გადაყრა დასასრული არ არის: ნარჩენების მართვის პრაქტიკა მსოფლიოსა და საქართველოში
მსოფლიოში ყოველდღიურად 3.5 მილიონი ტონა მყარი ნარჩენი გროვდება. ეს 10-ჯერ მეტია, ვიდრე გასულ საუკუნეში.
რაც უფრო მზარდია ნარჩენების რაოდენობა, მით უფრო მდგრადი პოლიტიკაა საჭირო ნარჩენების სამართავად. ამიტომ ბოლო პერიოდში მსოფლიომ სწორხაზოვანი ეკონომიკის ჩანაცვლება დაიწყო ცირკულარულით ეკონომიკით, რაც რესურსების გადამუშავებასა და მათ ხელახალ გამოყენებას გულისხმობს.
ასეთი ეკონომიკა უკვე დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველოსაც, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერს, უკვე წლებია, უწევს ნარჩენების მართვის მიმართულებით მუშაობა.
ევროპული სტანდარტით, ნარჩენების მართვის იერარქიაა ასეთია:
- შემცირება;
- ხელახლა გამოყენება;
- გადამუშავება;
- ნარჩენის გარდაქმნა ენერგიად;
- განთავსება (ნაგავსაყრელზე).
საქართველოში, 2016-2020 წელბში ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია შეიმუშავეს, 2021 წლიდან კი ახალი გეგმა უნდა გაიწეროს.
ამ რეგულაციებით, ბევრი შეზღუდვა დაწესდა მუნიციპალურ დონეზე, მაგალითად, კერძო კომპანიებს, რომლებიც 120 კილოზე მეტ სახიფათო ნარჩენს აწარმოებენ, ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება დაევალათ.
ქვეყანაში, დღეისათვის, 54 მოქმედი ნაგავსაყრელი გვაქვს, რომელთაც მყარი ნარჩენების მართვის კომპანია უწევს ზედამხედველობას. სამომავლო მიზანი კი ისაა, რომ დაიხუროს ყველა ის ნაგავსაყრელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და აშენდეს 8 სანიტარული მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომლებიც ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს.
ვრცლად, საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ, გიორგი გულიაშვილმა, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტმა ისაუბრა, შესაბამისი ვებინარის ფარგლებში. ჩანაწერს კი ქვემოთ მოცემული ვიდეოს სახით შეგიძლიათ გაეცნოთ.
ვებინარი ჩატარდა იდეათონის "დაამზადე მომხმარებლისთვის - შეფუთე დედამიწისთვის" ფარგლებში, რომელიც პლასტიკის შეფუთვის შემცირებას ისახავს მიზნად. იდეათონი შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს, ბიზნესმენებსა და უბრალოდ დაინტერესებულ პირებს, წარადგინონ ბიოდეგრადირებადი შეფუთვების წარმოების დაწყების ბიზნესგეგმა და მიიღონ 60 000 ლარი ინვესტიციის სახით. პროექტის დეტალებს გაეცანით ამ ბმულზე.
ამავე იდეათონის ფარგლებში კიდევ ორი ვებინარია დაგეგმილი. ერთ-ერთი ვებინარი პარასკევს, 12 მარტს თემაზე "შეფუთვისა და მყარი ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკები". შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართება, მასზე დასწრება უფასოა და მხოლოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო.
მეორე ვებინარის თარიღი 15 მარტია. საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დორექტორის მოადგილე გიორგი ჩიტაძე ისაუბრებს ევროკავშირის კანონმდებლობაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების სფეროში. დასწრება შესაძლებელია რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
ასევე იხილეთ: ქვიზი: ხარ თუ არა დედამიწის კარგი მოქალაქე
კომენტარები