მონაზონი, რომელმაც 83 ებრაელი ბავშვი შეიფარა და გადაარჩინა
ორი ებრაელი გოგო ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთიდან დიდ საფრთხეში ჩავარდა, როდესაც გერმანიის ნაცისტური არმია 80 წლის წინ მათ ქვეყანაში შეიჭრა. მათი მშობლები და უმცროსი და დაიჭირეს და მოკლეს, თუმცა დები გადარჩნენ. ტულუზის მონასტრის მონაზვნის სიმამაცის წყალობით, მათთან ერთად კიდევ ბევრი ებრაელი ბავშვი ცოცხლად გადაურჩა გენოციდს.
12 წლის ჰელენ ბახი და მისი უმცროსი და, იდა, ბაღში თამაშობდნენ, როდესაც მოახლოებული სამხედრო სატვირთო ავტომობილი შენიშნეს. ისინი სასწრაფოდ შეცვივდნენ სახლში.
გოგოებს, დედასთან ერთად, ჯერ კიდევ 1940 წლის მაისში, გერმანიის შემოჭრისთანავე მიეტოვებინათ თავიანთი სახლი ლოთარინგიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. ისინი ქვეყნის სამხრეთით, ე.წ. "თავისუფალი ზონისაკენ" მიემართებოდნენ.
იმისათვის, რომ მთელი ოჯახის შეპყრობის რისკი შეემცირებინათ, მათ გადაწყვიტეს, მამა, აარონი და უფროსი შვილი, ენი, ცალკე გამგზავრებულიყვნენ. აარონი და ენი 1941 წელს დააპატიმრეს და ქალაქ ტურთან მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ჰელენის დედამ სახლი მათ სიახლოვეს იქირავა. საუბედუროდ, ერთი წლის შემდეგ, როდესაც ისინი კვლავ ამ სახლში იმყოფებოდნენ, გერმანელი ჯარისკაცები მათაც კარს მიადგნენ.
ჰელენი და 8 წლის იდა სამზარეულოში შეცვივდნენ, რომ დედა გაეფრთხილებინათ. "დედაჩემმა გვითხრა, გავქცეულიყავით და ტყეში დავმალულიყავით", — ყვება ჰელენი, — "ჩემს დას ხელი ჩავჭიდე, თუმცა მას არ უნდოდა, რომ გამომყოლოდა. მას დედასთან დაბრუნება სურდა. გერმანელი ჯარისკაცების ხმა მესმოდა. დას ხელი გავუშვი და ისიც უკან გაიქცა".
ჰელენი ტყეში იმალებოდა მანამ, სანამ გერმანელებმა ტერიტორია არ დატოვეს. შემდეგ ის სახლში შეიპარა და მაგიდაზე დედის დატოვებული ფული იპოვა. "იცოდა, რომ დავბრუნდებოდი", — იხსენებს ის.
ჰელენი იქვე მცხოვრები მეგობრის სახლში გადავიდა. დედა და უმცროსი და ამის შემდეგ აღარასდროს უნახავს.
ტურის საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული ერთი წლის შემდეგ გაქცევა ჰელენის უფროსმა დამ, ენიმაც მოახერხა. 16 წლის ენიმ მარტომ შეძლო, გზა გაეკვლია საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტულუზში მცხოვრები დეიდამისის სახლამდე. თუმცა ის უსაფრთხოდ არც იქ ყოფილა. ენის დეიდის ოჯახი ებრაელებად ოფიციალურად რეგისტრირებულნი არ იყვნენ. მათ თავი კათოლიკეებად მოჰქონდათ, მაგრამ ენი იმავეს გაკეთებას ვერ შეძლებდა.
ერთ დღესაც, 1942 წლის შემოდგომაზე, პოლიციამ კარზე დააკაკუნა. "მათ ოჯახის წიგნაკის ჩვენება მოგვთხოვეს და თქვეს, რომ ყველა ბავშვს შეამოწმებდნენ", — ყვება ენი, — "საოცრად გამიმართლა, რომ ჩემი დეიდაშვილი იდა პურის საყიდლად იყო წასული — სწორედ ამიტომ მჯერა სასწაულების. დეიდაჩემმა ჩამოთვლა დაიწყო: ეს ესტელია, ეს ჰენრი, ეს ჰელენი. შემდეგ ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თქვა: ეს კი, იდა".
ტულუზში ჩასვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ენის დეიდამ წერილი მიიღო ჰელენისგან, რომელიც ქალაქ ტურის მახლობლად იმალებოდა. დეიდამ ჰელენის გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა. შედეგად, ერთ ღამეს იმ სახლის კარზე, სადაც ჰელენი რჩებოდა, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის, მაკის წევრმა ქალმა დააკაკუნა. "მან თქვა, რომ ჩემ საპოვნელად მოვიდა, რათა სადემარკაციო ხაზის გადაკვეთაში დამხმარებოდა", — იხსენებს ჰელენი. იმისათვის, რომ თავისი სანდოობა დაემტკიცებინა, სტუმარმა ფოტო ამოიღო, რომელზეც ჰელენი იყო გამოსახული. როგორც უცნობი ამბობდა, ეს ფოტო მას ჰელენის დეიდისგან ჰქონდა.
მოგზაურობა რთული იყო. ახალგაზრდა ქალს ყალბი დოკუმენტები ჰქონდა, რომელთა თანახმადაც, ის და ჰელენი სტუდენტები იყვნენ — მიუხედავად იმისა, რომ ჰელენი სულ რაღაც 12 წლის იყო. ისინი რამდენჯერმე გააჩერეს და დაკითხეს.
სამხრეთ საფრანგეთის ე.წ. "თავისუფალი ზონა" რეალობაში არც ისე თავისუფალი აღმოჩნდა. ქალაქ ვიშში მდებარე მარშალ ფილიპ პეტენის მთავრობას ანტისემიტური კანონები დაეწესებინა და ებრაელთა ქონება მიესაკუთრებინა.
1942 წლის 23 აგვისტოს ტულუზის არქიეპისკოპოსმა, ჟიულ-ჟერო სალიეჟმა, სამღვდელოებას წერილი მისწერა და სთხოვა, რომ იგი თავიანთი მრევლისთვის წაეკითხათ. "ჩვენს საეპისკოპოში შემაძრწუნებელი მოვლენები განვითარდა", — ეწერა წერილში, — "ბავშვებს, ქალებს, კაცებს, მამებს და დედებს ისე ეპყრობიან, როგორც ცხოველთა ჯოგს. ოჯახის წევრებს ერთმანეთისგან აცალკევებენ და უცნობ ადგილებში გზავნიან. ებრაელებიც ადამიანები არიან — ჩვეულებრივი ქალები და კაცები. ისინი კაცობრიობის რასის წარმომადგენლები არიან. ისინი, როგორც სხვები, ჩვენი ძმები არიან. ქრისტიან ადამიანს ამის დავიწყება არ შეუძლია".
მაშინ, როდესაც საფრანგეთის კათოლიკური საზოგადოების დიდი ნაწილი დუმდა, არქიეპისკოპოსმა პროტესტი განუცხადა ვიშის მმართველებს მათი ანტისემიტური პოლიტიკის გამო. 100 ფრანგი ეპისკოპოსიდან მხოლოდ ექვსმა — სალიეჟის ჩათვლით — აიმაღლა ხმა ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ.
სალიეჟის გზავნილმა დიდი გავლენა მოახდინა მონაზონ დენის ბერგონზე, რომელიც ტულუზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კაპდენაკის რეგიონის ნოტრ-დამის დედათა მონასტრის ახალგაზდრა წინამძღვარი გახლდათ. მონასტერი სკოლა-პანსიონს მართავდა და დედა დენისმა იცოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, იქ ებრაელი ბავშვები კათოლიკე მოსწავლეებთან ერთად დაემალა. თუმცა ის მონასტრის სხვა მონაზვნების უსაფრთხოებაზე და იმაზე ნერვიულობდა, რომ ეს გადაწყვეტილება მისგან ტყუილის თქმას მოითხოვდა.
რადგან თავისი ეპარქიის ეპისკოპოსი მხარს პეტენს უჭერდა, დენისმა გადაწყვიტა, არქიეპისკოპოს სალიეჟისთვის მიეწერა და რჩევა ეთხოვა. არქიეპისკოპოსის პასუხი დედა დენისმა თავის დღიურში ჩაინიშნა. "დაე, ვიცრუოთ, ვიცრუოთ, ჩემო დაო, თუ ეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმარება", — წერდა სალიეჟი.
1942 წლის ზამთარში დედა დენისმა იმ ებრაელი ბავშვების მოგროვება დაიწყო, რომლებიც კაპდენაკის რეგიონის ტყეებსა და ხეობებში იმალებოდნენ.
