1940-იან წლებში უნივერსიტეტდამთავრებული არაერთი ახალგაზრდის მსგავსად, სიუ (ფრუჰტბაუმ) ბაიერიც მალევე მიხვდა, რომ ომისშემდგომი ეკონომიკა ბევრ შესაძლებლობას მხოლოდ მაშინ გთავაზობდა, თუკი კაცი იყავი.

"იმხანად ქალისთვის, მეტწილად, მდივნის სამუშაო არსებობდა", — იხსენებს ბაიერი, — "შეგეძლო მასწავლებელი ან სოციალური მუშაკი ყოფილიყავი, თუმცა ქალებით ძალიან ცოტა პროფესია იყო დაინტერესებული".

მიუხედავად ამისა, ბაიერმა საზღვრების გარღვევა სცადა და ჟურნალისტი გახდა. 1950-იან წლებში დაწყებული რეპორტიორის კარიერა სულ ახლახან გამოცემული მისი წიგნის, All Things in Time, შთაგონების წყაროდ იქცა.

წიგნი იდუმალებით მოცული სიკვდილით ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ახალგაზრდა ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომელთაგან ერთ-ერთი ჟურნალისტია.

"წიგნის სიუჟეტი მთლიანად გამოგონილია, თუმცა პერსონაჟების პროტოტიპები ნამდვილი ადამიანები არიან", — აღნიშნავს ბაიერი და დასძენს, რომ არსებობს ერთი დიდი განსხვავება, — "წიგნში ქალს ჩემს ცხოვრებაზე ბევრად საინტერესო ისტორია აქვს".

შესაძლოა, ასეცაა, თუმცა 92 წლის ახალბედა რომანისტის ამბავიც არანაკლებ საინტერესოა.

სიუ ფრუჰტბაუმი, რომელიც ნიუ-იორკში, ბუფალოს გარეუბანში დაიბადა და გაიზარდა, ვესერის კოლეჯის სტუდენტი პოლიომიელიტის ეპიდემიის დროს გახდა. სწავლის პირველ წელს მას და მის თანაკურსელებს კამპუსის დატოვებაც კი ეკრძალებოდათ. თუმცა, როგორც ბაიერი დასძენს, კარანტინმა სტუდენტებს ერთმანეთთან მტკიცე ურთიერთობების დამყარებისკენ უბიძგა, რის გამოც გასართობი არ გამოლევიათ.

"ვიღაცამ მიუზიკლიც კი დაწერა და ყველანი კამპუსში შევიკრიბეთ", — იხსენებს ბაიერი, რომელსაც თავის თანაკურსელებთან კონტაქტი 70 წლის შემდეგაც კი აქვს, — "საერთო ოთახი სადილობის შემდეგ ყველამ ერთად დავტოვეთ, სამეცადინო საათნახევრით გადავდეთ, მერე კი ვიმღერეთ და ერთმანეთი უკეთ გავიცანით.

ასეთივე ამაღელვებელი იყო სწავლის მისეული გამოცდილებაც.

"ერთი მასწავლებელი გვყავდა, მეიბელ ნიუქამერი, ეკონომიკის პროფესორი, რომელმაც წინსვლის სტიმული მოგვცა", — ამბობს ბაიერი, — "რადგან ვესერი მხოლოდ ქალების კოლეჯი იყო, ჩვენ არ ვცდილობდით ბიჭების დასანახავად ნაზები და თავაზიანები გამოვჩენილიყავით. ჩვენ, უბრალოდ, ხმამაღლა ვსაუბრობდით ყველაფერზე. ყველა ჩვენგანმა, მთელი დარჩენილი ცხოვრება, ხმამაღლა, დაუფარავად საუბარი განაგრძო".

"ძალიან განსხვავებული დრო იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ხუთი წლის შემდეგ, ვეტერანების უმეტესობა, რომელთაც კოლეჯი ჰქონდათ დამთავრებული, გარეუბანში მდებარე სახლზე, მუდამ შინ მყოფ დიასახლისზე და კარგი ყოფაქცევის ბავშვებზე ოცნებობდა. ამ ოცნების საფუძველი ალბათ ჟურნალები იყო. ერთ-ერთ მათგანზე მოღიმარი ახალგაზრდა ქალი იყო გამოსახული, რომელიც ტუალეტის ქაღალდის რულონებს ეხუტებოდა. ეს არის ამბავი იმ ორ ქალზე, ვინც ამ სურათს ვერ მოერგო..."

სიუ ბაიერი, წიგნიდან All Things in Time

სოციოლოგიის აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ, ბაიერმა მისი თანატოლების გზის გაყოლა არჩია და მდივანი გახდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, აშკარა იყო, რომ ამ საქმეში გულს ვერ დებდა.

