"მე შევწყვიტე ჩემი სხეულის კონტროლი": ქალები, რომლებმაც პანდემიისას სილამაზის სტანდარტების დაცვაზე უარი თქვეს
The Guardian-ის სტატია ბრიტანელი ქალების გამოცდილებებზე მოგვითხრობს, რომელთაც პანდემიის ფონზე თმის მოცილებისა თუ სილამაზის ინდუსტრიის სხვა პროცედურებისგან თავის შეკავება გადაწყვიტეს და შედეგად თავს უფრო ბუნებრივად, კომფორტულად და, რაც მთავარია, თავისუფლად გრძნობენ.
თმის პარსვა, ძაფით ეპილაცია, შეღებვა თუ მოხატვა, ყოველი პატარა შტრიხი, რომელიც ადრე ასე მნიშვნელოვანი ჩანდა, პანდემიამ შეავიწროვა და ჩაანაცვლა. ბევრი ბრიტანელი კი ასე უფრო მეტად ბედნიერია.
ქვეყანაში პირველი კარანტინის გამოცხადებისას 55 წლის მეწარმე, აფსანე პარვიზი-უეინი ლონდონის ქუჩებში მანქანით გავიდა: "მახსოვს, უკანა ხედვის სარკეში ვიყურებოდი, როცა შევნიშნე, როგორ ამოსულიყო თმის პატარ-პატარა ღერები ჩემს ნიკაპზე. ცოტათი შოკში ვიყავი: მე ხომ ნიკაპზე თმა მართლა ამომზრდოდა".
პარვიზი-უეინი წარმოშობით ირანელია და სხეულიდან თმის მოცილება მისი კულტურის დიდი ნაწილია. "ირანელი ქალებისთვის თავის ამგვარად მოვლა აუცილებელია", — ამბობს ის. მთელი ცხოვრების განმავლობაში, მომწიფების ასაკიდან დაწყებული, პარვიზი-უეინი სკრუპულოზურად იშორებდა თმას სახეზე. "თმის ღერს თუ დავინახავდი, მაშინვე სალონში გავრბოდი", — ამბობს ის. ხოლო, თუ ამის გაკეთებას ვერ მოახერხებდა, ნათესავი ან ოჯახის მეგობარი იზრუნებდა მასზე. "ირანელი დეიდები ფაქტობრივად გისაფრდებიან და თუ სადმე ნიკაპის მაწანწალა თმა შეგამჩნიეს, იქვე და იმწამსვე მოგიხელთებენ და ძაფით ამოგაძრობენ ზედმეტ ღერებს", — სიცილით აღნიშნავს ის.
თუმცა კარანტინის დროს ბრიტანეთში სილამაზის სალონები დაიხურა და პარვიზი-უეინს აზრადაც არ მოსვლია, თავად მიეხედა სახეზე ამოსული თმისთვის. იმ დღეს მანქანაში მჯდომმა, მან პირველად გაუსწორა თვალი საკუთარ სახეს, მთელი მისი ბუნებრივი ბრწყინვალებით. "წვერიან ქალს უფრო ვგავდი, ვიდრე ფრიდა კალოს", — ამბობს ის. თუმცა შოკიდან გამოსვლის შემდეგ მან კიდევ უფრო წარმოუდგენელი რამ გააცნობიერა: "სულაც არ მაღელვებდა, რომ სახეზე თმა მქონდა. ეს გამათავისუფლებელი იყო".
მართლაც, როგორ შეიძლება ვინმე დაადანაშაულო, სახეზე, ვთქვათ, გადაბმული წარბების მოზრდაში მაშინ, როცა უკვე თითქმის წელია, ქაოსითა და გაურკვევლობებით სავსე ცხოვრებით ვცხოვრობთ. 2020 წელს ბევრმა ქალმა დაივიწყა თავისი პინცეტი, მხრები აიჩეჩა და თავისთვის გაიფიქრა, რომ "ახლა მაინც პანდემიაა". ახლადშეჭრილი თმის საჩვენებლად გადაღებული სელფები წლების განმავლობაში პირველად მოაკლდა სოციალურ ქსელებს და მათი ადგილი უჩვეულოდ ბუნებრივმა ვიზუალმა დაიკავა. თერმული წინდების ქვეშ ბუსუსებიანი ფეხები დაილანდნენ. თმის მარტოხელა ღერები ნიკაპებზე ევერესტზე აღმართული და ქარში ამაყად მოფრიალე დროშებივით ამოიზარდნენ. არა, ეს იმდენად გაფიცვა არ იყო, რამდენადაც მასშტაბური პაუზა თმის მოშორებაში.
ლონდონში დაფუძნებული კომპანიის, Mintel–ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ გაერთიანებული სამეფოს სილამაზის ინდუსტრიის მომხმარებელთა 51%-ს პანდემიის პირობებში კოსმეტიკურ პროცედურათა გავლის ნაკლები მოთხოვნილება აქვს; ხოლო მომხმარებელთა 15% სხეულისა და სახის თმას უფრო იშვიათად იშორებს. აღნიშნული ნაწილობრივ ფინანსური მიზეზის გამო მოხდა. ჩვენ ყველანი დღეს დაძაბულ დროში ვცხოვრობთ და გამონაკლისი არც ბრიტანეთია: გამოკითხული მომხმარებლების 30-მა პროცენტმა კოსმეტიკური პროცედურების ხარჯები საყოფაცხოვრებო ბიუჯეტის შეკვეცის გამო შეამცირა. პროცენტული მაჩვენებლების ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ლოგისტიკურიც იყო: პირველი კარანტინის მოხსნისას სილამაზის სალონები იმ ბიზნესთა შორის აღმოჩნდა, რომლებიც ყველაზე ბოლოს გაიხსნა, შეზღუდვები კი ივლისამდე არ გაუქმებულა. მას შემდეგ სალონები რეგიონალურად მიღებული წესების გათვალისწინებით ფუნქციონირებენ.
"რაც თავი მახსოვს, თმას მუდმივად ვიღებავდი", — ამბობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ბორნემუთიდან, 54 წლის ამანდა არმსტრონგი, — "მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნებოდი, რომლებიც როგორც კი ჭაღარას დაინახავენ, იმწამსვე ეწერებიან სალონში". არმსტრონგი ადრე მოდის სფეროში მუშაობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავადაც სილამაზის სტანდარტებს ზედმიწევნით უნდა დამორჩილებოდა. "თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ თავის მოვლისა და ჩაცმისას გარკვეული წესები დამეცვა", — ამბობს ის, — "ვერ ავიტანდი, ვინმეს ჭაღარა თმის ძირებით რომ დავენახე. მეგონა, ხალხი იფიქრებდა, რომ არ მაღელვებდა, როგორ გამოვიყურებოდი". როდესაც პანდემია დაიწყო, სილამაზის სალონი, სადაც არმსტრონგი დადიოდა, დაიხურა. მაგრამ ზაფხულში მისი გახსნის შემდეგაც კი, უკან დაბრუნება აღარ მონდომებია და თებერვლის შემდეგ თმა ერთხელაც არ შეუღებავს. "რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო ვეჩვეოდი ჭაღარა თმას", — აღნიშნავს ის, — "მივხვდი, რომ... ეს ბუნებრივია. ისაა, რაც ვარ".
არმსტრონგი მიიჩნევს, რომ თმისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამომუშავებაში ნაწილობრივ ისიც დაეხმარა, რომ კლიენტებთან პირისპირ შეხვედრა აღარ უწევს — მათ ზუმით ესაუბრება. "ვიდეოზარით დარეკვისას ჩემი თმა ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია, ცოტა უფერულ ტუჩსაცხსა და ზოგჯერ ბლაშსაც ვიყენებ, რადგან მინდა, რომ პროფესიონალურად გამოვიყურებოდე", — ამბობს ის, — "თუმცა მთლიანობაში მაინც ბევრად ყოველდღიურ, უბრალო სტილს ვირჩევ". მას უკვირს, რამდენად გამათავისუფლებელი აღმოჩნდა ეს გამოცდილება. მისივე თქმით, თავს მეტად ძლიერად და დამოუკიდებლად გრძნობს, როცა იცის, რომ შეუძლია, თმა აღარ შეიღებოს: "ფული აქ არაფერ შუაშია — სიამოვნებით ვხარჯავდი. ეს ასაკთანაც არის დაკავშირებული. უბრალოდ, მე უკვე ფეხებზე მკიდია".
მხოლოდ პრაქტიკული მიზეზები ვერ ახსნის, თუ რატომ არჩია ამდენმა ქალმა ბუნებრივი ფერის თმის გაზრდა ან წარბების თავის ნებაზე მიშვება. "პანდემიამ თადაყირა დააყენა ცხოვრების ყოველგვარი წესი", — ამბობს გენდერის და მიმზიდველობის ექსპერტი, ჯეკლინ ვონგი სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტიდან, — "ის ფაქტი, რომ ქალები სილამაზის ინდუსტრიის პროცედურებს ნაკლებად იტარებენ, ჩემთვის საინტერესოა, რადგან ეს საზოგადოებაში ქალურობასთან დაკავშირებული მოლოდინების წინააღმდეგ წასვლის გამოვლინებაა". სხეულის თმის გაზრდა, ერთი შეხედვით, დიდად რადიკალური ნაბიჯი არაა — ბოლოსდაბოლოს, იღლიის თმა უკვე წლებია, მოდაშია და 70-იანი წლების ფემინისტმა აქტივისტებმა ხმამაღლა დაადასტურეს თავიანთი უფლება, არ გაეკეთებინათ ეპილაცია. ამის მიუხედავად, ის, რაც ახლა ხდება, გაცილებით მასშტაბური პაუზაა კოსმეტიკური პროცედურების სფეროში. თანაც, ეს ცვლილება მშვიდად გარდაქმნის სილამაზის სტანდარტებს.
"პარსვა იმიტომ შევწყვიტე, რომ სახლიდან არ გავდიოდი და ამის საჭიროება დიდად ვერ დავინახე", — ამბობს 26 წლის ჯორჯია კოლიერი ლონდონიდან. კოლიერს რთული წელი ჰქონდა — პანდემიის გამო იგი ლუდსახარში ქარხნის PR–მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სხეულიდან თმის მოცილებაზე უარის თქმა ნაწილობრივ იმიტომ გადაწყვიტა, რომ შფოთვის ან სტრესის დროს თმის ჩაბრუნებული ღერების მოწიწკვნა სჩვევია, რაც მისი კანიდან სისხლდენას იწვევს. რადგან იმ პერიოდში სტრესი და შფოთვა არ აკლდა და რადგან ასეთი ჩაბრუნებული თმა მხოლოდ გაპარსულ ან ცვილით ეპილირებულ კანზე ჩანს, კოლიერმა გადაწყვიტა, მთლიანად შეეწყვიტა თმის მოცილება. "როდესაც ყველაფერი დანარჩენის კონტროლი ხელიდან გამომეცალა, მე სხეულის კონტროლი შევწყვიტე. გადავწყვიტე, უბრალოდ ვიყო ის, ვინც ვარ", — აღნიშნავს კოლიერი.
კოსმეტიკური პროცედურების რუტინის შენარჩუნება ხშირად პირად არჩევანზე მეტად ეკონომიკითაა განპირობებული. ვონგმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღწერილია, რა ზეგავლენას ახდენს ქალისა და კაცის კარიერულ წინსვლაზე ის, თუ რამდენად დაიცავ მიმზიდველობის დამკვიდრებულ ნორმებს სამუშაო სივრცეში. ამ ნორმების დამცველი ხალხი იმათზე საშუალოდ 20%-ით მეტს გამოიმუშავებს, რომლებიც სტერეოტიპულად მიმზიდველად არ აღიქმებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი თანაბრად შეიმჩნევა ორივე გენდერში, ქალის მიმზიდველობა ბევრად უფრო მჭიდრო კავშირშია კოსმეტიკურ პროცედურებთან, ვიდრე — კაცის. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც სამუშაო სივრცეში მაკიაჟს ატარებენ, კოლეგების და უფროსების თვალში უფრო პროფესიონალები და შრომისმოყვარენი ჩანან. "ჩაკეტვამდე ჩემი დროის უმეტესი ნაწილი სამსახურში ასაყვან კანდიდატებსა და კლიენტებთან პირისპირ შეხვედისთვის მომზადებაში იხარჯებოდა", — ამბობს არმსტრონგი, — "ვფიქრობდი, ჭაღარა თმის ქონა არ იყო პროფესიონალური. მეგონა, კლიენტები და კანდიდატები იფიქრებდნენ, რომ თუ თმის ძირების სწორად შეღებვა არ შემიძლია, ვერც ჩემს საქმეს გავაკეთებ კარგად".
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თავის მოვლის სტანდარტების დაცვა ქალებს კაცებზე მეტად მოეთხოვებათ და ეს საკმაოდ დიდი ტვირთია. მაგალითად, კომპანია GFK Global-მა 2016 წლის გამოკითხვით დაადგინა, რომ ქალები კვირაში საშუალოდ 5 საათს ხარჯავენ თავის მოვლაზე, როცა კაცები მსგავს პროცედურებს მხოლოდ 3 საათს უთმობენ. "ერთი მხრივ, ინდივიდუალური შეგრძნებების დონეზე, სილამაზის პროცედურების ჩატარება ნამდვილად გსიამოვნებს", — ამბობს ვონგი, — "მე მაგალითად, მომწონს მაკიაჟის ტარება. მაგრამ ინდივიდები არასოდეს არიან განცალკევებულნი საზოგადოებისგან. რამდენად ინდივიდუალურად გამაძლიერებელიც უნდა ჩანდეს მსგავს პრაქტიკებში მონაწილეობა, პატრიარქალური საზოგადოების უფრო ფართო პერსპექტივიდან ეს საბოლოოდ მაინც ქალების თავისუსფლების შემზღუდველია".
ისლანდიაშიც კი, რომელსაც გაეროს მიერ გენდერული თანასწორობის მხრივ მსოფლიოში მეექვსე ადგილი აქვს მინიჭებული, ქალი არ არის დაცული ამ სოციალური დოგმებისგან. "ჩვენ არ ვართ ფემინისტური სამოთხე", — ამბობს ისლანდიის უნივერსიტეტის დოქტორი, ასტა იოჰანსდოდტირი. ასტამ 2011 წელს დაიწყო ექვსწლიანი კვლევა ქალების თავის მოვლის ჩვევების შესახებ. კვლევისთვის მან უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვა, გაეზარდათ სხეულის თმა და დაეფიქსირებინათ მათზე ამ პროცესის ემოციური გავლენა. "ისინი თავს ამაზრზენად, ბინძურად გრძნობდნენ და დავალების შესრულება აუტანლად ეჩვენათ", — ამბობს ასტა. მან თავადაც გაიზარდა სხეულის თმა და, მისდა გასაკვირად, გამოცდილება მოსალოდნელზე რთულად გადასატანი აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნო, როდესაც სხვა ქალებთან ერთად შხაპს იღებდა საზოგადოებრივ აუზზე. "ვიცოდი, რომ ეს სიგიჟე იყო", — იხსენებს ასტა, — "არ უნდა მაინტერესებდეს, როგორ აღმიქვამენ სხვები. მაგრამ შენში რაღაც ნაწილს ეს მაინც აინტერესებს. არ გინდა, რომ ხალხს ამაზრზენი ეგონო. ადამიანის ფუნდამენტური სურვილია, რომ სოციუმმა იგი მიიღოს".
პრაქტიკულად ყველა ქალს შეუძლია გაიხსენოს სქესობრივი მომწიფების ისეთი მომენტი, როდესაც საკუთარი სხეულისგან გაუცხოება იგრძნო: გამონადენი, ლაქები და სუნი, ქალად ყოფნის გაუსაძლისი არეულობა. "სირცხვილის გრძნობა პატარაობიდანვე არის ჩადებული ქალებში", — ამბობს ასტა, — "დაუწერელი წესია, რომ თმა იღლიაში, ბიკინის ხაზსა და ფეხებზე ამაზრზენი და სამარცხვინოა". თმის მოცილება ხშირად ისეა წარმოდგენილი, თითქოს ქალები ამ გზით ასწორებენ სხვაგვარად ცუდ, მცდარ სხეულებს, ამისთვის კი ფსევდო-პროგრესული ენა გამოიყენება. "მიუხედავად იმისა, რომ როცა ვიზრდებოდი ჩემს თავს ბიჭურად აღვიქვამდი, მე მაინც ყოველთვის ვიცილებდი სხეულის ყველა თმას, რადგან საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ასე უფრო ვიცავდი სისუფთავეს", — ამბობს კოლიერი. მსგავსი განწყობა ასტას ინტერვიუებშიც განმეორდა: "კაცის სხეულის თმა ბინძურად არ განიხილება. ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვაკონტროლებთ ქალის სხეულს. პოსტფემინისტური დისკურსი გვეუბნება, რომ ქალები სხეულის თმას იმიტომ იშორებენ, რომ ეს მოსწონთ, ცხელი ცვილის გამოყენება კი ნებივრობად მიიჩნევა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის ნებივრობა — ეს მტკივნეულია", — ამბობს ასტა.
ხშირად სწორედ ქალები იღებენ საკუთარ თავებზე სხვა ქალების სხეულების განსჯის ტვირთს, თუნდაც შვილების, დედების თუ მეგობრების მიმართ. ერთ-ერთმა სტუდენტმა ასტას უამბო, რომ მან თმის მოშორება მაშინ დაიწყო, როცა სკოლის საცურაო აუზზე სხვა გოგომ "ბუჩქის" ქონის გამო დასცინა. პარვაზი-უეინისთვის ეს როლი თავისმა კეთილისმსურველმა ირანელმა დეიდებმა მოირგეს, კოლიერისთვის — კლასელებმა. "მახსოვს, სპორტის გაკვეთილზე, 13 წლის რომ ვიყავი, ჩემი მეგობარი მომიახლოვდა და მითხრა, რომ სასქესო ორგანოზე თმა მთლიანად მოიშორა და ამან მისი ცხოვრება შეცვალა. ჰოდა, ვიფიქრე, რომ მეც უნდა მეცადა", — ყვება კოლიერი. თუმცა, როცა მან პანდემიის დროს თმის მოცილება შეწყვიტა, თავი გაძლიერებულად, თითქოს უფრო მსუბუქადაც კი იგრძნო. "ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს თავზე გამოცდილ საზოგადოებრივ ზეწოლას ვივიწყებდი", — ამბობს იგი.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ბევრმა ქალმა პანდემიის პერიოდში უარი თქვა კოსმეტიკურ პროცედურებზე, დროის უკმარისობაა. სათამაშოების ბიზნესის მქონე 32 წლის კარლისთვისაც რთული აღმოჩნდა სამსახურსა და შვილის გაზრდის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება, იმის მიუხედავად, რომ მისი ქმარი თავის წილ საქმეს აკეთებდა. პირველი, რაც დროის უქონლობას შეეწირა, სწორედ მსგავსი პროცედურები იყო. "გრძელი სამუშაო დღე მაქვს", — ამბობს ის, — "და როცა ერთი საათი შესვენება მაქვს, კი შემიძლია ფეხები გავიპარსო, ფრჩხილებზე ლაქი წავისვა და წარბები მოვიწესრიგო, მაგრამ მირჩევნია, ეს დრო კვლავ საქმეს, შვილთან ყოფნას ან ძილს დავუთმო". შედეგად, კარლიმ წელს მხოლოდ ერთხელ გაიკეთა მანიკური — თავის დაბადების დღეზე. "თავს ზანტ ადამიანად ვგრძნობ", — ამბობს კარლი, — "მაგრამ არც იმის მოტივაცია მაქვს, რომ ყველაფერი ეს გავაკეთო. უბრალოდ, არ მაღელვებს".
კვლავ ჩაერთვებიან ეს ქალები თავის მოვლის ტრადიციულ რუტინაში, როცა პანდემია დასრულდება? არმსტრონგი დარწმუნებულია, რომ არა: "უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის. მორჩა. არავითარი თმის შეღებვა". თუმცა რთულია, დაივიწყო სოციალური წნეხის ათწლეულები, განსაკუთრებით კი ის ნორმები, რომლებსაც შენივე ოჯახის წევრები გიწესებენ. პარვიზი-უეინის შვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სახლში აშშ-დან და დედის სახეზე ამოსული თმის დანახვამ თავზარი დასცა. პარვაზი-უეინი მას თავისი თმის ცვილით მოშორებაში დასთანხმდა. "მართალია, ვისწავლე, რომ არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები", — ამბობს ის, — "მაგრამ მე ნამდვილად მაღელვებს, რას ფიქრობენ ჩემზე ჩემი შვილები. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიცაა, რომ ჩემი მშობლები იმიგრანტები იყვნენ და ყოველთვის ძალიან განსხვავდებოდნენ ჩემი თანასკოლელების მშობლებისგან. შეიძლება, ეს იმას ნიშნავდეს, რომ მე ვცდილობ, ყველა სხვა მშობლისნაირი ვიყო? შეიძლება. მაგრამ ცვილით ეპილაცია ზედმეტად უმნიშვნელო დისკომფორტია, თუ ჩემი ზედა ტუჩის ჩრდილით ჩემს შვილს ვარცხვენ".
ცოტა ხნის წინ კარლიმ შვილთან ერთად პარკში გაისეირნა. "დახეული წინდები მეცვა", — ამბობს ის, — "არ მახსოვს, თმა ბოლოს როდის დავიბანე". პარკში მის გარდა კიდევ ორი ქალი იყო. მათ ვარცხნილობაც და მაკიაჟიც უნაკლო ჰქოდნათ. კარლიმ ამ ქალებს თვალი რომ შეავლო, თავი მომენტალურად ცუდად იგრძნო. მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ სინამდვილეში არ აღელვებდა, როგორ გამოიყურებოდა, გაეღიმა და თავის შვილთან ერთად თამაში გააგრძელა.
კომენტარები