მსოფლიოში პირველად, ქირურგებმა კაცს სახისა და ხელების ტრანსპლანტები წარმატებით გადაუნერგეს
ჯო დიმეო 22 წლის კაცია ნიუ ჯერსიდან, რომელსაც სულ ახლახან ძალიან იშვიათი — ხელებისა და სახის ტრანსპლანტი გადაუნერგეს, იუწყება Associated Press — ეს თანამედროვე მედიცინის მიღწევების აღიარებაა.
2018 წელს, 20 წლის ასაკში, დიმეოს საჭესთან ჩაეძინა, მანქანა კი ბორდიურს დაეჯახა, ამოტრიალდა და ცეცხლის ალში გაეხვა. გამვლელმა მისი გადმოყვანა იქამდე მოასწრო, სანამ მანქანა აფეთქდებოდა, თუმცა მას სხეულის 80%-ზე მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებოდა. დიმეო გადარჩა, თუმცა მან თვალის ქუთუთოები, ყურები და თითების დიდი ნაწილი დაკარგა. გარდა ამისა, სახე და კისერი შრამებით ჰქონდა დაფარული, რაც მას ემოციების გამოხატვაში უშლიდა ხელს. მას შემდეგ დიმეომ თვეები გაატარა სამედიცინო კომაში. ამ დროის მანძილზე მას ჩაუტარდა 20 რეკონსტრუქციული ქირურგიული და კანის გადანერგვის პროცედურები. თუმცა, უკანასკნელმა ოპერაციამ, რომელიც NYU Langone საავადმყოფოში ჩატარდა და 23 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დიმეოს ცხოვრება საბოლოოდ შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია გასული წლის აგვისტოში ჩატარდა, სანამ ამას წარმატებას დაარქმევდნენ, ექიმებს უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ დიმეოს სხეული არ უარყოფდა ტრანსპლანტს. აქამდე ორი მსგავსი ოპერაცია ჩატარდა, როდესაც პაციენტისთვის როგორც სახის, ასევე ხელების ტრანსპლანტის გადანერგვა უნდოდათ, თუმცა ორივე მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა.
დიმეოს ოპერაციაში 80 ადამიანი მონაწილეობდა, ექვსი სხვადასხვა ქირურგიული ჯგუფიდან.
"ვიცოდი, რომ ყველაფერი ერთბაშად არ გამოსწორდებოდა და ამ გზის გავლა პატარა ნაბიჯებით მომიწევდა. ძალიან დიდი მოტივაცია და მოთმინების უნარი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გაუძლო", — უყვება დიმეო Associated Press-ს.
"იმის საბაბიც კი არ არსებობს, რომ დემოტივირებული ვიყო, ან თერაპია არ მივიყვანო ბოლომდე", — პასუხობს დიმეო CNN-ს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, დიმეოს გარკვეული შესწორებების გაკეთება მოუწევს. მაგალითად, მან უნდა ისწავლოს კუნთების კონტროლი თავის ახალ სახესა და ხელებზე. ასევე, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მიიღოს მედიკამენტები იმისთვის, რათა სხეულმა არ დაიწყოს ტრანსპლანტის უარყოფა.
"ის ფაქტი, რომ მათ ეს შეძლეს, ფენომენალურია. ეს მართლაც უდიდესი წარმატებაა", — განუცხადა Associated Press-ს ბოდან პომაჰაკმა, ბოსტონის ბირმინგემისა და ქალთა საავადმყოფოს ქირურგმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩაატარა ორი ხელის გადანერგვის ოპერაცია.
ანონიმური დონორს ხელებისა და სახის ქსოვილები ფრთხილად მოაცილეს და იგი 3D პრინტერით დაბეჭდილი პროთეზით ჩაანაცვლეს. მისი სახე და ხელები კი იმ ნაწილების ასლებს მოარგეს, რომლებიც 3D ფოტოგრაფიისა და 3D ბეჭდვის საშუალებით ააგეს.
"ოპერაციას დაწყებამდე ყოველთვის წუთიერ სიჩუმით პატივს მივაგებთ გარდაცვლილ დონორსა და მის ოჯახს. ეს ოპერაციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დათმოს თავისი სიცოცხლე იმისთვის, რომ სხვამ გააგრძელოს ცხოვრება", — განუცხადა CNN-ს ედუარდო როდრიგეზმა, მთავარმა ქირურგმა.
"მინდა აღვნიშნო ჩემი დონორის თავგანწირვა, რადგან მის მიერ გაღებული მსხვერპლის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა", — თქვა დიმეომ.
კომენტარები