გერმანელი ჯარისკაცების მიერ ებრაელთა შევიწროება დღითი დღე უფრო ინტენსიური ხდებოდა. 1943 წლიდან კი ფაშისტური მილიციაც გააქტიურდა. შედეგად, კაპდენაკის მონასტერმა მთლიანობაში 83 ებრაელი ბავშვი შეიფარა. ამ ბავშვებს შორის იყო ენი ბექი, ვისმა დეიდამაც გადაწყვიტა, რომ იგი მონასტერში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა, ვიდრე ტულუზში. ენის მალევე შეუერთდა ჰელენი, რომელიც მისმა პარტიზანმა თანამგზავრმა პირდაპირ მონასტერში მიიყვანა.
ჰელენმა, როგორც იქნა, თავი უსაფრთხოდ იგრძნო, თუმცა მონასტერში ჩასვლისას მაინც აფორიაქებული იყო. "მადამ ბერგონმა მაშინვე ოთახში შემიყვანა და სცადა, ჩემთვის თავი ისე ეგრძნობინებინა, თითქოს ჩემი მშობლები იქ ყოფილიყვნენ. ის ჩემთვის მართლაც დედასავით იყო", — ყვება ჰელენი.
თუმცა იმავე დროს მას თავისი უმცროსი დის, იდას ბედი აღელვებდა. "ყოველ საღამოს ჯერ საშინაო დავალება უნდა გაგვეკეთებინა. როცა დავასრულებდით, შეგვეძლო გარეთ გავსულიყავით და გვეთამაშა. სულ იმაზე მეფიქრებოდა, ჩემს დას რომ ჩემთვის ხელი არ გაეშვა, ის ახლა ჩემთან ერთად მონასტერში იქნებოდა", — ამბობს ჰელენი.
მონასტერში მყოფ ლტოლვითა შორის იყო ალბერტ სეიფერიც ელზას-ლოთარინგიიდან. "დიდი კედლებით გარშემორტყმულნი, თითქოს ციხე-სიმაგრეში ვიყავით", — ამბობს ის, — "ძალიან ბედნიერები ვიყავით. თითქოს ვერც კი ვგრძნობდით ომს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად საფრთხე გვემუქრებოდა".
მანამ, სანამ მშობლები და მეურვეები საფრანგეთიდან გასაქცევად ემზადებოდნენ, თავიანთ შვილებს მონასტერში აგზავნიდნენ და თან ატანდნენ ფულს და ძვირფასეულობას მათი ცხოვრების ხარჯების ასანაზღაურებლად. დედა დენისი ფინანსურ ინფორმაციას გულდასმით აღრიცხავდა.
"1944 წლის დასაწყისიდან დევნილ ებრაელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა", — იხსენებდა დედა დენისი 1946 წელს დაწერილ დღიურში, — "თხოვნები სხვადასხვა რეგიონიდან მოდიოდა და თხუთმეტი ახალი გოგო შევიფარეთ. მათგან რამდენიმე სასწაულებრივად გადაურჩა გესტაპოს დევნას. ბავშვები ჩვენს შვილებად იქცნენ და ჩვენც თავები დავდეთ იმისათვის, რომ ყოველგვარი ტანჯვის ფასად დაგვებრუნებინა ისინი თავიანთ ოჯახებში".
დედა დენისის გარდა, მხოლოდ სკოლის დირექტორმა მარგერეტ როკმა, სკოლის მღვდელმა და კიდევ ორმა მონაზონმა იცოდა სიმართლე ბავშვების წარმომავლობაზე. დანარჩენმა 11-მა მონაზონმა იცოდა, რომ ბავშვების ნაწილი ელზას-ლოთარინგიიდან იყო დევნილი, თუმცა, მათ არ უწყოდნენ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. ეს არც იმ ოფიცრებმა იცოდნენ, რომელთაგანაც დედა დენისი დღითი დღე უფრო და უფრო მეტ რაციონის წიგნაკს ითხოვდა.
ბავშვებისთვის კათოლიკური რიტუალები ნაცნობი არ იყო, რაც მათი ვინაობის გამოაშკარავების საფრთხეს ქმნიდა. თუმცა ამის გასამართლებელი მიზეზიც მოიძებნა: "ჩვენ აღმოსავლეთ საფრანგეთიდან მოვედით, იმ ადგილიდან, სადაც ბევრი ინდუსტრიული ქალაქი იყო, რომლებშიც ასევე ბევრი კომუნისტი მუშა ცხოვრობდა", — ამბობს ენი, — "ასე რომ, ჩვენ თავი კომუნისტ ბავშვებად გავასაღეთ, რომლებმაც არაფერი იცოდნენ რელიგიაზე!"
