ფოტოგრაფმა იშვიათი რვაფეხა დააფიქსირა, რომელსაც გამჭვირვალე თავი აქვს
ოკეანის საიდუმლოებით მოცული ღრმა წყლები ყოველთვის წარმოადგენდა ადამიანების ინტერესის სფეროს. აქ ჯერ კიდევ იმალება უამრავი ცოცხალი ორგანიზმი, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით.
შესაძლოა გსმენიათ ოკეანის ბნელი წყლების ფოტოგრაფიის შესახებ. ეს კიდევ ერთი საინტერესო მიმართულებაა, რომლის მიმდევრებიც ასეთ არეებში ღამით ჩადიან და წყლის იდუმალი სახეობებს უღებენ ფოტოებს. უკვე 4 წელია, რაც ტაიპეიში მოღვაწე ფოტოგრაფი ვუ იუნგ-სენი ამ საქმიანობითაა დაკავებული. ბოლო ყვინთვის დროს მან იშვიათი Wunderpus-ის გვარის რვაფეხა დააფიქსირა. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე აღბეჭდილია ახალგაზრდა რვაფეხა, რომელიც გამჭვირვალე თავით ხასიათდება, ამიტომ აშკარადაა შესაძლებელი მისი წითელი ტვინის დანახვა, რომელიც ასე დეტალურად ჩანს ფოტოზე. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სანახაობა ბუნებაში არც თუ ისე ხშირად გვხვდება.
Wunderpus რვაფეხა, რომელსაც Wunderpus photogenicus (ფოტოგენური საოცრება) ეწოდება, პირველად 2006 წელს იქნა რეგისტრირებული ახალ სახეობად. რვაფეხას სხვა სახეობებთან შედარებით, იგი ჯერ ისევ არ არის კარგად შესწავლილი. ეს პატარა ქმნილება წყნარ ოკეანეში, ფილიპინების სანაპირო წყლებში ბინადრობს და მოზრდილობის ასაკიდან წითელი შეფერილობითა და თეთრი ლაქებით ან ზოლებით გამოირჩევა. საოცარი ისაა, რომ მას უნარი აქვს დაემსგავსოს ზღვის ისეთ ცხოველებს, როგორიცაა შხამიანი ეკლებიანი ლომთევზა. ეს Wunderpus რვაფეხების შემჩნევას კიდევ უფრო ართულებს. თუმცა აღნიშნული თავდაცვითი მექანიზმი ახალგაზრდა რვაფეხებს დამალვაში არ ეხმარება, რადგან ისინი ჯერ კიდევ გამჭვირვალენი არიან.
პატარა Wunderpus photogenicus, რომელსაც ფოტოგრაფი ფილიპინებში, ანილოს მიმდებარედ ყვინთვის დროს გადააწყდა, რვაფეხას სასიცოცხლო ციკლის ერთ-ერთ ფაზაში იმყოფება. ამ დროს რვაფეხას თავი ნახევრადგამჭვირვალეა და მისი ტვინის დანახვაც კია შესაძლებელი.
ცხადია, ბნელ წყლებში ასეთი პატარა ქმნილებების დაფიქსირება ადვილ საქმეს არ წარმოადგენს. იუნგ-სენმა Wunderpus რვაფეხასთვის ფოტოს გადასაღებად მყვინთავებისთვის კარგად ცნობილი ტექნიკები გამოიყენა. ეს ენთუზიასტები ზღვაში ნავით გადიან და იქ ჩერდებიან, სადაც ოკეანის სიღრმე 2 კილომეტრზე მეტს აღემატება. ისინი ჯერ წყალში სინათლის წყაროს უშვებენ, შემდეგ კი თვითონაც ჩადიან 50 მეტრის სიღრმეზე. ამ დროს მყვინთავები სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, მიმაგრებულნი რჩებიან ნავზე. 50 მეტრ სიღრმემდე ჩასვლის შემდეგ კი უბრალოდ იცდიან. სინათლე თავდაპირველად მიკროსკოპულ ზოოპლანქტონს იზიდავს, პლანქტონი კი, თავის მხრივ, იზიდავს შედარებით დიდი ზომის ქმნილებებს, რომლებიც უმცირესი ორგანიზმებით იკვებებიან. მედუზები, მოლუსკები და ახალგაზრდა ორგანიზმები სინათლისკენ მოემართებიან და აქ ეძებენ საკვებს. ბნელი წყლების ფოტოგრაფიაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისინი უმცირესი ზომის ორგანიზმებს განცალკევებულად, სხვა ინდივიდებისგან იზოლირებულად აფიქსირებენ. ხანდახან ძნელიც კია მათი თავის და ბოლოს გარჩევა, რადგან ისინი ერთადერთი სინათლის წყაროს გარშემო ტრიალებენ, რაც მათ დაკვირვებას ცოტა ართულებს.
იუნგ-სენისთვის ბნელი წყლების ფოტოგრაფია წარმოადგენს ადამიანებისთვის ბუნების ჯერ კიდევ შეუსწავლელ ქმნილებათა ჩვენების გზას. აღსანიშნავია, რომ ეს ნიჭიერი ფოტოგრაფი მეჩხერი წყლების ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. იგი ასევე წარმოადგენს ტაივანის ეროვნული კონკურსის — Sony World Photography ის ჯილდოს მფლობელს, რომელიც კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ორაგულების მიგრაციის ფოტოსთვის დაიმსახურა. ამ კადრის გადასაღებად იგი რამდენიმე საათის მანძილზე იცდიდა ყინულივით ცივ მდინარეში.
იუნგ-სენი ამბობს, რომ "ამ ტიპის ფოტოგრაფიას უდიდესი გამოწვევები და სირთულეები ახლავს თან. ეს საქმე გარკვეულწილად გამართლებაზეა დამოკიდებული, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ოკეანეში ფოტოების გადაღება უცხოპლანეტელების დევნას გავს კოსმოსში, სადაც გრავიტაციაც კი არაა. იმისთვის, რომ ბნელი წყლების ფოტოგრაფი გახდე, აუცილებელია იყო გამოცდილი მყვინთავი, იყო ფიზიკურად ძლიერი, გქონდეს სათანადო აღჭურვილობა, და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეგეძლოს დიდ ხანს ლოდინი".
ფოტოგრაფის თქმით, ვინაიდან ბნელი წყლის ორგანიზმთა დიდი ნაწილი განვითარების საწყის ფაზაში იმყოფება, ისინი გამჭვირვალენი არიან და სინათლეზე კარგად ჩანს მათი შიდა ორგანოები. ეს ყველაფერი კი ბნელი წყლების ფოტოგრაფიას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ახალგაზრდა და მოზრდილი ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებიან. მაგალითად, ზოგიერთი ლარვას კუჭი მათი სხეულის გარეთაა მოქცეული. ჩვეულებრივ, ბუნებაში ასეთ სანახაობას არ ვხვდებით.
"იმედი მაქვს, რომ ჩემი შემოქმედებით ყველა შეძლებს იმ გასაოცარი ლამაზი სამყაროს გაცნობას, რომელიც ოკეანის ღრმა წყლებში იმალება. ასეთ ადგილებში გადაღებას განსაკუთრებით სახალისოს ხდის ის ფაქტი, რომ აქ შეიძლება სრულიად უცნობ სახეობას გადააწყდე. ლარვების უმეტესობას გამჭვირვალე სხეული აქვს. ეს მართლაც შესანიშნავი სანახაობაა და მინდა ერთი შეხედვით არამიწიერი ცოცხალი არსებების სურათები ყველას ვაჩვენო", — ამბობს იუნგ-სენი.
კომენტარები