როგორ მტკიცდება, რომ კორონავირუსის ვაქცინები ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის
მეცნიერები აქტიურად განაგრძობენ შემოწმებების ჩატარებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე. ამას კი იმაში დასარწმუნებლად აკეთებენ, რომ ისინი ისევ ეფექტიანად გააგრძელებენ მოქმედებას მაშინ, როდესაც ვირუსის ახალი ვარიანტების წინაშე აღმოვჩნდებით.
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანიზაციის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ვაქცინების დადასტურების პროცესის დაჩქარება. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: საერთოდ, როგორ ადასტურებენ ვაქცინებს?
ვაქცინის უსაფრთხოების შემოწმება ლაბორატორიაში იწყება, სადაც მეცნიერები მასზე ატარებენ ცდებს და იკვლევენ მის მოქმედებას უჯრედებსა და ცხოველებზე, შემდეგ ეტაპზე კი ადამიანებზე ცდიან მას. შემოწმების პრინციპი ისაა, რომ ეს ყველაფერი პატარა ნაბიჯებით იწყება, შემდეგ ეტაპებზე კი მხოლოდ მას შემდეგ გადადიან, რაც დარწმუნდებიან, რომ ვაქცინა ცოცხალ ორგანიზმებს არ უქმნის საფრთხეს.
რა როლს თამაშობს შემოწმებები?
მას შემდეგ, რაც ლაბორატორიიდან მიღებული მონაცემები უსაფრთხოების შესახებ დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება, მეცნიერები იწყებენ ვაქცინის თუ სამკურნალო საშუალების ეფექტიანობის კვლევას.
ამის შემდეგ იწყება შემოწმებები მოხალისეებზე, რომელთა რიცხვი გაერთიანებულ სამეფოში Pfizer-BioNTech-ის დამტკიცებამდე 40 000 იყო.
მოხალისეთა ნახევარს ვაქცინას უკეთებენ, მეორე ნახევარს კი პლაცებოს. შედეგების მიღებამდე, მიკერძოების თავიდან ასაცილებლად, მკვლევრებმა და მონაწილეებმა არ იციან, თუ რომელმა ჯგუფმა მიიღო ვაქცინა და რომელმა არა.
ჩატარებული სამუშაოები და აღმოჩენები შემოწმებულია და დადასტურებულია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
კორონავირუსის ვაქცინის შემოწმებები ძალიან მალე ჩატარდა, თუმცა მკვლევრებს არც ერთი ეტაპი არ გამოუტოვებიათ.
მაგალითად, Oxford-AstraZeneca ვაქცინის შემოწმება მოხალისეობრივად დააყოვნეს ერთ-ერთ ეტაპზე, რათა გამოეკვლიათ, თუ რატომ გარდაიცვალა ერთი მონაწილე — რამდენიმე ათასიდან. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ მაშინ გადავიდნენ, როდესაც დადგინდა, რომ ამ ადამიანის გარდაცვალება ვაქცინასთან არანაირ კავშირში იყო.
როგორ დადასტურდება ვაქცინა სწრაფად, ვირუსის ახალი ვარიანტებისთვის?
მსგავსი სწრაფი დადასტურების მეთოდი უკვე გამოიყენება ყოველწლიური გრიპის ვაქცინისთვის. MHRA-ის მიხედვით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ადასტურებს მედიკამენტებს, ამ დროს უსაფრთხოების არც ერთი პროცედურის გამოტოვება არ ხდება.
მწარმოებლებს კი დასჭირდებათ ძლიერი მტკიცებულებების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ახალი ვაქცინები სისხლში დამცავ ანტისხეულებს წარმოშობენ. თუმცა, გახანგრძლივებული კლინიკური შემოწმებები ათასობით მოხალისის მონაწილეობით აღარ გახდება საჭირო. ნაცვლად ამისა, მეცნიერები არსებული კვლევებიდან მიღებულ მონაცემებს გამოიყენებენ.
აქვს თუ არა ვაქცინას გვერდითი ეფექტები?
ვაქცინა არ იწვევს დაავადებებს. სანაცვლოდ, ის ასწავლის ჩვენი ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომ შეამჩნიოს ინფექციები და ებრძოლოს მათ.
თუმცა, ვაქცინის მიღების შემდეგ ადამიანთა ნაწილი მაინც განიცდის გარკვეულ სიმპტომებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, რომელიმე დაავადებას არ უკავშირდება. ეს უბრალოდ სხეულის საპასუხო რეაქციას წარმოადგენს ვაქცინაზე.
