ევროკავშირის საბჭოში საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ბოლო შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მაუწყებლის ბრიუსელის კორესპონდენტთან, ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი განმარტავს, რომ პირველ ან ორ მარტს, უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალურად მოეწერება ხელი.

ხელმოწერილი დოკუმენტის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება სავიზო ლიბერალიზაცია.

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, მხარდაჭერილი დოკუმენტი უვიზო რეჟიმის შესახებ, მომდევნო ორ კვირაში უნდა დაამტკიცონ.

2 თებერვალს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას საბოლოოდ დაუჭირა მხარი.

ხოლო, 13 თებერვალს ევროპარლამენტმა განახლებული შეჩერების მექანიზმი დაამტკიცა, რაც წინაპირობას წარმოადგენდა სავიზო ლიბერალიზაციის ძალაში შესასვლელად. შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საჭიროების შემთხვევაში, ჭარბ მიგრაციულ ნაკადებს შეაჩერებს.