რაც უფრო მეტ ხანს გრძელდებოდა ომი, სულ უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდათ ბავშვებს. დედა დენისსაც პოლიციისგან შესაძლო შემოწმებების შიში არ აძლევდა მოსვენებას. "მიუხედავად იმისა, რომ ყველა საეჭვო დოკუმენტი და ბავშვების ძვირფასეულობა გადამალული იყო მონასტრის ყველაზე საიდუმლო კუთხე-კუნჭულში, თავს უსაფრთხოდ მაინც არ ვგრძნობდით", — წერდა იგი თავის 1946 წლის დღიურში, — "ამიტომ გვიან ღამით, როდესაც ყველას ეძინა, მონასტრის ბაღში ორმო ამოვთხარეთ და ყოველი საეჭვო ნივთი თუ მტკიცებულება ღრმად ჩავმარხეთ მიწაში".
1944 წლის მაისში რაიხად ცნობილი საბრძოლო ელიტური განყოფილება აღმოსავლეთ ფრონტიდან რეგიონში ჩამოვიდა. ენი იხსენებს, რომ ზუსტად ამ დროს ერთ-ერთი პარტიზანი შემაშფოთებელი გაფრთხილებით მოვიდა მათთან: "ერთ დღეს კარზე ზარმა დარეკა. მორიგე მონაზონი მოშორებით იყო, ამიტომ კარი მე თვითონ გავაღე. ზღურბლზე ახალგაზრდა კაცი იდგა. მან თქვა: სწრაფად! თქვენს დირექტორს უნდა დაველაპარაკო! სასწრაფოა!"
"კაცმა გვითხრა, რომ ვიღაცამ დაგვასმინა. ამბავი გავრცელებულა, მონასტერში ებრაელი ბავშვები იმალებიანო", — ყვება ის.
დედა დენისმა პარტიზანებთან ერთად მოქმედების გეგმა დასახა. ეს უკანასკნელები მას დასთანხმდნენ, რომ მტრის მოახლოების შემთხვევაში გაფრთხილების ნიშნად იარაღს გაისროდნენ.
"ბავშვები დასაძინებლად რომ მიდიოდნენ, უფროსები უმცროსებთან წყვილდებოდნენ. მათ ღამით პირველი გასროლის ხმაზე ჩუმად, მაგრამ სწრაფად უნდა დაეტოვებინათ სახლი და ტყეში გაქცეულიყვნენ", — წერდა მონაზონი 1946 წელს.
მაგრამ მალე მან გადაწყვიტა, ბავშვები მტრების მოახლოებამდე გადაემალა. პატარების ერთი ჯგუფი, რომელშიც ენიც იმყოფებოდა, სამლოცველოში წაიყვანეს.
"მღვდელი ფიზიკურად ძლიერი იყო და სიმძიმეების აწევა შეეძლო. მან სამალავს კარი ახადა და ჩვენც შიგ ჩავიმალეთ", — იხსენებს ენი. პატარა მიწისქვეშა სივრცე სულ რაღაც 2.5 მეტრი სიგრძის იყო, სიმაღლით კი 1.5 მეტრს არ აღემატებოდა. ამ სამალავში შვიდი ბავშვი ხუთი დღის განმავლობაში იმალებოდა. მათ არც გამართულად დგომა შეეძლოთ და არც დაწოლა. გარეთ მხოლოდ გამთენიისას, მცირე დროით გამოდიოდნენ, რათა ევარჯიშათ, ეჭამათ, დაელიათ და საპირფარეშოში გასულიყვნენ.
სამალავში ჰაერი ეზოზე გამავალი პატარა სავენტილაციო ნახვრეტიდან შემოდიოდა. "ხუთი დღის შემდეგ, ამ ყველაფრის ატანა შეუძლებელი გახდა", — ამბობს ენი, — "წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მონაზვნები რომ დაეპატიმრებინათ", — ამატებს ის.
მიწისქვეშ გატარებულმა დღეებმა ცხოვრებისეული გავლენა იქონიეს ენიზე — მას დღემდე ფხიზლად სძინავს. საბედნიეროდ, ჰელენს გაუმართლა და ის ადგილობრივმა ოჯახმა შეიფარა.
საბოლოოდ, ნაცისტური პოლიცია მონასტერში არ შეჭრილა, თუმცა დესტრუქციის კვალი ზედ შესასვლელ კართან მაინც დატოვეს. "რამდენიმე მოკლული პარტიზანი ვიპოვეთ, რომლებიც ქუჩაში დაეტოვებინათ. გერმანელებმა ამით მაგალითი უჩვენეს სხვებს, რომ არავის გაებედა შეწინააღმდეგება", — ამბობს ენი. დედა დენისს უნდოდა, გარდაცვლილთათვის პატივი მიეგო და ენის სთხოვა, თითოეულის სხეულის ყვავილებით შემკობაში დახმარებოდა.
1944 წლის ივნისში რაიხი ჩრდილოეთით, ნორმანდიაში მყოფი ანტიჰიტლერული კოალიციის ძალების მოსაგერიებლად გაგზავნეს. ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზაზე რაიხმა ლოკალურ პარტიზანთა დასჯის მიზნით ორი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. ნორმანდიაში მისვლისას ისინი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მიერ ალყაში მოექცნენ და დამარცხდნენ. მათ ბრძოლაში 5 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს. ასევე გაუნადგურდათ 200-მდე ტანკი და სხვა საბრძოლო შეიარაღება.
1944 წლის აგვისტოში, სამხრეთ საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ, ებრაელმა ბავშვებმა თანდათანობით დატოვეს მონასტერი. ალბერტ სეიფერი თავის ოჯახს დაუბრუნდა. მამამისიც, საბედნიეროდ, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს ცოცხალი გადარჩენოდა.
სამწუხაროდ, ენის და ჰელენს ასე არ გაუმართლათ. მათი დეიდა გადარჩა, თუმცა მათი მშობლები და უმცროსი და, იდა, ოსვენციმში დაიღუპნენ.
ენი ტულუზში დაბრუნდა, დაქორწინდა, შვილებიც გაუჩნდა და დღეს მას შვილთაშვილებიც ჰყავს. ის დღემდე რეგულარულად ხვდება ალბერტს, რომელიც ახლა 90 წლისაა. ჰელენიც დაქორწინდა და შვილიც ეყოლა. ის რიჩმონდში დასახლდა, ლონდონის დასავლეთ მხარეს. 94 და 90 წლის დები რიჩმონდსა და ტულუზს შორის ერთმანეთის სანახავად შეძლებისდაგვარად ხშირად დადიან. ისინი დედა დენისს სახელით, notre dame de la guerre (ჩვენი ომის ქალბატონი) მოიხსენიებენ.
დებს დედა დენისთან დამშვიდობება გაუძნელდათ და რეგულარულად სტუმრობდნენ მას მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში. ენის ხშირად თავისი შვილებიც მიჰყავდა მონასტერში, რათა მათ ისტორიის ამ პერიოდზე ღრმა ცოდნა ჰქონოდათ და არ დაევიწყებინათ, რისი ატანა უხდებოდათ ებრაელებს.
დედა დენისი მონასტერში სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ის 2006 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ომის შემდეგ ის ღარიბი ოჯახების ბავშვებს ეხმარებოდა, შემდეგ კი — ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსულ იმიგრანტებს.
1980 წელს დედა დენისს პატივი მიაგო იად ვა-შემის მემორიალურმა ცენტრმა. კაპდენაკში მისი სახელობის ქუჩაც არსებობს, ხოლო მისი ერთადერთი მემორიალი მონასტრის ბაღებში დგას. მასზე შემდეგი სიტყვები იკითხება: "ეს კედრის ხე დარგეს 1992 წლის 5 აპრილს, დენის ბერგონის ხსოვნისთვის, რომელმაც 1942 წლის დეკემბრიდან 1944 წლის ივლისამდე 83 ებრაელი ბავშვი გადაარჩინა... ტულუზის არქიეპისკოპოსის, მონსინიორ ჟიულ-ჟერო სალიეჟის თხოვნით".
მემორიალი იმ ადგილთან ახლოს დგას, სადაც დედა დენისმა ბავშვების ძვირფასეულობა ჩამარხა. ომის შემდეგ ეს ნივთები ხელუხლებლად და უკლებლივ დაუბრუნდა კუთვნილ ოჯახებს.
კომენტარები