ბოლო ერთი წელი არავისთვის ყოფილა მარტივი, თუმცა განსაკუთრებით რთული იყო მათთვის, ვისაც კვებითი აშლილობა აქვს: მუდმივი საუბრები საკვების ნაკლებობაზე და მომარაგების აუცილებლობაზე, საზოგადოებრივი წნეხი, რომ კარანტინიდან ყველანი გამხდრები და სიფრიფანები უნდა გამოვიდეთ და სტრესი, რომელსაც ადამიანთა ნაწილი ჭამით უმკლავდება, სხვა ნაწილი კი - უჭმელობით — ამ ყველაფერმა სხეულთან დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მნიშვნელოვნად გაამძაფრა.

კვებითი დარღვევების ეროვნული ასოციაციის მიხედვით, 2021 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით ზარებისა და მიმართვების რაოდენობა 41%-ით გაიზარდა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კვებითი აშლილობის მქონე 1000-მდე ადამიანიდან 1/3 აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში კვების რაციონი მნიშვნელოვნად შეზღუდა, "მაკომპენსირებელ საქციელს" კი (ვარჯიშს ან გულისრევას) მეტჯერ მიმართა, ვიდრე პანდემიამდე.

რა არის კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევებით ხასიათდება.

მიუხედავად იმისა, რომ "კვება" სახელშივეა, კვებითი აშლილობა იმდენად საკვებს არ უკავშირდება, რამდენადაც — კონტროლის სურვილს ან რეაქციას ადამიანებსა თუ გარემოებებზე. კვებითი აშლილობა სამედიცინო ექსპერტებისა თუ ფსიქოლოგების დროულ ჩარევას საჭიროებს. იგნორირების შემთხვევაში ის შეიძლება ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს.

"კვებითი დარღვევა ტვინის დარღვევაა, რადგან ტვინს შესაბამისი ნივთიერებების გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. როცა სადავეები კვებითი აშლილობის ხელშია, ადამიანი საკვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს", — ხსნის ექიმი კემპბელი, რომელიც ამ სფეროს სპეციალისტია, — "ჩვენ უნდა გამოვკვებოთ ტვინი, რათა მან კვებით აშლილობასთან ბრძოლა შეძლოს".

კვებით აშლილობებს მრავალი სიმპტომი აქვს. მათგან ყველაზე გავრცელებულია: საკვების მკაცრი შეზღუდვა, Binge Eating (გაუაზრებელი ჭამა მუცლის ტკივილამდე), ზედმეტი ვარჯიში ან გულის არევა.

მიუხედავად იმისა, რომ კვებითი აშლილობა შეიძლება ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანს დაემართოს, ის ყველაზე ხშირი თინეიჯერებსა და ახალგაზრდა ქალებშია. 20 წლამდე ადამიანების 13%-ს ერთი კვებითი აშლილობა მაინც გამოუცდია.

შეჯამება: კვებითი აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც საკვებზე ან სხეულის ფორმაზე ობსესიით ხასიათდება. ის ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა განსაკუთრებით ხშირი ახალგაზრდა ქალებშია.

რა იწვევს კვებით აშლილობას?

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კვებითი აშლილობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გენეტიკაცაა. დაბადებისას გაცალკევებულ ტყუპებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ თუ ერთ-ერთ ტყუპისცალს კვებითი აშლილობა ჰქონდა, იმის შანსი, რომ მეორესაც მსგავსი დიაგნოზი ექნებოდა, 50%-ით მეტი იყო.

კიდევ ერთი გასაღები ხასიათის თვისებებში იმალება: ადამიანები, რომლებიც ნევროტულობით, პერფექციონიზმით და იმპულსურობით ხასიათდებიან, უფრო მიდრეკილნი არიან კვებითი აშლიილობისკენ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კულტურისა და მედიის გავლენაც.

შეჯამება: კვებითი აშლილობა რამდენიმე გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს გარემოებებია: გენეტიკა, ტვინის ბიოლოგია, ხასიათის თვისებები და კულტურული იდეალები.

აი, ყველაზე გავრცელებული 6 ტიპის კვებითი აშლილობა:

1. ანორექსია ნერვოსა

ფოტო: Brian Rea

ანორექსია ყველაზე ცნობილი კვებითი აშლილობაა. ის თინეიჯერობისას იწყება და უფრო მეტად ქალებს ემართებათ. ანორექსიის მქონე ადამიანები წონაში კლების დაუოკებელ სურვილს განიცდიან, მაშინაც კი, როცა უკვე გამხდრები არიან. ისინი გამუდმებით აკონტროლებენ წონას, ერიდებიან გარკვეული ტიპის საკვებს და საგანგაშოდ ზღუდავენ მისაღებ კალორიებს.

ანორექსიის ნიშნებია:

  • წონაში მომატების მძაფრი შიში — საკვებზე უარის თქმა;
  • საკუთარი თავის დამახინჯებული აღქმა — იმის უარყოფა, რომ სიგამხდრის საშიშ ზღვარზე იმყოფებიან;
  • ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები: გამუდმებული ფიქრი საკვებზე — ზოგ შემთხვევაში, რეცეპტების თუ საკვების შეგროვება.

ანორექსიას ორი ქვეტიპი აქვს: შემზღუდველი და "საჭმლისგან გათავისუფლების" ტიპი. პირველი ქვეტიპის მქონე ადამიანები წონას დიეტისა და გამუდმებული ვარჯიშის ფონზე იკლებენ. მეორე ტიპის ანორექსიის მქონეები კი ჯერ ჭამენ, შემდეგ კი კალორიებისგან "თავის დასაცავად" ლაქსატივებს იღებენ, გულს ირევენ ან ვარჯიშობენ.

ანორექსიას სხეულზე დამანგრეველი ეფექტი აქვს. ეს დაავადება ათხელებს ძვლებს, აზიანებს თმასა და ფრჩხილებს და ზღუდავს სხეულის საბაზისო ფუნქციებს. უკიდურეს შემთხვევაში ანორექსიას ორგანოების გათიშვამდე მივყავართ.

შეჯამება: ანორექსიის მქონე ადამიანები საკვებს ზღუდავენ და კომპენსაციისთვის სხვადასხვა "გამწმენდ" საქციელს მიმართავენ. მათ წონაში მომატების დაუძლეველი შიში აწუხებთ.

2. ბულიმია ნერვოსა

ფოტო: Brian Rea

ბულიმიის მქონე ადამიანები დიდი რაოდენობით საჭმელს მცირე დროში ჭამენ. ამის შემდეგ ისინი ღებინებას, შიმშილობას, ლაქსატივებს, ოყნებს ან ვარჯიშს მიმართავენ. სიმპტომები ანორექსიის ზემოთ ნახსენებ ქვეტიპს ჰგავს, თუმცა ბულიმიის მქონე ინდივიდები უმეტესად ნორმალურ წონას ინარჩუნებენ და underweight კატეგორიაში არ გადადიან.

სიმპტომები:

  • პერიოდულად დიდი რაოდენობის საკვების მიღება;
  • წონაში მომატების პრევენციისათვის სხვადასხვა ზომების მიღება;
  • წონაში მომატების შიში;
  • თვითშეფასების "მიბმა" სხეულის ფორმებსა თუ წონაზე;
  • ბულიმიის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, გასიებული სანერწყვე ჯირკვლები, კბილების დაზიანება, გულძმარვა, კუჭის გაღიზიანება, დეჰიდრატაცია და ჰორმონალური პრობლემები.

შეჯამება: ბულიმიის მქონე ადამიანები დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ, შემდეგ კი ამის კომპენსაციას უმეტესად გულისრევით ცდილობენ.

3. Binge Eating Disorder

ფოტო: Claire Milbrath

ოდესმე გიფიქრიათ, რომ უბრალოდ ვერ გაჩერდებით, სანამ სახლში არსებულ ყველა სასუსნავს არ შეჭამთ? თუ ასეა, მაშინ ბინჯის ეპიზოდი გამოცდილი გქონიათ. Binge — რაიმეს უზომო რაოდენობით მოხმარებას ნიშნავს, მაგალითად, Binge watching არის, როცა სერიალის ყველა სეზონს ერთ ღამეში უყურებთ, Binge eating კი საკვების შეუჩერებლად მიღებასა და ამ პროცესში კონტროლის დაკარგვას ნიშნავს.

ბულიმიის მსგავსად, ამ აშლილობის მქონე ადამიანები მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ, თუმცა შემდგომ არ მიმართავენ გულისრევას ან ლაქსატივებს. როგორც წესი, ბინჯ-კვება საიდუმლოდ ხდება, ჭამის დასრულების შემდეგ კი ადამიანები სირცხვილსა და ზიზღს განიცდიან.

სიმპტომები:

  • დიდი რაოდენობით საკვების მოხმარება, შიმშილის გრძნობის გაქრობის შემდეგაც კი;
  • კონტროლის დაკარგვა ჭამის ეპიზოდების დროს;
  • სირცხვილის, დანაშაულის შეგრძნება ბინჯ-ეპიზოდის გახსენებისას;
  • ზედმეტი წონა ან სიმსუქნე.

შეჯამება: ამ აშლილობის მქონე ადამიანები რეგულარულად იღებენ დიდი რაოდენობით საკვებს და ამ დროს თავს ვერ აკონტროლებენ. განსხვავებით სხვა აშლილობის მქონე ადამიანებისგან, ისინი გულს არ ირევენ.

4. პიკა

ფოტო: Brian Rea

პიკა კიდევ ერთი აშლილობაა, რომელიც არასაკვები ნივთიერებების მიღებით ხასიათდებს: მაგალითად, მიწის, ცარცის, საპნის, ქაღალდის, თმის, ნაჭრის, ბამბის, კენჭებისა თუ სახამებლის.

პიკა ხშირად გვხვდება ბავშვებსა და თინეიჯერებში. პიკას მქონე ინდივიდები მიდრეკილები არიან მოწამვლისა და ინფექციისაკენ, ასევე სხვადასხვა ვიტამინისა თუ მინერალის დეფიციტისაკენ. იმის მიხედვით, თუ რას ჭამს ადამიანი, პიკა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

შეჯამება: პიკას მქონე ინდივიდებს არასაკვები ნივთიერებების მიღების სურვილი აქვთ. ეს აშლილობა გვხვდება ბავშვებში, ფეხმძიმე ქალებში და მენტალური დარღვევების მქონე ადამიანებში.

5. რუმინაცია

რუმინაცია ერთ-ერთი "ახლად აღმოჩენილი" აშლილობაა. ამ დარღვევის მქონე ადამიანები უკვე დაღეჭილ და გადაყლაპულ საკვებს პირში აბრუნებენ, თავიდან ღეჭავენ და შემდგომ ყლაპავენ /აფურთხებენ.

როგორც წესი, რუმინაცია საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ ხდება. განსხვავებით ისეთი მდგომარეობისგან, როგორიც გულძმარვაა, რუმინაცია ნებაყოფლობითია.

ეს დარღვევა უმეტესად გვხვდება ჩვილობისას და ბავშვობისას. თუ რუმინაცია ბავშვობასთან ერთად წარსულში არ დარჩა, მან შეიძლება წონის სწრაფად კლება და ორგანიზმის გამოფიტვა გამოიწვიოს.

შეჯამება: რუმინაცია, ანუ დაღეჭილი საკვების უკან ამოღება, უმეტესად ადრეულ ასაკში გვხვდება, თუმცა შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდეს. ამ დარღვევას ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე პრობლემები მოჰყვება.

6. საკვების არიდების / შეზღუდვის აშლილობა (ARFID)

ფოტო: Brian Rea

ამ დიაგნოზს თავდაპირველად 7 წლამდე ბავშვებს უსვამდნენ, თუმცა ეს აშლილობა შეიძლება ადამიანს ზრდასრულ ასაკშიც გამოჰყვეს. ის თანაბრად გვხვდება კაცებსა და ქალებში.

ინდივიდები, რომლებსაც საკვების არიდების / შეზღუდვის აშლილობა აქვთ, კვების მიმართ ინტერესს არ იჩენენ და გარკვეული სუნის, ტექსტურის, გემოს თუ ტემპერატურის გამო მადას კარგავენ.

სიმპტომები:

  • საკვების შეზღუდვა, რის გამოც დაბალანსებული რაციონის მიღება შეუძლებელია;
  • არეული კვებითი ჩვევები, მაგალითად, სხვებთან ერთად ჭამის შეუძლებლობა;
  • ორგანიზმის გამოფიტვა, ასაკისთვის შეუსაბამოდ დაბალი განვითარება წონასა და სიმაღლეში;
  • მწვავე შემთხვევებში: კვების შეუძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ARFID სცილდება უბრალოდ "წუნიაობას" ან "არმოშიებას".

შეჯამება: ეს აშლილობა ადამიანებს ნორმალურად ჭამაში ხელს უშლის. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჭამის მიმართ ინტერესის არქონით, ან საკვების გარკვეული ტექსტურით, ვიზუალით, სუნით ან გემოთი.

გარდა ამისა, კიდევ უამრავი კვებითი აშლილობა არსებობს. მათ კლასიფიკაციაზე საუბრები მუდმივად მიმდინარეობს.

გამკლავების სტრატეგიები

ფოტო: Brian Rea

აღიარე და მიიღე შენი ემოციები

გახსოვდეს, ბრაზი, სევდა, იმედგაცრუება ადამიანურია. ხანდახან ყველა განვიცდით ამ ემოციებს. აუცილებელი არაა, შენი ყოველი დღე ერთნაირად არაჩვეულებრივი იყოს.

გამოიგლოვე დანაკარგები

ცვლილებები მტკივნეულია. მიეცი საკუთარ თავს დრო და უფლება, რომ დანაკარგი გამოიგლოვო. ამ დანაკარგს შეიძლება მრავალი სახე ჰქონდეს: ეს შეიძლება იყოს პანდემიის გამო ჩაშლილი მოგზაურობა ან დაბადების დღე, ძველი რუტინა, დაკარგული სამსახური ან ადამიანი, რომელიც შენი ცხოვრებიდან გაქრა.

არ მოგერიდოს დახმარების თხოვნა

არ არსებობს იდეალური დრო კვებით აშლილობაზე საუბრის დასაწყებად. თუ შენი შფოთვის კონტროლი უფრო და უფრო გიჭირს, ესე იგი, კარგი დროა იმისთვის, რომ საკუთარ თავს ხელი გაუწოდო.

ონლაინ თერაპია არანაირ თერაპიას ნამდვილად სჯობს

კარგი, ფსიქოლოგთან მისვლა გადაწყვიტე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირისპირ ვერავინ შეგხვდება? ამის გამო საკუთარი თავის შველას ნუ გადადებ. ონლაინ თერაპია საკმაოდ ეფექტურია და ამ თვეების განმავლობაში ფსიქოლოგებსაც დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. თან, თუ აქამდე ფსიქოლოგთან არ ყოფილხარ, ესე იგი, შესადარებელიც არაფერი გაქვს.

არ დაკარგო კავშირები

კვებითი აშლილობები იზოლაციაში იფურჩქნებიან, ასე რომ, არ გაწყვიტო კავშირი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ისე, როგორც არასდროს, ახლა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერა გვჭირდება.

შექმენი რუტინა

ადამიანების დიდ ნაწილს გარკვეული სტრუქტურა სჭირდება. შექმენი რუტინა, რომელიც თავს პროდუქტიულად გაგრძნობინებს. ამ რუტინაში საკვებიც აუცილებლად გაითვალისწინე.

წინასწარ დაგეგმე 3 კვება დღეში

კარგი იქნება, თუ წინასწარ გეცოდინება, რომელ საათზე რის ჭამას აპირებ. სტრუქტურისა და გეგმის ქონა დაგეხმარება, რომ კვების პროცესი სტრესისგან თავისუფალი იყოს და თავიდან აირიდო როგორც საჭიროზე მეტის, ასევე ნაკლების ჭამა.

თვალი გაუსწორე საჭმელებს, რომლისაც გეშინია

არ არსებობს "კარგი" და "ცუდი" საკვები. კომფორტის მომტანი საჭმელი, როგორიცაა ბრინჯი, კარტოფილი, პური, კრეკერები არაფერს აშავებს. თუ ფიქრობ, რომ ერთი ნაჭერი პიცა ნამდვილი ბოროტებაა, ადექი და შეჭამე.

თანაუგრძნე შენს თავს

რაიმე ისეთი შეჭამე, რაც, შენი აზრით, არ უნდა გეჭამა? მიიღე ეს ფაქტი და განაგრძე ცხოვრება. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე შეგეშალა ან სიყვარულს არ იმსახურებ. თუ დაფიქრდები, ეს აზრები ნამდვილად არალოგიკურია. ჩვენი ღირებულება ჩვენს რაციონზე არაა მიბმული.

უსმინე, რას გეუბნება სხეული

თუ გინდა, რომ მთელი დღის განმავლობაში პიჟამო გეცვას, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ამის გამო თავს დროთა განმავლობაში ცუდად გრძნობ, მაშინ სჯობს ადგე, ჩაიცვა და მოწესრიგდე. მოერიდე სარკეში მუდმივად ყურებას.

დაამარცხე დიეტის კულტურა

ხუმრობა იმაზე, რამდენი წონა მოიმატე პანდემიისას, დიეტის კულტურის ნაწილია. არავისთან გაქვს თავი სამართლებელი. წონის გარშემო არსებული სტიგმა კვებითი აშლილობების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. ნუ გახდები პრობლემის ნაწილი.

გაიჩინე ახალი ჩვევები

გამოიძინე, გარეთ მაქსიმალურად ბევრი დრო გაატარე, ღრმად ისუნთქე და ისეირნე. ყველა ადამიანს საკუთარი მეთოდი აქვს სტრესთან გასამკლავებლად, თუ არსებული მეთოდები არ მუშაობს, იქნებ რაიმე ახალი უნდა სცადო?

ორიოდე სიტყვა On.ge-ისგან:

ვიცით, რომ რთული პერიოდია და სამწუხაროდ, ყველა კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ გვაქვს. გახსოვდეს, მარტო არ ხარ და ესეც გაივლის.

თუ აქ ჩამოთვლილი სიმპტომები შენთვის ნაცნობია, აუცილებლად მიმართე ფსიქოლოგს / ფსიქიატრს შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად. თუ ეს თემა შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი