500 Georgia-ს ფინალისტმა სტარტაპმა Raccoon.World 660000 ევროს ინვესტიცია მოიზიდა
სტარტაპის შექმნა, ბიზნესის უკიდეგანო "ოკეანეში" გადარჩენა და შემდეგ წარმატების მიღწევა არცთუ მარტივი საქმეა. მრავალ უნართან ერთად შესაფერისი გუნდიც უნდა გყავდეს, ინოვაციურიც უნდა იყო და ცვალებად გარემოსთან ადაპტაციაც შეგეძლოს. ამას კი ბევრი ვერ ახერხებს. Investopedia აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით გვამცნობს, რომ 2019 წელს სტარტაპების წარუმატებლობის მაჩვენებელი 90% იყო. შექმნიდან პირველ წელს მარცხს სტარტაპების 21.5% განიცდის, მეორე წელს — 30%, ხუთ წელიწადში 50% იხურება. ამ პროცესში წარმატებას კი აღწევს ის, ვინც არ ჩერდება.
შეუჩერებელი, დიდი პოტენციალის მქონე, ინოვაციური სტარტაპებისთვის ჩამოყალიბდა 500 Georgia — პროექტი მსოფლიოს უმსხვილესი აქსელერატორისგან 500 Startups, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბაზარზე საქართველოს ბანკის ჯგუფის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით შემოვიდა. დღეს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა არაერთ ადგილობრივ სტარტაპს გზას უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ უხსნის.
თუ როგორ შეუწყო ხელი 500 Georgia-მ სტარტაპებს საქართველოდან და მსოფლიოდან, ამაზე ადრეც მოგიყევით, თუმცა პროცესი კიდევ გრძელდება. პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, სტარტაპებს საუკეთესო პრაქტიკას უზიარებს, მეორე მხრივ — მათ პრესტიჟულობას სძენს და საინვესტიციო შემოთავაზებებისკენ გზას უკვალავს.
500 Georgia-ს ფინალისტებმა მრავალათასიანი გრანტი თუ ინვესტიცია უკვე მოიზიდეს. ამჯერად კიდევ ერთი მათგანის წარმატებაზე მოგიყვებით. სტარტაპმა Raccoon.World, რომელიც მომხმარებლებს ნევროლოგიური დაავადებებისა და ფიზიკური ტრავმების სამკურნალოდ ციფრულ პროდუქტებს სთავაზობს, Fast Track to Innovation-ისგან 660 000 ევროს ინვესტიცია მოიზიდა.
Raccoon.World-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სტარტაპი ციფრულ პლატფორმაზე Raccoon.Recovery ფიზიოთერაპევტებს თერაპიის სრული ციფრული კურსის შექმნის საშუალებას აძლევს — პაციენტის გასინჯვიდან დაწყებული, თამაშის პრინციპებზე აგებული ვარჯიშების დანიშვნითა თუ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესზე დაკვირებით დამთავრებული. Raccoon.World ფიზიკური რეაბილიტაციის სრულყოფილ, მოქნილ და ეფექტიან სისტემას ქმნის.
საინტერესოა ისიც, რომ Raccoon.World ინოვაციურ მოწყობილობებს — პაციენტის მოძრაობებზე დასაკვირვებელ სენსორულ მოწყობილობებსა და ხელით მართვად კონტროლერებს აწყობს. მოწყობილობებისა და ციფრული სისტემის დახმარებით, ერთი მხრივ ფიზიოთერაპიის პროცესი პაციენტისთვის, ხოლო მეორე მხრივ — პროგრესზე დაკვირვება ექიმის მხრიდან ძალიან მარტივი და მოსახერხებელი ხდება. პაციენტი ვიდეოთამაშებს თამაშობს, სენსორები კი მის მოძრაობას აკვირდება, ინფორმაციას სისტემაში აგროვებს და ფიზიოთერაპევტს პროცესებზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.
როგორც ბიზნესკომპანიების უმეტესობას, პანდემია Raccoon.World-საც შეეხო. 2020 წლის მარტის დასაწყისში ფაქტობრივად მთელი სექტორი გაჩერდა. არაერთმა სარეაბილიტაციო ცენტრმა კარანტინის პირობებში სტარტაპთან თანამშრომლობა ვეღარ შეძლო. თუმცა, შექმნილ ვითარებაში Raccoon.World-მა გამოსავალი ადაპტაციაში იპოვა — შექმნა Raccoon Recovery light, ძირითად პროდუქტს დამატებული ვიდეოზარი, ჩათი და ვიდეოგაკვეთილები, რომელთა დახმარებით პაციენტებმა ფიზიოთერაპია სახლში გააგრძელეს.
ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ადაპტაცია სენსორული მოწყობილობების კუთხითაც მოხერხდა. რადგან სენსორული მოწყობილობები პაციენტებთან სახლში ვერ მიჰქონდათ და ფიზიოთერაპევტებიც, შესაბამისად, მათ პროგრესს ვერ აკვირდებოდნენ, Raccoon.World-მა მათ ალტერნატივად სმარტფონები გამოიყენა. ამგვარად, სტარტაპმა ინტერნეტის საშუალებით, თერაპევტთან კონსულტაცია და სრული ფიზიოთერაპიის კურსის გავლა ხელმისაწვდომი სახლიდან გაუსვლელად გახადა.
Raccoon.World-ისთვის 2020 წელი ადაპტაციასთან ერთად ახალი შესაძლებლობების პერიოდი აღმოჩნდა. სტარტაპი გასულ წელს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროცესში ჩაერთო. გამოცდილი მენტორების დახმარებით მათ გაყიდვების არხების ავტომატიზება მოახერხეს, UX მიმართულება გააუმჯობესეს და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის სისტემა დანერგეს. ეს ყველაფერი მათ ახალი მომხარებლების მოზიდვაში დაეხმარათ. ამასთან, მათი ცნობადობა და პრესტიჟი გაიზარდა და მრავალათასიანი ფინანსური მხარდაჭერაც, მათ შორის Fast Track to Innovation-ის 660 000 ევროს ღირებულების ინვესტიციაც მოიპოვეს.
Fast Track to Innovation ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) ნაწილია და მიზნად ახალი, ინოვაციური პროდუქტების, სერვისებისა თუ ბიზნეს-მოდელების მხარდაჭერას ისახავს. Raccoon.World-ისთვის ეს პირველი დიდი ინვესტიცია არაა. მანამდე სტარტაპმა ჯამურად 900 000 ევროს მოზიდვა შეძლო. ახალი 2-წლიანი გრანტით კი ის კლინიკურ კვლევებს ჩაატარებს, ახალ პროდუქტებს განავითარებს, IP უსაფრთხოებასა და ახალი პროდუქტების MRD სერტიფიცირებაზე იზრუნებს.
Raccoon.World-ს უკვე არაერთი პარტნიორი ჰყავს კორპორაციული, კვლევითი ორგანიზაციებისა თუ ასოციაციების მიმართულებით, თუმცა სტარტაპი თანხის ათვისებისთვის ახლა ევროკავშირიდან ახალ პარტნიორებს, მათ შორის სამეცნიერო კვლევებისთვის — აკადემიურ პარტნიორებს, პროდუქტების ტესტირებისთვის — ფიზიკური რეაბილიტაციის დაწესებულებებს და ინდუსტრიული დიზაინისა და წარმოების კომპანიებს ეძებს.
"ევროპული ინოვაციების საბჭოს მიერ აღიარება და Fast Track Innovation-ის დაფინანსება Raccoon.World-ისთვის დიდი პატივია, — ამბობს სვიტლანა მალოვანა, სტარტაპის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი და ამატებს, — "ჩვენი გუნდისთვის ეს ნიშნავს აღიარებას, რომ ვქმნით ბაზარზე მორგებულ პროდუქტს, გვაქვს სიცოცხლისუნარიანი ბიზნესმოდელი და ჩვენი იდეები და ხედვა სრულებით რეალისტურია. ეს Raccoon.World-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი გეგმები გვაქვს და სწრაფ ზრდას ვაპირებთ".
დიდი გეგმების რეალობად ქცევისთვის კი ფიზიოთერაპიის უნიკალური სტარტაპი Raccoon.World, რომელიც 500 Georgia-ში მონაწილეობის შემდეგ ქართულ სტარტაპად დარეგისტრირდა, დამატებითი საინვესტიციო შემოთავაზებებისთვისაც მზადყოფნას გამოთქვამს.
კომენტარები