კოგნიტური დისონანსის როლი პანდემიის დროს
როგორც კი ინდივიდი წყვეტს, COVID-19 სერიოზულ პრობლემად მიიჩნიოს თუ ერთ დიდ ფარსად, მაშინვე საკუთარი არჩევანის გამამართლებელი და ალტერნატივათა გამაბათილებელი მიზეზების ძებნას იწყებს. სოციალური ფსიქოლოგები, ელიოტ არონსონი და ქეროლ თავრისი კოგნიტური დისონანსის თეორიით ხსნიან პანდემიისადმი ადამიანთა დამოკიდებულებას.
რელიგიური კულტის, სამოთხის კარის წევრებს სჯეროდათ, რომ მას შემდეგ, რაც 1997 წელს დედამიწას ჰეილ-ბოპის კომეტა ჩაუვლიდა, პლანეტაზე კოსმოსური ხომალდი დაჯდებოდა და თან მართლმორწმუნეებს გაიყოლებდა. ჯგუფის რამდენიმე წევრმა, კომეტის უკეთ დანახვის მიზნით, ძვირადღირებული, მძლავრი ტელესკოპი შეიძინა, რომელიც მალევე დააბრუნეს უკან და თანხის კომპენსაცია მოითხოვეს. მათი თქმით, დეფექტურმა ტელესკოპმა კომეტის თანმხლები ხომალდი ვერ აღიქვა. ცოტა ხანში, იმ იმედით, რომ "ამქვეყნიური სათავსოებისგან", ანუ თავიანთი სხეულებისაგან გათავისუფლების შემდეგ უცხოპლანეტელი არსებები გადაარჩენდნენ, კულტის 39-ვე წევრმა თავი მოიკლა.
სამოთხის კარის მიმდევრებს ტრაგიკულად მცდარი რწმენა ჰქონდათ, რაც კოგნიტური დისონანსის რადიკალური უკიდურესობის მაგალითია. კოგნიტური დისონანსი მოტივაციური მექანიზმია, რომელიც საფუძვლად უდევს საკუთარი შეცდომებისა და მეცნიერული აღმოჩენების უარყოფის პროცესს მაშინაც კი, როცა ამ აღმოჩენებს ჩვენი გადარჩენა შეუძლიათ. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე იმ ხალხის შემთხვევაში, რომლებიც პანდემიის დროს პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე ამბობენ უარს. ზოგადად, ადამიანებს აზრის შეცვლა გვიჭირს. ხოლო მაშინ, როცა ფაქტები უკვე არსებულ რწმენას ეწინააღმდეგება, ზოგს ახალი ინფორმაციის მიღებასა და შეცდომების აღიარებას ურჩევნია, თავისი და სხვების ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდოს.
კოგნიტური დისონანსის თეორია ლეონ ფესტინგერმა 1950-იან წლებში ჩამოაყალიბა. ეს ის დისკომფორტია, რომელსაც ადამიანის ორი შეხედულების ან შეხედულებისა და ქცევის ურთიერთწინააღმდეგობა იწვევს. სიგარეტს ვეწევი დისონანტია, რომელსაც თან ახლავს იმის ცოდნა, რომ მოწევა კლავს. დისონანსის შესასუსტებლად მწეველმა ან მოწევას უნდა დაანებოს თავი, ან საკუთარი არჩევანი გაამართლოს (მოწევა ახდუნებს და ჭარბწონიანობაც ხომ ცუდია ჯანმრთელობისთვის?!). ფესტინგერის თეორია ასახავს ადამიანების მცდელობას, წინააღმდეგობრივი იდეები ერთმანეთს შეუთავსონ და თავი მოიტყუონ, რომ თანმიმდევრულად და აზრიანად ცხოვრობენ.
ელიოტ არონსონმა, რომელიც 50-იან წლებში ფესტინგერის მოწაფე გახლდათ, კოგნიტური დისონანსის თეორია განავრცო და აჩვენა, რომ ის თვითშეფასებაში დიდ, თუმცა შეუმჩნეველ როლს თამაშობს. დისონანსი ყველაზე მწარე მაშინაა, როცა ადამიანის თვითაღქმას ეხება და იმ რწმენას ემუქრება, რომ კეთილები, ეთიკურები, კომპეტენტურები და ჭკვიანები ვართ. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისთანავე — იქნება ეს მანქანის ყიდვა, რომელიმე კანდიდატისთვის ხმის მიცემა ან კორონავირუსის სერიოზულ პრობლემად თუ ერთ დიდ ფარსად მიჩნევა — ჩვენი არჩევანის გამამართლებელი და ალტერნატივათა გამაბათილებელი მიზეზების ძებნას ვიწყებთ. გადაწყვეტილების მიღებისას ნაგრძნობი შინაგანი წინააღმდეგობრიობა მალევე გარდაიქმნება მტკიცე რწმენად. შემდგომში, რაც უფრო მეტ ნაბიჯს დგამს ადამიანი ამ რწმენის გასამყარებლად, მით უფრო უჭირს შეცდომის აღიარება — განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მიღებული შედეგი უსარგებლო, მცდარი და საზიანოა.
კოგნიტური დისონანსის თეორიის შთაგონებით 3 ათასზე მეტი ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლებმაც ადამიანის გონების მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით მრავალ გარემოებას ახადა ფარდა. არონსონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცდა გვიჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მოსაწყენი და ამპარტავანი წევრებით დაკომპლექტებულ სადისკუსიო ჯგუფში გასაწევრიანებლად ძალიან უსიამოვნო პროცესის გავლა მოუწიათ, გაცილებით უფრო მეტად მოეწონათ ის, ვიდრე მათ, ვინც ჯგუფში თითქმის უპრობლემოდ მიიღეს. ამდენი წვალება ისეთი რამის მისაღწევად, რაც დროის მოსაბეზრებელი ფლანგვა აღმოჩნდა, ადამიანში დისონანსს ქმნის: მე ხომ ჭკვიანი ვარ, ასეთ სულელ ხალხში როგორ აღმოვჩნდი? ამ გრძნობის შესასუსტებლად მონაწილეებმა გაუცნობიერებლად დახუჭეს ჯგუფის უარყოფით მხარეებზე თვალი და ყურადღება მის დადებით მახასიათებლებზე გაამახვილეს. იმ ხალხმა, რომელსაც სადისკუსიო ჯგუფში გასაწევრიანებლად არ უწვალია, სიმართლე უფრო მარტივად აღიარა. მათ მიზნისათვის ბევრი არ უშრომიათ, ამიტომაც დისონანსის შესუსტება სულაც არ დასჭირდათ.
ტერმინი კოგნიტური დისონანსი ლაბორატორიათა საზღვრებს გასცდა და დღეს უკვე ყველგანაა: პუბლიცისტური წერილებიდან და ფილმების განხილვებიდან დაწყებული, იუმორისტული სვეტებით დამთავრებული. თუმცა, ცოტა თუ აღიქვამს მექანიზმის უზარმაზარ მოტივაციურ ძალასა და იმას, თუ რამდენ რამეზე არიან ადამიანები წამსვლელი მისით გამოწვეული დისკომფორტის შესასუტებლად.
მაგალითისთვის, როცა ადამიანები თავს მჭიდროდ უკავშირებენ პოლიტიკურ პარტიას, ლიდერს, იდეოლოგიასა თუ რწმენას, ხშირად ამ ერთგულების გამო დამოუკიდებლად ფიქრს წყვეტენ და ფაქტებს, რომლებიც მათ შეხედულებებს ეწინააღმდეგება, ამახინჯებენ ან ყურადღებას არ აქცევენ. სოციალურმა ფსიქოლოგმა, ლი როსმა ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მწვავე კონფლიქტის თემაზე ექსპერიმენტი ჩაატარა. მან ისრაელელი მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო წინადადებები პალესტინელთა წინადადებებად გაასაღა და ისინი ისრაელელებს შეაფასებინა. "მათ ისრაელის წინადადებებად გასაღებული პალესტინელთა შემოთავაზებები უფრო მოეწონათ, ვიდრე პალესტინელთა წინადადებებად გასაღებული ისრაელის შემოთავაზებები", — ამბობს ფსიქოლოგი, — "თუკი საპირისპირო მხარისაგან წამოსული შენი საკუთარი წინადადება მიუღებელია, მათ რეალურ შემოთავაზებებს როგორღა დაეთანხმები?"
თანამედროვე საზოგადოებებში არსებული მძაფრი პოლარიზაციის გამო, მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი პანდემიასთან დაკავშირებულ სამკვდრო-სასიცოცხლო გადაწყვეტილებებს ისე აღიქვამს, როგორც პოლიტიკურ და არა სამედიცინო არჩევანს. ამასთან, კოგნიციები, "ოფისში დაბრუნება მინდა" ან "მეგობრებთან ერთად ბარში მინდა წასვლა", დისონანში მოდის იმ ინფორმაციასთან, რომელიც ამ ქმედებების საშიშროებაზე გვაფრთხილებს — არა მხოლოდ პირადად ჩვენთვის, არამედ მათთვის, ვისთანაც შეხება გვაქვს.
როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს დისონანსი? ხალხს ორი არჩევანი აქვს: თავშეყრის ადგილებს თუ წვეულებებს მოერიდოს და პირბადე ატაროს ანდაც შეძლებისდაგვარად ძველებურად იცხოვროს. იმ რწმენის შესანარჩუნებლად, რომ ჭკვიანები და კომპეტენტურები არიან და საკუთარ სიცოცხლეს ხიფათში არასდროს ჩააგდებდნენ, ადამიანებს თავის გასამართლებელი მიზეზები სჭირდებათ: რომ პირბადე სუნთქვაში უშლით ხელს, რომ პანდემია სულაც არაა სერიოზული პრობლემა, რომ მათთვის თავისუფლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. "ამ კომუნისტური შეზღუდვებით ჩვენს თავისუფლებას ზღუდავთ და კონსტიტუციურ უფლებებს ფეხქვეშ თელავთ. გამოსავალი მეტ თავისუფლებასა და მთავრობის ნაკლებ ჩარევაშია", — ეს სიტყვები აშშ-ში პალმ ბიჩის ოლქის რწმუნებულთა მოსმენაზე ითქვა.
დღეს, როცა პანდემიას მრავალი კითხვის ნიშანი ახლავს თან, არაერთი დილემის გადაწყვეტა გვიწევს. როდის იქნება სამსახურში დაბრუნება უსაფრთხო? როდის შემეძლება ჩემი ბიზნესის ხელახლა გახსნა? როდის ვნახავ მეგობრებს, თანამშრომლებს, გავიჩენ ახალ შეყვარებულს, ვიმოგზაურებ? რა დონის რისკზე წასასვლელად ვარ მზად? ამ კითხვებზე გაცემულ პასუხებს, როგორც ინდივიდთა, აგრეთვე მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობისთვის აქვთ უდიდესი მნიშვნელობა. კიდევ უფრო არსებითია, რომ დისონანსის შესუსტების გაუცნობიერებელი მოტივაციის გამო, ჩვენს პასუხებზე დიდად იქნება დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: მოვლენათა განვითარების შესაბამისად ვიმოქმედებთ თუ დისონანსის შესუსტების მიზნით თავს დავაჯერებთ, რომ არჩევანში ერთხელაც არ შევმცდარვართ.
აზრის შეცვლა რთულია, თუმცა არა — შეუძლებელი. ყველაზე დიდი გამოწვევა გაურკვევლობაში ცხოვრების სწავლა, გადაწყვეტილებების ინფორმაციის საფუძველზე მიღება და ამ გადაწყვეტილებათა ახალ-ახალ მეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით ცვლაა. შეცდომების აღიარება თვითრეფლექსიას მოითხოვს, რაც თავის გასამართლებელი მიზეზების მყისიერი ძებნის ნაცვლად, მცირე ხნით დისონანსთან ერთად ცხოვრებას საჭიროებს.
კოგნიტური დისონანსის მუშაობის მექანიზმში გარკვევა მისი დაძლევის პრაქტიკულ გაკვეთილს იძლევა. ნაცადი მეთოდი ორი დისონანტური შეხედულების ერთმანეთისაგან გაცალკევებას გულისხმობს, რასაც "პრობლემის შიმონ პერესისეული გადაჭრა" შეგვიძლია ვუწოდოთ. ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პერესი, აღაშფოთა თავისი მეგობრის, რონალდ რეიგანის გერმანიის ქალაქის, ვიტბურგის იმ სასაფლაოზე ვიზიტმა, სადაც ნაცისტური რაზმის წევრები არიან დამარხული. როცა რეიგანის გადაწყვეტილებაზე აზრი ჰკითხეს, პერესს დისონანსის შესუსტება ორი ყველაზე გავრცელებული გზით შეეძლო: რეიგანთან მეგობრობის შეწყვეტით ან მისი ქმედების უმნიშვნელოდ ჩათვლით. თუმცა ის სხვაგვარად მოიქცა. "როცა მეგობარი შეცდომას უშვებს, ის კვლავაც მეგობარია, შეცდომა კი კვლავაც შეცდომაა", — თქვა პერესმა. პრემიერ-მინისტრის სიტყვები დისონანსის გააზრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მიზეზების ძებნის ნაცვლად, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: რატომ ვიჯერებ ამას? რატომ ვიქცევი ასე? მიფიქრია ამაზე თუ სხვას სიტყვაზე ვენდობი? იმ ძალისხმევას ხომ არ ვამართლებ, რაც მოცემულ ჯგუფში გასაწევრიანებლად დამჭირდა?
დისონანსის თეორია იმაშიც გვარკვევს, რატომაა ნათესავების პოლიტიკური შეხედულებების შეცვლა ასეთი რთული ან შეუძლებელი — განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანებს თავიანთ მრწამსში დრო, ფული, ძალისხმევა და ხმა აქვთ ჩადებული (მათაც ხომ გაუჭირდებოდათ თქვენი შეხედულებების შეცვლა?). თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტთ, სცადოთ, ნუ ჰკითხავთ, როგორ შეუძლიათ, პირბადე არ ატარონ. გზავნილის მსგავსად ფორმულირება იგივეა, ადამიანს ჰკითხო, როგორაა ასეთი სულელი, რაც მაშინვე ქმნის დისონანსს (მათი რწმენა, რომ ჭკვიანები არიან, სულელურად მოქცევის ბრალდებას ეწინააღმდეგება). მოცემულ შემთხვევაში ადამიანი აუცილებლად გაიმართლებს თავს და რწმენას კიდევ უფრო გაიმყარებს (მე ჭკვიანი ვარ და პირბადის ტარება სრულიად უსარგებლოა). მათთვის აზრის შეცვლევინება იმ ხალხის ქცევაზე მითითებით უფრო შეიძლება, რომელიც მათსავე იდეოლოგიას იზიარებს ან ავტორიტეტად ჰყავთ მიჩნეული.
მეცნიერების მიერ ამ საშინელი, იდუმალებით მოცული ვირუსის შესწავლის პარალელურად ხშირად მოგვიწევს, აზრი შევიცვალოთ და ძველი ქცევები და რწმენები დავთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევევაში, ისღა დაგვრჩება, ძველ ცოდნას ჩავებღაუჭოთ, შეცდომებს ყურადღება არ მივაქციოთ და ველოდოთ, ჯადოსნურად როდის გაუჩინარდება ვირუსი.
კომენტარები