ISS-ზე მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი მიკრობები აღმოაჩინეს — რა ხდება
დედამიწაზე მობინადრე ბაქტერიული და სოკოვანი მიკრობების სახეობების რიცხვი მუდმივად იზრდება და გასაკვირი არაა, რომ ისეთი დაბალი გრავიტაციის პირობებშიც შეიძლება წარმოიქმნას მათი ახალი სახეობები, როგორიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურია (ISS).
NASA-სთან მომუშავე ამერიკელმა და ინდოელმა მკვლევრებმა ISS-ზე ბაქტერიების ოთხი შტამი აღმოაჩინეს, რომელთაგან სამი აქამდე მეცნიერებისთვის უცნობი იყო.
2015-2016 წლებში ოთხიდან აღნიშნული სამი შტამის იზოლაცია მოახდინეს. მათი შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოთხივე მათგანი მიეკუთვნება დედამიწაზე მტკნარ წყალსა და ნიადაგში მობინადრე ბაქტერიების ოჯახს. ისინი მონაწილეობენ აზოტის ფიქსაციის და მცენარეთა ზრდის პროცესში. მათ ასევე შეუძლიათ მცენარეულ პათოგენებთან ბრძოლა. ასე რომ, როდესაც მცენარეებს ზრდი, ამ ბაქტერიების ყოლა კარგი რამეა.
საიდან მოხვდნენ ნიადაგისა და მტკნარი წყლის ბაქტერიები ISS-ზე?
კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებმა მცირე რაოდენობით საკვები მცენარეების გაზრდა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სადგურზე მცენარეებთან დაკავშირებული მიკრობებიც ბინადრობენ.
აღმოჩენილი მიკრობებიდან ერთ-ერთი მეცნიერებისთვის უკვე ცნობილი Methylorubrum rhodesianum-ია. დანარჩენი სამი კი, აღმოჩნდა, რომ აქამდე შეუსწავლელ ერთსა და იმავე სახეობას ეკუთვნის. მათ შტამებს IF7SW-B2T, IIF1SW-B5 და IIF4SW-B5 უწოდეს.
ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერთა გუნდის ხელმძღვანელის და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, სვატი ბიჯლანმა წინადადებით, ახალ სახეობას Methylobacterium ajmalii უწოდეს. მიკრობებს ეს სახელი ინდოელი ბიომრავალფეროვნების მეცნიერის, აჯმალ ხანის პატივსაცემად დაერქვათ.
"ისეთ გარემოში, სადაც მცენარეთა გაზრდისთვის მინიმალური რესურსებია, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მიკრობების იზოლირება, რომლებიც მცენარეების სტრესულ გარემოში ზრდას შეუწყობენ ხელს", — განაცხადეს კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა, კასტური ვენკატესვარენმა და ნიტინ კუმარ სინგმა NASA-დან და JPL-დან.
მეცნიერებმა უკვე იციან, რომ ეს მიკრობები ISS-ის მკაცრ გარემო პირობებს ადვილად ეგუებიან. აქედან გამომდინარე, გუნდმა ოთხი შტამის გენეტიკური ანალიზი დაიწყო იმ გენების შესასწავლად, რომლებიც მცენარეთა ზრდას უწყობს ხელს.
ამ საკითხის შესასწავლად კიდევ უამრავი კვლევის ჩატარებაა საჭირო. მეცნიერები ამბობენ, რომ მათ ჯერ მხოლოდ ზედაპირული ცოდნა აქვთ ISS-ზე მობინადრე მიკრობული სახეობების შესახებ. სადგურზე უკვე დაახლოებით 1 000 ნიმუშია აღებული, რომლებიც დედამიწაზე ჯერ არ გამოუგზავნიათ.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი სახეობის "კოსმოსური" მიკრობი არსებობს, რომელთა შესახებ ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს.
აღნიშნული კვლევა Frontiers in Microbiology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები