COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
ავტორი: თამარ ხორბალაძე
პანდემიამ 2020 წელი, ჯანდაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების გარდა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც მძიმე წლად აქცია. Covid 19-ით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დათვლა და პროგნოზების გაკეთება როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. 2020 წლის ბოლოსთვის ეს ეფექტი კიდევ უფრო გამოიკვეთა და შესაძლებელი გახდა, მეტნაკლებად კონკრეტული ციფრებით გამოიხატოს მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის, რეგიონების ეკონომიკაზე, შესაბამისად, პროგნოზები და რეკომენდაციებიც უფრო რეალურია.
კოვიდის გავლენა — მსოფლიო ტენდენციები
2020 წლის დასაწყისში გაჩენილ პანდემიას 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ არ შენელებულა და ახლა მსოფლიოში ინფიცირების მეორე ტალღა ვრცელდება. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, რომლებმაც მძიმე გავლენა იქონიეს მსოფლიოს ეკონომიკაზე, ზაფხული შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. სანამ ქვეყნები საზღვრებს ხელახლა ჩაკეტავდნენ, წინა პერიოდთან შედარებით, მესამე კვარტალის პროექციები უფრო პოზიტიური იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის -4,4%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რაც ივნისში გამოთქმული ვარაუდის ფონზე უფრო პოზიტიურია. ამის მთავარი მიზეზი, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ტენდენცია გახდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,2%-ით გაიზრდება, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 0,6%-ით მეტია.
მაისსა და ივნისში მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოებმა დაიწყეს ქვეყნების, ასე ვთქვათ, ნელი გახსნის პროცესი და მნიშვნელოვანი შეზღუდვების გაუქმება. შედეგად, მსოფლიო ეკონომიკამ თანდათანობით დაიწყო თავის დაღწევა იმ მძიმე ვითარებიდან, რაც აპრილის თვეში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო შეიქმნა. შეზღუდვების გაუქმებასთან ერთად, მომხმარებელთა დანახარჯები საცალო შესყიდვების მიმართულებით მართალია საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ქვეყნების უმეტესობაში ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებელი ჯერ კიდევ საგრძნობლად დაბალია, წინა წლის დეკემბრის ნიშნულთან შედარებით.
ეკონომიკური შეზღუდვების გაუქმებასთან ერთად, აღდგენის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფი აღმოჩნდა განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც, თავდაპირველი რეკორდულად დიდი ზარალის შემდეგ, ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ სწრაფი ტემპით აღდგა. ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის წახალისება მოხერხდა სახელმწიფო ინვესტიციების მეშვეობით, ხოლო ამერიკაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფოს მიერ გაცემულმა დახმარების პაკეტებმა. სამწუხაროდ, ეკონომიკის აღდგენის ტემპი ყველასთვის ერთნაირი არ ყოფილა. მოხმარების მნიშვნელოვანმა შემცირებამ და ინვესტიციების საგრძნობმა კლებამ ინდოეთში, პანდემიის უკონტროლო გავრცელებამ მექსიკაში, შემცირებულმა საგარეო მოთხოვნამ ექსპორტზე ორიენტირებულ სამხრეთ კორეაში და ფულადი გზავნილების შესამჩნევმა კლებამ ფილიპინებში, ეკონომიკური აქტივობის აღდგენის პროცესი ძალიან გაართულა.
საგარეო ვაჭრობის აღდგენა დაიწყო ივნისში, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები გაუქმდა. მსოფლიო ვაჭრობის აღდგენაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩინეთმა, სადაც ექსპორტი, წლის დასაწყისში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, მნიშვნელოვნად აღდგა ეკონომიკის განახლებასა და სამედიცინო პროდუქტზე საერთაშორისო მოთხოვნის ზრდასთან ერთად. თუმცა მსოფლიო ვაჭრობის მაჩვენებელი წლის დასაწყისთან შედარებით კვლავ საგრძნობლად დაბალია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, 2020 წელს მსოფლიო ვაჭრობა 10%-ით შემცირდება, ისევე როგორც ეს 2009 წლის ფინანსური კრიზისის შედეგად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ უკლებლივ ყველა ქვეყნის ექსპორტი და იმპორტი შემცირდება, ზარალი არათანაბრად განაწილდება. ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ტურიზმის სექტორს შეაქვს, პროგნოზი მეტად პესიმისტურია, რასაც, ერთი მხრივ, საერთაშორისო მგზავრობის შეზღუდვები განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ვირუსით დაინფიცირების შიში მომხმარებელში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმი, დაახლოებით, 80%-ით შემცირდება 2020 წელს და მის აღდგენას არც მომავალ წელს უნდა ველოდოთ. მსგავს ვარაუდებს გამოთქვამს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო ტურიზმის 70%-ით შემცირებას ვარაუდობს და უწინდელ მაჩვენებლებთან დაბრუნებას მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ პროგნოზირებს. გაეროს კონფერენცია ვაჭრობასა და განვითარებაზე, ამ საერთაშორისო ფორუმის გათვლებით, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 66%-ით შემცირდება, ეს მსოფლიო ეკონომიკას 2,4%-ით დააზარალებს. ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაშიც ტურიზმის წილი მნიშვნელოვანია, ზარალი კიდევ უფრო დიდი იქნება: ხორვატია — 8%; პორტუგალია — 6%; მაროკო — 4%; საბერძნეთი — 3%; ირლანდია — 3%; ესპანეთი — 3%.
