულში ენერგიის სწორად გადანაწილება და მისი დაზოგვაა მაშინ, როდესაც ისინი ახალი როლის მოსაპოვებლად იბრძვიან.
დედოფლის სიკვდილის წინ კოლონიის დედალი ჭიანჭველების უმეტესობა დაუყოვნებლივ ერთვება ბრძოლაში დედოფლის ადგილის მოსაპოვებლად. მოწინააღმდეგეების დასამარცხებლად ისინი საკუთარ ანტენებს იყენებენ. საბოლოოდ კი, გამოიკვეთება რამდენიმე გამარჯვებული, რომლებიც მასობრივად იწყებენ გამრავლებას და კვერცხის მდებელ მანქანებად იქცევიან.
კვლევის მიხედვით, გამარჯვებულები ჩვეულებრივი დედალი მუშა ჭიანჭველებივით გამოიყურებიან, განსხვავება კი ისაა, რომ მათ ძალიან პატარა ტვინი აქვთ — ეს ორგანო განსაკუთრებით იმ რეგიონებში პატარავდება, რომლებიც ხედვასა და ცნობიერებაზეა პასუხისმგებელი.
"მათ სხეულებს თუ შიგნიდან დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ისინი უდიდეს ცვლილებებს განიცდიან გამარჯვების მოსაპოვებლად" — განუცხადა NYT-ს კვლევის მთავარმა ავტორმა და კენესას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგმა, კლინტ პენიკმა.
იქიდან გამომდინარე, რომ შეჯიბრის დარჩენილი მონაწილეები მუდმივად წყვილდებიან და კვერცხებს კოლონიის ბნელ ადგილებში დებენ, მათ დიდად არც რამის დანახვა სჭირდებათ და არც საკვების მოპოვება. რადგან ტვინი დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს, ჭიანჭველა უბრალოდ შეკუმშავს აღნიშნული ორგანოს იმ უბნებს, რომლებიც ტახტის მოსაპოვებლად არ სჭირდება — ამ გზით იგი რესურსებს ზოგავს.
"მუშა ჭიანჭველებს კოგნიტური საქმეების შესასრულებლად დიდი ტვინი სჭირდებათ, ბრძოლის მონაწილეებს კი ბევრი ფიქრი მოგებაში ვერ დაეხმარებათ", — განუმარტა NYT-ს პენიკმა. "საბოლოოდ, როდესაც ისინი შეჯიბრს მოიგებენ, ამის შემდეგ კვერცხების დებასთან ერთად ცოტა მეტ ფუნქციებსაც ითავსებენ".
მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ამ ჭიანჭველების კოლონიიდან ამოყვანა მათ სიკვდილს გამოიწვევდა, თუმცა, სანაცვლოდ, ეს არსებები ისევ ისეთ მუშა ჭიანჭველებად იქცნენ და ტვინი იმ ზომამდე აღიდგინეს, რაც შეჯიბრამდე ჰქონდათ.
კომენტარები