საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ — Global Finance საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად თიბისი დაასახელა.

ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა. ქვეყანაში, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ს აჭარბებს.

"მოხარულები ვართ, რომ თიბისიმ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო ადასტურებს იმას, რომ თიბისი ბანკი პირველ ადგილს იკავებს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით და ასახავს იმას, თუ რამდენად აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას. ამას ასევე ამტკიცებს ჩვენი არაერთი საერთაშორისო ჯილდო. 2020 წლის განმავლობაში, თიბისიმ ამ მიმართულებით არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და სოლიდური ფინანსური რესურსიც მოიზიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღიარების მოპოვება გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის შემდეგ, რომლის დროსაც მოვახერხეთ, რომ ვაჭრობის ფინანსირების კუთხით მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა", — ამბობს გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Global Finance-ის გარდა, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერად თიბისის საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა EBRD, ADB და Commerzbank.

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.