როგორ იმოქმედა ჩახუტების გარეშე გატარებულმა დრომ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე
ადამიანისთვის არსებითია, ფიზიკურად შეეხონ და თავადაც შეეძლოს შეხება. სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მძიმე პანდემიის პერიოდი მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს. შევძლებთ ოდესმე ამ დანაკლისის სრულად ანაზღაურებას? — ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქვემოთ მოცემულ სტატიაში მწერალი და ჟურნალისტი ელეანორ მორგანი შეეცდება.
თუნდაც ბევრი რამის გაკეთება შეეძლოს ძაღლს, მისი აქტივობების რიცხვი უსაზღვრო მაინც არ არის. ჩემს ძაღლთან (სტაფორდშირული ბულტერიერი) ერთად მარტო ვცხოვრობ და პირველი მასობრივი შეზღუდვებისა და იზოლაციის გამოცხადებიდან რვა კვირის თავზე ის უკვე მოწყენილობისგან თვალებს ატრიალებდა. სანამ ჯერ კიდევ მკაცრი შეზღუდვები დაწესდებოდა, მანამდე კორონავირუსის დიაგნოზისა და მისგან დატოვებული გართულებების გამო ლამის დივანს შევეზარდე, გაზაფხული და ზაფხული კი ისე გავიდა, სხვა ადამიანს არ შევხებივარ. მენატრებოდა მეგობრების ტანსაცმლის სუნი და ჩემი ძმისშვილის თმა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის სიმყარის შეგრძნება მაკლდა, რომელსაც მხოლოდ სხვა ადამიანის სხეული თუ განგაცდევინებს.
შეხების საჭიროება ცნობიერების ჰორიზონტს მიღმა არსებობს. ჩვენი თვითმყოფადობის მთელი კონცეფცია ჯერ კიდევ დაბადებამდე ყალიბდება, როცა საშვილოსნოში ნაყოფი ამნიონური სითხითაა გარშემორტყმული. ამ დროს ნერვულ სისტემას უკვე აქვს იმის უნარი, რომ დედის სხეული საკუთარისგან გაარჩიოს. "ადამიანის სხეული მასზე მზრუნველის შეხებით ყალიბდება" — ამბობს კატერინა ფოტოპოლოუ, ფსიქოდინამიკური ნეირომეცნიერების პროფესორი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში — "ჩვენ სრულად დამოკიდებულები ვართ მზრუნველზე, რათა დავიკმაყოფილოთ სხეულის ძირითადი მოთხოვნილებები. შეხების გარეშე ბევრი რამ შეუძლებელი იქნებოდა".
ნინა სმიტი 40 წლისაა და ლონდონის სამხრეთ ნაწილში მარტო ცხოვრობს. 2018 წელს მიღებული ხერხემლის ტრავმის გამო ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწია, რომელიც საწოლში დიდი ხნით წოლას მოითხოვდა. მასთან მიდიოდნენ მნახველები, მაგრამ ტკივილის ინტენსივობის გამო ფიზიკური კონტაქტი რთული იყო. ამის გათვალისწინებით, მას ეგონა, რომ საყოველთაო შეზღუდვების პირველად გამოცხადებისას სათანადო გამოცდილება უკვე დაგროვილი ჰქონდა. "მეგონა ვიცოდი, როგორ გავმკლავებოდი ამ ყველაფერს, მაგალითად, ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა უარი სასეირნოდ გასვლის ჩვეულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლომდებარე ადგილების მონახულება თავს ყოველთვის უკეთ გაგრძნობინებს ხოლმე" — აღნიშნა მან Zoom-ში საუბრისას. თუმცა ექვსი კვირის შემდეგ მისმა სიმტკიცემ რყევა დაიწყო. "იზოლაციამ, რომელიც უკვე გამოცდილი მქონდა, მოსალოდნელზე უფრო მოწყვლადი გამხადა. ვცდილობდი საკუთარი თავი რუტინაში ჩამერთო, მაგრამ..." — ის ტირილს იწყებს — "რაღაც მომენტში ჩახუტების შეუძლებლობა წამებას დაემსგავსა. არ მჯერა, რომ მთავრობამ სათანადოდ შეაფასა, თუ რა გავლენას იქონიებდა პირველი ასეთი შეზღუდვები მარტო მცხოვრებ ადამიანებზე".