ყველაზე გავრცელებული რეაქციები, რომლებიც, საშუალოდ, 10-დან 1 ადამიანზე მეტში ვლინდება და შემდეგ რამდენიმე დღეში ქრება, მოიცავს: მკლავის ტკივილს, თავის ტკივილს, შეციებას, დაღლილობას, ავად ყოფნის შეგრძნებას, ცხელებას, თავბრუსხვევას, სისუსტეს, კუნთების ტკივილს.
ვინ ადასტურებს ვაქცინებსა თუ სამკურნალო საშუალებებს?
გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინა მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს დასტურს, თუ მარეგულირებელი ორგანო ფიქრობს, რომ იგი უსაფრთხო და ეფექტიანია.
დადასტურების შემდეგ ისევ გრძელდება შემოწმებები იმაში დასარწმუნებლად, რომ არ არსებობს დამატებით რამე გვერდითი ეფექტები ან გრძელვადიანი რისკები.
ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტები წყვეტენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ვაქცინა საუკეთესოდ და ვინ უნდა მიიღოს იგი პირველ რიგში.
რას შეიცავს კორონავირუსის ვაქცინა?
Pfizer-BioNTech ვაქცინაში (და Moderna-ს ვაქცინაშიც) გამოყენებულია გენეტიკური კოდის ნაწილები, რომელმაც იმუნური სისტემის საპასუხო რეაქცია უნდა გამოიწვიოს. ამ ტიპის ვაქცინებს mRNA ვაქცინები ეწოდება.
იგი ორგანიზმს აწვდის ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ, რათა მან ვირუსის წინააღმდეგ გამოიმუშავოს იმუნიტეტი.
რაც შეეხება Oxford-AstraZeneca ვაქცინას, იგი იყენებს უვნებელ ვირუსს, რომელიც ისეა შეცვლილი, რომ პანდემიის გამომწვევ ვირუსს დაემსგავსოს.
ვაქცინები ხანდახან შეიცავენ სხვა ინგრედიენტებსაც, როგორიცაა ალუმინი, რომელიც მეტ სტაბილურობასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
ალერგიების შემთხვევაში რა ხდება?
ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია ძალიან იშვიათია. ნებისმიერი დადასტურებული ვაქცინისთვის ცნობილია მასში გამოყენებული ყველა ინგრედიენტი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების ძალიან მცირე ნაწილში, რომლებმაც Pfizer-BioNTech ვაქცინა მიიღეს, სერიოზული, თუმცა განკურნებადი ალერგიული რეაქციები გამოვლინდა.
სიფრთხილის მიზნით, MHRA ამბობს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქამდე სერიოზული ალერგიები აღენიშნებოდათ რომელიმე ინგრედიენტზე, არ უნდა გამოიყენონ მისი შემცველი ვაქცინა.
სოციალურ მედიაში ვაქცინის მოწინააღმდეგე ადამიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ ფაქტებს და ავრცელებენ ინფორმაციას, რომელსაც მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.
მაშინ რა ხდება, თუ უკვე გადატანილი მაქვს კორონავირუსი?
ვაქცინას იმ ადამიანებსაც შესთავაზებენ, ვისაც წარსულში უკვე გადატანილი აქვს Covid-19. ამის მიზეზი ისაა, რომ ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი, იმუნიზაცია კი მეტ დაცულობას გვთავაზობს.
ვაქცინის სახელმძღვანელოს მიხედვით, მისი მიწოდება ადამიანებისთვის, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ვირუსი, უსაფრთხოა. თუმცა, ადამიანებმა, რომლებიც ახლა არიან დაინფიცირებულნი ვირუსით, სჯობს გამოჯანმრთელებამდე არ მიიღონ იგი.
შეიცავენ თუ არა ვაქცინები ცხოველურ პროდუქტებს ან ალკოჰოლს?
ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა სირსველის ვაქცინა და ბავშვების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა შეიცავდნენ ღორის ჟელატინს.
კორონავირუსის ვაქცინები, Pfizer, Moderna და AstraZeneca არც ამ ნივთიერებას და არც რაიმე სხვა ცხოველურ პროდუქტს არ შეიცავს. ბრიტანული ისლამური სამედიცინო ასოციაციის განცხადებით კი, ვაქცინაში არის უმნიშვნელო რაოდენობის ალკოჰოლი.
ასევე იხილეთ: "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის" — ვაქცინა, დეზინფორმაცია და "ელვის სისწრაფე"
კომენტარები