მეცნიერებმა გველების ახალი სახეობა აღმოაჩინეს
Levitonius mirus-ს დამალვა საკმაოდ კარგად ეხერხება. ეს გველის ახალი სახეობაა, რომლის იდენტიფიცირებაც მეცნიერებმა სულ ახლახან შეძლეს. თავის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში, ფილიპინების არქიპელაგის სამარისა და ლეიტის კუნძულებზე, ეს არსება, ცხოვრების უდიდეს ნაწილს მიწისქვეშ ძრომიალში ატარებს და ზედაპირზე მხოლოდ თავსხმა წვიმების დროს ამოდის, იმ ჭიაყელების მსგავსად, რომლებიც, წვიმის შემდეგ ტროტუარებზე გვხვდებიან ხოლმე.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ როდესაც 2006 და 2007 წელს ამ სახეობის გველების ნიმუშები შეაგროვეს, ისინი შემთხვევით გველების სხვა სახეობას მიაკუთვნეს. 2014 წელს ამ კოლექციას ზემოაღნიშნული სახეობის ახალი ნიმუშებიც მიემატა. ისინი წლების მანძილზე კანზასის უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტსა და ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში ინახებოდა. ამ დროის მანძილზე მეცნიერებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ისინი გველების ქვერიგში სრულიად ახალ გვარს იკვლევდნენ.
ერთ დღეს კი, როდესაც კანზასის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და უმცროსი მკვლევარი ჯეფ ვეინელი ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში აღნიშნულ ნიმუშებს აკვირდებოდა, მან გადაწყვიტა მოლეკულური ანალიზის ჩატარება, შემდეგ კი ნიმუშები ფლორიდის უნივერსიტეტში კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის გაგზავნა. დღეს კი ვეინელი არის მთავარი ავტორი ჟურნალ Copeia-ში გამოქვეყნებული ნაშრომისა, რომელშიც გველების სრულიად ახალ სახეობასა და გვარზეა საუბარი.
"თავიდან, უბრალოდ, გველების იმ ჯგუფის შესწავლით ვიყავი დაინტერესებული, რომელსაც აქამდე აღნიშნულ ნიმუშებს აკუთვნებდნენ", — ამბობს ვეინელი. "სწორედ ამ დროს დავიწყე სადოქტორო ნაშრომის წერა კანზასის უნივერსიტეტში. ვცდილობდი სხვადასხვა სახეობისა და გვარის გველებზე შემეგროვებინა საკმარისი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც უნდა გადამეწყვიტა, თუ რისი კვლევა მინდოდა ყველაზე მეტად. ვიცოდი, რომ Pseudorabdion-ის (გველების ჯგუფი) რამდენიმე სახეობა ფილიპინებში ბინადრობს და მინდოდა მათ შორის კავშირი დამედგინა. ამიტომ, გავაკეთე სია ყველა იმ ნიმუშისა, რომლებიც მუზეუმში გვქონდა და რომლებიც ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, და დავიწყე მათი დნმ-ის მიმდევრობის შესწავლა იმ ქსოვილებიდან, რომლებიც ყველაზე გამოსადეგი იყო", დაამატა მან.
როგორც კი ვეინელმა მოლეკულური კვლევის შედეგები მიიღო, იგი მიხვდა, რომ ეს გველები Pseudorabdion-ის ჯგუფს საერთოდ არ მიეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი კლასიფიცირება არ იყო ადვილი საქმე: ფილიპინების არქიპელაგი განსაკუთრებით გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით. აქ მინიმუმ 112 სახეობის გველი ბინადრობს, რომლებიც 41 გვარსა და 12 ოჯახს წარმოადგენენ.
"აღმოჩნდა, რომ ეს სახეობა გველების სრულიად სხვა ოჯახს მიეკუთვნება", — ამბობს ვეინელი. "ამის გამო გადავწყვიტე, დეტალურად შემესწავლა იგი და მივხვდი, რომ იგი გარკვეული თვისებებით საკმაოდ განსხვავდება იმ სახეობისგან, რომელსაც ის თავიდან მიაკუთვნეს," — დასძინა მან.
ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორისა და კანზასის უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტისა და ბუნების ისტორიის მუზეუმის კურატორის, რეიფ ბრაუნის დახმარებით, ვეინელმა უკეთესად შეისწავლა აღნიშნული სახეობის გველების მორფოლოგია. მეცნიერებმა განსაკუთრებული ყურადღება გველის ქერცლებს მიაპყრეს, ვინაიდან ეს ნიშანი ხშირად სახეობების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება.
მოგვიანებით ახალგაზრდა მეცნიერმა ერთ-ერთი ნიმუში ისევ ფლორიდის უნივერსიტეტში გაგზავნა კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის, რათა უფრო ზუსტად შეესწავლა ამ მისტიკური ფილიპინური გველის ანატომია. მიღებული შედეგები კი გამაოგნებელი აღმოჩნდა.
"ამ არსებას, სხვა სახეობის გველებთან შედარებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირე რაოდენობის ხერხემლის მალები აქვს. ეს, ალბათ, გარემოსთან ადაპტაციის მაგალითს წარმოადგენს — ვინაიდან ამ სახეობის გველები სიცოცხლის უდიდეს ნაწილს მიწის ქვეშ ატარებენ," — ამბობს იგი.
საბოლოოდ, ვეინელმა და მისმა კოლეგებმა შეძლეს განესაზღვრათ ამ უჩვეულო არსების გვარი და სახეობა. ცხოვრებაში პირველად, მას მიეცა შესაძლებლობა, რომ გველი მეცნიერულად "მოენათლა" — ვეინელმა ამ სახეობას Levitonius mirus უწოდა.
"სახეობას ეს სახელი ლევიტონის პატივსაცემად დავარქვი. ეს ადამიანი კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარია, რომელმაც ფილიპინებში გველების შესწავლას რამდენიმე ათეული წელი შეალია და დღემდე განაგრძობს ამ საქმიანობას დღემდე. ქვეწარმავლების შესწავლა ფილიპინების არქიპელაგზე მან 60-იან წლებში დაიწყო. ამიტომ, ეს ამ სახეობისთვის ერთგვარი საპატიო სახელია", ამბობს მეცნიერი. რაც შეეხება mirus-ს, ეს ლათინური სიტყვაა და მოულოდნელს ნიშნავს.
გარდა ბრაუნისა, ვეინელთან ერთად ახალ ნაშრომზე მუშაობდნენ დენიელ პალუჰი ფლორიდის უნივერსიტეტიდან და კამერონ საილერ ოკლაჰომას უნივერსიტეტიდან. ბრაუნის განცხადებით, აღნიშნული ნაშრომი ხაზს უსვამს ბიომრავალფეროვნების კოლექციების შექმნის მნიშვნელობას კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში.
"ამ შემთხვევაში 'ექსპერტმა საველე ბიოლოგებმა' არასწორი იდენტიფიცირება მოახდინეს ან ნიმუშებისა. იგივე მეორდებოდა წლების მანძილზე — მეცნიერებს ეს გველების უკვე გავრცელებული სახეობის ახალგაზრდა წარმომადგენლები ეგონათ და მათთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ," — ამბობს ბრაუნი.
ფილიპინების მამა სატურნინოს ურიოს უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების ინფორმატიკისა და კვლევითი ცენტრის ბიოლოგის, მარიტეს ბონაჩიტა-სანგულას მიხედვით, ამ სახეობის აღმოჩენა "მიანიშნებს, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი რეპტილიებზე სამხრეთ ფილიპინებში, ამისთვის კი მათი მიკროჰაბიტატების დაწვრილებით გამოკვლევაა საჭირო."
"უოლტერ ბრაუნისა და ენჰელ ალკალას ავტორობით შექმნილმა ინოვაციურმა ფილიპინურმა ჰერპეტოლოგიურმა (მიმართულება, რომელიც შეისწავლის ქვეწარმავლებს) ნაშრომმა 1960-იანებიდან 1990-იან წლებში ბიოლოგებს დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახეობის სპეციფიკურ მიკროჰაბიტატებზე ყურადღების გამახვილება", ამბობს სანგულა.
მან ასევე დასძინა, რომ ფილიპინებში დღეს საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა სახეობათა ჰაბიტატების გაქრობა, თუ მათი არეალის შემცირება მიწის ანთროპოგენული გამოყენების შედეგად. ასეთია, მაგალითად, ტყის ჩეხვა თუ მიწების სამეურნეო მიზნებით გამოყენება.
"ეს სიახლე და ისიც, რასაც მომავალში ამ პატარა არსებებზე ვისწავლით, ბუნების კონსერვაციის ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში დაგვეხმარება, რაც შედეგად ფილიპინებში ენდემური სახეობების გადაშენების საფრთხისგან დაცვას შეუწყობს ხელს. ეს ეხება ისეთ სახეობებსაც, რომლებსაც, Levitonius mirus-ის მსგავსად, ძალიან იშვიათად ვხვდებით," — განმარტავს ფილიპინელი მეცნიერი. "ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდება მიწების გამოყენების მართვის ეფექტური სტრატეგია არამხოლოდ ისეთი სახელგანთქმული სახეობების დასაცავად, როგორც არწივი და გრძელტერფაა, არამედ ნაკლებად ცნობილი, თითქმის შეუმჩნეველი ცხოველების და მათი ჰაბიტატებისთვისაც. ამ პატარა გველის შემთხვევაში, საჭიროა ტყის ნიადაგების შენარჩუნება, რადგან ეს მათთვის ერთადერთ საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს", ამბობს იგი.
კომენტარები