Axis-ის 18-წლიანი ისტორია და სამომავლო პროექტები
დღეს დეველოპერულმა კომპანია აქსისმა დირექტორთან, გიორგი კაპანაძესთან ერთად თბილისში მედიატური მოაწყო, რომლის ფარგლებშიც მედიას კომპანიის არსებობის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და მომავალი გეგმები გააცნო.
აქსისი 18-წლიან ისტორიას ითვლის. ამ პერიოდში კომპანიამ კრიზისული პერიოდიც გადაიტანა, თუმცა მშენებლობების განახლების შედეგად გასული წლების ვალდებულებების შესრულება 2018 წლის ბოლომდე იგეგმება.
აქსისი მუშაობის ისტორიას 3 ნაწილად ყოფს - კრიზისამდე და კრიზისის შემდეგ განხორციელებული სამუშაოებისა და სამომავლო პროექტების მიხედვით.
საირმის ქუჩაზე გვერდიგვერდ ორი 23-სართულიანი კორპუსი აშენდება.
ერთი კორპუსი უკვე დასრულებულია, ხოლო მეორეს ტერიტორიაზე საძირკველის სამუშაოები მიმდინარეობს. თითოეულ შენობაში 120 ოჯახი იცხოვრებს. საირმის ქუჩებზე არსებული ობიექტები უკანასკნელია, რომელთა მშენებლობაც კრიზისის გამო შეჩერებული იყო:
"საირმის ქუჩაზე ბოლო ობიექტია, რომელიც შეჩერებული იყო კრიზისის გამო. აქ 2017 წლის იანვარში განვაახლეთ მუშაობა. რადგან მაღალი შენობაა, სამუშაოები 2018 წელს დასრულდება", - გვითხრა აქსისის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ.
პოსტკრიზისული პერიოდის მშენებლობებიდან აქსისს სულ 7 კორპუსი აქვს დარჩენილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი უკლებლივ ყველა კლიენტს დააკმაყოფილებენ ძველი პირობებითა და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით:
2017 წელს დასრულდება:
- კედიას 10 (2 კორპუსი);
- პალასი 1 (I და VI კორპუსი);
- პალასი 2 (IV და VI კორპუსი).
2018 წელს:
- პალასი 1 (VII კორპუსი);
- საირმე პალასი (II კორპუსი).
აქსის პალასი 1 შედგება ათი საცხოვრებელი ბლოკისგან, მათგან შვიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ორი მიმდინარე წელს დასრულდება, ხოლო ერთი - 2018 წელს. აქსის პალასი გათვლილია 600 ოჯახზე. ობიექტს აქვს ავტოფარეხიც, რომელიც 350 მანქანას იტევს.
აქსის პალასი 2 შედგება ექვსი საცხოვრებელი ბლოკისგან, აქედან ოთხი უკვე დასრულებულია, ხოლო ორის მშენებლობა მიმდინარეობს და წელს დასრულდება. ობიექტში 400 ოჯახი შევა, ის დატვირთული იქნება საოფისე ფართებითაც.
პალასი 1-ში წელს გაიხსნება საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი სუპერმარკეტის ქსელი. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია საფეხმავლო გზებსაც მოაწყობს. პალასი 2-ში ბახტრიონისა და საბურთალოს ქუჩები სწორედ საფეხმავლო ქუჩით შეუერთდებიან ერთმანეთს.
მსგავსი ქუჩა გაკეთდება აქსის თაუერშიც და მისი სიგანე 20 მეტრი იქნება.
"საფეხმავლო ქუჩები მხოლოდ ძველ თბილისში გვაქვს, და კარგია, რომ თანამედროვე თბილისშიც მოეწყობა გზები ქვეითებისთვის", - ამბობს გიორგი კაპანაძე.
აქსის თაუერი 85-მილიონიანი პროექტია, რომელსაც კომპანია თანაინვესტირების ფონდთან ერთად აშენებს.
არსებობის 18 წლის განმავლობაში აქსისმა 38 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და 2017-2018 წლებში 15 მიმდინარე და ახალი პროექტის დასრულების პირობას დებს.
აქსისის მიერ კრიზისამდე აშენებული კორპუსები შემდეგ მისამართებზე მდებარეობს:
- პეტრიაშვილის #28 (1 კორპუსი);
- პეტრიაშვილის #25 (3 კორპუსი);
- არაყიშვილის #14 (1 კორპუსი);
- არაყიშვილის #16 (1 კორპუსი);
- თამარაშვილის #13 (3 კორპუსი);
- მცხეთის #17 (1 კორპუსი);
- ყაზბეგის #24 (8 კორპუსი).
პოსტკრიზისული პერიოდიდან დღემდე აქსისმა 20 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაასრულა შემდეგ მისამართებზე:
- საირმე პალასი (1 კორპუსი);
- კედიას #10 (1 კორპუსი);
- აბაშიძის #34/36 (2 კორპუსი);
- ჭავჭავაძის #75 (2 კორპუსი);
- ჭავჭავაძის #49 (1 კორპუსი);
- კარტოზიას #6 (2 კორპუსი);
- პალასი 1 (7 კორპუსი);
- პალასი 2 (4 კორპუსი).
კომენტარები