5 მიზანი, რომელიც მომავალ წელს თქვენი მენტალური კეთილდღეობისთვის უნდა დაისახოთ
წინასაახალწლო მზადებასთან ერთად, დეკემბრის მიწურულს ბევრი ადამიანი მომავალი წლის გეგმებს აწყობს. იმის გათვალისწინებით, რომ 2020-ის გეგმები მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენგანს ჩაგვეშალა, 2021-ის დასაგეგმად კი მთელი წელი გვქონდა, ალბათ თქვენი სია ოპტიმისტური გადაწყვეტილებებით და ამბიციური მოლოდინებითაა სავსე.
მიუხედავად იმისა, რომ გეგმების უმეტესობას ისედაც ვნებდებით იანვარში — აღარც ახლადაწყებული უცხო ენა გვაინტერესებს და არც მუყაითი მუშაობის ხასიათზე ვართ ხოლმე — მნიშვნელოვანია, მენტალური ჯანმრთელობა პრიორიტეტად ვაქციოთ და მთელი წელი ვეცადოთ დასახული მიზნების სისრულეში მოყვანას. სხვა თუ არაფერი, 2020 წელში შექმნილმა ცხოვრების წესმა დაგვარწმუნა, რომ როგორც იმუნურ სისტემას სჭირდება მოფრთხილება, ასევე სჭირდება ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და გონებას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გეგმები მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ და ავხსნათ, რატომ გვჭირდება უპირატესად მათი გათვალისწინება.
1. გახადეთ შინაგანი ხმა უფრო თანამგრძნობი
გონებაში ყველას გვესმის ხმა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამუდმებით "ახმოვანებს" ყველაფერს და რეაგირებს იმაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ეს ხმა ჩვენს თვითიდენტობასაც აყალიბებს და საკუთარი თავის აღქმაში გვეხმარება. ბოლოს როდის დაუკვირდით, როგორ გესაუბრებოდათ საკუთარი ხმა?
ადამიანების უმეტესობისათვის შინაგან ხმას კრიტიკული და ნეგატიური ტონი აქვს. ჩვენ დაუფიქრებლად ვსჯის და ვტუქსავთ საკუთარ თავს ჩვენი შეცდომებისთვის და მუდამ კონცენტრირებული ვართ ცუდის მხარის დანახვაზე. ამდენად, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი გულშემატკივარით ვიყოთ, თავადვე ვუკარგავთ მას ხალისს. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, დასახული მიზნებისკენ სწრაფვაში ხელს გვიშლის და დაწყევლილი წრეც იკვრება — ვერ ვაღწევთ მიზნებს, ვტუქსავთ საკუთარ თავს, ამის გამო ვერ ვაღწევთ სხვა მიზნებს და ასე დაუსრულებლად.
საბედნიეროდ, შეგვიძლია, შინაგანი ხმის ტონის მეტი თანაგრძნობა და თავაზიანობა შევძინოთ. მომავალ წელს, როცა ეს ჯიჯღინა ხმა კვლავ შემოგიტევთ, წუთით გააჩუმეთ, საკუთარი თავს სხვისი თვალით შეხედეთ და ცივ გონებაზე გააანალიზეთ, რა ხდება რეალურად. შემდეგ, კვლავ მიეცით ხმას საუბრის უფლება, ოღონდ ამჯერად თქვენი ტონით მიაწოდეთ სასურველი აზრი — ის, რასაც იდენტურ მდგომარეობაში ახლო მეგობარს ეტყოდით.
მაგალითისთვის, აზრი "სულელი ვარ", შეიძლება, შეიცვალოს — "ვსწავლობ და ვიზრდები".
"ყოველთვის ყველაფერს ვაფუჭებ" — "შეცდომას ყველა უშვებს".
"ამას ვერ შევძლებ" — "რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ".
2. ისწავლეთ მადლიერება
2020 მეტ-ნაკლებად ყველასთვის უფრო ცუდი პერიოდი იყო, ვიდრე საშუალო სტატისტიკური წელი, თუმცა დანაკარგებით, გაურკვევლობითა და შფოთვით აღსავსე პერიოდშიცაა შესაძლებელი, ჩვენს ცხოვრებაში არსებული პოზიტიური ამბების გამო მადლიერი ვიყოთ.
მადლიერების გრძნობა არაერთ მენტალურ სარგებელს უკავშირდება, მათ შორის, შემცირებულ სტრესს, სიცოცხლისუნარიანობის, ბედნიერების შეგრძნების და თვითშეფასების გაზრდას. იგი დადებით გავლენას ახდენს ურთიერთობებსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც.
მადლიერების სწავლა კი მრავალგვარი ფორმით შეიძლება, ამდენად, თქვენთვის შესაფერისი გზა უნდა იპოვოთ. მთავარია, ეს გზა რუტინულ საქმედ არ იქცეს, ამის ნაცვლად კი მადლობის გრძნობა გააღვივოს. მაგალითად, ყოველ დილას ან საღამოს, შეგიძლიათ ფურცელზე დაწეროთ სამი რამ, რის გამოც მადლიერი ხართ დღეს ან მისწეროთ მადლობის წერილები განსაკუთრებულ ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში.
3. ისწავლეთ უარის თქმა
ჩვენი დრო და ენერგია ყველაზე ძვირფასი რესურსებია, რაც გაგვაჩნია. ამის გათვალისწინებით, იფიქრეთ, როგორ გადაანაწილებთ ამ რესურსებს 2021-ში — რომელი აქტივობა, ადამიანი და ინტერესია თქვენთვის უპირატესი.
როცა ამ პრიორიტეტებზე კონცენტრირდებით, აუცილებლად დადგება უფრო რთული გამოწვევის დაძლევის ჯერი — ისწავლოთ თავაზიანი და რბილი უარის თქმა.
