დაანგრიე სიცრუის იმპერია — ანუ გამარჯვებისთვის მტერს კარგად უნდა იცნობდე
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ნათქვამი ეს სიტყვები ჩინელ გენერალსა და სამხედრო სტრატეგს, სუნ ძის ეკუთვნის. ომის ხელოვნება — ასე ეწოდება მის ნამუშევარს, რომელსაც დღემდე იყენებენ თანამედროვე კომპანიები კონკურენტებთან მოქმედების გეგმის გასაწერად.
მოწინააღმდეგის, მისი ტაქტიკისა და მოქმედებების ცოდნა გვაძლიერებს და წინააღმდეგობას გვიმუშავებს. თუმცა, მხოლოდ "მზადყოფნა" გასამარჯვებლად არაა საკმარისი. იერიშების მოგერიება უფრო მარტივია, როცა წინასწარ იცი, რა იქნება შემდეგი სვლა, რომელ მოძრაობას გამოიყენებს შენი მოწინააღმდეგე. თავდაცვის სტრატეგია და მოწინააღმდეგის უპირატესობის ცოდნა მარცხისგან გიცავს, გამარჯვებისთვის კი მისი ხრიკების და სუსტი მხარეების ცოდნაც გჭირდება.
ამის ერთ-ერთი მაგალითია დეზინფორმაციის წინააღმდეგ შექმნილი თამაში Get Bad News, რომელშიც მოთამაშე გადაწყვეტილებებს თავად იღებს და ტროლების სტრატეგიას ეცნობა. მეცნიერები კვლევით ამტკიცებენ, რომ ონლაინთამაშს ყალბი ამბების წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტი აქვს.
ონლაინ თამაშები, სადაც "მტრის" როლს ირგებ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთ-ერთ მძლავრ იარაღად მიიჩნევა. როდესაც მოთამაშე მტრის სავარძელში ჯდება, სწავლობს და ეცნობა ტაქტიკებს, რომლითაც მის გონებაზე ნადირობენ, მას უმუშავდება ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა და კრიტიკული აზროვნება. მოთამაშემ უკვე იცის, რა ხერხებით ცდილობენ მასზე ზემოქმედებას და აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობასაც სხვა მომხმარებლების წინაშე.
Bad News-ის მსგავსი ქართული ვარიანტი შექმნა On.ge-მაც, სახელად — ააშენე სიცრუის იმპერია. ონლაინსიმულაციაში საბრძოლო ველი სოციალური ქსელებია, სამიზნე — მკითხველის გონება, იარაღი — Facebook პოსტები. თამაშში ნელ-ნელა იხვეჭ ნდობას, იზრდება შენი გავლენა და გარშემო იკრებ გაბითურებული სიცრუის მინიონების არმიას. თამაშში ცოტა ხნით თითქმის ყოვლისშემძლე ტროლად იქცევი, რომელიც პოლარიზაციით, ემოციებზე მანიპულაციებით და ტყუილებით ადამიანების გონებაზე მოქმედებს და მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ მათ შეხედულებებს აყალიბებს.
მაგალითად, შეთქმულების თეორიების გავრცელებისას, მისი ავტორი თხზავს საშიშ ამბავს, მის საფუძვლად კი ფაქტს იყენებს, რათა დამაჯერებლობის ეფექტი არ აკლდეს. გამოგონილი საშიში ამბით, შეთქმულების თეორეტიკოსი მოქმედებს ადამიანების ემოციებზე და მის სამომავლო გადაწყვეტილებებზე.
სქრინზე ჩანს თამაშში გაშარჟებული ერთ-ერთი ცნობილი მითი და დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვაქცინებს სამომავლოდ ჩვენზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებენ. ამ სიცრუეს გამოხატავს პირველი ვირტუალური სტატიის სათაური, რომელსაც ტროლი გამოიყენებს ნდობისა და სიცრუის მინიონების შემოსაკრებად. თამაშში სიცრუის მინიონები მოტყუებული მკითხველია.
მეორე სათაური ასევე საფრთხისთვის გამზადებს, თან გიმტკიცებს, რომ სტატიაში ჟურნალისტური გამოძიება გელოდება, რომლითაც გაიგებ, რას გიმალავენ ვაქცინის შესახებ.
მსგავსი სენსაციური და სავარაუდოდ, დეზინფორმაციის შემცველი სტატიების კითხვის დროს, აუცილებელია მედიაწიგნიერება და ამბის გადამოწმების მარტივი გზების ცოდნა. თამაშში თავად ხარ ტროლის ტყავში შემძვრალი და ხედავ, რა გზებს იყენებენ ისინი სხვა დროს შენს და ათასობით სხვა ინტერნეტმომხმარებლის მოსატყუებლად.
მაგალითად: სიცრუის იმპერიის მშენებლის გამოგონილ ამბავში წყარო მითითებული არაა; ან უცნობი, არასანდო ადამიანის სტატუსის მიხედვითაა დაწერილი; ან წყაროს სახელი მინიმალური დეტალით გაყალბებულია; რედაქტორი — გამოგონილი პერსონაჟია და ა.შ.
თამაშის, ააშენე სიცრუის იმპერია, განმავლობაში სამ ჩინმედალს იღებ:
- დისკრედიტაციისა და იდენტობის მითვისების ჩინმედალი;
- ტროლინგისა და შეთქმულების თეორიების ჩინმედალი;
- პოლარიზაციისა და ემოციური ქარიშხლების ჩინმედალი.
უკვე გითხარით, რომ ააშენე სიცრუის იმპერიის ინსპირაცია 2018 წელს გამოსული ცნობილი თამაში, Get Bad News-ია, რომლის შექმნაში კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები მონაწილეობდნენ. 2019 წელს Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თამაშად ქცეული სიმულაცია ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას აძლიერებს.
რაც უფრო მეტად იმყოფებოდა ადამიანი დეზინფორმაციის ზემოქმედების რისკის ქვეშ, მით უფრო ეფექტური იყო ამ თამაშით მიღებული ცოდნა მისთვის.
ანუ, არამხოლოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოღვაწე წარმატებული ჩინელი სტრატეგი, თანამედროვე მეცნიერებიც ადასტურებენ მარტივ ჭეშმარიტებას: როცა საკუთარი ხელებით ვიგრძნობთ ტროლების ხრიკებში ჩამალულ სისუსტეებს, უკვე ვიცით მოწინააღმდეგის ბრძოლის სტრატეგია და მომავალში, არამხოლოდ თავს ვიცავთ, ვამარცხებთ კიდეც.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები