საქართველოში მომუშავე 5 მკვლევარი ყველაზე ციტირებულ მეცნიერთა სიაში მოხვდა — ვინ არიან ისინი
სტენფორდის უნივერსიტეტმა, ჯონ იოანიდისის ხელმძღვანელობით ყველაზე ციტირებულ მეცნიერთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც 5 საქართველოში მოღვაწე მკვლევარი მოხვდა. ესენი არიან, ილიაუნის პროფესორები ოზგურ ქიში, რაინერ ვ. ბუსმანი და მერაბ სვანაძე, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი საჰმანი საეიდი და თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ბეჟან ჭანკვეტაძე. სტატიაში თითოეული მათგანის საქმიანობის სფეროს გაგაცნობთ, მანამდე კი მოკლედ მიმოვიხილავ, რას ნიშნავს ეს ინდექსი.
სტენდფორდის ყველაზე მეტად ციტირებულ მეცნიერთა სიის მიზანი ისეთი ციტირების მეტრიკის (კომპოზიტური ინდექსი) შექმნა იყო, რომელიც ციტირების სხვადასხვა ინდექსებს აერთიანებს და ამა თუ იმ მკვლევრის გარკვეულ დისციპლინაზე არსებული გავლენის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის. სია გამოსადეგარია მათთვისაც, ვისაც აინტერესებთ რომელ დისციპლინებში რა კვლევის საკითხებია აქტუალური. ამჟამინდელი ანგარიში 6 მილიონზე მეტ მკვლევარს აერთიანებს, ხოლო h index, Schreiber hm index და ციტირებათა რაოდენობა არ გვიქმნის წარმოდგენას მეცნიერთა "საუკეთესოობის" შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ანგარიში სტენფორდმა პირველად 2019 წელს გამოაქვეყნა, სადაც ციტირების კომპოზიტური ინდექსის მიხედვით, ტოპ 100 000 მეცნიერი იყო ჩამოთვლილი. ამჟამინდელი ანგარიში კი 6 324 572 მეცნიერს აერთიანებს. შეგიძლიათ იხილოთ რომელმა მეცნიერმა როდის დაიწყო სტატიების გამოქვეყნება და რამდენი სტატია გამოაქვეყნა 2019 წლის ბოლოს. ციტირებათა რა პროცენტი მოდის "თვით-ციტირებებზე" (მეცნიერები თავის ძველ მიგნებებს ახალ კვლევებშიც იყენებენ).
სიაში მოხვედრილი ტოპ 2%, ანუ 6 მილიონზე მეტი მკვლევარი, ამ შემთხვევაში შერჩეულია იმ მეცნიერთა რიცხვიდან, რომლებსაც 5 ან მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული.
ოზგურ ქიში
საქართველოში მომუშავე მეცნიერთაგან პროფესიული კარიერის კომპოზიტური ინდექსით მოწინავეა და ის საერთო სიაში 6840-ე ადგილს იკავებს, გარემოს დაცვის ინჟინერიაში კი მეშვიდეს. ოშგური სამოქალაქო ინჟინერია და საქართველოში ის გარემოს დაცვის ინჟინერიის ერთ-ერთი მოწინავე მკვლევარია.
მისი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი გარემო პირობებზე დაყრდნობით, ჰიდროლოგიური პროგნოზების მოდელირებაა. ამ დარგში მომუშავე მეცნიერები ცდილობენ შექმნან დატბორვის და სხვადასხვა ეკოლოგიური მოვლენების აკურატული პროგნოზები. მსგავს გაანგარიშებას მულტიდისციპლინარული კომპეტენცია სჭირდება და ოშგური თავის კვლევებში ხშირად იყენებს კომპიუტერულ ალგორითმებს, რომელთა ეფექტიანი გამოყენებისთვის და შექმნისთვის სხვადასხვა დისციპლინის მკვლევრებთან თანამშრომლობს.
ბეჟან ჭანკვეტაძე
ბეჟან ჭანკვეტაძე ქართველი ქიმიკოსია, რომელიც კომპოზიტური ინდექსით საერთო სიაში 14 963-ე ადგილს იკავებს, თავის სპეციალობაში კი 75-ეს. ის საერთაშორისო გამომცემლობებში სტატიებს 1987 წლიდან აქვეყნებს და დღემდე აქტიურია თავის სფეროში.
მისი კვლევები, ძირითადად, მოლეკულათა განცალკევების კაპილარულ ტექნოლოგიებს და ქირალურ იონებს და მოლეკულებს ეხება. ამ საკითხების სათანადოდ გაგება საკმაოდ სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს, ამიტომ მათი ვრცლად განხილვა არ ღირს.
მოკლედ რომ ითქვას, ქიმიაში, ქირალური ისეთ მოლეკულას ან იონს ეწოდება, რომელიც თავის სარკულ ანარეკლს ვერ დაემგვანება. ამის ნათელი მაგალითი მარჯვენა და მარცხენა ხელია: ხელები რომ ამოატრიალოთ, თქვენი მარჯვენა და მარცხენა ხელები ერთმანეთის სარკული ანარეკლი იქნება, თუმცა რაც არ უნდა ატრიალოთ რომელიმე ხელი, მეორეს ვერ "მიამსგავსებთ".
კაპილარული განცალკევების ტექნოლოგიები, მაგალითად კაპილარული ელექტროფორეზი მოლეკულების და იონების განცალკევებისთვის გამოიყენება. მას ქირალურ ანალიზში მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.
რაინერ ბუსმანი
რაინერ ბუსმანი სამედიცინო და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მუშაობს და პროფესიული კარიერის კომპოზიტური ინდექსით, საერთო სიაში 112 057-ე ადგილს იკავებს, თავის ვიწრო სპეციალობაში კი 518-ეს. მისი ინტერესები კონვენციურ მოლეკულურ ბიოლოგიას ცდება და ის სამედიცინო გამოყენების მცენარეებით და მათი სასარგებლო ეფექტებითაც ინტერესდება.
ბუსმანი წიგნის Medicinal plants of the Andes and the Amazon - The magic and medicinal flora of Northern Peru ავტორია, სადაც ის ვრცლად მიმოიხილავს ანდების მთათა სისტემის მდიდარ ფლორას, რომელიც ხშირად ჩრდილოეთ პერუშია კონცენტრირებული, ისევე როგორც მათ სამედიცინო გამოყენებას.
ბუსმანი "ტრადიციული" და "კომუნალური" მედიცინითაც ინტერესდება. კოლეგებთან ერთად გამოქვეყნებულ კვლევაში
საეიდ საჰმანი
საეიდ საჰმანი მექანიკური ინჟინერია, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში"სამშენებლო მასალების" ლექტორია. ის სტენფორდის სიაში კომპოზიტური ინდექსის მიხედვით, საერთო სიაში 257 866-ე ადგილს იკავებს, თავის სპეციალობაში კი 1039-ეს.
საჰმანის მთავარი ინტერესი სხვადასხვა მასალების სტრუქტურული და მექანიკური თვისებებია, როგორიცაა ღუნვადობა და ელასტიურობა. მექანიკურ ინჟინერიაში სხვადასხვა ნაერთების და მასალების თვისებებს დეტალურად სწავლობენ, რათა გამომჟღავნდეს ერთგვარი კანონზომიერები. მექანიკური ინჟინერიის ასეთ კვლევებს სამშენებლო ინჟინერიაში უზარმაზარი მნშვნელობა აქვს, რადგან მექანიკური ინჟინრების კომპეტენციაზე მშენებლობების და ნაგებებოსი უსაფრთხოებაა დამოკიდებული.
ზოგ ვიწრო სპეციალობის მექანიკურ ინჟინერს მულტიდისციპლინარული ცოდნა სჭირდება, ის განსაკუთრებით კარგად უნდა ერკვეოდეს არაორგანულ და ინდუსტრიულ ქიმიაში, ისევე როგორც მექანიკურ და თერმულ ფიზიკაში.
მერაბ სვანიძე
მერაბ სვანიძე ქართველი მათემატიკოსი და ფიზიკოსია, რომელიც მყარი ტანის მექანიკის განხრით მუშაობს. ამ დისციპლინაში მეცნიერები ძირითადად "მყარ მასალებს" მათ თვისებებს და ელასტიურობას იკვლევენ.