"ერთ დღეს, ჩემი უფროსი სადილობიდან დაბრუნდა", — იხსენებს იგი, — "მე ვიჯექი, სადილს მივირთმევდი, წიგნს ვკითხულობდი და ტელეფონზე ვლაპარაკობდი. უფროსმა გულწრფელად მითხრა 'თუკი ერთი საქმის რიგიანად კეთების ნაცვლად ბევრი საქმის უხეიროდ კეთება მოგწონს, ჟურნალისტობა რატომ არ გინდაო?'. მის ნათქვამზე დავფიქრდი, რა კარგი იდეაა-მეთქი და მას შემდეგ მდივანი აღარც ვყოფილვარ".

ბაიერმა კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლაში 1950 წელს ჩააბარა, სადაც 62-სტუდენტიან კურსზე მხოლოდ 7 ქალი აპლიკანტი იყო. მისი აზრით, ვესერის კოლეჯში მიღებული გამოცდილება დიდად გამოადგა, რათა კაცი კადრებით უხვ პროფესიაში თავი დაემკვიდრებინა.

"წინა კოლეჯმა მასწავლა, რომ ხმამაღლა მესაუბრა და იდიოტი არ ვყოფილიყავი", — აღნიშნავს ბაიერი.

მან ერთი წლის შემდეგ მაგისტრის ხარისხი მიიღო და მაშინვე დაიწყო მუშაობა.

ფოტო: Atmosphere Press

"პარასკევს უნივერსიტეტი დავამთავრე, ადგილობრივ გაზეთში მუშაობა კი მომდევნო კვირის ორშაბათს დავიწყე".

მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად თავისი საქმე ნამდვილად მოსწონდა, ბაიერი მალევე მიხვდა, რომ ზოგიერთი ამბის — მაგალითად, უბედური შემთხვევების და დანაშაულებების — გაშუქების შესაძლებლობა ვერასდროს ექნებოდა; ანუ, იმ ყველაფრის, რაც მისგან შენობის დატოვებას მოითხოვდა.

"ერთხელ, დიდი ამბავი ზუსტად ახალი წლის წინა დღეს მოხდა, როცა ოფისში მხოლოდ სამი ქალი ვიყავით. რედაქტორმა სახლში მყოფ ვიღაც კაცს დაურეკა და უთხრა 'აქ არავინ მყავს, მოდიო'. როგორც აღმოჩნდა, 100-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო, იმ დროისთვის კი ასეთ ამბებზე ქალებს არ გზავნიდნენ".

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთში ბაიერმა 25 წლის განმავლობაში იმუშავა და მოგვიანებით, კოლეგაზეც იქორწინა, მას არ უნახავს, მნიშვნელოვანი ამბის გასაშუქებლად ქალი გაეშვათ. ამიტომ, მან ახალი პროფესიული საქმიანობა წამოიწყო, სადაც უფროსი ვერ ეტყოდა, რომ 100 კილომეტრის დაშორებით არ წასულიყო.

"ჟურნალისტიკას თავი 1970-იან წლებში დავანებე და სამოგზაურო ბიზნესში ჩავერთე, რომელიც უფრო სახალისოდ მიმაჩნდა — თანამშრომლებზე დიდი ფასდაკლება იყო და მთელი მსოფლიოს მოვლა შემეძლო", — ამბობს ბაიერი, — "დიდ ქალაქებში სეირნობა და დანახულის შეცნობა მიყვარს — პარიზში, ლონდონში, რომში..."

თუმცა, ნაჟურნალისტ-ნატურისტარი ქალის მოგზაურობა კვლავ გაგრძელდა და ახალ საქმეს შეეჭიდა, მიუხედავად იმისა, რომ რომანის დაწერის ამბიცია დიდი ხანია, ჰქონდა.

"წიგნი მოწყენილობისგან დავწერე ზამთარში, რადგან თხილამურებზე დგომა აღარ შემეძლო", — ამბობს 92 წლის ავტორი, რომელიც თხილამურებით 85 წლამდე სრიალებდა, — "თუმცა, დიდი მოთხილამურე არ ვყოფილვარ", — აზუსტებს იგი ჟურნალისტისთვის ჩვეული მანერით, — "უბრალოდ, უსაფრთხო დაღმართებზე ვერთობოდი ხოლმე".

მისი რომანი კი, შესაძლოა, დაღმართებზე საფრთხილოა — განსაკუთრებით, მათთვის, ვინც ქალ ჟურნალისტს სექსისტური დამოკიდებულებით უყურებს.

"გაზეთის რედაქციაში ერთი თანამშრომელი ქალი ყველა დანარჩენზე გამბედავი იყო", — იხსენებს ბაიერი, — "სასამართლო პროცესებს აშუქებდა ხოლმე და ერთხელაც, როცა ვიღაცამ დამამცირებელი, სექსისტური ფრაზით მიმართა, პირდაპირ ფეხი უთავაზა. ამის შემდეგ ნაცემი კაცი სამუშაოზე მთელი კვირა არ გამოჩენილა".