რა გავლენა აქვს ახალ კორონავირუსს ორგანოთა სხვადასხვა სისტემაზე?
პანდემიის ერთ წლის თავზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახალი კორონავირუსის ზემოქმედების კვლევა ორგანოთა სხვადასხვა სისტემაზე. გართულებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ უკვე მეტი ინფორმაციაა ცნობილი. მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა გადაიტანა COVID-19 და ვირუსისგან დატოვებული დისკომფორტის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა პროფილის ექიმს სტუმრობს.
როგორ აისახა COVID-19-ის გავლენა ორსულობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?! ამ თემის გარშემო არსებულ ყველა მწვავე საკითხს სამედიცინო ცენტრ ციტოს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, სოფო კვალიაშვილი განიხილავს.
პირველ რიგში, მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ კოვიდ-19-ის (SARS-CoV-2) გარშემო. როგორც იცით ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ — ასიმპტომურია, ზოგჯერ კი სუნთქვის უკმარისობით ან პოლიორგანული უკმარისობით ვითარდება. ინკუბაციური პერიოდი 4-5 დღიდან 14 დღემდე გრძელდება. პირველი სიმპტომები უმეტესად ინფიცირებიდან 4-5 დღეში ვლინდება. სუნთქვის გაძნელება უვითარდება პაციენტთა 20-30%-ს და ვლინდება ინფიცირებიდან 5-8 დღეში.
არიან თუ არა ორსულები უფრო მეტად რისკის ქვეშ COVID-19-თან ასოცირებული გართულებების თვალსაზრისით ?
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებისას ნაადრევი მშობიარობის რისკი მცირედით აღემატებოდა არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებელს.
აინფიცირებს თუ არა ორსული ნაყოფს?
არ არსებობს მტკიცებულება, რომ sars-cov-2 გადის პლაცენტარულ ბარიერს და აინფიცირებს ნაყოფს. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პლაცენტის ქსოვილის მემბრანა კოვიდ-დადებითი აღმოჩნდა. რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნებოდა ნაყოფის ინფიცირება, თუმცა არ იყო დაზუსტებული, ინფიცირება ინტრანატალურად მოხდა თუ დაბადებისას.
შეიძლება თუ არა ორსულის ვაქცინაცია?
მტკიცებითი მედიცინის პასუხი ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით არ არსებობს, ვინაიდან არ ჩატარებულა შესაბამისი კვლევები და დაკვირვება ორსულ პაციენტებზე. დანამდვილებითი რეკომენდაციის გასაცემად გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ არსებულ მტკიცებულებას.
მაგალითად IFFS/ESHR ევროპის ემბრიოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საზოგადოების მიერ გამოცემულ დადგენილებაშიც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე ორსულ ან ორსულობის დაგეგმვის პროცესში მყოფ ქალებს ვერ აძლევენ გადაჭრით რეკომენდაციას ვაქცინაციაზე.
თუმცა, დედათა და ახალშობილთა ასოციაციის პოზიცია განსხვავებულია. MFM მიერ გამოქვეყნდა რეკომენდაცია Pfizer-ის წარმოებული ვაქცინით Bion tech-ით ორსულების ვაქცინაციის შესახებ.
დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს COVID-19-ის ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
მოცემულ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ქალის რეპროდუქციული ორგანოები, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ქსოვილი, ვაგინალური სეკრეტი, ამნიონური ან პერიტონიალური სითხე თავისუფალია კორონავირუსით ინვაზიისგან.
არ არის მტკიცებულება რეპროდუქციული ორგანოების ვირუსით ინვაზიის შესახებ, არსებობს გარკვეული მონაცემები სპერმატოგენეზის დარღვევის შესახებ. მამაკაცთან ფერტილობის უნარი შესაძლოა დაქვეითდეს COVID-19 ის გადატანიდან მომდევნო 72-90 დღის განმავლობაში, რაც სპერმის კონცენტაციისა და მოძრაობის ხარისხის დაქვეითებით აიხსნება, ასევე, შესაძლებელია, ვირუსმა გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლების ანთებითი დაავადება.
მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უროლოგიის ასოციაციის (SMRU SSMR) მიერ გამოქვეყნდა შემაჯამებელი დადგენილება, რის მიხედვითაც მამაკაცებს, რომლებიც ოჯახს გეგმავენ ან უნაყოფობის კუთხით მკურნალობის პროცესში არიან, რეკომენდაცია ეძლევათ ვაქცინაციაზე.
ASRM (ამერიკის რეპროდუქტოლოგიის ასოციაცია) იძლევა რეკომენდაციას, ვაქცინირებული იქნას რეპროდუქციული ასაკის წყვილები, რომლებიც გეგმავენ ოჯახს ან ინ ვიტრო განაყოფიერებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსული ინფექცია გარკვეულ გავლენას ახდენს ორგანიზმზე და, მათ შორის, რეპროდუქციულ სისტემაზე, სასურველია წყვილმა, რომელიც გეგმავს ორსულობას ან უნაყოფობის შემთხვევაში ესაჭიროება მკურნალობა, გაიაროს რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია, რათა დაიგეგმოს კვლევისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. პრობლემა აქტუალურია და შემდგომ დაკვირვებასა და კვლევებს საჭიროებს.
ციტოს ოფთალმოლოგი, მაია შვანგირაძე მხედველობასთან დაკავშირებულ პოსტკოვიდურ გართულებებზე გვაწვდის ინფორმაციას:
"ცნობილია, რომ SARS-cov-2 ინფიცირებულ პაციენტებს, ძირითადად რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა ბოლო მონაცემებით დაფიქსირდა მრავალი ატოპიური გამოვლინება, მათ შორის, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება — კონიუნქტივიტი".
კონიუნქტივიტი ასევე შეიძლება იყოს COVID 19-ის გამოვლენილი სიმპტომი, ამიტომ ოფთალმოლოგის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა დროულად მოხდეს ზომების მიღება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
ყველაზე ხშირ გამოვლინებებს მიეკუთვნება სიწითლე, შეშუპება, გამონადენი.
პაციენტების უმრავლესობა ინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში აღნიშნავს დისკომფორტის, სიწითლის, ფოტოფობიის და წვის შეგრძნებების განვითარებას.
"ჩემი რეკომენდაციაა, მოერიდოთ თვალებსა და სახეზე შეხებას, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში. უმჯობესია, კონტაქტური ლინზების ნაცვლად მოიხმაროთ სათვალე (თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ სათვალე ამცირებს გადადების რისკს). ყველა კოვიდ-გამოჯანმრთელებული პაციენტი არ საჭიროებს თვალის დეტალურ სავალდებულო კვლევას, თუმცა იმ პაციენტებისთვის, ვისაც აღენიშნებათ მხედველობის დაბინდვა, ტკივილი, გამონადენი, სიწითლე ან მსგავსი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია", — განმარტავს ოფთალმოლოგი.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად — ჩაიტარეთ კვლევები პოსტკოვიდ გართულებების თავიდან ასაცილებლად თქვენი მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით.
კომენტარები