მყარი ტანის მექანიკის თეორიული ასპექტები ფასდაუდებელია სამშენებლო, სამოქალაქო, ჰიდრო და ბირთვულ ენერგიაში. იმისთვის, რომ დიდი საინჟინრო პროექტები განხორციელდეს, მასალების თვისებების, მათი ელასტიურობის და სიმტკიცის განსაზღვრა აუცილებელია. ელასტიურობა, მასალის უნარი, რომ გამრუდების შემდეგ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს, სვანიძის კვლევის მთავარ საკითხს ხშირად წარმოადგენს.
სვანიძე საერთო სიაში 328 687-ე ადგილს იკავებს, თავის სპეციალობაში კი 1631-ს.
სტენფორდის ანგარიში და "სიის პრობლემები"
როგორც აღვნიშნე, სტენფორდის სია ძირითადად ისევ მეცნიერებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ის მონაცემებს მეტწილად Scopus-იდან იღებს, რომელიც სხვადასხვა პუბლიკაციების და აბსტრაქტების არქივივითაა. სტენფორდის რანჟირებული ანგარიში ისეთ მეცნიერებს უყრის თავს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და სხვადასხვა დისციპლინებში, პოპულარულ და რელევანტურ საკითხებს იკვლევენ.
ციტირებების რაოდენობა ან გნებავთ კომპოზიტური ინდექსი მეცნიერის "სიკარგეს" ან "საუკეთესოობას" არ განსაზღვრავს. უამრავი მეცნიერი ისეთ ნაშრომს აქვეყნებს, რომელსაც ბევრი ციტირება შეიძლება არ ჰქონდეს, თუმცა მკვლევარის ნაშრომი თვალწარმტაცი იყოს. მსგავსი სიები, ან თუნდაც, სამეცნიერო პრიზები ხშირად სხვადასხვა უნივერსიტეტის ცნობადობისთვის და PR-ისთვის სასარგებლოა, თუმცა სამეცნიერო პრემიების გაცემა, "ოსკარებს" არ უნდა მივამგვანოთ.
თუ რომელ ადგილზეა ამ სიაში მეცნიერი, სრულიად უმნიშვნელოა. მაგალითად, ნოამ ჩომსკი, ამერიკელი ენათმეცნიერი, რომლის კვლევებმაც თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების არსებობა შესაძლებელი გახადა, საიში 18 829-ე ადგილს იკავებს. რომ არა ჩომსკი, მარვინ მინსკი და 50-იანების მეცნიერები, დღეს სავარაუდოდ, ამ ფაილსაც ვერ ჩავიწერდი, სადაც "ტოპ" მეცნიერების შესახებ წერია. მარტივად რომ ითქვას, მეცნიერებისთვის "ადგილების" მინიჭება სრული უაზრობაა და ცხადია სტენფორდის ანგარიში ასე არ უნდა აღვიქვათ.
მეორე მხრივ, მსგავს სიაში მოხვედრით ზოგი მეცნიერის და უნივერსიტეტის ცნობადობა იზრდება. მაგალითად, პალესტინაში არსებული ბირზეითის უნივერსიტეტიდან ტოპ 100 000 მეცნიერში რამდენიმე მეცნიერი მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში ხშირად ხვდება ხოლმე. 2018 წელს ისრაელის "გადაცმულმა" სამხედროებმა უნივერსიტეტი დაარეიდეს და აქტივისტი სტუდენტი დააკავეს, სხვებს კი ცეცხლი გაუხსნეს. 2016 წელს კი ქიმიის ლაბორატორია გაძარცვეს, რომელსაც IDF-ის მტკიცებით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი იყენებდა.
ფაქტი, რომ 6 მილიონზე მეტი მეცნიერის სიიდან 5 ქართულ უნივერსიტეტებში ასწავლის თავისთავად სატრაბახო და გასახარი არ არის. მეორე მხრივ, თუ ქვეყანაში მეცნიერების განვითარებაზე შეგვტკივა გული, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში ისეთი აკადემიური გარემო შეიქმნას, რომლითაც "ტოპ" მკვლევრები დაინტერედებიან და "ტოპ" მეცნიერების "აღზრდაში" მიიღებენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, საქართველოში სამეცნიერო კვლევის და საუნივერსიტეტო განათლების მხრივ ძალიან ბნელი პერიოდია, რაშიც, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტი დამეთანხმება.
კომენტარები