ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს. მათივე ცნობით, გაგრის რეგიონში, დაახლოებით, ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა. ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებსაც მიუახლოვდა.

"8 იანვრის დილით გაგრის რაიონში ხანძარი ზოგიერთ ადგილას ფრაგმენტული იყო. ცეცხლის ნაწილი მაღალმთიან ზონაში გადავიდა. სანაპირო ტერიტორიაზე კი მცირე ინტენსივობით შეინიშნება", — ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში, ასევე, აცხადებენ, რომ 7 იანვარს ხანძარი ჩააქრეს გუდაუთის, ოჩამჩირისა და გალის რაიონშიც. დღეს, 8 იანვრის დილის 8:30 საათზე კი ხანძრის შესახებ შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელიდან მიიღეს. კერძოდ, ცეცხლი ხის სახლს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრეების მუშაობის მიუხედავად, სახლი მთლიანად დაიწვა.

ძლიერი ხანძარი იყო გვიან ღამით გაგრაში. ადგილობრივები ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი 4 იანვარს გალის რაიონში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამსახურის განმარტებით, 600 ჰექტარზე მინდვრები და ტყეები იწვოდა. ჯამში სტიქიამ 9 სოფელი მოიცვა. მათივე თქმით, სოფელ ზემო ბარღებში სამი საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების შენობები დაიწვა. ადგილობრივი მოსახლეობა On.ge-სთან ამბობს, რომ ცეცხლის კერები სხვადასხვა ადგილას ისევ შეინიშნება.