ზრდასრულ ასაკში ხანდახან მაშინაც კი ვერ ვაცნობიერებთ შეხების მნიშვნელობას, როცა ამის შესაძლებლობას ვკარგავთ. "ჩვენ შეიძლება დავიწყოთ იმის გააზრება, რომ რაღაც ნამდვილად გვაკლია, თუმცა ყოველთვის არ გვეცოდინება, რომ ეს ფიზიკურად შეხების მოთხოვნილებაა. როცა მარტოობის პრობლემაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვაიგნორებთ ერთ აშკარა ფაქტს: ის, რის დანაკლისსაც მარტოსული ადამიანები განიცდიან, შეხებაა" — ამბობს პროფესორი ფრენსის მაკგლონი, ნეირომეცნიერი ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტიდან და ლიდერი აფექტური შეხების კვლევის სფეროში.
"შეხებას ჩვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე უზარმაზარი გავლენა აქვს", — აცხადებს პროფესორი რობინ დანბარი, ევოლუციური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. "ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ყოფნისას ერთმანეთს იმაზე მეტჯერ ვეხებით, ვიდრე ამას ვიაზრებთ" — ამბობს ის. დანბარის კვლევამ აღმოაჩინა, რომ მოზრდილ ასაკში საშუალოდ ხუთი მეგობარი გვყავს, რომელთა მხარზეც თავის ჩამოდება და ტირილი შეგვიძლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათთან საკუთარი გულწრფელი ემოციების გაზიარება არ გვერიდება. "მსგავსი რამ შემჩნეულია პრიმატებშიც. იმ შემთხვევაშიც კი, როცა პრიმატების დიდ გაერთიანებასთან გვაქვს საქმე, 5 საუკეთესო მეგობრის ჯგუფის ფენომენი ყველა საფეხურზე გვხვდება, რომლებიც მათ სოციალურ შეხებას — ბეწვის გასუფთავებას ერთად მიმართავენ. პრიმატებში და ადამიანებში ეს მყარი ერთობები ბუფერის როლს ასრულებს: ამ გზით სამყაროს სირთულეებს ცოტა ხნით ვივიწყებთ" — აღნიშნავს ის. ამის შემდეგ, ალბათ, მოულოდნელი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ 2020 წელს BBC-სა და Wellcome Collection-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 112 ქვეყნიდან მონაწილე 40,000 ადამიანმა, რომლებსაც შეხების აღწერა სთხოვეს, ყველაზე ხშირად შემდეგი სამი სიტყვა გამოიყენა: "მყუდრო", "თბილი" და "სიყვარული".
პანდემია ისევ გრძელდება და ბევრი ჩვენგანი კვლავ ეცდება, ღრმა სტრესს როგორმე შეხებით განცდილი კომფორტის გარეშე გაუმკლავდეს. ჩვენ ყველას განსხვავებული საჭიროებები და პირადი საზღვრები გვაქვს (მაგალითისთვის, მაკგლონი ამბობს, რომ "ყველა არ იტანჯება ფიზიკური კონტაქტის უკმარისობით, მე საერთოდ არ მომწონს ჩახუტება, რასაც ჩემი საბრალო ცოლი ჭკუიდან გადაჰყავს"), მაგრამ შეხების სრული გაქრობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციური ფონი გაუარესებულია, იმ მექანიზმის მოშლას უწყობს ხელს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ჩამოგვიყალიბდა, სანამ ენას ამოვიდგამდით.
"შეხება მოდულატორის როლს ასრულებს, რომელიც როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ სტრესსა და ტკივილზე მოქმედებს. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ შეხების ნაკლებობა შფოთვის მაღალ დონესთან ასოცირდება" — ამბობს ფოტოპოლოუ — "გაზრდილი სტრესის დროს, მაგალითად, სამსახურის დაკარგვის და ახლობლის გარდაცვალებისას, სხვების შეხება სიტუაციასთან უკეთ გამკლავებაში გვეხმარება, უფრო კონკრეტულად, სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის თანმდევ შედეგებს ებრძვის". იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხშირად შეხებას შეჩვეული არ ვართ, გარკვეული დროის შემდეგ ამის საჭიროება, შესაძლოა, ფიზიკურად განვიცადოთ, რასაც ხშირად "კანის შიმშილს" ან "შეხების შიმშილს" უწოდებენ.
მაშინ, როცა ერთნი იმაზე სწუხან, თუ როგორი დამღლელია ახალშექმნილი ოჯახების მონოტონურობა, სხვები იმაზე საუბრობენ, თუ რა რთულია ხანდახან სრულიად მარტო ყოფნა. სწორედ ამ გამოწვევაზე საუბრობს კლერ ბირკე, მასწავლებელი ედინბურგიდან: "37 წლის ვარ და ჩემი მეგობრების უმეტესობა პარტნიორებთან ან შვილებთან ერთად ცხოვრობს. ჩემს ცხოვრებაში აქამდე ასე არასდროს შევუწუხებივარ მარტოხელის სტატუსსა და სხეულის ინტიმური კონტაქტის ნაკლებობას".
მარტო მცხოვრები ადამიანების რიცხვი ბრიტანეთში 1997 წლიდან 2017 წლამდე 16%-ით გაიზარდა და მაჩვენებელმა 7,7 მილიონს მიაღწია. ბოლო პერიოდში გარკვეული სოციალური ჯგუფების ("ბაბლი") ჩამოყალიბებამ, რომლებმაც ადამიანთა კომუნიკაცია თითქოს გაზარდა, იმედის ნაპერწკალი გააჩინა. მაგალითად, სმიტი ასე დაუახლოვდა წყვილს, რომელიც ერთად ცხოვრობდა და როგორც თავად აღნიშნავს, მათთან ურთიერთობა მის განწყობაზე დადებითად მოქმედებდა. თუმცა დღეები გრძელია და მას მეგობრებთან ფიზიკურად შეხებაც არ შეუძლია.
"მხოლოდ ახლა გავიაზრე, თურმე რამდენად ხშირად ვეხები ხალხს გაუცნობიერებლად. ვგრძნობ, რომ ახლა ამის სურვილს სხეულში ვაკავებ და ვერსად ვახერხებ მის გამოშვებას" — ამბობს ის.
განსაკუთრებით სტრესულ მდგომარეობებში ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს ჩვენი სხეულები ემოციებს ვეღარ დაიტევს, თუ ამაში სხვა, ჩვენ გვერდით მყოფი არ დაგვეხმარება. "უამრავი კვლევა უჭერს მხარს თეორიას, რომლის თანახმადაც, შეხება ტვინს სიგნალს აძლევს, რომ მას შეუძლია გააზიაროს რესურსები, რადგან გვერდით სხვა ადამიანია ტვირთის სიმძიმის გადასანაწილებლად. ეს ადუნებს სხეულს და გარკვეულწილად ძალების აღდგენის საშუალებასაც აძლევს" — ამბობს ფოტოპოლოუ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შეხება არ არის ერთადერთი გრძნობა. ადამიანის კანი, რომელიც საშუალოდ ორ კვადრატულ მეტრს უდრის, შეიცავს ნერვულ ბოჭკოებს, რომლებიც აფიქსირებენ ტემპერატურას, ტექსტურას, ქავილს და ა.შ. ბოჭკოების ერთი ნაკრები მხოლოდ ნაზ და მგრძნობიარე შეხებას აღიქვამენ: მათ C ტაქტილური აფერენტები ეწოდება (CT’s). მაკგლონი ჯერ კიდევ 1995 წლიდანაა დაკავებული ამ ბოჭკოების შესწავლით, როცა ადამიანებში პირველად აღმოაჩინეს ისინი. "ეს ნეირონები ყველა სოციალური ძუძუმწოვრის კანში გვხვდება და ისინი თავის ტვინის ემოციების გადამამუშავებელ ნაწილებს ელექტრონულ სიგნალებს გადასცემს. ბოჭკოები კრიტიკულ როლს თამაშობს ტვინში სოციალურ ინტერაქციებზე პასუხისმგებელი უბნების გამართულად მუშაობასა და სტრესთან გამკლავების უნარის ჩამოყალიბებაში“.
C ტაქტილური აფერენტები, იგივე მგრძნობიარე შეხების ბოჭკოები, ყველაზე მჭიდროდ სხეულის ისეთ ნაწილებშია განლაგებული, რომლებსაც თავად ხშირად ვერ ვეხებით: მაგალითად, მხრები და ზურგი. "თუ ზურგზე შეხება გიყვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ზურგზე მეტი CT-ია" — ამბობს მაკგლონი — "ამ ნეირონების სტიმულირება ოქსიტოცინისა და დოფამინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც პირდაპირ მოქმედებს კორტიზოლის დონის დარეგულირებაზე, რომელიც ჩვენს ხასიათს განსაზღვრავს". 2017 წელს ფოტოპოლოუს გუნდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ თუნდაც უცნობის ნაზმა, ნელმა შეხებამ, შეიძლება, სოციალური გარიყულობის შეგრძნება შეამციროს. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში სულაც არ გვსურს ყოველ წამს ერთმანეთს ვეხვეოდეთ. "არა, მთელი დღის განმავლობაში შეხების საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ეს ნაზი ხანმოკლე შეხება მხოლოდ დროგამოშვებით გვჭირდება" — ამბობს მაკგლონი.
ამჟამინდელი მდგომარეობის მსგავსად, როცა შეხების უფლება წართმეული გვაქვს, შეუძლებელია იმის ჩანაცვლება, რასაც ერთმანეთთან შეხებით ვიღებთ. თუმცა თავის დასამშვიდებლად რამდენიმე გზა მაინც არსებობს. ფოტოპოლოუს ლაბორატორია მალე გამოაქვეყნებს პანდემიის პერიოდში ჩატარებულ ახალ კვლევას, რომელიც ემყარება თეორიას, რომლის მიხედვითაც, როგორც სხვის ტკივილს განვიცდით, შესაძლოა, სხვების შეხებაც კი ასევე შევიგრძნოთ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შეხების დანახვა (მაგალითად ტელევიზორში ან ფილმებში), განსაკუთრებით სოციალური, აფექტური ან შინაურ ცხოველთან შეხება, შესაძლოა, შეხების შეგრძნებას ჩვენც განგვაცდევინებს. "ამას ‘ჩანაცვლებითი შეხება’ ჰქვია" — ამბობს ფოტოპოლოუ — "ტვინი მულტისენსორულ გამოცდილებებს მრავალმხრივ აკოდირებს. ანალოგიურად "ვგრძნობთ" სხვების ტკივილს და სიამოვნებას მხოლოდ მათი დანახვით. ეს სრულად და მუდმივად ვერ ანაცვლებს რეალურ შეხებას, მაგრამ ნაწილობრივ ეფექტიანია".
"შეხების შიმშილისას" ისეთ ნივთებსაც შეუძლია დახმარება, როგორიც, მაგალითად, პლედია. სმიტი ამბობს, რომ მხრებზე და გულ-მკერდზე გადაფარებული პლედით თავს უფრო მშვიდად გრძნობდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილებში განლაგებული CT-ის სტიმულირების გამო. ცხოველებთან ინტერაქციაც საკმაოდ შედეგიანია: "ჩემი მეზობლის კატამ გადაწყვიტა, სანახევროდ ჩემთან ეცხოვრა და ჩემს მკერდზე მოკალათებულს ეკრუტუნა, რაც ძალიან მამშვიდებს".
ეს ჩემთვისაც ნაცნობი გრძნობაა: მოფერებისას ძაღლის ზურგის სითბო ყველაზე დამამშვიდებელი რამაა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიგრძნია. ვიცი, რომ ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, მაგრამ რატომ? "როცა ძაღლს თავად ეხები, ის სისტემები აქტიურდება, რომლებიც მაშინაც გააქტიურდებოდა, ძაღლი რომ შეგხებოდა" — ამბობს მაკგლონი.
შეხების შიმშილი იმის ნიშანია, რომ ინსტინქტური მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი გვაქვს. თუმცა ევოლუცია მაინც ჩვენს მხარესაა. მეცნიერების ნაწილი იმედიანად აღნიშნავს, რომ როგორც კი ერთმანეთთან სიახლოვის უფლება დაგვიბრუნდება, მალევე მოვაგვარებთ ამ პრობლემას. "პროცესს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად გაუმკლავდება და ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ხანი მოუწიათ მათ მარტო ცხოვრება. ზოგს, შესაძლოა, მოულოდნელი უხერხულობის ხელახლა გამოვლაც მოუწიოს. თუმცა საბოლოოდ, ადაპტირება მაინც შეგვიძლია" — ამბობს დანბარი.
კომენტარები