უღმერთო სამყარო, რომელიც ქართველ მკითხველს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია
წლევანდელი უჩვეულოდ თბილი ზამთრის განმავლობაში ცოტა ხნის წინ პირველად მოთოვა თბილისში, რამაც ბევრი გაახარა, მაგრამ მე არა: თოვლი არ მიყვარს. თუმცა ჩვიდმეტი თებერვლის დილით აივანზე გაფენილი სარეცხის ჩამოხსნისას, რომელსაც გაშრობა ჯერ ვერ მოესწრო, გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ფილიპ პულმანის საკულტო ტრილოგიის — მისი ბნელი საწყისები — ფინალური წიგნის კითხვა დავასრულე და ეს ამინდი რამეში თუ შეიძლება გამომეყენებინა, ისევ ლაირა ენამჭევრის სამყაროში დასაბრუნებლად.
ბოლო ათწლეულებია, მთელ მსოფლიოში ჟანრული ლიტერატურის ბუმია და ქართველმა მკითხველმაც მეტნაკლებად აუწყო ფეხი ამ ტენდენციას: შეიყვარა ჯოან როულინგის ჰარი პოტერის წიგნების სერია თუ სიუზენ კოლინზის შიმშილის თამაშები. ბრიტანელმა მწერალმა ფილიპ პულმანმა დაახლოებით ამ მასშტაბების (ბევრი მკითხველის აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო) ბესტსელერები დაწერა, რომელთაც ამერიკული თარგმანის მსგავსად, ჩვენთანაც მეტწილად ოქროს კომპასის ტრილოგიის სახელით იცნობენ, თუმცა მან ზემოთ დასახელებული ნაწარმოებების მსგავსი წარმატება საქართველოში ვერ გაიმეორა. პირველი წიგნი, ჩრდილოეთის ციალი, წლების წინ პირველად რომ ითარგმნა, მოსალოდნელზე იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გაყიდვები, რომ გამომცემლობამ მხოლოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ თარგმნა დარჩენილი ნაწილები — ბოლო, მესამე წიგნი ქარვის ჭოგრიტი 2020 წელს გამოვიდა ქართულად.
ჰარი პოტერი ვახსენეთ და ალბათ, ბევრს კარგად ახსოვს, რომ ჯოან როულინგის შვიდნაწილიანმა ჯადოსნურმა თავგადასავალმა გულმხურვალე მკითხველებთან ერთად სასტიკი მტრებიც შეიძინა: ადგილობრივი მართლმადიდებლური ორგანიზაციების წარმომადგენლები მას სდევნიდნენ, როგორც "არაქრისტიანულ" ნაწარმოებს (რაც სადღაც-სადღაც, შესაძლოა, დღემდე გრძელდება). უკვე აქამდეც ბევრი ითქვა იმაზე, თუ რამდენად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდებები, თუმცა, აი, ფილიპ პულმანის მიერ შექმნილ ლიტერატურულ სამყაროზე კი იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით: მწერალი დაუფარავად, პირდაპირ უპირისპირდება ქრისტიანობას, ღმერთს და ზოგადად რელიგიას. ამის მიუხედავად, უკვე ქართულად ნიკა სამუშიას მიერ შესანიშნავად ნათარგმნი ჩრდილოეთის ციალი, უჩვეულო დანა და ქარვის ჭოგრიტი წიგნის მაღაზიების თაროებზე მეტწილად მკითხველისგან დღემდე ისევე უყურადღებოდაა დარჩენილი, როგორც სასულიერო პირებისგან. არადა ეს წიგნები იმას მაინც "იმსახურებს", რომ ეკლესიების ამბიონებიდან მღვდელმსახურებმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, წყევლა-კრულვა გაუგზავნონ და მათი დაწვა მოითხოვონ.
ასე, ალბათ, იმიტომ არ ხდება, რომ აკრძალვა ხშირად შიშს უკავშირდება — რაღაც საფრთხეს უნდა გიქმნიდეს, რომ მისი სხვებისთვის გაზიარება არ გინდოდეს. ოქროს კომპასის / მისი ბნელი საწყისების ტრილოგია კი ქართული ეკლესიისთვის აქამდე ანგარიშგასაწევ ძალად არ აღქმულა, თორემ ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ მას საჯაროდ ბრძოლას, მის მკითხველებს კი დევნას გამოუცხადებდნენ.
გარკვეული ადგილობრივი რელიგიური ჯგუფებისთვის ფილიპ პულმანის შემოქმედება მთლიანად შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა: ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ შეთქმულების თეორიების ბუდედ ქცეულ ვებგვერდზე, რომელსაც მითითებული აქვს, რომ "არქიეპისკოპოსი პავლეს ლოცვა-კურთხევით" იმართება, ვაწყდებით რუსული წყაროდან თარგმნილ სტატიას შემდეგი სათაურით: სახარება ლუციფერისგან — ფილიპ პულმანის ტრილოგიის "ბნელი საწყისები" შესახებ. ამ ტექსტში ნაბიჯ-ნაბიჯაა განხილული წიგნის ის დეტალები, რომლებიც, ავტორის აზრით, მკვეთრად არაქრისტიანული, მეტიც, ეზოტერიკულია. მთელი ტექსტის სინოფსისი ასეთია: "ჩვენ საქმე გვაქვს ასპროცენტიან სატანურ თხზულებასთან, რომელიც ნამდვილად რყვნის ბავშვთა სულებს".
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველი მორწმუნეების გარკვეული ნაწილი ერთადერთი შეიძლება იყოს, ვინც ფილიპ პულმანის იდეებითა და შემოქმედებით შეიძლება აღშფოთდეს: მას სხვადასხვა დროს მსოფლიოს მრავალ წერტილში ებრძოდნენ, მათ შორის აშშ-შიც, სადაც 2008 წლის მონაცემებით, პულმანი მეორე ადგილზე გავიდა იმ ავტორების ათეულში, რომელთა წიგნების აკრძალვასაც ყველაზე ხშირად ითხოვენ.
სინამდვილეში, ოქროს კომპასის ტრილოგიის კითხვისას არანაირი დაფარული ნიშნების ამოცნობა და გაშიფვრა საჭირო არაა: ოდნავ დაკვირვებული მკითხველიც კი მარტივად შენიშნავს, რომ ამ წიგნების ავტორი რელიგიისა და ღმერთის ცნებას, როგორც ყოველგვარი ბოროტების, უთანასწორობისა და წყვდიადის საწყისს, უპირისპირდება. ამ იდეის მთელ სიბასრეს განსაკუთრებით ფინალურ წიგნში, ქარვის ჭოგრიტში შევიგრძნობთ:
ფილიპ პულმანი თავდაყირა ატრიალებს ყველა იმ მტკიცებას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანობის სახელით მილიარდობით ადამიანს როგორც მიწიერ, ისე ზეციურ ცხოვრებაზე უყვებოდნენ: ვინ არის ღმერთი, როგორები არიან დაცემული ანგელოზები, სად გადის ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, რა იყო პირველი ცოდვა და ა.შ. ის თავისი ჯადოსნური სამყაროთი და ზღაპრული ენით ძალიან ადამიანურ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის წარმოუდგენლად თამამ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან გზებზე მოგვითხრობს. ამიტომაც გააჩნია, ვისი პოზიციიდან უმზერ ამ ყველაფერს: ნებისმიერ მკაცრად მორწმუნეს ეს წიგნები საზარელ მკრეხელობად მოეჩვენება, ოღონდ მან ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ავტორმა ამაზეც იფიქრა და ასეთ მკითხველს შესაძლებლობა მისცა, ამავე წიგნის ფურცლებზე აღწერილ პერსონაჟებზე დაკვირვებით, რომლებიც რელიგიის სახელით მოქმედებენ, გვერდიდან შეეხედა საკუთარი თავისთვის და დაენახა, თუ როგორ აბრმავებს ადამიანს ნებისმიერი რამის მიმართ ფანატიკური რწმენა და ხშირად ცივსისხლიანთან ერთად, კარიკატურულადაც აქცევს.
ფილიპ პულმანმა შეძლო და ზღვარი წაშალა საბავშვო ლიტერატურასა და ზრდასრულებისთვის განკუთვნილ საკითხავს შორის: ვერავინ იტყვის, რომ ამ წიგნებს მოზარდები სიამოვნებით არ წაიკითხავენ, ამავდროულად კი უფროსი მკითხველიც არ დატკბება ყოველი ფურცლის გადაშლასთან ერთად პარალელურ სამყაროებში მოგზაურობით. აქვე იმასაც აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ რელიგიური მოტივების რადიკალური გადათამაშება ერთადერთი არ არის, რაც ოქროს კომპასის ტრილოგიას გამოარჩევს და რითიც მკითხველებისგან მეტ ყურადღებას ღირსეულად იმსახურებს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს პერსონაჟების მრავალფეროვნება, განსაკუთრებით კი ქალი გმირების რეპრეზენტაცია: ავტორი ზოგადად ჩვენთვის უცნობი სამყაროების საინტერესო არსებებს გვაცნობს, ხოლო მათ შორის საუცხოოდ ხატავს პერსონაჟ ქალებს. მთელი ამბავი ძირითადად მოზარდი გოგოს, ლაირა ენამჭევრის ირგვლივ ვითარდება, რომელიც საოცრად მამაცი, გაბედული, ჭკვიანი და კეთილია. ასევე ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტიც ქალია — მისის კოულტერი, რომელიც ხასიათის თვისებებითა და მისი ისტორიის განვითარებით ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ანტიგმირია (ის იმდენად კომპლექსური პერსონაჟია, რომ მისთვის პირდაპირ ანტიგმირის წოდებაც სათუოა). მათთან ერთად ვხვდებით საოცრად ჭკვიან დოქტორ მერი მელოუნს, მებრძოლ ალქაჯებს და სხვებს. ამ წიგნებში აღწერილი ქალები არიან ერთგულებიც და მოღალატეებიც, მომხიბვლელებიც და ძლევამოსილებიც, მზრუნველებიც და სასტიკებიც — მოკლედ ისეთები, როგორიც შეიძლება იყოს ზოგადად ადამიანი, თუმცა ხშირად ეს კაც ავტორებს ავიწყდებათ. ფილიპ პულმანი ამ მხრივაც იშვიათად სანიმუშო გამონაკლისია.
გვერდს ვერ ავუვლი ამ მწერლის კიდევ ერთ "მკრეხელობას": მან ყველაფერთან ერთად ჰომოსექსუალური სიყვარულის ისტორიაც მოგვითხრო — ანგელოზები, სახელად ბალთამოსი და ბარუქი, თავიანთი მხურვალე ურთიერთობით პირდაპირი მინიშნების გარეშეც აგრძნობინებენ მკითხველს, რომ წრფელი გრძნობების გამოხატვას სხვების მიერ დაწესებული საზღვრები ხელს ვერ შეუშლის.
ლიტერატურის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ტრილოგიის განვითარების ტემპი სულ მოულოდნელი სიურპრიზებითაა სავსე: პირველი ნაწილი, ჩრდილოეთის ციალი ერთი შეხედვით ჩვენთვის ნაცნობ, თუმცა რეალურად მაინც განსხვავებულ სამყაროში ვითარდება და ძირითადად მთავარი გმირის, ლაირას თავს დამტყდარ გასაჭირზე მოგვითხრობს. მეორე წიგნში, უჩვეულო დანა, ჩვენი ხედვის არეალი ფართოვდება, ლაირასთან ერთად ვმოგზაურობთ კიდევ უფრო უჩვეულო პარალელურ სამყაროებში და კიდევ ერთ პროტაგონისტს, უილს ვუმეგობრდებით. აი, მესამე ნაწილში კი, ქარვის ჭოგრიტი, ყველაფერი კიდევ უფრო მასშტაბური ხდება და მუდმივად გაოგნება გიპყრობს. თუმცა, ჩემი, როგორც ერთი მკითხველის, შთაბეჭდილებებით ისიც უნდა ვთქვა, რომ ბოლო წიგნი წინა ორთან შედარებით სუსტია: ავტორმა თითქოს მის მიერვე გამოგონილი უჩვეულო დანის საშუალებით მრავალ პარალელურ სამყაროში ამოჭრა ფანჯარა, მათი დახურვა კი დაავიწყდა და ქაოსი გამოიწვია.
მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, მთლიანობაში, ფილიპ პულმანი მაინც უნიკალურ სამყაროს ქმნის, რომელიც, ცხადია, ჰოლივუდში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: 2007 წელს გამოვიდა ფილმი ოქროს კომპასი, რომელიც ნიკოლ კიდმანისა და დენიელ კრეიგის მსგავსი ვარსკვლავების მონაწილეობამაც კი ვერ გადაარჩინა წარუმატებლობას. თუმცა მოგვიანებით ხელახლა სცადეს მისი ეკრანიზაცია, ამჯერად სერიალის სახით, რომლის პირველი სეზონი 2019 წელს გამოვიდა და ამჯერად უკეთესი შედეგიც შემოგვთავაზეს: მე თუ მკითხავთ, შოუს მაინც აკლია რაღაც ხიბლი, ეშხი საყოველთაო პოპულარულობის მოსახვეჭად, მაგრამ ძალიან დასაფასებელია ის სიზუსტე, რაც შოუს შემოქმედებმა შეინარჩუნეს და პირველწყაროდან გადახვევებით მთელი ატმოსფერო არ გააუფერულეს.
ოქროს კომპასის მკითხველი დათვების მეფე იორეკ ბირნისონის ზურგზე შემომჯდარი თოვლიან მთებს გადაივლის, ზრდასრულებისგან დაცლილ ჩიტაგაძეში კარაქში შემწვარ ომლეტს მიირთმევს, ლი სკორბისთან ერთად ცას გადასერავს და მკვდრების სამყაროში იმოგზაურებს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში კი გულს ერთი შეგრძნება გიწიწკნის: ბავშვობის დასასრული ახლოვდება. სხვა ყველაფერზე მეტად, ამ წიგნების მთავარი მიზანი, შესაძლოა, ისიცაა, რომ გვაჩვენოს, როგორია ზრდასრულად გახდომა, რაზე გვიწევს უარის თქმა და სანაცვლოდ ახალს რას ვიღებთ.
ჩრდილოეთის ციალზე მუშაობის პროცესში მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ვწერდი ამბავს, რომელიც ბავშვობასთან განშორებაზე მოგვითხრობს.
თუმცა რამდენად რთული, სევდიანი და გარდაუვალად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი, ლაირას და უილის ისტორია გვაჩვენებს, რომ მთავარია, გვერდით ერთგული და სანდო მეგობრები გვყავდეს. მეტიც, ხანდახან ასეთები მხარში ისე გვიდგანან, რომ ამას ვერც კი ვხვდებით: მაგალითად, დაიმონები, რომლებიც ლაირას სამყაროში ხილულები არიან, თუმცა უილისთვის — არა. ან აქ ნაჩვენები სიკვდილის სახე რად ღირს: ფილიპ პულმანმა მისი მოთვინიერებაც შეძლო და სიკვდილი ჩვენს განუყრელ პარტნიორად წარმოგვიდგინა, რომელიც სულ ჩვენ გვერდითაა, მაგრამ იმის გამო, რომ მისი გვეშინია, მუდმივად იმალება.
"თუ ნებას დამრთავ, სიცოცხლის ბოლომდე შენი მეგობარი ვიქნები", — როცა მერი მელოუნი ამ სიტყვებს ეუბნება უილს, ხვდები, რომ შესაძლოა ასე ავტორი შენ, მკითხველსაც მოგმართავს, რადგან ამ წიგნების პერსონაჟებთან გაუცნობიერებლად ისეთ სამუდამო მეგობრობას ამყარებ, რომ ზამთრის ყველაზე უჟმურ, ცივ დღეებშიც კი აღარ იგრძნობ თავს მარტოდ, მიუხედავად იმისა, ხედავ თუ არა შენს დაიმონს.
კომენტარები