თავდაპირველად ფულადი გზავნილების მოცულობა უეცრად შემცირდა, ახლა ეს მაჩვენებელი ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ნიშნულს. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, უცხოური ინვესტიციების წილი მსოფლიო მშპ-სთან მიმართებით არ შემცირდება და 1%-ზე მაღლა შენარჩუნდება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში, 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, შემცირებული სამუშაო საათებით დაახლოებით 400 მილიონ დაკარგულ სამუშაო ადგილს უდრის, რაც პირველ კვარტალში დაკარგულ 155 მილიონ სამუშაო ადგილზე ბევრად მეტია. განსაკუთრებულად და არაპროპორციულად მძიმედ აისახა პანდემიის, შემდგომ კი შეზღუდვების შედეგები არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, არაფორმალურად დასაქმებული ქალების 42% მუშაობს პანდემიის შედეგად უკიდურესად დაზარალებულ სექტორებში.
სამედიცინო პროდუქციის გაძვირებასთან ერთად, იზრდება ნედლეულის ფასებიც. განვითარებულ ქვეყნებში, აპრილთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი პანდემიამდელ დაბალ ნიშნულზეა. განვითარებად ქვეყნებში კი, ინფლაციის მაჩვენებლები ერთბაშად შემცირდა პანდემიის დასაწყისში, თუმცა ახლა კვლავ უბრუნდება ძველ მაჩვენებლებს. პროგნოზების თანახმად, ინფლაციის დონე განვითარებულ ქვეყნებში დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება — 2020 წელს 0,8%-ს გაუტოლდება, ხოლო 2021 წლისთვის 1,6%-მდე გაიზრდება. განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ს გაუტოლდება — არსებობს მოლოდინი, რომ ის მომავალ წელს 4,7%-მდე შემცირდება.
პანდემიის საფრთხეებისგან მსოფლიო ეკონომიკის გადარჩენას დიდად შეუწყო ხელი სახელმწიფოების მიერ გატარებული გულუხვი დახმარებების პოლიტიკამ. განვითარებულ ქვეყნებში, მშპ-ს დაახლოებით 9% დაიხარჯა მსგავს საბიუჯეტო ხარჯებში, ხოლო დამატებით 11% მოხმარდა სხვა სახის ფინანსურ ინიციატივებს (პროექტების დაფინანსება, აქტივების შესყიდვა, სესხები და საკრედიტო გარანტიები). განვითარებად ქვეყნებში ეს რიცხვები ბევრად უფრო მოკრძალებულია, თუმცა მაინც საგრძნობი: დაახლოებით, 3,5% — საბიუჯეტო ხარჯებში, ხოლო სხვა ფინანსურ ინიციატივებში 2%-ზე მეტი.
ამჯერად, ქვეყნებში ისევ მოქმედებს შეზღუდვების სხვადასხვა რეჟიმი და, შესაბამისად, გავლენა ეკონომიკაზე, დიდი ალბათობით, საკმაოდ მძიმე იქნება. მოსალოდნელია ეკონომიკური პროგნოზების გაუარესებაც, რადგან ექსპერტთა თქმით, მეორე ტალღა, პანდემიის მასშტაბის თვალსაზრისით, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ.
კოვიდის ეკონომიკური შედეგები — საქართველო
ეკონომიკურ ეფექტს, რომელიც პანდემიამ ქვეყანას მოუტანა, ორი — სუბიექტური და ობიექტური მხარე აქვს. ერთი განპირობებულია ობიექტური მოცემულობებით, როგორიცაა: მსოფლიო მასშტაბით ინვესტიციების შემცირება, საერთაშორისო მგზავრობის შემცირება, საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება, გზავნილების შემცირება, განსაკუთრებით პანდემიის პირველ ეტაპზე და ა.შ. მეორე, ანუ სუბიექტური მხარე კი დაკავშირებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან, მათ შორის, ე.წ. ლოქდაუნთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წელს ორჯერ მიიღო — გაზაფხულზე და შემოდგომაზე. მომავალში ალბათ გაანალიზდება ჯანდაცვისა და ეკონომიკის თვალსაზრისით ამ და მსგავსი გადაწყვეტილებების შედეგები, მანამდე კი ობიექტურ და სუბიექტურ წინაპირობათა წყება განსაზღვრავს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას. ისეთი ცენტრალიზებული ეკონომიკის პირობებში, როგორიც საქართველოშია, სახელმწიფოებრივი ტენდენციები რეგიონული ეკონომიკური განვითარების საფუძველია. მიმდინარე დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებას მიმოვიხილავთ:
მთლიანი შიდა პროდუქტი
მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) რეგიონების წილი, ტრადიციულად, არათანაბარია. პანდემიამდელ პერიოდში, კერძოდ, 2019 წელს, ეს განაწილება ასეთი იყო: 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 49 252,7 მილიონი ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა თბილისი (51,2 პროცენტი), აჭარა (10,1 პროცენტი) და იმერეთი (8,5 პროცენტი). ორ რეგიონს — კახეთს (5,1 პროცენტი) და შიდა ქართლს (3,9 პროცენტი) საშუალო მაჩვენებლები აქვს.
