ცხოვრება საქართველოში — სოროუში ირანიდან
გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ნეოფაშისტური ჯგუფები ვეგანურ კაფე კივის სოსისების ფრიალით რომ დაესხნენ თავს? სოროუში სწორედ ამ კაფის ერთ-ერთი დამფუძნებელია. საქართველოში წლებია ცხოვრობს და ამასობაში, ქართული ენაც ისწავლა.
ინტერვიუც ხან ქართულ, ხანაც ინგლისურ ენებზე მიმდინარეობდა. ირანელებსა და ქართველებს შორის კულტურულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, საქართველოში ცხოვრების გამოცდილებაზე, თავის მიზნებსა და გეგმებზე გვიყვება და გვეუბნება იმასაც, რომ თბილისში მეგობრები სოსოს ეძახიან.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში არ ჰქონდა შეგრძნება, რომ უცხო ადგილასაა და ბევრად უფრო კომფორტულად იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ენა საერთოდ არ იცოდა.
"თუ ირანელი ხარ ადამიანების მოზრდილ ჯგუფში, სადაც ნაწილი ქართველია, ნაწილი კი უცხოელი და ქართულ ჩვეულებაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ზოგჯერ უცხოელები შეიცხადებენ: "რა? რატომ? ეს რას ნიშნავს საერთოდ?". ამ დროს ირანელი ამბობს, კი, მე მესმის, მე ეს საერთოდ არ მიკვირს [...] ღირებულებებით ძალიან ვგავართ ერთმანეთს: სტუმართმოყვარეობა, უფროსის, მეზობლის პატივისცემა, თავად ოჯახის მნიშვნელობა, ერთმანეთის დახმარების და ერთმანეთზე ზრუნვის მნიშვნელობა", — ამბობს სოროუში.
იგი უკვე ქართულადაც ლაპარაკობს, თუმცა გვიყვება იმ საინტერესო შემთხვევების შესახებ, რაც ენის არცოდნის გამო გადახდენია თავს. სოროუშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები "კი" და "არა" გამოდგა, რადგან სპარსულში "არე" თანხმობას ნიშნავს.
"ძალიან დიდი კონტრასტია. ამ დროს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია. იყო შემთხვევები, როცა ვესწრებოდი ქართველებთან მოლაპარაკებას, არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ, მაგრამ გავიგონებდი "არა"-ს და მიხაროდა, მეგონა შეთანხმდნენ", — გვიყვება სოროუშ ნეგაჰდარი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულად მეტყველებს, ამბობს, რომ ენა კარგად არ იცის, რადგან არასდროს ჰყოლია მასწავლებელი და ქართულად წიგნები არ წაუკითხავს.
მაშინ, როცა თბილისში, ვეგანური კაფის კეთება დაიწყო, გადაწყვიტა, რომ გუნდშიც და სტუმრებს შორისაც უმეტესობა ქართველი უნდა ყოფილიყო, რაც თავდაპირველად გაუჭირდა. თუმცა ახლა იუმორით იხსენებს იმას, რომ ქართველ მზარეულს ასწავლიდა კონკრეტული კერძების რეცეპტებს ისე, რომ ენა არ იცოდა.
"ნელ-ნელა ვისწავლე სიტყვები, რომლებიც საჭირო იყო — ჯერ სამზარეულოში, მერე სხვა სიტუაციებშიც".
იხსენებს 2016 წლის შემთხვევასაც, როცა ძალადობრივი ჯგუფის წევრები ვეგანურ კაფეში სოსისებითა და ხორცით შეცვივდნენ. ამბობს, რომ ეს ისტორია ძალიან ცნობილი გახდა და ბევრმა ადამიანმა, რომელიც ინგლისურად კითხვას სწავლობს, შესაძლოა, თბილისი სწორედ ამით გაიცნოს.
"ანიმაციურ სერიალ რიკი და მორტის ვაჩვენებდით, ქართველები და უცხოელები იყვნენ საყურებლად, როცა ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავის თავს ულტრანაციონალისტებად მოიხსენიებენ და მეც ასე დავუძახებ, კაფეში შემოცვივდნენ ხორცით და სოსისებით, ხმაურობდნენ და მთელს ჩვენებას შეუშალეს ხელი. სოსისებისა და ხორცის დაყრა დაიწყეს მაგიდაზე. შეიძლება, იქ ყველა ვეგანი სულაც არ იყო, მაგრამ მაინც არაა კარგი ტონი რაღაცის მაგიდაზე დაგდება. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. ჩვენს ორ მეგობარს, რომლებიც ამ დღეს მუშაობდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამწუხაროდ. ეს ისტორია ძალიან ცნობილი გახდა, [ამაზე წერდა] რადიო ლიბერთი, ბიბისი, ბაზფიდი. ინგლისურის სასწავლო პროგრამებშიც კი მინახავს ტექსტი იმაზე, თუ როგორ შევარდა თბილისში, ვეგანურ კაფეში ექსტრემისტების ჯგუფი სოსისების ფრიალით. წარმოიდგინეთ, ამ ისტორიას კითხულობენ ინგლისურად კითხვის გასაუმჯობესებლად", — ამბობს სოროუში.
ის ფიქრობს, რომ ეს ქსენოფობიური, ძალადობრივი ჯგუფები საზოგადოებაში ავრცელებენ მცდარ წარმოდგენებს, თითქოს უცხოელები საფრთხეს უქმნიან ქართულ კულტურას და წეს-ჩვეულებებს.
"ისინი ავრცელებენ იდეას, თითქოს თუ ბევრი უცხოელი იცხოვრებს საქართველოში, ისინი საქართველოს კულტურასა და ღირებულებებს შეცვლიან და შედეგად, ეს ქვეყანა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ახლაა. ეს უბრალოდ ტყუილია", — აღნიშნავს სოროუში.
ამბობს, რომ ბოლო პერიოდში უცხოელებისთვის საქართველოში ცხოვრება გართულდა, განსაკუთრებით კი, შუა აღმოსავლეთიდან და დასავლეთ აზიიდან ჩამოსულთათვის.
"რთული გახდა ბინადრობის ნებართვის მიღება მაშინაც კი, თუ დასაქმებულები არიან, ლეგალურად და კეთილსინდისიერად. მათთვისაც კი, ვინც უკვე ძალიან დიდი ხანია აქაა".
ყველაფრის მიუხედავად, სოროუშს უყვარს თავისი საქმე და დიდი ხნით სურს საქართველოში ცხოვრება. ამბობს, რომ მისი ყველა სამომავლო გეგმა საქართველოს უკავშირდება.
ვიდეო თავდაპირველად, 2020 წლის 20 ნოემბერს, გამოქვეყნდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ვებ-გვერდსა და Facebook-ზე, პროექტ მრავალფეროვნების სახეების ფარგლებში. ორგანიზაცია პროექტს ახორციელებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.
კომენტარები