ტვინის ინტერფეისი ჩვენი ემოციების ჩასწორების საშუალებას მოგვცემს — გეიბ ნიუელი
ლეგენდარული გეიმინგ კომპანიის — Valve-ს აღმასრულებელი დირექტორი, გეიბ ნიუელი ამბობს, რომ მისი კომპანია მუშაობს ნეირონულ ინტერფეისზე (BCI) — მოწყობილობაზე, რომელიც ვიდეოთამაშებს იმაზე უფრო ჩამთრევს გახდის, ვიდრე ოდესმე.
New Zealand 1 News-სთან ინტერვიუში ნიუელი საუბრობს BCI-ს მომავალზე — სფეროზე, რომელსაც ის და Valve-ს გუნდი წლების მანძილზე სწავლობდნენ და იმასაც განმარტავს, თუ როგორ უნდა Valve-ს BCI-ს გამოყენება გეიმინგ სექტორში. ის აღიარებს, რომ ეს შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ და ამბობს, რომ მისი ზოგიერთი იდეა BCI-ს შესახებ დიდად "არ განსხვავდება სამეცნიერო ფანტასტიკისგან", მაგრამ ნიუელი იმასაც აღნიშნავს, რომ ონლაინ თამაშების დეველოპერები დიდ შეცდომას დაუშვებენ, თუ ახლო მომავალში BCI-ს არ შეისწავლიან. ამაში კი მათ Valve დაეხმარება, რომელიც ამჟამად მუშაობს BCI პროგრამულ მხარდაჭერაზე, რაც დეველოპერებს დაეხმარება ადამიანის ტვინის სიგნალების წაკითხვაში ისეთი აპარატურის გამოყენებით, როგორიც VR ჩაფხუტია.
"ამ ტექნოლოგიის შექმნის შემდეგ რეალური სამყარო აღარ იქნება ვიზუალური სიზუსტის საზომი", — ამბობს ნიუელი. "რეალობა მოგეჩვენებათ უფრო ერთფეროვანი, ბრტყელი და ბუნდოვანი იმასთან შედარებით, რის შექმნასაც ეს მოწყობილობა ადამიანის ტვინში შეძლებს".
Valve თანამშრომლობს OpenBCI-სთან, ბიოსენსორული მოწყობილობების კომპანიასთან. ნიუელმა განაცხადა, რომ ეს არის "პროექტი და ყველას შეუძლია მაღალი რეზოლუციის [ტვინის სიგნალების] წამკითხავი ტექნოლოგიით სარგებლობა. მისი გამოყენების შემდეგ რეალობა შეიძლება ილუზიად მოგეჩვენოთ".
"უცნაორობა ისაა, რომ BCI-ის საშუალებით შეგიძლია საკუთარი თავიც ჩაასწორო", —განუცხადა ნიუელმა NZ1-ს. ეს ტექნოლოგია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას შეასწორონ არამხოლოდ ის, რასაც ხედავენ, არამედ გააკონტროლონ თავიანთი გრძნობები და ემოციებიც. მაგალითად, ნიუელი ამტკიცებს, რომ ასეთი მოწყობილობა ადამიანებს ძილის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ყველა სიკეთესთან ერთად, მისი გამოყენებით არასასურველი გრძნობების ჩასწორება, ან საერთოდ გაქრობა გახდება შესაძლებელი — ეს თერაპიის sci-fi ფორმაა.
დასასრულს, ნიუელი არ ფიქრობს, რომ BCI ერთ დღეში ძალიან პოპულარული გახდება და რომ მას ყველა შეიძენს — თუნდაც იმიტომ, რომ უსაფრთხოების გარანტია ჯერ არ არსებობს.
"ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ეს სისტემა უსაფრთხოა და იგი ჯანმრთელობის რაიმე გრძელვადიან დარღვევებს არ გამოიწვევს", — ამბობს ნიუელი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები