მერილენდის უნივერსიტეტმა კორნელისა და სტენფორდის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა პირველად დაითვალეს კლიმატის ცვლილების ანთროპოგენული ეფექტი გლობალური სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა შექმნეს პროდუქტიულობაზე ამინდის ეფექტის მოდელი, რომლის საშუალებითაც დაითვალეს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა კლიმატის ცვლილების პირობებში და მის გარეშე.

შედეგებმა აჩვენა, რომ 1961 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა გლობალურად 21%-ით შემცირდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სოფლის მეურნეობა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში კლიმატის ცვლილებების მიმართ ძლიერ მოწყვლადია. აღსანიშნავია, რომ გლობალურმა დათბობამ ყველაზე დიდი გავლენა მეურნეობის ამ დარგზე ყველაზე თბილ რეგიონებში — აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვისპირეთში მოახდინა.

"ჩვენი კვლევის მიხედვით, კლიმატთან და ამინდთან დაკავშირებულ ფაქტორებს სოფლის მეურნეობაზე ძალიან დიდი ეფექტი აქვს", — ამბობს რობერტ ჩემბერსონი, მერილენდის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და რესურსების ეკონომიკის ცენტრის პროფესორი და მეურნეობის პროდუქტიულობის მკვლევარი.

ზოგადად, სხვადასხვა ინდუსტრიების ზრდის დასათვლელად გამოიყენება სრული პროდუქტიულობის ფაქტორი. თუმცა, სოფლის მეურნეობა უნიკალური დარგია, რადგან ფერმერებს არ შეუძლიათ პროდუქტიულობის საზომი ყველა მაჩვენებლის პირდაპირი კონტროლი. ასეთია, მაგალითად, ამინდი.

ჩემბერმა და არიელ ორიც-ბობეამ (კვლევის მთავარი თანაავტორი კორნელის უნივერსიტეტიდან და მერილენდის უნივერსიტეტის მეურნეობისა და რესურსების ეკონომიკის ცენტრის ალუმნი) შემოიღეს მეურნეობის პროდუქტიულობის დათვლის ახალი მეთოდი, რომელშიც ისინი ამინდის მონაცემებს განსხვავებული გზით იყენებენ. ამის საშუალებით, მათ კლიმატის მოდელების შექმნაში მეტი სიზუსტე შემოიტანეს.

ფოტო: scitechdaily.com

"როდესაც ფერმერი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ, მაგალითად, რა დათესოს ივნისში, იგი ამ გადაწყვეტილების შედეგს მთელი ექვსი თვის შემდეგ გაიგებს" — განმარტავს ჩემბერსი. "ეს საკმაოდ ხანგრძლივი შუალედია და ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა ამინდი, შესაძლოა ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგზე"

"პროდუქტიულობის დათვლა ხარჯისა და მიღებული მოსავლის შეფასებით ხდება. ინდუსტრიების დიდ ნაწილში, ზრდის მისაღებად ერთადერთი გზა ახალი ხარჯის გაღებაა. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზომვა აქამდე არ მოიცავდა ამინდის მონაცემებს, ჩვენ კი კლიმატის მოდელში ეს ინფორმაციაც გავითვალისწინეთ, რადგან გვინდა მაღალი სიზუსტით დავთვალოთ ისეთი ხარჯების ტენდენცია, რომლებიც ფერმერის კონტროლს არ ემორჩილება".

კვლევის თანახმად, მაშინ, როდესაც 1061 წლიდან გლობალურად სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობამ 21%-ით იკლო, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა აფრიკა, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვისპირეთი, აქ ამ მაჩვენებელმა უკვე 26-34%-ს მიაღწია.

"ადამიანთა ნაწილს კლიმატის ცვლილება შორეულ პრობლემად ესახება, რომელიც მათ არ ეხებათ და რომელიც მხოლოდ მომავალი თაობების საზრუნავი იქნება. მაგრამ, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილება უკვე სერიოზული პრობლემაა და იგი უკვე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ჩვენ ცხოვრებაზე", — ამბობს ორიც-ბობეა.

"საერთო ჯამში, კვლევის საფუძველზე აშკარაა, რომ ანთროპოგენულ კლიმატის ცვლილებას უკვე არაპროპორციული ეფექტი აქვს დედამიწაზე. გლობალური დათბობა უფრო მძმიმედ აისახება მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებზე, რომელბიც უმეტესად სოფლის მეურნეობაზე არიან დამოკიდებულნი".

"ჩვენი კვლევა წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში, როცა კლიმატის ცვლილების ეფექტი უფრო თვალსაჩინო გახდება", — აღნიშნავს ჩემბერსი. "2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 10 მილიარდს მიაღწევს — პლანეტას იმ დროისთვის 10 მილიარდი ადამიანის გამოკვება მოუწევს. ამიტომ, უნდა უზრუნველვყოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის არამხოლოდ სტაბილურად შენარჩუნება, არამედ არნახული ტემპით ზრდა, სანამ ეს სერიოზულ საზრუნავად გვექცევა".