ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონემ რობოტი შექმნა, რომელიც მას საკვების მიღებაში ეხმარება
მას შემდეგ, რაც 39 წლის მეტ მაკეუნს ნეიროდეგენერაციული დაავადების — ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) დიაგნოზი დაუსვეს, მან სასწრაფოდ იყიდა და შექმნა იმდენი ინსტრუმენტი, რამდენიც შეძლო იმისთვის, რომ თავისი კუნთების სისუსტე რამით დაებალანსებინა და საქმეების სხვა ადამიანის დახმარების გარეშე შესრულება შეძლებოდა.
თითების პარალიზების შემდეგ, მაკეუნი ნივთების აღებას და გადაადგილებას ბრტყელტუჩას მსგავსი იარაღის საშუალებით ცდილობდა, საბოლოოდ კი პერსონალური დამხმარე რობოტი შექმნა, რომელიც მას საკვების მიღებაში დაეხმარებოდა მას შემდეგ, რაც იგი დანა-ჩანგლისა და კოვზის ჭერასაც კი ვეღარ შეძლებდა, წერს Detroit Free Press. მაკეუნს ამ გზით უნდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად დამოუკიდებელი და გარკვეულწილად, ისევ შესძლებოდა საკუთარ თავზე ზრუნვა. რობოტი, რომელსაც ადამიანისთვის საკვებისა თუ წყლის მიწოდება შეუძლია, გაცილებით იაფი დაჯდა მის კომერციულ ვერსიასთან შედარებით.
Detroit Free Press-ის მიხედვით, მაკეუნს რობოტს შექმნაში მეგობრი ეხმარებოდა და იგი მათ სულ რაღაც 300 დოლარი დაუჯდათ. რაც შეეხება სამომხმარებლო კომერციულ რობოტებს, ისინი დაახლოებით 20-ჯერ უფრო ძვირი ღირს, რაც არარეალურს ხდის მის შეძენას ALS-ით დაავადებული ადამიანების დიდი ნაწილისთვის.
"უბრალოდ უსამართლობა მგონია ამდენი თანხის გადახდა ისეთ რაღაცაში, რაც ასე გვჭირდება. ამიტომ, გადავწყვიტე, მე თვითონ გამეკეთებინა მსგავსი რამ, რაშიც ჩემი უნიჭიერესი მეგობარი დამეხმარა", — განუცხადა მაკეუნმა Detroit Free Press-ს.
გარდა საკუთარი რობოტის შექმნისა, მაკეუნი მონაწილეობდა კლინიკურ გამოკვლევებში და ასევე შეადგინა კატალოგი იმ იარაღებისა, რომლებსაც იგი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იყენებდა. ამ ყველაფერს იგი იმისთვის აკეთებს, რომ იმ ადამიანებმაც შეძლონ მისი გამოცდილების გაზიარება, რომლებიც ALS-ით იტანჯებიან.
"ჯერჯერობით, არ არსებობს არანაირი იმედი განკურნების, ან უკეთესი წამლების შექმნის, მაგრამ უბრალოდ უნდა ეცადოთ, რომ მომავალი აწმყოზე უკეთესი გახადოთ", — ამბობს მაკეუნი Detroit Free Press-სთან ინტერვიუში.
კომენტარები