თქვენ უარის თქმის უფლება გაქვთ. მიწვევებზე, თხოვნებზე ან ნებისმიერ რამეზე, რისი დრო, სურვილი ან ენერგიაც არ გაგაჩნიათ ამ დროისთვის. ბევრი ჩვენგანი ნებისმიერ ფასად ცდილობს, არ გააწბილოს შეთავაზების ადრესანტი და თანხმობა განაცხადოს, თუმცა სხვების სიამოვნებისთვის/არწყენინებისთვის რამის გაკეთება "გადაწვისკენ" მიმავალი გზაა. ამდენად, უკეთესი იქნება, თუ თქვენ წინ წარმოდგენილ წინადადებებზე დასაფიქრებლად დროს გამონახავთ და ყველაფერზე თანხმობას დაუყოვნებლივ არ განაცხადებთ.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ვალდებული არ ხართ, უარის მიზეზი ახსნათ, თუკი ეს თავად არ გსურთ. ზოგი ადამიანი, პირდაპირ თუ უნებლიეთ, შეეცდება, თავი დამნაშავედ გაგრძნობინოთ, თუმცა მტკიცედ გჯეროდეთ, რომ ყველას აქვს უფლება, თავაზიანად უარყოს ნებისმიერი შეთავაზება, რისთვისაც ან დრო არ აქვს, ან — სურვილი.
4. დრო დაუთმეთ გართობას
როცა საჭირო დროს უარის თქმას ისწავლით, მეტი დრო და ენერგია დაგრჩებათ გართობისა და ხალისისათვის. ზოგჯერ (ან, შეიძლება ითქვას, უმეტესწილად) იმდენად ვართ ჩართულები ჩვენს დაკავებულ ყოველდღიურობაში და ზედმეტად კონცენტრირებულები — ვალდებულებებზე, რომ გვავიწყდება, რამდენად მნიშვნელოვანია იმის კეთება, რაც სიხარულს გვგვრის.
ხალისი და გართობა, მადლიერების მსგავსად, ინდივიდუალური ცნებაა და მისი გამოხატულება მრავალგვარი შეიძლება იყოს: მანქანაში საყვარელი სიმღერის მოსმენიდან ძილის წინ თბილი ჩაის დალევამდე. იქნებ, ბუნებაში მეტი დროის გატარება გირჩევნიათ, ან კარგი წიგნის წაკითხვა, ან, სულაც ძველ მეგობართან საუბარი. გრძელვადიან პერსპექტივაში სიხარულის მომნიჭებელია ახალი ჰობიც — ხატვა ან მუსიკა — ან, უბრალოდ, ტელევიზორის წინ მოკალათება და ფილმების და სერიალების ყურება.
როცა თავშექცევაზე აქტიურად ვკონცენტრირდებით, მივხვდებით, რომ გართობა მხოლოდ უქმეებზე ან შვეულებაში კი არა, არამედ ყოველდღიურადაც შეგვიძლია. მოულოდნელი ან დაუგეგმავი სიხარული, ცხადია, უფრო სასიამოვნოა, თუმცა თუკი გავიაზრებთ მის მნიშვნელობას და ყოველდღე ვეცდებით, მას დრო დავუთმოთ, ეს მეტ-ნაკლებად სტაბილური განწყობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
5. ისწავლეთ დახმარების თხოვნა
ასეთი რთული წლის შემდეგ, მომავალ წელს გაიაზრეთ, რომ მარტო არ ხართ — არც მარტომ უნდა გააკეთოთ ყველაფერი. ჩვენ სოციალური არსებები ვართ — ერთგვარად ურთიერთდამოკიდებულნიც ვართ, რადგან ბუნება ერთმანეთთან კავშირისკენ გვიბიძგებს. ყველაფერთან დამოუკიდებლად გამკლავების ნაცვლად, დაფიქრდით, ვინ შეიძლება მხარი გაგიმაგროთ და დაგეხმაროთ.
ბევრ ჩვენგანს ერიდება, როცა მეგობარს სთხოვს, სადმე წაიყვანოს, ან დაურეკოს და მისაღები გადაწყვეტილების შესახებ ესაუბროს. როგორც უარის თქმის უფლება გვაქვს, ასე გვაქვს ახლობელი ადამიანისათვის დახმარების თხოვნის უფლება. პრობლემები მხოლოდ ტვირთი არაა, თქვენს ცხოვრებაში კი უამრავი ადამიანი იქნება, ვინც სიამოვნებით დაგეხმარებოდათ, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.
ხოლო თუკი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება გიხდებათ და ახლობლების დახმარება საკმარისი არაა, ყველაზე კარგი, რაც შეგიძლიათ საკუთარ თავს გაუკეთოთ, პროფესიონალის დახმარების ძიებაა. მენტალურ ჯამრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, თუნდაც ანონიმურად, შეგიძლიათ, შემოუერთდეთ ჩვენს ფეისბუქჯგუფს, სადაც ასევე ნახავთ რეკომენდებული ფსიქოთერაპევტების საკონტაქტო ინფორმაციას.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, 2021 წელს მაინც საკუთარი თავის მიღებაა — ყველა ჩვენ მიერ აღქმული ნაკლოვანებით თუ პრობლემით. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი კეთილდღეობა მიზანი არ არის, რომელსაც მივაღწევთ და გავჩერდებით. ეს არის მუდმივი პროცესი, როცა ვცდილობთ, გვეშლება და შემდეგ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. ცოტა დაგეგმვით, დაფიქრებითა და საყვარელი ადამიანების დახმარებით, მომავალ წელს განახლებული ძალებით შეგვიძლია შევხვდეთ და გვახსოვდეს, რომ საკმარისზე მეტი ვართ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები