კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დაკავებიდან 4 თვის შემდეგ დააზუსტა. როგორც პროკურორებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, დაზუსტებულია ბრალდებულთა მოტივაცია.

კერძოდ ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ამაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები მეტყველებს.

"ბრალდების მხარემ შეძლო და მოიპოვა კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას და ამ ქმედების განხორციელებისას ისინი მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ", — განაცხადა პროკურორმა, გიორგი მუჯირმა, რომელსაც ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან სასტვენებითა და შეძახილებით დახვდნენ.

გიორგი მუჯირმა არ დააზუსტა, თუ ვისგან იღებდნენ დავალებებს ბრალდებულები, რადგან სისხლს სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

საქმის კიდევ ერთმა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, რომ მელაშვილი და ილიჩოვა დავალებებს ზემდგომი თანამდებობის პირებისგან იღებდნენ. ამ შემთხვევაში პირების დასახელებაზე მანაც უარი განაცხადა. მისივე თქმით, ყველა გარემოებასთან და მოტივთან დაკავშირებით მასალა სახოგადოებას უახლოეს პერიოდში მიეწოდება.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას ეხებოდა. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში განმარტეს, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკები, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებდა. ნაწილი აცხადებდა იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობა იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საზღვარზე გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებზე აჩენს ეჭვს.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.