საქართველოში შექმნილი სისტემა, რომელიც თანამშრომლების სამუშაო საათებს აღრიცხავს — Timetag
1 მარტიდან საქართველოს შრომის კოდექსში შევიდა ცვლილებები — ამოქმედდა წესი სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების შესახებ. ადგილობრივ ბაზარზე კი ნაკლებად იწარმოებოდა სისტემები, რომელიც სამუშაო დროის აღრიცხვას გახდიდა შესაძლებელს.
"პირველად რაც თავში მოგვივიდა იყო ე.წ "ტაბელი", რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ არავის გახსენებია. ჩვენ მოვიძიეთ ბაზარზე არსებული "ინსტრუმენტები" და აღმოჩნდა, რომ ძირითადად, იმპორტირებული სამართავი ბლოკებით ხდება ბარათების რეგისტრაცია. ცალკეულად, ამ ბლოკების პროგრამირებაა საჭირო, ზუსტად თავსებადი არ არის მოთხოვნილ ფორმატთან და ასევე, საჭიროა ხელით ჩარევა, კორექტირება და შემდეგ შესაბამის გვერდზე ატვირთვა. ამ მოწყობილობების ფასიც მინიმუმ 1200 ლარიდან იწყება და არც თუ ისე მარტივად ხდება მათი ინტეგრაცია", — ამბობს დავით მიზანდარი, Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი, როცა კომპანიის ახალი პროდუქტის — Timetag შექმნის წინაპირობებზე გვიყვება.
Timetag სხვადასხვა კომპანიაში, თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვისა და წარმოებისთვის შექმნილი პროდუქტია. ის 100%-ით საქართველოში შეიქმნა და მისი ისევე, როგორც პროგრამული, ასევე Hardware ნაწილი Biletebi.ge-ის გუნდის მუშაობის შედეგია. დავით მიზანდარის თქმით, კომპანიაში ახალი რეგულაციის საპასუხო პროდუქტის მისაღებად Biletebi.ge — Fitness & SPA დაშვების სისტემის HR მოდიფიკაცია მოხდა. ეს უკანასკნელი 5 წელზე მეტია სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობს, მისი მოდიფიცირებისა და ამის შედეგად, ახალი პროდუქტის მისაღებად კი გუნდს მხოლოდ 1 კვირა დასჭირდა.
Timetag უკვე დანერგილია ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა "ნეპტუნი", თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, გლდანი-ნაძალადევის და თემქის საცურაო აუზები, ბათუმის საბაგირო გზა და ა.შ. დავით მიზანდარი ამბობს, რომ ამ სისტემის გამოყენება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, ინსტალაცია და ტრენინგი კი ერთ დღეშია შესაძლებელი.
როგორ მუშაობს Timetag
"სისტემა შედგება RFID - უკონტაქტო ბარათის წამკითხველისგან და ქსელური მოწყობილობისგან, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ სერვერს, ან ჩვეულებრივ კომპიუტერს. მომხმარებელი შესვლის დროს ადებს ბარათს ან პირადობის მოწმობას წამკითხველს, სადაც გამონათდება შესვლის ისარი, ხოლო გამოსვლის დროს გამოსვლის ისარი, ასევე აქვს ხმოვანი ბიპი. არ არის აუცილებელი დამატებითი ბარათების შეძენა, მოწყობილობა კითხულობს როგორც პირადობის მოწმობას, ასევე საბანკო ბარათებს. კადრების განყოფილებას შეუძლია ნახოს ნებისმიერი თანამშრომლის მოსვლა-წასვლა, ნამუშევარი საათები, ნებისმიერი დღის/თვის ჭრილში", — ამბობს დავით მიზანდარი.
აღსანიშნავია, რომ არსებული სისტემა ასევე მართავს ტურნიკეტს, თუმცა ტურნიკეტის გარეშეც ცალკეულად შესაძლებელია მონტაჟი.
ამჟამად, Biletebi.ge-ის ახალი პროდუქტი წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა დაწესებულებაში, ხოლო ორგანიზაციების ნაწილთან სისტემის ინტეგრირების პროცესი, ან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მსგავსი პროდუქტების ადგილობრივ ბაზარზევე შექმნა ქართული ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც დავით მიზანდარი ამბობს, "პირველ რიგში კარგია, რომ პროდუქტი 100%-ით იქმნება აქ და არ ვართ დამოკიდებული სხვა მწარმოებელზე. ეს განაპირობებს იმას, რომ პროდუქტი არის შედარებით იაფი, მარტივად სამართავი და რადგან ჩვენ მიერ არის შექმნილი სწრაფად ხდება ადაპტირება ცვლილებებზე, ან თუნდაც დამკვეთის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე".
კომენტარები