ადამიანები უფრო უცნაურები ვხდებით? — შესაძლოა, უბრალოდ, ჩვენს თავს ვპოულობთ
ბოლო დროს ადამიანები გარეგნობითაც და ქცევითაც სულ უფრო ავლენენ ინდივიდუალობას, რაც იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ჩვენ შემზღუდველი ნორმებისა და დრომოჭმული ღირებულებებისგან გათავისუფლებას ვიწყებთ. CNN-ის ჟურნალისტი, ელისონ ჰოუპი ამ ფენომენის შესახებ წერს.
ჩვეულებრივ თავშეკავებულმა და კონსერვატიულად ჩაცმულმა ჩემმა მეგობარმა თავზე ფერად-ფერადი პარიკების მორგება და ჰავაიური პერანგების ბრჭყვიალა კაბებთან შეხამება დაიწყო. მისი შეყვარებულიც ახალი წლის ღამეს თანაბრად სადღესასწაულოდ იყო გამოწყობილი. მგონი, ალკოჰოლიანი სასმელიც მრავალჯერ შევამჩნიე მის ხელში.
გულწრფელად ვერ ვხვდებოდი, ამდენი სამოსისა და აქსესუარის ერთდროულად ტარება როგორ შეეძლო. რაც მთავარია, ვერც ის გავიგე, ასეთი რა ჯადო გაუკეთა სამყარომ ხაკისფერისკენ მიდრეკილ ჩემს მეგობარს, რომელიც აქამდე ყველაფერ ექსტრავაგანტულს იოგასა და უმი ბოსტნეულის ჭამას ამჯობინებდა.
როცა გასულ წელს ჩემი მეგობრის ამ უცნაურ და უცხო არსებად მეტამორფოზას ვაკვირდებოდი, მივხვდი, რომ მსგავსი ცვლილებები მხოლოდ მან არ განიცადა. შორს გახედვა სულაც არ დამჭირდა, რადგან ყოველ ნაბიჯზე უცნაურობა იმალებოდა.
"პანდემიამ ცოტა უცნაური გამხადა. მე ახლა ყველაფერს სანთლის შუქზე ვაკეთებ. ანთებული სანთლის შუქზე ვმუშაობ, ვვარჯიშობ და ვუყურებ ტელევიზორს. ჩემს ქმარს ეშინია, რომ სახლს გადავწვავ!" — ყვება 38 წლის ადვოკატი მიკა მუნი, რომელიც ქმარსა და სამ ბავშვთან ერთად ლონგ-აილენდზე ცხოვრობს.
"დღეს ქუჩაში ახალგაზრდა ქალის სიმღერა გავიგონე. მას ხელში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მოცვის მაფინი ეჭირა და თან ღიღინებდა: მოცვის მაფინო, მოცვის მაფინო, ახლა გემრიელად შეგჭამ! — ცხოვრების სხვა ეტაპზე ასეთ ადამიანს დავცინებდი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ კარგი მეგობრები ვიქნებოდით", — ამბობს 40 წლის ნოა მაიკელსონი, ნიუ-იორკში მცხოვრები რედაქტორი.
იქნება ეს თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გულის აცრუება თუ ცომეულზე სიმღერებით სულიერი კავშირის დამყარება — როგორც ჩანს, ხალხის ფორებიდან ექსცენტრულობა ჟონავს. შესაძლოა, რაც პანდემიამ ჩვენი ნორმალური ცხოვრება შეცვალა, ჩვენი ტვინი პანიკიდან ჯერ მოწყენილობაზე გადაერთო და შემდეგ, უბრალოდ, უცნაურობაზე.
გაბედე, იყო საკუთარი თავი
სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ უფრო უცნაურები კი არ ვხდებით, არამედ თავს უფლებას ვაძლევთ, ჩვენს ავთენტურ, ბორკილებმოხსნილ ვერსიებად გარდავიქმნათ. ამ პანდემიურ პირობებში ჩვენ ხომ აღარ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია იმ ხალხთან, რომელიც ჩვენი უცნაურობების შენიღბვისკენ გვიბიძგებდა.
"კრიზისის და იზოლაციის დროს ბევრი ჩვენგანი ცხოვრების სადავეებს ხელში იღებს და ბედავს საკუთარი თავად ყოფნას. უცნაურ და შემოქმედებით აქტივობებში ერთვება და მიღებულ ჩარჩოებს ამსხვრევს", — ამბობს ჯუდიტ ზაქსონი, კლინიკური ფსიქოლოგი კონექტიკუტიდან.
მისი ზოგიერთი პაციენტი ახლა უფრო გახსნილია, ვიდრე პანდემიამდე იყო. მათ შეიცვალეს პირადი სტილი, ძილის უცნაური რეჟიმი დასჩემდათ, იპოვეს ახალი ჰობი და იუმორიც კი მეტად ბავშვური გაუხდათ.
რა თქმა უნდა, ზაქსონი ასევე მუშაობს ადამიანებთან, რომლებიც შეწუხებულნი არიან პარტნიორების ახალი უცნაური ტენდენციებით — მაგალითად, საჭმლისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის აპოკალიფსური მარაგების მომზადებით და ისეთი ჰობით, როგორიც ქვების შეგროვება ან კატების გასეირნებაა.
ბოლოდროინდელი პანდემიისა და კარანტინის ფონზე მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად რეალური პრობლემაა. შფოთვა და დეპრესია გაძლიერებულია, ხოლო სოციალურმა იზოლაციამ შეიძლება ჩვენზე ისეთი გრძელვადიანი გავლენა იქონიოს, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაშიც კი ბოლომდე ვერ გავიაზრებთ.
თუმცა ადამიანების "გაუცნაურება" ნაკლებად შესწავლილი ფენომენია. ნორმალური ადამიანური კონტაქტისგან დაცლილი ყოველი თვე, რომელსაც გლობალური ჯანდაცვის კრიზისი, ეკონომიკური გაურკვევლობა და პოლიტიკური დაყოფა ემატება, ბევრ ჩვენგანს იმაზე ცოტათი (ან ძალიან) უცნაურს გვხდის, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით.
საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი ჩვენთვის ასოცირდება არსებასთან, რომელსაც გაბურძგნული თმა აქვს და დაჭმუჭნილი ტანსაცმელი აცვია. ის თავის თავს ებურტყუნება და ტყეში ღრმად ჩაფლულ თავის ქოხში თეფშებზე შერჩენილი ნახევრადშეჭმული საკვების ნამცეცებზე ცხოვრობს. თქვენი არ ვიცი და მე გასულ წელს ათჯერ მაინც ვიგრძენი თავი ამ ადამიანად.
იქნებ, ვართ კიდეც უცნაურები
უცნაურობისადმი ჩვენი მიდრეკილების ისტორია პანდემიის გამოცხადებიდან ნამდვილად არ დაწყებულა.
ჯოზეფ ჰენრიხმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ადამიანის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორმა, გამოიგონა აბრევიატურა WEIRD (უცნაური), რომელიც ინგლისურად იშიფრება როგორც დასავლური, განათლებული, ინდუსტრიალიზებული, მდიდარი და დემოკრატიული. მან ასე აღწერა ევროპული კულტურა, რომელიც საუკუნეებია, გლობალურ სცენაზე დომინირებს. ამაზე ჰენრიხი თავის წიგნში, ყველაზე უცნაური ადამიანები მსოფლიოში: როგორ გახდა დასავლეთი ფსიქოლოგიურად ახირებული და გამორჩეულად აყვავებული, აღწერა.
ამ კულტურის შიგნით მნიშვნელოვან ღირებულებად პირადი მიზნების მიღწევაა დასახული, რაც მეტწილად ინდუსტრიული რევოლუციისა და სიმდიდრის ზრდის გამო გახდა შესაძლებელი. ინდივიდუალიზმის აღმავლობამ იმის შესაძლებლობა მოიტანა, რომ ადამიანები ცხოვრების თავიანთ უნიკალურ გზებს დადგომოდნენ საკუთარი უცნაური "მეს" აღმოსაჩენად.
უცნაურობის პატარა დოზა შეიძლება სასარგებლოც იყოს
ზაქსონის თქმით, უცნაურობა თავისთავად არ წარმოადგენს პრობლემას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უცნაური გახდით და შედეგად რა კონკრეტული ქცევები ჩამოგიყალიბდათ. სრულიად შესაძლებელია, რომ სინამდვილეში, ცოტა მეტად უცნაურ ადამიანად გარდაქმნა სულაც არ იყოს ცუდი.
"ექსცენტრული ადამიანები გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს მოულოდნელი რაკურსიდან ხედავენ და უცნაური აზროვნება მათ საშუალებას აძლევს, ინოვაციური და შემოქმედებითი გადაწყვეტილებები მიიღონ. საკუთარ დაკრულზე ცეკვით მეტად კრეატიული, ცნობისმოყვარე და ბედნიერი შეიძლება გახდეთ და სამყაროს შეცვლაში თქვენი წვლილი შეიტანოთ", — ამბობს ზაქსონი.
იმის დასანახად, რომ უცნაურობას თავისი სარგებელი მოაქვს, საკმარისია, ისტორიაში ისეთ ყველაზე ექსცენტრულ ცნობილ ადამიანებს გადავავლოთ თვალი, როგორებიც ლედი გაგა, პრინცი, ენდი უორჰოლი, ზიგმუნდ ფროიდი თუ ალბერტ აინშტაინი არიან.
"მე პანდემიის დაწყების მერე ნაკლებად უცნაური ვარ. ეს იმიტომ არაა, რომ შევიცვალე, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ საქმეები, რომელთა გაკეთებაც მომწონს — ჩემს თავთან მარტო დარჩენა, სახლში ყოფნა და ხელსაქმით გართობა — სავალდებულო ან მეტად პოპულარული გახდა", — ამბობს ნიუ-იორკში მცხოვრები მენეჯერი, ვენუს კერი.
სიმართლეა, რომ ის იარლიყები, რომლებსაც ისტორიულად უცნაურ ადამიანებს — განდეგილებს, მიზოფობებსა თუ იპოქონდრიკებს ვაკერებდით, მთლიანად ნორმალიზდა იმ გარემოში, სადაც სხვებისგან დისტანციის დაცვა და ხელების გამოშრობამდე ბანა გვჭირდება.
"მე არასოდეს ვიყავი გულგრილი ექსცენტრულობის მიმართ და ამიტომაც ვიმუშავე ძალიან ბევრი და დიდხანს, რომ თავადაც ასეთი გავმხდარიყავი: ამას ხან წარმატებით ვახერხებდი, ხან — ნაკლებად", — ამბობს ენდი დანკანი, ფროსტბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურის პროფესორი, რომელიც უცნაურობას არა მხოლოდ სწავლობს, არამედ ჟანრული ლიტერატურის სახით წერს კიდეც. მან ახლახან შეადგინა თავისი პირველი ოფიციალური ანგარიში იმის შესახებ, რომ თავისი მერილენდის სახლის თავზე ღამის ცაში მოძრავი და მოციმციმე უცხოპლანეტური ხომალდი დაინახა.
"ექსცენტრულობა, რომელსაც მე ვაფასებ, არსებითად კეთილთვისებიანია. ის უვნებელი ინდივიდუალიზმია, რომელიც სამყაროს უნიკალურ, ტკბილ ხედვას ასახავს და იმას აგემრიელებს, რაც სხვაგვარად, შეიძლება, უინტერესო მენიუ ყოფილიყო. ექსცენტრული ადამიანები უმეტესად თვითირონიულები არიან და საკუთარ უცნაურობას აცნობიერებენ. ისინი თვალის ჩაკვრით გვანიშნებენ, რომ თვითონაც იციან თავიანთი განსხვავებულობის შესახებ. თუმცა, ზოგი ექსცენტრიკი უბრალოდ შორსმჭვრეტია და საკუთარ დროს უსწრებს — მაგალითად, ცხოველთა კეთილდღეობის ადრეული ადვოკატები", — აღნიშნავს დანკანი.
ნუ შეგეშინდება უცნაურად გახდომის (უსაფრთხოების ფარგლებში)
ერთი დოზა სოციალური იზოლაცია და ორი დოზა მოწყენილობა — ჩვენი უცნაურობა შეიძლება ერთდროულად იყოს სოციალური ნორმების ქვეცნობიერად შემსუბუქებაც და შეცვლილი სოციალური კავშირების უცნაური თვითგართობით ჩანაცვლების განზრახი მცდელობაც.
ასე რომ, შეიძლება, ჩვენ საკუთარ თავთან ახლა უფრო მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე ჩვენი 2019 წლის თავი ჩათვლიდა მისაღებად; ან როცა პიჟამაში ცხოვრება ყელში ამოგვდის, სახლში ნაპოვნი ნაჭრების უცნაური ნაზავით ვიმოსებით. მაგრამ რა არის ამაში საგანგაშო?
თუ გაგიხარდება, სამზარეულოს საწმენდი ტილო თავზე შარფად მოირგე და Queen-ის მუსიკას აყევი.
უმღერე ოპერეტები შენს ფრანგულ ბულდოგს.
ფეხის თითები გადამწიფებული კენკრის საღებავით და კატისგან ჩამოცვენილი ულვაშებისგან დამზადებული ფუნჯით მოიხატე.
ჩაიცვი ორი სხვადასხვა წინდა, დაიხურე სამი ქუდი, ჩამოიკიდე ყურებზე დისკოს ბურთები და იცეკვე შენს დაკრულზე.
ყველამ საკუთარ დაკრულზე ვიცეკვოთ.
კომენტარები