გირჩი ქართული ოცნების დეპუტატებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი ოპოზიციური პარტიების დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტში. გირჩის განცხადებით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა ის შეუქცევადი გახადოს.

"ხვალ ქართული ოცნება განიხილავს ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და არც ერთი მხარე საჯაროდ არ გამოთქვამს მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს და არც იღებს პასუხისმგებლობას ჩაშლაზე. ქართული ოცნება, როგორც მმართველი პარტია არის მთავარი პასუხისმგებელი საკამათო არჩევნების ჩატარებაზე და ლოგიკურია, რომ მას ეკისრება მომეტებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც", — წერია განცხადებაში.

გირჩი მოუწოდებს მმართველ პარტიას, გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დისკუსიისთვის დრო. მათივე თქმით, თუ თხოვნის მიუხედავად ქართული ოცნება მაინც შეუწყვეტს ოპოზიციის წარმომადგენლებს უფლებამოსილებას, ამას ქართული ოცნების მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად მიიღებენ და გირჩის მოქმედი პარლამენტის წევრებიც ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს.