1 000 კომპიუტერი 1 000 მრავალშვილიან ოჯახს — როგორ ცვლის შენმოქმედის პროექტი ახალგაზრდების რეალობას
ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ პანდემიამ ეკონომიკის სფეროს შემდეგ ყველაზე დიდი ზიანი განათლების სისტემას მიაყენა. სასწავლო დაწესებულებები, ისევე, როგორც სტუდენტები და მოსწავლეები, განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ აღმოჩნდნენ მზად ახალი რეალობის გამოწვევებისთვის — მნიშვნელოვანი ხარვეზები წარმოიშვა ეფექტიანი სწავლების მიწოდების კუთხით, თუმცა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, პრობლემა საწყის ეტაპზევე არსებობს, რადგან მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილი შესაბამისი ტექნიკითა და ინტერნეტკავშირით არ არის აღჭურვილი. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში ახალგაზრდების ორ მესამედს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 15 პროცენტს უტოლდება — მაშინ, როცა სასკოლო განათლების დისტანციურ რეჟიმში გადანაცვლების გამო 661 500 ბავშვს ვირტუალურად სწავლა უხდება.
შენმოქმედი — პასუხი გამოწვევებზე
სწორედ მაშინ, როდესაც მოსწავლეები და სტუდენტები ასეთ წინააღმდეგობას აწყდებიან, იკვეთება სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის როლი. ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო ჯგუფი, და ახლა უკვე ორგანიზაცია, რომელმაც გამოწვევებთან გამკლავების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, შენმოქმედია. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია სექტორი 3-ისა და ფონდ პროდემოსის ინიციატივით დაფუძნდა, მიზნად კი საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობების განხორციელება დაისახა.
"შენმოქმედის სამოქალაქო მოძრაობა 'მადლიერების ტაშის' შემდეგ დაიბადა", — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, მარიამ ჯაფარიძე, On.ge-სთან საუბარში, — "ინიციატივას უამრავი აქტიური მოქალაქე შემოუერთდა და სწორედ ამის მერე გაჩნდა იდეა, რომ გაგვეგრძელებინა აქტივობა, რადგან ჩვენს თანამოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ. ამიტომ, სექტორმა 3-მა და ფონდმა პროდემოსმა საფუძველი ჩაუყარეს მოძრაობა შენმოქმედს, რომელმაც არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა".
ძალიან მოკლე ხანში განხორციელებული ინიციატივებიდან ყველაზე მასშტაბური მარიამის ხსენებული "მადლიერების ტაშია", რომელმაც მილიონზე მეტი მოქალაქე მოიცვა. ერთგვარი პერფორმანსით მათ ჩვენზე მზრუნველ ადამიანებსა და მედიკოსებს მადლობა აპლოდისმენტებით გადაუხადეს. აგრეთვე წარმატებით განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც 7 000 კგ-ზე მეტი საკვები პროდუქტი იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სტუდენტებს, ასევე მრავალშვილიან ოჯახებს მიეწოდა. გარდა ადამიანებზე ზრუნვისა, მოძრაობამ კარანტინის გამო მარტოდ დარჩენილი ცხოველებისთვისაც გამოყო რესურსი და მათ 1 000 კგ საკვები დაურიგა.
მიუხედავად ასეთი მასშტაბის განხორციელებული პროექტებისა, შენმოქმედის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან მისიად მოსწავლეებისა და სტუდენტების მოდიფიცირებულ სასწავლო პროცესში ჩართვა იქცა, ამისთვის კი მთავარი ამოცანა მათი კომპიუტერებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა იყო.
სამოქალაქო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მაგალითი
მარიამის თქმით, შენმოქმედის იდეების გაჟღერების შემდეგ მათ საქმიანობაში აქტიური ხელშეწყობით ჩაერთო ბევრი მხარე, მათ შორის კერძო სექტორი, სამოქალაქო ორგანიზაციები და რიგითი ადამიანები; წარმატებული თანამშრომლობა შედგა სახელმწიფო სტრუქტურებთანაც.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ შენმოქმედი განიხილება, როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორების საერთო მიზნისთვის გაერთიანების წარმატებული მაგალითი. კერძო სექტორმა, ამ შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი დახმარება გაუწია პროექტს — ფინანსური თანამონაწილეობით, ტექნიკის შეწირვით, საჭირო პროდუქციის შეღავათიანი ფასით შეთავაზებით და სხვა.
ფილანთროპიულმა საქმემ გააერთიანა როგორც რიგითი ადამიანები, ასევე "ინფლუენსერები", რომელთაც პროექტის განვითარებასა და მასშტაბის გაზრდაში საკუთარი წვლილი შენაწირის სახით შეიტანეს. შენმოქმედმა აგრეთვე ითანამშრომლა პროექტთან ჩართე, რომელსაც მსგავსი საქმიანობის განხორციელების კუთხით გამოცდილება აქვს მიღებული.
ტექნიკის ან ფინანსური დახმარების შეწირვით პროექტს კერძო სექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა. ამ დროისათვის კი საქართველოს ყველა რეგიონში შენმოქმედის უპრეცედენტო და უსასყიდლო შეთავაზებით პირველ ეტაპზე, აპრილის თვიდან ივნისამდე, ინტერნეტპროვაიდერულ კომპანია სქაიტელთან თანამშრომლობით, 205 ოჯახი და 700-მდე ახალგაზრდა სარგებლობს. პირველ ეტაპზე ისინი ონლაინგანაცხადების და გაწეული რეკომენდაციების საფუძველზეც შეარჩიეს, თუმცა მსურველების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა.
პატივი და პასუხისმგებლობა
შენმოქმედის პარტნიორი პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებისას ინტერნეტკომპანია სქაიტელი იყო. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, სქაიტელში პანდემიის დაწყებისთანავე დაინახეს ის საჭიროება, რომლის წინაშეც მოუმზადებლად აღმოჩნდა უამრავი ოჯახი და ახალგაზრდა. და, რადგან სწორედ სქაიტელმა აღჭურვა საქართველოს ყველა სკოლა ინტერნეტით, ეს მათთვის პატივთან ერთად, ერთგვარ პასუხისმგებლობად იქცა — იგი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, გამოწვევების პირისპირ აღმოჩენილი საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების დახმარებაში თავის განსაკუთრებულ როლს ხედავდა.
"სწორედ ამ დროს, დაგვიკავშირდა შენმოქმედი, რომელიც ეძებდა პარტნიორს ახალგაზრდებისთვის ინტერნეტის მისაწოდებლად, განსაკუთრებით კი რეგიონებში რთულად მისასვლელ ლოკაციებზე", — ამბობს თემო სარდაროვი, — "გვიხარია, რომ შევხვდით ჩვენნაირი მოტივაციისა და შემართების მქონე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და შენმოქმედი და სქაიტელი საერთო მიზნით გავერთიანდით.
"პარტნიორობის პირველი ეტაპი წარმატებით განვახორციელეთ — დავეხმარეთ 205 ოჯახს საქართველოს მასშტაბით ინტერნეტითა და კომპიუტერებით. როგორც ვხედავთ, პანდემია არსად არ მიდის, გამოწვევები კვლავ აქტუალურია, სამოქალაქო და კერძო სექტორის ერთიანობა კი ამ დროს — სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი".
ამიტომ გადაწყდა პროექტის გაგრძელებაც; მეორე ეტაპზე შთამბეჭდავი რიცხვი — 1 000 კომპიუტერი 1 000 მრავალშვილიანი ოჯახისათვის — ცხადია, დამატებით რესურსებს საჭიროებს, ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია როგორ ბიზნესკომპანიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა. დეკემბრის თვემდე მოძიებული რესურსები, როგორც მარიამი აღნიშნავს, 400-მდე ოჯახისათვის უზრუნველყოფს კომპიუტერსა და ინტერნეტკავშირზე წვდომას.
"თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ 1 000 ოჯახს საქართველოს მასშტაბით", — აგრძელებს მარიამი, — "რადგან გამოყოფილი პაკეტი, რომელიც 18 თვის განმავლობაში მათთვის ინტერნეტს უზრუნველყოფს, უკვე არსებობს. ახლა კი ჩვენგან ტექნიკის მობილიზებას საჭიროებს".
მიზნისკენ სწრაფვისას დახმარებისთვის შენმოქმედს უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელთან, მათგან, დაახლოებით, 40 უკვე აქტიურადაა ჩართული კამპანიაში და პროექტში საკუთარი წვლილი შეაქვს, თუმცა მისი გაგრძელებისთვის, როგორც აღვნიშნეთ, კიდევ უფრო მეტი მობილიზაციაა საჭირო. მარიამის თქმით, შენაწირის გაკეთებისას დონორები შეზღუდულები არ არიან, რადგან შენმოქმედს ჰყავს ტექპერსონალი და IT სპეციალისტები, რომლებიც გადაცემული ტექნიკის მწყობრში მოყვანასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შეძლებენ. ამდენად, პროექტისათვის გაღებული ყოველი ლარი და კომპიუტერი მეტად მნიშვნელოვანია.
იები მეგაბაიტების სანაცვლოდ და შენმოქმედის დროული დახმარება
პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ლადო აფხაზავაა. ჩიბათის სკოლის მასწავლებელმა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს გასული წლის ფინალისტია, ცოტა ხნის წინ ქოთნის ყვავილების გაყიდვა დაიწყო, რათა საკუთარი მოსწავლეები ინტერნეტით უზრუნველეყო. პროექტის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო და კერძო სექტორის როლსა და თავის გამოცდილებაზე ლადო აფხაზავა On.ge-ს ესაუბრა.
"სანამ მეორე სემესტრში ონლაინსწავლებაზე გადავიდოდით, წინასწარ, დაახლოებით, ოთხი-ხუთი თვით ადრე, მოსწავლეებთან ერთად, ოთახის პირობებში ჩავრგე იები", — იხსენებს ლადო, — "მიწიდან ამოყრილ იებს ბავშვები 'ჭუკებს' უწოდებენ, ეს ჭუკები კი იმდენად გამრავლდა, რომ 516 გახდა. ყველა მათგანი გაიყიდა და მისი საშუალებით ძალიან ბევრ მოსწავლეს დავეხმარეთ. ცხადია, იები 19 ლარი არ ღირდა, თუმცა, რადგან ადამიანებმა იცოდნენ, რომ მათი გაყიდვა ინტერნეტის შესაძენად გვჭირდებოდა, ზოგმა მათგანმა ეს თანხა გადაიხადა".
ჭუკების წარმატებული გაყიდვის მიუხედავად, მოსწავლეების რაოდენობის მატებასთან ერთად, გაჩნდა საჭიროება დამატებითი რესურსისა. ლადოს თქმით, სწორედ ამ დროს შეასრულა განსაკუთრებული როლი პროექტმა შენმოქმედმა.
"შენმოქმედი ძალიან დაგვეხმარა მაშინ, როცა თანხები არ გვყოფნიდა, მოსწავლეები თანდათან გვემატებოდა და მათთვის სრული პაკეტის უზრუნველყოფა არ შეგვეძლო", — აღნიშნავს იგი.
მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ფინალისტის თქმით, შენმოქმედის დახმარება განსაკუთრებით დროული აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ ახალმა რეალობამ, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა არაერთი მოსწავლე და მასწავლებელი. ხშირ შემთხვევაში, მათ ჰქონდათ ინტერნეტის ფული, თუმცა არ ჰქონდათ შესაბამისი ტექნიკა, სადაც ინტერნეტკავშირის მიღებას შეძლებდნენ.
"როდესაც ეს ორგანიზაცია მოსწავლეს კომპიუტერს გადასცემს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს მასწავლებლისთვის?! ჩიბათის სკოლის მასწავლებლებს ცრემლებიც კი წამოგვივიდა, რადგან იმ მომენტში ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო, როცა მათ კომპიუტერები მიუტანეს", — დასძენს ლადო, — "ახლა კი, როცა კვლავ უნდა გვესტუმრონ 10 ოჯახისთვის ინტერნეტის დასაინტსალირებლად, ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდი ბედნიერება გველოდება წინ".
დისტანციური სწავლების პირობებში მოსწავლეების განსაკუთრებულ საჭიროებებსა და სხვადასხვა სექტორის როლზე საუბრისას ლადო აფხაზავა აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა ერთეული მასწავლებლები საკუთარი ძალისხმევით ახერხებენ მოსწავლეების უზრუნველყოფას, სხვადასხვა სფეროს, მათ შორის სახელმწიფოს, წარმომადგენლებს, უფრო მეტი საშუალება და ხსნილი გზა აქვთ, რომ ბავშვებს დაეხმარონ. შესაძლებელია, თუნდაც, კონკრეტულ კომპანიებთან, კერძოდ, სერვისების პროვაიდერებთან, შეთანხმება და თანამშრომლობის დაწყება. მაგალითისთვის, ლადოს თქმით, სილქნეტმა განსაკუთრებული შეთავაზება — 19-ლარიანი ულიმიტო ინტერნეტი — მათი თხოვნით კვლავ გააგრძელა, რაც დიდად დაეხმარა სასწავლო პროცესში ჩართულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
"პირველად როდესაც მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ასოციაცია ქართველები საფრანგეთში დამეხმარა, თუმცა, მეორე ეტაპზე თავად მომერიდა დახმარების თხოვნა", — ამბობს ლადო, — "შესაბამისად, იები მეგაბაიტების სანაცვლოდ ძალიან სარგებლიანი აღმოჩნდა. ახლაც გვეხმიანება რამდენიმე ადამიანი და მათი შემოწირულობით, მოსწავლეების გარდა, რამდენიმე მასწავლებლის ინტერნეტით უზრუნველყოფაც შევძელით, რომლებსაც, სახლიდან წვდომის საშუალების არქონის გამო, სკოლის ინტერნეტით სარგებლობა უხდებოდათ.
"ამასთან, ინტერნეტის მიწოდება მოვახერხეთ არა მხოლოდ ჩიბათის, არამედ მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მოსწავლეებისთვისაც. ასევე აჭარის რეგიონშიც შევძელით მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ოთხკვირიანი პაკეტის ღირებულების ჩარიცხვა", — ამბობს ლადო.
კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობაზე აქცენტს აკეთებს თემო სარდაროვიც. მისი თქმით, სქაიტელს ყოველთვის მიაჩნდა, რომ კომპანიის წარმატებისთვის საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა აუცილებელია, რისთვისაც მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება და მოქმედება.
"ჩვენი კომპანია 2015 წლიდან, დაფუძნების დღიდან, ახორციელებდა სოციალურ პროექტებს, სხვადასხვა სახით არაერთხელ დაგვიჭერია მხარი მრავალშვიალიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის — ახალგაზრდებისთვის, განათლების ხელმისაწვდომობისა და სხვა კუთხით", — აღნიშნავს თემო, — "პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, რამდენად საჭიროა ამ დროს ერთიანობა და ერთმანეთის თანადგომა. ვფიქრობთ, კერძო სექტორის ჩართულობა სამოქალაქო ინიციატივებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საზოგადოების სიძლიერის გარეშე კომპანიაც ვერ იქნება ძლიერი. სწორედ ამიტომ, შეძლებისდაგვარად, გვერდში ვუდგავართ ჩვენს მოქალაქეებს, კომპანიაში კი ყოველთვის მზად ვიქნებით სოციალური პროექტების გასაგრძელებლად".
შენმოქმედი კი სოციალურ საქმიანობას განაგრძობს. რადგან კვლავ კრიზისულ მდგომარეობაში ვიმყოფებით — როცა ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან — ორგანიზაციად გარდაქმნილი სამოქალაქო მოძრაობა აქტიურად ცდილობს, გამოწვევების მიღება და მათზე პასუხი შეძლოს. რადგან უდიდესი სოციალური როლის შემსრულებელი არასამთავრობო ორგანიზაცია მომავალში მთლიანად შემოწირულობებზე დამოკიდებული იქნება, თქვენც შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ მისი საზოგადოებრივი საქმიანობის განვითარებასა და თანამოქალაქეების დახმარებაში.
გახდი #შენმოქმედი და გაუწოდე დახმარების ხელი მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
სურვილის შემთხვევაში, დონაციის გაღება შეგიძლიათ ფონდი პროდემოსის ანგარიშზე: GE64BG0000000101367665, ტექნიკის კამპანიისთვის გადაცემისთვის კი გამოიყენეთ ბმული.
კომენტარები