როგორ გვეხმარება ცეკვა ლოქდაუნის დროს — 5 ამბავი
9 საათს გადაცდა და სახლში ისევ დასტრესილი ზიხარ?! გამოიცეკვე!
იმისთვის, რომ ცეკვამ თავი კარგად გვაგრძნობინოს, მოციმციმე განათებების, დისკო ბურთის და ყურებში კლუბური მუსიკის გუგუნი არ გვჭირდება. თვალებს დახუჭავ, და იქ ხარ, სადაც გინდა, აკეთებ — რაც გინდა და სიცოცხლის სიყვარულს მთელი არსებით შეიგრძნობ.
რას იზამდა ჩემი პრობლემების მოსმენისას დიდებული კრისტინა იანგი? ალბათ წამიერად ცეკვას შეწყვეტდა და დამიძახებდა:
Shut Up! Dance it out!
ანუ მთელ დარდს გამოიცეკვებდა და მერე გადაწყვეტდა, რა გაეკეთებინა. ცეკვა ხომ სიმამაცეს და თავდაჯერებულობას გვმატებს და თითქოს, უკეთესად ფიქრშიც გვეხმარება.
ფეისბუქზე ცოტა ხნის წინ "გამოიცეკვეს" სახელობის ჯგუფი გამოჩნდა. ამ სტატიაში სწორედ მასზე და ადამიანების დამოკიდებულებებზე მოგითხრობთ. თითოეული მათგანი ფავორიტ კომპოზიციასაც გვიზიარებს, რომელზე ცეკვაც ყველაზე მეტად უყვარს.
Dance It Out - გამოიცეკვე
ზუსტად ასე ჰქვია ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფს, რომლის ავტორიც 29 წლის თამთა ჯაფარიძეა. ჯგუფის სახელი მისი სიტყვებითაც გრეის ანატომიას უკავშირდება, სადაც ეს ტერმინი ყველამ პირველად მოვისმინეთ. ჯგუფში ყოველ პარასკევსაა ლაივები და უამრავი საიტერესო კამპანია იგეგმება ცეკვის მოყვარულთათვის.
როგორც თამთა გვიყვება, ბავშვობიდან მოცეკვავეობა სურდა და მართალია, პროფესიად არ აურჩევია, თუმცა ცეკვა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
"ბავშვობაში მქონდა პერიოდი, როცა მეგობრობის დღიურში ვწერდი, რომ მინდოდა მოცეკვავე გამოვსულიყავი. ცეკვა სულ და ცხოვრების ყველა ეტაპზე ძალიან დიდი დოზით იყო ჩემში.
ამ ყოველივეს მიუხედავად, ცეკვა ყველაზე მეტად ზუსტად ბოლო დროს დავაფასე — 4 თვის წინ შვილი შემეძინა, რაც, რა თქმა უნდა, დიდ ბედნიერებასთან და სიხარულთან ერთად, გარკვეულწილად სტრესულიც აღმოჩნდა - მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. ზუსტად ამ დროს აღმოვაჩინე ცეკვა თავიდან!
თურმე რამდენი მიმართულება ჰქონია — თერაპიული, სოციალური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი... მე და ჩემი ქმარი ყოველდღე ვცეკვავთ, ეს ერთგვარ ტრადიციადაც კი ჩამოყალიბდა - იქნება ეს დილით, როცა ახალგაღვიძებულებს (და ზოგჯერ ღამენათევებს) დღის ენერგიულად დაწყება გვინდა... თუ საღამოს, როცა ჩავლილი დღის ემოციებს "გამოვიცეკვებთ" ხოლმე და ვიცლებით...
"ზუსტად ამ სიმღერის ჩართვით ვანიშნებთ ხოლმე მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს, რომ "გამოცეკვების" დროა".
თამუნა, 27 წლის
"მუსიკა და ცეკვა კი არ მეხმარება, ლოქდაუნისას ერთადერთია, რაც შესაძლებელს ხდის, იზოლაციას და ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობას შევეგუო. ხანდახან საკმარისია 10-წუთიანი თავისუფლება სამსახურის საქმეებისგან, იქნება ეს საჭმლის მომზადება თუ ჭურჭლის ამორეცხვა და მაშინვე მუსიკას ვრთავ და ვცეკვავ. დიდად ცეკვასაც ვერ დავარქმევდი, რაღაც წარმოუდგენელ მოძრაობებს ვაკეთებ, რომ ორგანიზმმა იგრძნოს, ისევ ცოცხალია და არ გაშეშებულა".
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცეკვის დროს ივსება სიცარიელე, რომელსაც ხალხი და ხმაური ავსებდა ნორმალურ, არაპანდემიურ ცხოვრებაში.
"ხანდახან, უბრალოდ, სკამიდან წამოდგომისას და ონკანამდე წლის დასასხმელად მისვლისას, მინდება, "წავიცეკვო" ან ვიხტუნო. ცეკვა მინდება მაშინაც კი, საინფორმაციო გამოშვებაში რომელიმე აქციაზე მუსიკა თუ აქვთ ჩართული".
ხანდახან მგონია, რომ ნებისმიერი ეპოქის, ნებისმიერი ჟანრის მუსიკაზე შემიძლია ცეკვა და თან ძალიან კარგად. იმდენად კარგად, თავისუფლად ვგრძნობ თავს, რომ არ მაწუხებს, რამდენად იდეალურია ჩემი მოძრაობები, ან არის თუ არა საერთოდ კარგი. ეს არც გარეთ ხალხში ყოფნისას მადარდებდა და სახლში მითუმეტეს. ამიტომ ყველანაირ სიმღერაზე და ყველანაირად ვცეკვავ.
ირაკლი, 23 წლის
"პანდემია როცა დაიწყო, თავიდან თითქოს სახლში ყოფნა მიხაროდა, თუმცა რაც უფრო გაიწელა ლოქდაუნი, მით მეტად ვაანალიზებდი, რომ საიდანაც დადებით ენერგიას ვიღებდი, ყველაფერი გაქრა და არც მოლოდინი არსებობდა, რომ მალე დაბრუნდებოდა.
ამ ყველაფრის დასაბალანსებლად კი ცეკვა 'ხელახლა აღმოვაჩინე'".
"ცეკვას თავიდან ძალიან ბევრ დროს არ ვუთმობდი. როცა კორონავირუსი დამიდასტურდა და ვიცოდი, რომ არაფერი ისე არ დამეხმარებოდა, როგორც მოძრაობა, მაშინ გახდა ცეკვა ჩემი ყოველდღიური საქმე. ბევრს ვცეკვავდი, იმაზე მეტს, ვიდრე ნორმალურ ცხოვრებაში კლუბში, არამარტო კოვიდს მავიწყებდა, კარგ ხასიათზე მაყენებდა და ენერგიაზე მოვყავდი".
კოვიდი 12 დღეში მოვითავე, ცეკვა კი დარჩა ყველაზე კარგ რამედ, რაც ლოქდაუნში შეგიძლია გააკეთო. აქამდეც მიყვარდა და მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ დავდიოდი საცეკვაოდ, მაგრამ ახლა "სხვა მხრიდან" შევიყვარე.
დაკოტა, 29 წლის
"ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის იყო კვირაში 1 დღე მაინც, როდესაც ცეკვისთვის რამდენიმე წუთი მქონდა გამოყოფილი. Როცა უბრალოდ იმ ტრეკებს რთავ, რომელიც განწყობას გიმაღლებს და თუნდაც, დალაგების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. თუმცა, კორონავირუსის და ჩაკეტილობის ფონზე, ვხვდები რომ კიდევ უფრო მჭირდება, საკუთარ თავს დავუთმო დრო და ვასიამოვნო. როგორც Twin Peaks-ში ამბობს დეილ კუპერი: every day, once a day, give yourself a present [ყოველ დღე, დღეში ერთხელ მაინც, საკუთარი თავი დაასაჩუქრე]".
ვუსმენ მხოლოდ იმას, რაც კარგ ხასიათზე მაყენებს, ვუყურებ მხოლოდ იმას, რაც დამატებით არ დამსტრესავს და ა. შ.
იმ მუსიკის მოსმენასაც კი შევეშვი, რასაც აქამდე ვუსმენდი. ყველანაირად ვცდილობ საკუთარ თავს "cheer up" გავუკეთო და დავიცვა ზედმეტი სტრესისგან. გარემო იმდენად სტრესულია, რომ სიმღერით და ფილმით გამოწვეული სევდა კიდევ უფრო ამძიმებს საერთო სურათს. ამიტომ ვცდილობ ავარიდო საკუთარ თავს დამატებითი სტრესორები.
ცეკვა ძალიან მჭირდება, ცოტა ხნით, რომ მოვწყდე ყოველდღიურობას.
"ვცდილობ რომ განწყობა ავიმაღლო და ამისთვის ყველა შესაძლო რესურსს ვიყენებ. ამ შემთხვევაში მადონას, კაილი მინოუგის და Duran Duran-ის ტრეკები საშუალებას მაძლევს უდარდელად ვიგრძნო თავი რამდენიმე წუთის განმავლობაში მაინც".
"ცოტა ხნის წინ, მეგობართან დავრჩი და მთელი დღე ვცეკვავდით, ისეთი ბედნიერი ვიყავი, შემდეგი 2 კვირის განმავლობაშიც კი გამყვა კარგი განწყობა. ცეკვა, მუსიკა და ადამიანის სხეული თითქოს, ერთ ტალღაზე არიან ასეთ დროს და შინაგანი წონასწორობის აღდგენა ხდება".
გიორგი, 22 წლის
როცა განსაკუთრებით გადაღლილი და დაქანცული ვარ, მუსიკის მოსმენის სურვილი მიჩნდება, შეიძლება ლეონარდ კოენი ჩავრთო, ან ნიკ ქეივი, ფანკი ან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჯაზი, დისკო თუ ელექტორნული მუსიკა. მცირე მოძრაობების კეთება ან იდიოტურად მთელ ბინაში სირბილი და ცეკვა, ფიზიკურად დაღლა, გონებას მითავისუფლებს.
როცა გაბრაზებული ვარ მაქსიმალურად ვცდილობ ცეკვით დავიღალო. პანდემიისას შფოთვა, უსურვილობა თუ მაწუხებს, მაგ დროსაც ვცეკვავ. როცა ჩაკეტილობა და იმის შიში მიტევს, რომ ამ სიტუაციის დამთავრების მერე სოციალიზაცია თავიდან უნდა დავიწყო, ცეკვა მეხმარება.
შენც გამოიცეკვე
კომენდანტის საათის გაუქმება რომ არ განიხილება და ყველაზე ბოლოს ამ შეზღუდვის მოხსნას აპირებენ, უკვე უამრავჯერ მოვისმინეთ. ერთმანეთის მსგავსი "დამაიმედებელი" დაპირებები პანდემიიდან ერთი წლის თავზე გულზე მალამოდ ნამდვილად არ გვედება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველდღე იგებ, რომ საზღვარგარეთ ვაქცინის ახალ-ახალ პარტიებს იღებენ, შენი ქვეყანა კი ჯერ მხოლოს აცრისთვის განკუთვნილი შპრიცების შემოტანას აღნიშნავს.
საკუთარ თავებზე ისევ თავად უნდა ვიზრუნოთ. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა 7 თებერვლის ღამეს დაუმორჩილებლობის აქციაც გამართა და კომენდანტის საათი ქუჩაში გაატარა. ერთი ნაწილი უბრალოდ შეგუებული და დასტრესილი ელოდება ნებართვას, რომ სახლის კარები გააღოს და გარეთ გავიდეს. მანამდე კი ყველა ჩვენგანის საერთო პრობლემა უმოძრაობა და ჩაკეტილობაა.
ცეკვა სულსა და სხეულზე ერთნაირად მოქმედებს. იმ დროს, როცა ჰაერი ენერგიული თუ ჰარმონიული ჰანგებითაა გაჟღენთილი, თითქოს კანიდან გადიხარ და შენი სხეულიც ამ სივრცის ერთიანი ნაწილი ხდება. ხელებს მელოდიის მოძრაობას აყოლებ, თითქოს იმასაც კი გრძნობ, როგორ დახტუნავენ სისხლის პატარა მოლეკულები გულთან ახლოს, თვალებში სინათლე ბრუნდება და შვებას და სიცოცხლეს განიცდი.
მოკლედ, ეს ენერგიული, გულწრფელი და მხიარული გადაწყვეტა მართლაც შვებისმომგვრელია, როცა ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია კარგად. ამიტომ მე და ჩემი მეგობრებიც ხშირად მივმართავთ სტრესისგან გათავისუფლების ამ გზას. ლოქდაუნში ყოფნისას ბევრი ჩვენგანის აქტივობები შემცირდა და ენერგიის დახარჯვის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზარდა. ამ დროს ცეკვა გახდა ის, რამაც სუპერგმირებად გვაქცია და ჩვენი გამოცოცხლება შეძლო.
ასე რომ, თუ აქამდე უბრალოდ კარების გაღებას და გარეთ გასვლას ელოდი, უკვე იცი, რომ ლოქდაუნის პირობებში გადარჩენის გზა არსებობს. ეს კი სხეულისა და სულის ერთდროულად ცეკვაა — რასაც, იმედია, მალე ფესტივალებსა და ბარებში შეზღუდვების გარეშე შევძლებთ.
კომენტარები