7 შეცდომა, რომელიც უნივერსიტეტში ჩაბარებისას დავუშვი
"სად აბარებ? შენ ისეთი კარგი მოსწავლე ხარ, ალბათ, ექიმობა ან იურისტობა გინდა. სადაც არ უნდა ჩააბარო, მაინც ყველაფერი გამოგივა და მოდი, რამე კარგი პროფესია აირჩიე. ასეთი გონება კარგი პროფესიისთვის უნდა გამოიყენო. უნივერსისტეტი აირჩიე, ხო?" — აღნიშნული კითხვები და მისი ავტორები, რომელთაც ყოველთვის მოლოდინით აღსავსე თვალები აქვთ, ნებისმიერი აბიტურიენტისთვის ნაცნობია. გამონაკლისი არც მე ვიყავი.
სკოლის დასრულებამდე რამდენიმე თვეღა რჩება, მე კი წარმოდგენა არ მაქვს, საკლასო ოთახიდან გასულს რა მელის, არადა კითხვის ნიშნების მორევში ვტრიალებ. საბოლოოდ, ამ პრობლემის გადასაჭრელად და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად "გენიალურ" ხერხს მივმართავ: ვირჩევ პოპულარული უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტს და ირგვლივ ყველა კმაყოფილია... ჩემ გარდა, რა თქმა უნდა.
როგორც უკვე მიხვდებოდით, ამ "გენიალურმა" ხერხმა არ გაამართლა და იმ პროფესიის დაუფლებას შევუდექი, რომელთანაც საერთო ბევრი არაფერი მქონდა. 17 წლის ასაკში დარწმუნებული ვიყავი, რომ უნივერსიტეტში "პრესტიჟულ" ფაკულტეტზე სწავლა და ოჯახისა და საზოგადოების მოლოდინების გამართლება ჩემი ვალდებულება იყო — ერთგვარი რიტუალი, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა. თუმცა როგორც კი ახალი სამყაროს პირისპირ მარტოდმარტო აღმოვჩნდი მივხვდი, რომ საკუთარ არჩევანზე არა სხვები, არამედ თავად ვაგებდი პასუხს. აღმოჩნდა, რომ რეალურ სამყაროში ჰოგვორტსის გამანაწილებელი ქუდი არ არსებობდა, რომელიც მომავალს ჩემ მაგივრად გადაწყვეტდა.
მართალია, პროფესიის სწორად არჩევის საუკეთესო რეცეპტს ვერ მოგაწვდი, მაგრამ ამ სტატიიდან იმას მაინც გაიგებ, თუ რა არ უნდა გააკეთო, როდესაც სკოლის დამთავრებისას უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ჯერ მზად არ ხარ. ამისათვის ჩემს 7 შეცდომაზე მოგიყვები, რომელიც უნივერსიტეტში ჩაბარებისას დავუშვი:
1. საზოგადოების წნეხის ქვეშ მოვექეცი
არ არსებობს სამყარო, რომელშიც სხვა ადამიანების მოლოდინებს არ შეეჩეხები. რასაც არ უნდა აკეთებდე, ვიღაც შენგან ყოველთვის უფრო უკეთესს მოელის. ეს წნეხი აბიტურიენტობის დროს განსაკუთრებით ძლიერდება და, ვფიქრობ, მის ქვეშ ყველაზე ხშირად მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ექცევიან.
აღნიშნული წნეხი აბიტურიენტობის პერიოდში უამრავ ასპექტზე ვრცელდება: "პრესტიჟული" პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევა, სკოლის დამთავრებისთანავე უნივერსიტეტში გაქცევა, გრანტის აღება და ა.შ. სხვების მოლოდინები ხან აგრესიულია, ხანაც "გულწრფელი" რჩევის სახით გვევლინება. შეიძლება, ეს მშობლებისა თუ ნათესავების აუხდენელი ოცნებებიც იყოს ან უბრალოდ იმდგაცრუებული გამომეტყველება თუ ამოოხვრა, როდესაც აბიტურიენტი წნეხისგან გაქცევას ცდილობს. ფორმის მიუხედავად — წნეხი წნეხია, რომლის ქვეშაც 17 წლის გამოუცდელი და ხშირად ემოციურად მოუმზადებელი მოზარდი მარტივად ექცევა.
მიუხედავად იმისა, რომ შენზე გამოცდილი ადამიანების რჩევების მოსმენა საინტერესო და მნიშვნელოვანია, რჩევასა და წნეხს შორის ზღვარი ხშირად მარტივად იშლება, რის გამოც, შესაძლოა, საზოგადოების გავლენის ქვეშ მოექცე და საკუთარი თავის ნაცვლად, სხვებისთვის სწავლა და ცხოვრება გადაწყვიტო.
2. პროფესია და შესაბამისი ფაკულტეტი "პრესტიჟულობის" გამო ავირჩიე
ოჯახის წევრები, მეგობრები, სკოლა თუ საზოგადოება დიადი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისგან დიად საქმეებს ელიან. სამედიცინო, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება — სხვების თვალში, ჩვენი არჩევანი ხშირად შეზღუდულია, რადგან საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრით, სწორედ ესაა ის "პრესტიჟული" პროფესიები, რომლებისთვისაც თავის მიძღვნა ღირს ან, უბრალოდ, რომელიც უფრო მეტ ფულს გვაშოვნინებს.
სკოლაში სწავლის განმავლობაშიც ყველაზე ხშირად სწორედ ამ დიადი პროფესიების ქება-დიდება მესმოდა და მეც ვფიქრობდი, რომ ამდენწლიან შრომას აზრი საერთოდ არ ექნებოდა, თუ აღნიშნული პროფესიების დაუფლებას არ გადავწყვეტდი. სწორედ ამიტომ აბიტურიენტობისას კვლევა-ძიებისთვის დიდი დრო, სამწუხაროდ, არ დამითმია და არჩევანის გაკეთება ყველაზე "პრესტიჟულ" პროფესიებს შორის გადავწყვიტე. მარტივად რომ ვთქვა, ბავშვობისას ნასწავლი გათვლა გამოვიყენე და პროფესია, ფაქტობრივად, ბრმად ავირჩიე. რა თქმა უნდა, შევცდი. თუმცა მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ რომელ მათგანზეც არ უნდა შემეჩერებინა არჩევანი, სავარაუდო პასუხებიდან სწორი ბოლო იყო — დ) ყველაზე პასუხი არასწორია.
3. არ გავითვალისწინე საკუთარი ინტერესები
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი კითხვა, რომელოც საკუთარი თავისთვის პროფესიის არჩევამდე უნდა დამესვა ესაა: რას გავაკეთებდი ყველაზე დიდი სიამოვნებით, ანაზღაურებასა და სხვა ფაქტორებს მნიშვნელობა რომ აქ ჰქონდეს?
რა თქმა უნდა, პროფესიის არჩევისას შემოსავალი და ბაზრის მოთხოვნები მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამედროვე სამყაროში, სადაც პროფესიები წამში ქრება და იქმნება, მხოლოდ ამ ფაქტორების გათვალისწინება, ვფიქრობ, შეცდომაა. უზრუნველი ცხოვრების შემთხვევაშიც კი იმის კეთება, რაც სიამოვნებას არ განიჭებს და რის გამოც საღამოებს, შაბათ-კვირასა და შვებულებას სასოწაკვეთილი ელი, საბოლოოდ აუტანელი ხდება. და არა — ჰობისა და ინტერესებისთვის იმდენი დრო ნამდვილად აღარ გრჩება, რამდენიც გინდა, ამიტომ უმჯობესია, ძალისხმევა საკუთარი ინტერესების საქმიანობად ქცევას მოახმარო.
4. არ გავითვალისწინე საკუთარი პიროვნული თვისებები და უნარები
რატომღაც, სკოლაში სწავლის პერიოდში არასდროს მიფიქრია, რომ თითოეული პროფესიის დასაუფლებლად სწავლა და შრომა საკმარისი არაა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მონდომების შემთხვევაში, წარმატების მიღწევა გარანტირებული იყო. რა თქმა უნდა, ახლაც მწამს, რომ შრომა წარმატების მიღწევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არა — ერთადერთი.
ზოგიერთი პროფესია თუ საქმიანობა განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს, რომელთაც ე.წ. "რბილი" უნარები (Soft skills) ეწოდება. ადაპტაცია, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, დროის მენეჯმენტი, კრიტიკული აზროვნება, კონფლიქტების გადაჭრისა და საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის უნარები — ეს ყველაფერი უფრო მეტად თანდაყოლილია, ვიდრე სწავლადი და პიროვნულ თვისებებსა და ხასიათთანაა დაკავშირებული. ხანდახან, კონკრეტული პროფესია უბრალოდ "შენი" არაა, რადგან შენს ხასიათსა და პიროვნულ თვისებებს ისე არ ერგება, როგორც საჭიროა. პროფესიის არჩევისას მისთვის მნიშვნელოვანი "რბილი" უნარების გათვალისწინებაც აუცილებელია. საკუთარი უნარებისა და პიროვნული თვისებების გაანალიზება, საკუთარი თავის შეცნობა იმ საქმის პოვნაში გეხმარება, რომელსაც მომავალში სიამოვნებით გააკეთებ.
5. უნივერსიტეტში სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე
საატესტატო გამოცდები, ბოლო ზარი, საკლასო ოთახთან გამომშვიდობება და მაშინვე სტუდენტურ ცხოვრებაში გადაშვება — ვფიქრობ, ამდენი სიახლე მოზარდისთვის ხშირად საკმაოდ დამაბნეველია, რის გამოც უამრავი ჩვენგანი პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევის დროს ცდება.
იქნებ, საერთოდ არ გვინდა უნივერსიტეტში სწავლა ან იქნებ, ჯერ არ გვიპოვია საკუთარი თავი და ვერც "დიდების" სამყაროს გავუგეთ რამე — საკუთარ თავში გარკვევას, საკუთარი ინტერესებისა და მიზნების გაანალიზებას დრო და სხვადასხვა სახის ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, სულ მცირე, ერთწლიანი შესვენება ყველასთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, მათთვისაც, ვინც საკუთარ თავსა და არჩევანში თითქმის ბოლომდე დარწმუნებულია. ცხოვრება მოულოდნელობებით, სიახლეებით, საინტერესო აღმოჩენებითა და ახალ-ახალი გამოცდილებებითაა სავსე, ადამიანი კი გამუდმებით იცვლება, ამიტომ ისეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმამდე, როგორიც პროფესიის არჩევაა, ცოტა დრო და ფიქრი არავის გვაწყენს.
6. გადაწყვეტილების მიღებამდე კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლები არ გამოვკითხე
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ექიმებზე, ადვოკატებსა და გამომძიებლებზე გადაღებული სერიალები ამ პროფესიების რეალურ სირთულეებს, ხშირად მოსაწყენ ან დამღლელ მხარეებს არ გვიჩვენებს, ამიტომ თუ ფილმების, სერიალების ან სკოლაში შექმნილი წარმოდგენების მიხედვით ირჩევ პროფესიას, იმის ალბათობა, რომ იმედი გაგიცრუვდება, დაბალი ნამდვილად არაა.
სასურველი პროფესიის შესახებ სწორი წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელია, ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრო. მათ შეუძლიათ ის გითხრან, რასაც ფილმებში, წიგნებსა და უნივერსიტეტის პროგრამების ჩამონათვალში ნამდვილად ვერ წააწყდები: რამდენად პერსპექტიული, შრომატევადი თუ დამღლელია კონკრეტული საქმიანობა, რა სირთულეებთან გამკლავება მოგიწევს, რა უნარები დაგჭირდება და ა.შ.
7. საფუძვლიანად არ გამოვიკვლიე უნივერსიტეტები
გამოთქმა, რომ თუ სწავლა გინდა, ყველგან ისწავლი, არასწორად მიმაჩნია. პროფესიის არჩევისას არანაკლებ მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის სწორად შერჩევაა, რადგან ეს ის ადგილია, სადაც მომავალში, სულ მცირე, 4 წელი უნდა გაატარო. უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ წიგნების კითხვა არაა. მნიშვნელოვანია გარემო, ლექტორები, შემოთავაზებული კურსები, შესაძლებლობები და პერსპექტივები. პროფესიის არჩევამდე უნივერსიტეტის ლექტორებთან და სტუდენტებთან გასაუბრება, საგნის სილაბუსებისა და სასწავლო მასალისთვის თვალის შევლება საკუთარი მიზნების მისაღწევად ოპტიმალური ადგილის ასარჩევად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ბონუსი: გამოსავალი არსებობს
ამ შეცდომების ჩამოთვლას აზრი არ ექნებოდა, მათი გამოსწორება შეუძლებელი რომ იყოს. თუ უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებ, თუმცა საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარება, გახსოვდეს, რომ ვალდებული არ ხარ, საზოგადოებისგან დაწესებულ ნორმებს დაემორჩილო. უმჯობესია, გადაწყვეტილების მიღება იქამდე გადადო, სანამ საკუთარ ინტერესებსა და სურვილებში კარგად არ გაერკვევი. ხოლო თუ ჩამოთვლილი შეცდომები უკვე დაუშვი, გული არ გაიტეხო! მონდომების შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლია, მობილობას მიმართო ან უნივერსიტეტში ხელახლა ჩააბარო.
განათლების მიღებისას დაშვებული შეცდომების უზარმაზარი გზამკვლევების მიუხედავად, ზოგიერთ გაკვეთილს მხოლოდ ამ შეცდომების პირადად დაშვების შემდეგ სწავლობ. ხშირად სწორედ არასწორი გადაწყვეტილებები გვიხსნის გზას უკეთესი მომავლისკენ, ამიტომ გახსოვდეს, რომ შეცდომა დასასრული არ არის და შეგიძლია, ის რაღაც ახლისა და უკეთესის დასაწყისადაც აქციო.
კომენტარები