რაც შეეხება რეგიონულ მშპ-ს შიდა სტრუქტურას:
თბილისში მშპ-ს ყველაზე დიდ წილს საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (21,1 პროცენტი), უძრავი ქონების ოპერაციები (12,3 პროცენტი) და მშენებლობა (10,1 პროცენტი) ქმნის.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირველ ადგილზეა მშენებლობა (19,9 პროცენტი), რომელსაც მოჰყვება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13,9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების, ანუ ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობები (10,3 პროცენტი).
იმერეთის რეგიონში სტრუქტურა განსხვავებულია, აქ დიდი წილი უკავია დამმუშავებელ მრეწველობას (13,2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (12,4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (12 პროცენტი).
შიდა ქართლის რეგიონში პირველ ადგილზეა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (19 პროცენტი), მეორეზე — სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უზრუნველყოფა (16,6 პროცენტი), მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობა (12,4 პროცენტი).
კახეთის რეგიონში, განხილულ რეგიონთა შორის, სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზის წარმოების წილი, ცხადია, ღვინის წარმოების ხარჯზე, ყველაზე მაღალია და რეგიონის მთლიანი მშპ-ს 36,9 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზეა დამმუშავებელი მრეწველობა (9,8 პროცენტი); მესამე ადგილზე — უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8,2 პროცენტი).
ცხადია, რეგიონების ეკონომიკურ სტრუქტურაზე გავლენას ახდენდა უარყოფითი გავლენების ის მასშტაბი, რომელიც მათ ეკონომიკას მიადგა. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია აჭარა, სადაც ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობები მშპ-ს 10 პროცენტს აღემატება, თუმცა ტურიზმის და მასთან დაკავშირებული საქმიანობების წილი მოსახლეობის რეალურ დასაქმებაში ყველა რეგიონში მნიშვნელოვანია; ისევე როგორც ვაჭრობისა და რესტორნებისა, რომლებიც ლოქდაუნების პერიოდებში ყველაზე მეტად ზარალდებიან.
ამიტომ გადავხედოთ მშპ-ს ცვლილების მაჩვენებელს 2020 წლის II-III კვარტალებში.
2020 წლის II კვარტალში მშპ-ს მოცულობის კლებამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,3% შეადგინა, III კვარტალში კი კიდევ უფრო შემცირდა და 5,6%-ს გაუტოლდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალზე მოდიოდა ე.წ. ლოქდაუნის პერიოდი, რის გამოც კლება ყველაზე მეტად შეეხო ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-54,7 პროცენტი); განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-40 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-28,8 პროცენტი); მშენებლობა (-24,5 პროცენტი); ხელოვნება, გართობა და დასვენება (- 24,1 პროცენტი); ტრანსპორტი და დასაწყობება (-22,6 პროცენტი); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-15,5 პროცენტი); საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (-13,2 პროცენტი); დამმუშავებელი მრეწველობა (-12,1 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14,3 პროცენტი); განათლება (11,7 პროცენტი); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4,7 პროცენტი); სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,4 პროცენტი).
2020 წლის III კვარტალში ეს მონაცემები სტრუქტურულად განსხვავებული იყო, თითქოს ეკონომიკაში შეზღუდვებიც შემსუბუქდა, თუმცა კლების ძირითადი ტენდენცია შენარჩუნდა. ნაწილობრივ შეიცვალა ეკონომიკური ვარდნის სტრუქტურა — მშენებლობაში მცირე ზრდა დაფიქსირდა (2%); ყველაზე დიდი შემცირება კი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობებს შეეხო, რაც ტურიზმს გულისხმობს (-53,1 პროცენტი); ტრანსპორტი და დასაწყობება (-25 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-32,4 პროცენტი). ბოლო ორი მიმართულება ტურიზმის სფეროსთან არის დაკავშირებული და მათ შესაბამის ქვეთავში დეტალურად შევეხებით. შემცირებულია ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (- 49 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-12,5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11,5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-4,4 პროცენტი). ზრდა დაფიქსირდა ისეთ დარგებში, როგორიცაა: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4,3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6,6 პროცენტი), განათლება (5,6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (14,7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (1,5 პროცენტი).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მშპ-ს მონაცემის გასული წლის ანალოგიურ დონეზე შენარჩუნებაც კი, თავისთავად, ქვეყნისთვის უკუსვლის და არსებითი ეკონომიკური პრობლემების მაჩვენებელია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 1,3 მილიარდ აშშ დოლარამდე იქნება, 2021 წელს კი — 800 მილიონ აშშ დოლარამდე. 2020 წელს შემცირებულია საგადასახადო შემოსავლების პროგნოზიც (დიაგრამა N1), რაც უდავოდ აისახება მომავალ წელს ბიუჯეტის რეალურ დანახარჯებზე.
ბიზნესსექტორი
ბიზნესსექტორის მდგომარეობაზე — ბრუნვისა და გამოშვების დინამიკაზე მეტყველებს დიაგრამა N2, რომელშიც ჩანს, რომ I და განსაკუთრებით II კვარტალში ქვეყანაში ეკონომიკა საგრძნობლად შემცირდა. ეს, ნაწილობრივ, იმ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებითაც იყო გამოწვეული, რომლებიც საწარმოებისა და ტრანსპორტირების, აგრეთვე სხვა აქტივობების, ფაქტობრივად, სრულ შეზღუდვას გულისხმობდა.
მესამე კვარტალში ბიზნესმა აქტივობა ეტაპობრივად დაიწყო და ბიზნესსექტორის ბრუნვა 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის გაუთანაბრდა, გამოშვება კი 1,8%-ით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით.
როგორია ბრუნვის სტრუქტურა საწარმოთა საქმიანობის მიხედვით?
ყველაზე მაღალი წილი აქვს ვაჭრობას (ავტომობილების რემონტის ჩათვლით) (38,3%); შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება (28,4%); დამმუშავებელი მრეწველობა (9,7%); მშენებლობა (7,9%); ტრანსპორტი და დასაწყობება (4,5%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (2,6%); სხვა დარგები (8,7%).
ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა კი ასეთია: პირველი და მეორე ადგილები, შესაბამისად - დამმუშავებელი მრეწველობა (23,7%), მშენებლობა (20,7%), შემდეგ ვაჭრობა (18,8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (8,3%), დანარჩენი დარგები — 28,5%.
რეგიონებს შორის ყველაზე დიდი შემცირება თბილისის და ბათუმის, იმერეთის რეგიონების ბიზნესსექტორის ბრუნვასა და გამოშვებაში ფიქსირდება (დიაგრამა N3 და N4). მცირედი ზრდაა კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების ბრუნვასა და გამოშვებაში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით.
აღნიშნული სტატისტიკა მოწმობს იმ გავლენაზე, რომელიც 2020 წლის პანდემიამ მოახდინა ცალკეული რეგიონის ბიზნესის მდგომარეობაზე. ეს გავლენა, თავის მხრივ, აისახა დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორში — საჯარო სექტორმა, ძირითადად, დისტანციური პრინციპით სცადა დასაქმებულების შენარჩუნება.
დასაქმება და უმუშევრობა
2020 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გადახედა დასაქმებისა და უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიას, რამაც არსებითი ცვლილებები შეიტანა სტატისტიკის სტრუქტურაში — გაზარდა და რეალობას ნაწილობრივ დაუახლოვა უმუშევრობის მაჩვენებელი და, შესაბამისად, შეამცირა დასაქმებულთა რიცხვი. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულთა წილი შემცირებულია დასაქმებულთა ჯამურ რაოდენობაში (2019 წელს 49,7%-იდან შემცირდა 30,7%-მდე).
ახალი სტანდარტით დაანგარიშებული სტატისტიკის თანახმად, გასულ წლებსა და 2020 წლის I III კვარტალებში უმუშევრობის მხრივ არსებული ვითარება მოწმობს შემდეგზე, როცა ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მონაცემი გაზრდილია 1%-ით, III კვარტალში სულ 0,4%-ით. ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების დინამიკა ამ თვალსაზრისით განსხვავებულია — ქალაქად უმუშევრობის დონე ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, სოფლის ტიპის დასახლებებში კი, ზოგ შემთხვევაში, შემცირებულიც კია (დიაგრამა N5). ეს, სავარაუდოდ, განპირობებული უნდა იყოს იმ ფაქტორით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი და მშპ-ს მაგენერირებელი ქალაქის ტიპის დასახლებებია; შესაბამისად, ეკონომიკური ვარდნაც, რისი შედეგიც იყო დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, ძირითადად მათ შეეხოთ. ასევე, მნიშვნელობა აქვს დასაქმების დარგობრივ სტრუქტურასაც, რომელზეც შესაბამის ქვეთავში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
ეს სტატისტიკა მნიშვნელოვნად ცვლის რეგიონული დასაქმების სურათს, რომელიც ახალი სტანდარტით ჯერჯერობით არ არის დამუშავებული და გამოქვეყნებული, ამიტომ ძველ მაჩვენებლებს ახლა არ წარმოვადგენთ. თუმცა საინტერესოა დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ არ ასახავს დასაქმებისა და უმუშევრობის რეგიონულ რაკურსს, თუმცა რეგიონებში წამყვანი დარგების ცოდნის პირობებში, გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეიძლება.
დასაქმებაში ყველაზე დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე მოდის (თითქმის 200 000 მდე დასაქმებულით). ეს ის სფეროა, რომელზედაც მთავრობის ე.წ. ჩაკეტვის პოლიტიკა ყველაზე მეტად აისახება. მხოლოდ ამ სფეროში 2020 წლის მეორე კვარტალშივე, პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 20 000-ით შემცირებულია სამუშაო ადგილები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და კვების მომსახურების ობიექტები, ხელოვნება გართობა და დასვენება (როგორც მშპ-სა და საწარმოთა ბრუნვის შეფასებისას გამოჩნდა) ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფეროებია. ამ მიმართულებებში კი, 2020 წლის I კვარტალის მდგომარეობით, 70 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და უმუშევრობის პირველი მაჩვენებლები უკვე მეორე კვარტალშივე გამოჩნდა.
შესაბამისად, რეგიონებშიც სწორედ ამ სფეროების წარმომადგენლებმა იგრძნეს ყველაზე დიდი სოციალური დარტყმა. მთავრობის 2020 წლის დეკემბრის ანგარიშში დეკლარირებულია, რომ დაქირავებით დასაქმებულ 125 000-ზე მეტ მოქალაქეს და თვითდასაქმებულ 250 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა ე.წ. 200-ლარიანი დახმარებებით. ეს მონაცემები, ცხადია, არ მოიცავს არაფორმალურად დასაქმებულთა და არარეგისტრირებულ დასაქმებულთა დიდ ნაწილს, თუმცა მარტივად იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულმა 375 000-მა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი.
ტურიზმი, როგორც შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო და გამოწვევა
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ტურიზმის სექტორს მშპ-ს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს (11,5% 2019 წლის მონაცემებით). შარშან საქართველომ საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან 9,5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, საიდანაც ტურიზმის შემოსავალი 3,3 მილიარდი აშშ დოლარია (ჯამურის 34%). მსოფლიო ეკონომისტთა პროგნოზებით, ის ქვეყნები, რომელთა ჯამურ ექსპორტში ტურიზმიდან შემოსავალი 20%-ზე მეტია, მიმდინარე პანდემიის მიმართ ეკონომიკურად ყველაზე მოწყვლადები არიან.
ოფიციალური მონაცემით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი. თუმცა ოფიციალური მონაცემები ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა შესახებ, დიდი ალბათობით, არ ასახავს იმ არარეგულირებად და ხშირად არაფორმალურ დასაქმებას, როგორიცაა არარეგისტრირებული საოჯახო სასტუმროები, ტრანსპორტირების სერვისები, კერძო სახლებისა და პატარა ბინების გაქირავებისა და მათი მომსახურების სერვისი და სხვა.
ეს სფერო განსაკუთრებულია საქართველოს რეგიონებისთვის. არასასოფლო სამეურნეო საქმიანობის დიდი ნაწილი რეგიონებში სწორედ ტურიზმთან და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებთან არის გადაჯაჭვული და თვითდასაქმების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.
რაზე მეტყველებს წლის სტატისტიკა - ცხადია, საერთაშორისო ფრენების შეზღუდვამ და საზღვრების ჩაკეტვამ დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ტურიზმის მონაცემებზე. აპრილიდან მოგზაურთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და თუ, მაგალითად, 2019 წლის აპრილში საქართველოში 550 000 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, 2020 წლის იმავე პერიოდში, დაახლოებით, 35 000 (დიაგრამა N7).
ტრადიციულად, საქართველოში ტურისტული სეზონის პიკი აგვისტოზე მოდის. 2019 წელს ამ თვეში საქართველოში 1,1 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორია შემოსული, 2020 წელს კი, 44 000-მდე. 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერზე მოდის (50 499 ვიზიტორი). შესაბამისად, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები 90-ზე მეტი პროცენტით შემცირდა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ტურიზმის სფერო, ფაქტობრივად, მთლიანად გაჩერდა და რომ არა სახელმწიფოს პოლიტიკა ე.წ. კარანტინის და კოვიდ-სასტუმროების ამუშავების შესახებ, დარტყმა კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა. მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, საკარანტინე, მათ შორის კოვიდ სასტუმროების მომსახურებაში საქართველოში 100 მილიონი ლარია დახარჯული. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ეს პროექტები, ძირითადად, მსხვილ და საშუალო სასტუმროებს შეეხო, ხოლო საოჯახო სასტუმროები, საერთაშორისო საიტებზე არსებული უძრავი ქონების გამქირავებლები, ასევე სარესტორნო და ტურიზმთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული ბიზნესი ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
რეგიონების მიხედვით ტურიზმის მომსახურე ობიექტების (განთავსების ადგილების) მაჩვენებლით, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ადგილზე არიან თბილისი და აჭარა (ცხრილი N1). ყველაზე ნაკლები რეგისტრირებული განთავსების ობიექტი შიდა ქართლშია — ეს ამ რეგიონის ტურიზმისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლში ორი ისეთი ტურისტული ობიექტია — სტალინის სახლ-მუზეუმი გორში და უფლისციხე, რომლებსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს, დედაქალაქთან და ისტორიულ დედაქალაქ მცხეთასთან სიახლოვე ამ რეგიონს განთავსებისა თუ სარესტორნო მომსახურების თვალსაზრისითაც ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიღმაც რჩება ონლაინ რესურსებით გასაქირავებელი ბინები, პატარა საოჯახო სახლები და ა.შ., რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ტურისტულ ბიზნესში, ისევე როგორც ტრანსპორტის ინდუსტრია, რომელიც სეზონურად ტურისტთა მცირე და დიდი ჯგუფების გადაყვანით არაორგანიზებულად არის დაკავებული. საინტერესოა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს სახელმწიფომ პრიორიტეტად შიდა ტურიზმი გამოაცხადა, რაც თავისთავად რეგიონების ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. მეტიც, საზოგადოებაში გაჩნდა იმის განცდა, რომ წელს შიდა ტურისტები გაცილებით ინტენსიურად მოგზაურობდნენ ქვეყნის მასშტაბით, ვიდრე გასულ წლებში. ოფიციალური სტატისტიკა ამ მოსაზრებას აბათილებს. დიაგრამა N8-ში მოყვანილი ციფრების თანახმად, შიდა ვიზიტორთა რაოდენობა 2020 წელს ყველა განსახილველ რეგიონში შემცირებული იყო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით (3 კვარტალი).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონულ ჭრილში
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 2020 წელს და პანდემიის პერიოდში არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 2020 წლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის მიხედვით მეშვიდე ადგილზეა, Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში კი მეთორმეტეზე, სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა, ხელისუფლების არათანმიმდევრული ეკონომიკური გადაწყვეტილებები, ანაკლიის პორტის მსგავსი მსხვილი საინვესტიციო პროექტების ჩავარდნა, პრობლემები სხვა წამყვან ინვესტორებთანაც (მაგალითად, ფრონტერა საქართველო), არასტაბილური სავიზო რეჟიმი, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეებისადმი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციები — ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებმაც ბოლო წლებში ინვესტიციების მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
ინვესტიციების ვარდნა 2020 წლამდე დაიწყო, სანამ პანდემია და მისი შედეგები საქართველომდე მოაღწევდა, კერძოდ, 2020 წლის I კვარტალში ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 165,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის მონაცემებზე 41,7%-ით ნაკლებია. ხელისუფლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შემდეგ მიზეზებს ასახელებს: ინვესტორთა მფლობელობაში არსებული რამდენიმე მსხვილი საწარმო გადავიდა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორების მიმართ შემცირდა ვალდებულებები (სასესხო დავალიანების დაფარვა). თუმცა, ამ მიზეზების გარდა, შემცირების მთავარი ფაქტორი იყო მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება. შაჰ-დენიზის პროექტის დასრულების გამო აზერბაიჯანიდან მიღებული ინვესტიციების ოდენობა თითქმის განახევრდა. პანდემიამ ამ პროცესზე, ცხადია, კიდევ უფრო უარყოფით გავლენა მოახდინა. (დიაგრამა N9).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის მიხედვით, ჩვენ მიერ განხილულ რეგიონებში განსხვავებული ტენდენციებია (იხილეთ დიაგრამები N10 და N11).
საერთო მახასიათებელია, რომ 2017 წელი საინვესტიციო თვალსაზრისით ყველა მათგანისთვის პოზიტიური იყო. თუმცა სხვა წლებში დინამიკა რეგიონებში აბსოლუტურად სხვადასხვაგვარია: 2020 წლის სამ კვარტალში ყველაზე ნაკლები ინვესტიცია კახეთის რეგიონში განხორციელდა და დაახლოებით 809 ათასი აშშ დოლარი შეადგინა; თუმცა გასულ წლებში რეგიონიდან დივიდენდებისა და ინვესტიციების გადინება აღინიშნებოდა და, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია. საქართველოს მასშტაბით, ტრადიციულად, ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქალაქ თბილისში (465 მლნ აშშ დოლარი), თუმცა 2020 წლის სამი კვარტალის მაჩვენებელი გასული წლის სამი კვარტალის მაჩვენებელს თითქმის 1/3-ით, ანუ 175 მილიონი აშშ დოლარით ჩამოუვარდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მეორე ადგილზეა აჭარა. საინტერესოა, რომ ინვესტიციები, გასულ წელთან შედარებით, სულ 21 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული და დაახლოებით 2016 და 2018 წლების მაჩვენებლების დონეზეა; დიაგრამაზე აშკარად ჩანს, რომ საინვესტიციო ბუმი აჭარაში 2017 წელს იყო, როცა რეგიონში 210 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა, რაც დაახლოებით 2,5-ჯერ აღემატება წლევანდელ მაჩვენებელს. გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია მონაცემი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, გასული წლის 23 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია 2020 წლის შესაბამის პერიოდში 36 მილიონამდეა გაზრდილი. ცხადია, ცალკე რომელიმე რეგიონისთვის საკმაოდ რთულია საინვესტიციო კლიმატის ისე შეცვლა, რომ მასზე არ აისახოს მსოფლიოს და განსაკუთრებით ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ტენდენციები, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით რომ არსებობს. ამ თვალსაზრისით გარკვეული უპირატესობები აქვს მსხვილ ცენტრებს (მაგალითად დედაქალაქს) ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც თვითმმართველობის უფრო მაღალი დონეა და ბიზნესაქტივობის განსხვავებული მასშტაბიც. თუმცა, როგორც ზემოთ, საერთაშორისო ტენდენციების მიმოხილვაში ითქვა, საინვესტიციო რესურსები დღეს მთელ მსოფლიოში შემცირებულია და საქართველოს სახელმწიფოს რადიკალური და ინოვაციური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რომ ეს ტენდენცია შეცვალოს და ისედაც დაღმავალი მახასიათებლების საინვესტიციო აქტივობები გააუმჯობესოს.
სახელმწიფო დახმარებები
ოფიციალური ინფორმაციით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯამში 375 000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური და 200-ლარიანი დახმარება მიიღო; 100 მილიონი დაიხარჯა კოვიდ-სასტუმროებზე; ქონების გადასახადი გაუუქმდა ტურიზმის სექტორის კომპანიების ნაწილს, თუმცა მათში, ცხადია, არ შედის კვების ობიექტები და სხვა არაპირდაპირი მომსახურების სფეროები. მოხდა საპროცენტო სახსრების სუბსიდირება სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილისთვის (65 მლნ ლარი); 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6-თვიან პერიოდში მათი ყოველთვიური ხელფასი არ აღემატებოდა 1 500 ლარს. ეს შეღავათი ეხებოდა მთლიანად კერძო სექტორს და სახელმწიფოს დაახლოებით 540 მილიონ ვერმიღებულ შემოსავლად დაუჯდა. ეს არის იმ დახმარებების ჩამონათვალი, რაც ტურიზმის სფერომ მიიღო. ასევე, განხორციელდა იპოთეკური სესხების დაფარვის გადავადების პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს არა, მაგრამ, საბოლოო შედეგით, პროგრამით მოსარგებლე პირებს საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდათ; სახელმწიფომ სამშენებლო სფეროს დასახმარებლად იპოთეკური სესხის დროებითი დაფინანსებისთვის 60 მლნ გამოყო, კერძო ბიზნესის საგარანტიო ფონდისთვის კი 100 მილიონი. სოციალური ხარჯების საბოლოო მონაცემები მოცემულია N9 დიაგრამაზე.
ცხადია, მთავრობის მიერ Covid 19-ის უარყოფითი შედეგების დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს როგორც თანხების გამჭვირვალობასთან, ისე ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ამ კითხვების ნაწილი უკავშირდება არა მხოლოდ კორუფციულ ეჭვებს, არამედ მიზანშეწონილობასა და მიზნობრიობას; ისევე როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მკურნალობის 240 მილიონსა და ჯანდაცვის სექტორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხარჯებს.
ჯერჯერობით, რთულია რეგიონალურ კონტექსტში ხარჯვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მოპოვება. ამიტომ ციფრები მხოლოდ ზოგად წარმოდგენას გვიქმნის სახელმწიფოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.
დასკვნები და რეკომენდაციები
შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში სახელმწიფოს სულ რამდენიმე ბერკეტი აქვს ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად. არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი მექანიზმები, რომლებიც უწინარესად სახელმწიფოებრივ დონეზეა გამოსაყენებელი და, შესაბამისად, უნდა აისახოს ქვეყნის ყველა რეგიონზე. რეკომენდაციები გულისხმობს მოკლევადიან და გრძელვადიან ეფექტზე გათვლილი ღონისძიებების გატარებას, რადგან მომავალში, კოვიდის პანდემიის შემდგომ მსოფლიოში, დიდი ალბათობით, ბევრ საკითხს 2020 წელს შექმნილი მოცემულობები და ტენდენციები განსაზღვრავს.
- რეაგირების პირდაპირი მექანიზმია დახმარებების გაცემა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის, რაც, სოციალური დატვირთვის გარდა, ეკონომიკაში ფულის ჩაშვების ეფექტსაც მოიცავს და მოთხოვნის გენერირებას უწყობს ხელს; ასევე, ერთჯერადი კომპენსაციები, დახმარება ბიზნესს, შეღავათები კრედიტებზე, ტარიფების სუბსიდირება და ა.შ., რომელთა შესახებაც დეტალურად არის მოთხრობილი დოკუმენტში მთავრობის ანგარიში ხალხს 2020 (2020 წლის დეკემბერი); თუმცა ყველა ეს გადაწყვეტილება მოკლევადიანი ეფექტის მქონეა, ცეცხლის ჩაქრობის დატვირთვა გააჩნია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — რესურსი ამოუწურავი არ არის;
- 2020 წელს საერთაშორისო დონორებთან მიღწეული იყო შეთანხმება დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანას ვალის მოცულობის 60%-მდე გაზრდა მოუხდა. ამ მასშტაბის ვალის პირობებში ეს გზა, განსაკუთრებით 2021 წლისთვის, საკმაოდ რთული და სახიფათოა; შესაბამისად, რეკომენდაციები, რომლებსაც ამჯერად წარმოვადგენთ, სოციალური დახმარებების გაცემისა და ერთჯერადი კომპენსაცია-სუბსიდირების საკითხებს აღარ მოიცავს, უფრო გლობალური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე მიგვითითებს, მათ შორის გრძელვადიანი პერსპექტივისთვი;
- მოკლევადიანი და სწრაფი რეაგირების ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე სოციალური საჭიროებების სწრაფი შეფასება, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი არ აღმოჩნდეს შიმშილის ზღვარზე და ბავშვები საკვების გარეშე. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლება აცნობიერებდეს ადგილობრივ მეწარმეთა ხელშეწყობის აუცილებლობას და, შესაძლებლობის ფარგლებში, ხდებოდეს მათი ლოჯისტიკური მხარდაჭერა (მაგალითად, როცა რეგიონის მოსახლეობა ვერ ახერხებს საზღვრების ჩაკეტვის გამო პროდუქციის მიწოდებას ბაზარზე გასაყიდად) და ა.შ;
- მკაცრი ლოქდაუნის მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს არ არის გამოსავალი არც ჯანდაცვის თვალსაზრისით, რადგან შეკავების პოლიტიკას უცილობლად მოჰყვება სახიფათო აფეთქებები, და, მეორე მხრივ, ეს პოლიტიკა საკმაოდ მძიმედ აისახება ეკონომიკაზე. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მსგავსი პოლიტიკის თავიდან ასაცილებლად. ამის ნაცვლად შექმნას მოტივირების მექანიზმები დისტანციური საქმიანობისთვის იქ, სადაც ეს შესაძლებელია, მკაცრად გააკონტროლოს და დაიცვას ზოგადი გაცხადებული წესები;
- მოკლევადიანი ეფექტისთვის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი გადაწყვეტილებაა ჯანდაცვის სისტემის სწრაფი გაძლიერება პანდემიის მართვის მიზნებისთვის; აგრეთვე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ამ კუთხით; დიდი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას და მასთან დაკავშირებული მითების წინააღმდეგ საზოგადოების სწორ ინფორმირებას — ამით ჯანდაცვის სისტემის მდგრადობამ და ვაქცინით შექმნილმა იმუნიტეტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ისეთი წინაპირობის შექმნა, რომელიც გამორიცხავს დამატებით, სუბიექტურ ფაქტორებს ეკონომიკის შეფერხებისთვის, მაგალითად, ხელისუფლების მიერ ეკონომიკის ჩაკეტვის გადაწყვეტილებებს;
- პანდემიის პერიოდში კარგად გამოჩნდა ისიც, რომ განსაკუთრებით აქტუალურია ადგილობრივ დონეზე ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართული მუშაობა, მეტი ძალისხმევაა გასაწევი ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის სათანადოდ მოსამზადებლად. მნიშვნელოვანია აგრეთვე რეგიონებში მსხვილი სამედიცინო ცენტრების გაძლიერების, თანამედროვედ აღჭურვისა და ბიზნესის ამ კუთხით წახალისების ხელშეწყობა, რათა მსგავს კრიზისულ სიტუაციებში სამედიცინო დახმარების მიღება ხელმისაწვდომი იყოს რეგიონულ ცენტრებში;
- უნდა დაჩქარდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ეკონომიკის ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა — ეკონომიკის ვარდნის პირობებში, წესით, სწორედ ამ გზით ხდება ახალი დამატებითი ღირებულების და სამუშაო ადგილების შექმნა; ამიტომ კრიზისულ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპის არათუ შენელება, არამედ დაჩქარება და საერთაშორისო გზატკეცილებისა თუ ნავსადგურების და ა.შ. პროექტების დაფინანსება; ამასთან, ინფრასტრუქტურის განვითარება — იქნება ეს საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბის — თავის მხრივ, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობაა, პერსპექტივაში მაინც;
- 2020 წელმა და პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ გადაუდებელი ამოცანაა ქვეყანაში ტექნოლოგიების, შიდა და საერთაშორისო ლოჯისტიკის, განათლების ხელშეწყობა — რათა მთავრობის მოწოდება ბიზნესისთვის, რომ ე.წ. ჩაკეტვის პირობებში საქმიანობა ელექტრონულად და ონლაინ გაეგრძელებინათ, გამყარებულიყო შესაბამისი ლოჯისტიკური სტრუქტურების ფუნქციონირებით, მათ შორის გამართული საფოსტო მომსახურებით, ელექტრონული გადახდების აწყობილი სისტემებით. რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს ასეთი შესაძლებლობები. ტექნოლოგიური უნარების ამაღლება და საერთაშორისო კომერციის შესახებ ცოდნის აკუმულირება ბიზნესსა და მომხმარებელში მსგავსი პანდემიების დროს (და არა მხოლოდ) ეკონომიკური გადარჩენის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბერკეტია;
- ლოჯისტიკის უზრუნველყოფა განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის იმ პირობებში, როცა მსოფლიო გლობალური ეკონომიკის პრინციპებით მუშაობს და პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რა შეიძლება მოიტანოს ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ ეკონომიკური თვალსაზრისით. რეგიონებს შორის ტვირთბრუნვისთვის და, რაც მთავარია, გლობალურ ვაჭრობაში აქტიურად ჩართვისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამ თვალსაზრისით საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოში მსხვილი საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმების — ჰაბების შექმნის ინიცირება და ამ პროექტებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად აქტიური ძალისხმევის გაწევა, ასევე, ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის უცხოეთში სასაწყობო ჰაბების უზრუნველყოფა ბიზნესთან თანამშრომლობით, ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმებზე გასვლის ხელშეწყობა და სხვა.
ამ და მსგავსი საკითხების, ისევე, როგორც ყველაფერ ამისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის უფლებამოსილება და შესაძლებლობები საქართველოს ტიპის ცენტრალიზებულ სახელმწიფოში ძირითადად ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას საინტერესო და ინოვაციური იდეებით შეუძლია საკუთარი რეგიონის კონკურენტუნარიანობის ამაღლება — არა მხოლოდ ტურიზმის სფეროში, რაზეც უპირველეს ყოვლისა და ყველაზე ხშირად კეთდება აქცენტი. ამ პოლიტიკამ სწორედ 2020 წელს აჩვენა, და მანამდე რუსეთის მიერ გამოცხადებული ტურისტული "ბლოკადის" დროსაც, რამდენად მყიფეა ტურიზმთან და ზოგადად ერთ სფეროსთან დაკავშირებული ეკონომიკური ფსონები. სანაცვლოდ, შესაძლოა პერსპექტიული იყოს რეგიონებში სწორედ ლოჯისტიკური ჰაბების, საგანმანათლებლო ცენტრების, მაღალტექნოლოგიური იდეების განვითარების სივრცის, თუნდაც კონკრეტული ტიპის ჯანდაცვის მომსახურებების მიმართულების განვითარება და შეთავაზება როგორც ქვეყნისთვის, ისე საერთაშორისო ინვესტორებისა და მომხმარებლისთვის.
პუბლიკაცია მომზადდა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის პროექტის — "რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის" — ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. იგი მიზნად ისახავს ამომრჩეველთა ცოდნის, უნარებისა და ორგანიზების შესაძლებ- ლობების გაძლიერებას, რათა მიაღწიონ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამების განხორციელებას, რომლებიც უკეთ უპასუხებენ მათ რეალურ საჭიროებებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში.
პუბლიკაციის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ტექსტის ავტორი და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პოზიცია ან თვალსაზრისი.
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
კომენტარები