ვარსკვლავი, რომელიც ორჯერ აფეთქდა? — ნახეთ, როგორია "ორმაგი დეტონაციის" შედეგი

ფოტო: ESO/P. Das et al/.Hubble: K. Noll et al.
ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა ვარსკვლავის ორჯერ აფეთქების ვიზუალური კვალი დააფიქსირეს. ე.წ. ორმაგი დეტონაციის მტკიცებულებას მათ SNR 0509-67.5-ად წოდებული ზეახალი ვარსკვლავის (სუპერნოვას) ნარჩენზე ძალიან დიდი ტელესკოპით (VLT) დაკვირვებისას მიაგნეს.
ზეახალს ძირითადად მასიური ვარსკვლავების სიკვდილი წარმოქმნის, მაგრამ ზოგჯერ მზის მსგავსი მნათობებისგან დარჩენილი ბირთვი — თეთრი ჯუჯა — ფეთქდება. ამას Ia ტიპის სუპერნოვა ჰქვია და მას ასტრონომიულ კვლევებში მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
მოდელების მიხედვით, ასეთი თეთრი ჯუჯები ბინარულ სისტემებშია, ანუ სხვა ვარსკვლავთან ერთად მოძრაობს და მისგან მატერიას იზიდავს. თუკი ეს მასა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, Ia ტიპის ერთ აფეთქებას ვიღებთ. ბოლო კვლევებმა ცხადყო, რომ ზოგიერთ სუპერნოვას ორმაგი დეტონაცია უფრო ხსნის და მეცნიერებმა სწორედ ამის მტკიცებულებას მიაგნეს.
ამ ალტერნატიული მოდელის თანახმად, როცა თეთრი ჯუჯის გარშემო კომპანიონისგან მიზიდული ჰელიუმი გროვდება, ის არასტაბილური ხდება და პირველად სწორედ მაშინ ფეთქდება. ეს შოკურ ტალღას წარმოქმნის, რომელიც ისევ თავად ობიექტს უბრუნდება და ბირთვში მეორე აფეთქებას უწყობს ხელს.
ივარაუდეს, რომ ეს პროცესი მკაფიო კვალს ტოვებს, რომლის დაფიქსირებაც შესაძლებელია. კერძოდ, ზეახალის ნარჩენი კალციუმის ორ დამოუკიდებელ შრეს უნდა შეიცავდეს, რაც SNR 0509-67.5-ზე დაკვირვებისას VLT-ზე დამონტაჟებული სპექტროსკოპით MUSE გამოავლინეს. ეს ადასტურებს, რომ Ia ტიპის სუპერნოვამ მანამდეც შეიძლება იჩინოს თავი, სანამ თეთრი ჯუჯა მასის კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.
Ia ტიპის ზეახალის ნარჩენები ასტრონომებს კოსმოსური დისტანციების გაზომვაში ეხმარება, რაც მათი პროგნოზირებადი სიკაშკაშის დამსახურებაა. ამის მეშვეობით მოხერხდა სამყაროს გაფართოების აჩქარებული ტემპის გამოთვლაც. შესაბამისად, მსგავსი აფეთქებების გამოკვლევა საინტერესოა არამხოლოდ ცალკეული მოვლენის უკეთ გასაგებად, არამედ კოსმოლოგიური თვალსაზრისითაც.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები