ახალი ამბავი არაა, რომ ხშირად კონკრეტული მსახიობები კონკრეტულ ჟანრებთან ასოცირდებიან. ჯიმ ქერის ხსენებისას მუდამ მისი სასაცილო მიმიკები და კომედიური ფილმები გვახსენდება. როცა ჯეისონ სტეტჰემს, ვინ დიზელს თუ ბრუს ლის ვხედავთ, პოპკორნს ვიმარაგებთ, რადგან ვიცით, რომ წინ ექშენი და ჩხუბი გველის.

ამის მიუხედავად, კარგ მსახიობებს ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის ადამიანების განსახიერებაც უნდა შეეძლოთ, რათა მაყურებლის გაოცება არასდროს შეწყვიტონ.

გთავაზობთ 10 შემთხვევას, როდესაც მსახიობებმა მათთვის უჩვეულო როლი წარმატებით მოირგეს:

1. სტივ კარელი - Little Miss Sunshine

ფოტო: IMDb

სტივ კარელს უამრავი ადამიანი სერიალ ოფისიდან იცნობს, სადაც ის ხუმარა და უცნაური უფროსის როლს ასრულებს, ამიტომ ფილმში იმ სევდიანი ადამიანის განსახიერება, რომელმაც წარსულში თვითმკვლელობა სცადა, ნამდვილად მოულოდნელი იყო.

2. ჯიმ ქერი - Eternal Sunshine of the Spotless Mind

ფოტო: Shutterstock

ჯიმ ქერის სახელს ადამიანები ხშირად კომედიური ფილმების სინონიმადაც კი იყენებენ, ამიტომ უჩვეულო გოგოზე შეყვარებული ჩუმი ჯოელის როლში მისი ხილვა ნამდვილად სასიამოვნო აღმოჩნდა.

3. ედი მერფი - Dreamgirls

ფოტო: Paramount Pictures/DreamWorks Pictures

ჯიმ ქერის მსგავსად, მაყურებლები ედი მერფისაც კომედიური ფილმებით იცნობენ, ამიტომ მისი სასაცილო პერსონაჟებისგან განსხვავებულ როლში ხილვა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

4. ჯენიფერ ენისტონი - The Good Girl

ფოტო: IMDb

შეუძლებელია, ჯენიფერ ენისტონის დანახვისას საკულტო კომედიური სერიალის, მეგობრების მთავარი პერსონაჟი - თავნება და მოდური რეიჩელი არ გაგახსენდეთ. ფილმში ენისტონი რეიჩელისგან რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟს შესანიშნავად განასახიერებს.

5. უილ სმიტი - The Pursuit of Happyness

ფოტო: IMD

უილ სმიტს თან ყოველთვის ექშენი სდევს, ამიტომ The Pursuit of Happyness-ში შესრულებული როლი ნამდვილად სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. ბიოგრაფიულ ფილმში სმიტი ეკონომიკური სიძნელეების წინაშე აღმოჩენილ კრის გარდნერს განასახიერებს, რომელიც შვილთან ერთად წინ, ოცნებების კვალდაკვალ მიიწევს.

6. რობინ უილიამსი - One Hour photo

ფოტო: IM

ენთუზიაზმით აღსავსე ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს წამის დაჭერის ხელოვნებაზე მოუთხრობს - რობინ უილიამსის საკულტო როლის შემდეგ მისი ფსიქოპათის ამპლუაში ხილვა ნამდვილად არაორდინალური გამოცდილებაა.

7. მერილ სტრიპი - Mamma Mia!

ფოტო: Universal Pictures

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მერილ სტრიპის შესაძლებლობაში ეჭვი ოდნავ მაინც ეპარება. მსახიობმა თავი ისეთი ფილმებით დაგვამახსოვრა, როგორებიცაა The Iron Lady, Silkwood, The Hours და ა.შ. აღნიშნულ ფილმების პერსონაჟებისგან განსხვავებული, მხიარულად მოცეკვავე და მომღერალი მერილ სტრიპი ამ სიაში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

8. მერილინ მონრო - Niagara

ფოტო: 20th Century Fox

მერილინ მონროზე, ალბათ, ყველას ფრიალა თეთრი კაბა, რომანტიკული და კომედიური ფილმები გვახსენდება, ამიტომ 50-იანი წლების თრილერში მონროს შესრულება ერთიორად მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა.

9. ოქტავია სპენსერი - Ma

ფოტო: Universal Pictures

ბოროტმოქმედის როლში ოქტავია სპენსერის წარმოდგენა ნამდვილად რთულია, რადგან სპენსერი უმეტესად მზრუნველ პერსონაჟებს განასახიერებს. ძველი როლების მიუხედავად, ფილმში მისი პერსონაჟი აუცილებლად დაგზაფრავთ.

10. რაიან რეინოლდსი - The Amityville Horror

ფოტო: IMDb

რაიან რეინოლდს მაყურებლები დედპულით, რომანტიკული და კომედიური ფილმებით იცნობენ. მიუხედავად მისი მრავალფეროვანი როლებისა, რეალურ ამბავზე დაფუძნებული საშინელებათა ისტორია რეინოლდსის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს და, ზოგადად, კინოხელოვნება შენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდი ფილმების ჯგუფში.