AI, VR, მარკეტინგი და პანდემია — რა ხდებოდა Touch Digital Summit-ზე — ნაწილი II
20-დან 29 ნოემბრამდე, მათთვის, ვისაც უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის, გლობალური პროდუქტების შექმნა, ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს სამყაროში, თუ პანდემიის ფონზე შეცვლილი რეალობა აინტერესებს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Digital Summit იმართებოდა. ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ონლაინ გაიმართა და მის ვირტუალურ სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ სპიკერები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით, ტექნოლოგიური ტრენდების შექმნაში მონაწილეობენ. ღონისძიების პირველ ნაწილზე უკვე მოგიყევით, ახლა კი ის დროა, მისი დასკვნითი ნაწილი შევაჯამოთ და მათ, ვისაც ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ვერ მოგეცათ, Touch Digital Summit-იდან, NEXT.On.ge-ის გუნდის მიერ მნიშვნელოვნად მიჩნეული და ამოკრებილი აქცენტები შემოგთავაზოთ.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 28-29 ნოემბერს მიმდინარეობდა და ის ძალიან საინტერესოდ დაიწყო. პირველი გამომსვლელი, რომელმაც ჩვენი ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო, კომპანია MAIA MD-ის CEO ლუიზა ბუბანოვა იყო.
ლუიზას მოხსენება, ისევე როგორც მისი კომპანიის საქმიანობა, მედიცინაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას მოიცავს. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერში ხელოვნურ ინტელექტს.
პანდემიის ფონზე საავადმყოფოები გადატვირთულია, დაკავებულები არიან ექიმებიც. ადამიანებს ექიმების კონსულტაცია სჭირდებათ, მაგრამ არსებულ რეალობაში ეს გართულებულია. როგორც ლუიზამ მოხსენებაში აღნიშნა, სწორედ ამას აკეთებს მისი კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცდილობს პაციენტსა და ექიმს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
ლუიზამ მოხსენების დროს გვაჩვენა თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის სახის გამომეტყველებისა თუ სიმპტომების შეფასებით პაციენტის შესაბამის ექიმთან გადამისამართება. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილების შემთხვევაში, რადგანაც მათ არ შეუძლიათ სიტყვებით გადმოგვცენ, თუ რა აწუხებთ. გარდა ამისა, ეს დროის დაზოგვისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ლუიზას შემდეგ, ჩვენი ყურადღება ქართველმა მომხსენებელმა მიიპყრო. საინტერესო იყო Wolt საქართველოს გენერალური დირექტორის, ნატალია ხიზანიშვილის გამოსვლა. ნატალია ბიზნესის განვითარების პროფესიონალია, 14 წლიანი გამოცდილებით.
საქართველოში Wolt ძალიან ბევრისთვისაა ცნობილი. ესაა მიწოდების სერვისის უზრუნველმყოფი კომპანია, რომელიც დასაწყისისთვის, მომხმარებელს მისთვის სასურველ საკვებს აწვდიდა. დღეს Wolt-ით საკვების გარდა ბევრი სხვა პროდუქციის შეკვეთა შეგიძლიათ.
ნატალიამ Wolt-ის ისტორიის შესახებ მოგვითხრო. გვიამბო იმაზე, თუ როგორ შეიძლება მცირე ბიზნესიდან გლობალურ ბაზარზე მოხვედრა და საერთაშორისო კომპანიად ჩამოყალიბება. ნატალიას თქმით, თითქმის ყოველ კვირა Wolt-ის მომსახურების ზონა ფართოვდება და ემატება ახალი ქალაქები.
ნატალიამ Wolt-ის წარმატების საიდუმლო გაგვიმხილა და გვითხრა, რომ კარგი კომპანია ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყოველთვის მზად უნდა იყოს ცვლილებებისთვის. სწორედ ასეთი ცვლილებები მოიტანა პანდემიამ. მან სრულად შეცვალა პროდუქტის მიწოდების საჭიროება. შესაბამისად, Wolt, როგორც ადგილზე მიტანის კომპანია, ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. კომპანია საკვების მიწოდებიდან თითქმის ყველაფრის მიწოდებაზე გადავიდა.
ნატალიას თქმით, პანდემიამ Wolt ახალ ეტაპზე აიყვანა და კომპანიამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, როგორსაც, ჩვეულებრივ, 2-3 წლიანი მომზადება დასჭირდებოდა.
ამით ნატალიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სამყარო დინამიურია, ბაზარი და მისი მოთხოვნები შეიძლება ყოველთვის შეიცვალოს. ხოლო წარმატებული ბიზნესი ცვლილებებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს.
შაბათის კონფერენცია საინტერესო გამომსვლელების მრავალფეროვნებითაც იყო. ერთ-ერთი ასეთი განსხვავებული და საინტერესო გამომსვლელი იყო ლუკას ზაჯანკაუსკასი. მან სპორტზე და მედიის ურთიერთობაზე ისაუბრა.
ლუკასმა 7 წელზე მეტი იმუშავა სპორტული მედიის ინდუსტრიაში. ამჟამად ის სპორტული ტრანსლაციების პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით მუშაობს და თავისი სტარტაპიც აქვს.
მისი თქმით, სპორტული მედიის ბაზარი დღეს 50 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ლუკასმა მსმენელს თანამედროვე სპორტში მედიის როლი კიდევ უფრო დაგვანახა. ეს ყველაფერი კი პანდემიის ფონზე, როდესაც ადამიანებს სპორტულ ღონისძიებებზე ფიზიკურად დასწრება აღარ შეუძლიათ და ბოლომდე ტრანსლაციებზე არიან დამოკიდებულები. თუმცა, გამოწვევებს აქაც ტექნოლოგიები უმკლავდებიან. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ტრანსლაციების პროცესი სულ უფრო მარტივდება, შესაბამისად, იაფდება კიდევაც.
ძალიან საინტერესო იყო კომპანია Magic Leap-ის წარმომადგენლის გამოსვლაც. რებეკა ბრაკინმა Magic leap-ზე და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებზე ისაუბრა.
რამდენიმე წლის წინ Magic leap-ში ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიცია ჩაიდო, საუბარია მილიარდობით დოლარზე. კომპანია წლების განმავლობაში ვირტუალური რეალობის ახალ ტექნოლოგიებზე ფაქტიურად გასაიდუმლოებულ პირობებში მუშაობდა. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ამ კომპანიის წარმომადგენლის მოსმენა.
რებეკა ხელმძღვანელობს დიზაინერების, ტექნოლოგიებისა და მკვლევარების გუნდს, რომლის მიზანიცაა ვირტუალური, დამატებითი და შერეული რეალობების დახვეწა და განვითარება.
რებეკამ გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა, რომ დღეს კომპანიის წარმატების ინდიკატორი შეიძლება იყოს ის, თუ რამდენად გახსნილია კომპანია ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. გამომსვლელმა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებზე და "ახალი რეალობების" შესახებ ბევრი ისაუბრა.
მსგავსი ტექნოლოგიების აუცილებლობა პანდემიამ კიდევ უფრო დაგვანახა. "დამატებითი რეალობის" ტექნოლოგიები ძალიან ბევრ სფეროში ინტეგრირდა. ის გამოიყენება, როგორც კომპიუტერულ თამაშებში, ასევე ტურიზმში, სამეცნიერო კვლევებში, ბიზნესსა და მედიცინაში.
სწორედ მედიცინიდან დაკავშირებით მოიყვანა რებეკამაც რამდენიმე მაგალითი. მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რთული ოპერაციის წინასწარი ტესტირება. ასეთი ტესტირებისთვის კი იდეალური შეიძლება იყოს დამატებითი თუ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები. მისი გამოყენებით ექიმს წინასწარ, უშუალოდ ოპერაციამდე შეუძლია მოემზადოს. რებეკას თქმით, Magic Leap-ის ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე ძალიან ბევრი ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მათ შორის სიამის ტყუპების დაშორების ოპერაციებიც.
ინსპირაციული იყო შაბათი დღის ერთ-ერთი ბოლო გამომსვლელი — პატრიკ ლი, რომელიც Rotten Tomatoes თანადამფუძნებელია. ფილმების მოყვარულები ამ საიტს ხშირად იყენებენ. ის ფილმების შეფასებისთვის და მათი რეიტინგების სანახავად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საიტია.
პატრიკი Rotten Tomatoes შექმნის ისტორიას მოგვიყვა. მან თავისი მოხსენება ფოკუსირების მნიშვნელობას მიუძღვნა. მისი თქმით, ნებისმიერი ბიზნესი, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, სწორედ ამას საჭიროებს.
"ფოკუსირება შეიძლება არ იყოს წარმატების გარანტია, მაგრამ გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ ფოკუსირების გარეშე ბიზნესი აუცილებლად წარუმატებელი იქნება", — გვითხრა მან.
პატრიკმა თავისი გამოცდილება გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ Rotten Tomatoes-ის გარდა, მან თავი ბევრ ბიზნესში გამოსცადა, მაგრამ იქ სადაც ვერ ხდებოდა ფოკუსირება, ყველაფერი წარუმატებლად სრულდებოდა. მისი თქმით, წარმატებისთვის საჭიროა ერთ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირება. ამის მაგალითებად მან Google და YouTube მოიყვანა.
მართლაც, როდესაც Google გამოჩნდა ბაზარზე, მისი მთავარი კონკურენტი, იმ დროისთვის ნამდვილი მონსტრი Yahoo იყო, მაგრამ იმის ფონზე, რომ Google, უშუალოდ, ძიების ფუნქციაზე კონცენტრირდა და ის სრულყოფილებამდე მიიყვანა, ახლა ის დომინანტია ყველა იმ სფეროშიც, რაშიც ოდესღაც Yahoo დომინირებდა.
მოხსენების დასასრულს პატრიკმა გვითხრა, რომ წარმატების მიღწევა ყველას შეგვიძლია, მთავარია ვიცოდეთ რა გვინდა და ზუსტად მასზე ვფოკუსირდეთ.
ამით შაბათის დღე ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა. დღე "მრგვალი მაგიდით" დაიხურა. მომხსენებლებმა ერთმანეთთან ისაუბრეს და მსმენლის შეკითხვებსაც უპასუხეს.
Touch Digital Summit-ის დასკვნითი, კვირა დღე კი საკმაოდ საინტერესო თემით დაიწყო. Dopeness Agency-ის წარმომადგენელი — მარტა ორტეგა გვიყვებოდა, როგორ შეუძლია AI-ის მარკეტინგული შესაძლებლობების ოპტიმიზირება. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი და მზარდი მიმართულება განიხილა, რა კუთხითაც მარკეტერებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეუძლიათ. ესენია: ჩეტბოტები, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი, ხმოვანი ძიების ფუნქცია და გაყიდვების წინასწარმეტყველება.
თითოეულ ამ მიმართულებაში მარტამ მარკეტერებისთვის საკმაოდ საინტერესო და მომავლის განმჭვრეტადი მნიშვნელობები დაგვანახა. აქედან, ჩეტბოტებით მიღებული სარგებელი ქართული ბაზრისთვის შედარებით ნაცნობია, თუმცა, არა AI ტექსტების გენერირების სისტემა, რომელსაც ჩვენთვის სოციალურ მედიაში განსათავსებელი ტექსტების გენერირება შეუძლია. ამ პრაქტიკას, როგორც მარტა ამბობს, ბევრი უკვე იყენებს, თუმცა საქართველოში მსგავსი სისტემის გამოყენება, ქართული ენის ბუნებრივი დამუშავების პრობლემიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, შეიძლება არც ისე რეალისტური იყოს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხმოვანი ძიების ფუნქციაზე, რომელიც ასევე, ქართულ ბაზარზე ადაპტირებისთვის, ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტების ქონას მოითხოვს. როგორც ვიცით, Alexa, SIri თუ Google Assistant ქართულად ვერ გვესაუბრებიან და პირიქით — ჩვენი ქართულ ენაზე დასმული შეკითხვებიც არ ესმით.
თუმცა, ადრე თუ გვიან, ხმოვანი ასისტენტების გაქართულებასთან ერთად, ქართული ბაზარი სხვა რამეებსაც მოითხოვს. სხვადასხვა ბრენდის მარკეტინგის მიმართულებით მომუშავე ადამიანებს კი მოუწევთ მარტას რჩევის გათვალისწინება — რაც შეიძლება სწრაფად მოარგონ კონტენტი ხმოვანი ძიების საჭიროებებს.
ჩეტბოტების კუთხით მარტამ მაგალითად Tidio მოიყვანა, ხოლო ტექსტის გენერირების კუთხით Articolo, ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც ყველასთვის ცნობილი ტექსტი, ერთგვარი ბლოგი დააგენერირა და დღეს ბრენდებს სხვადასხვა ტიპის ბლოგებისა თუ სოციალური მედიის პოსტების ტექსტების შექმნაში ეხმარება. სხვა მხრივ, მარტას თქმით, 2021 წლისთვის, ძიებების 30-დან 50%-მდე ხმოვანი ძიების ფუნქციის გამოყენებით მოხდება. რაც მაარკეტერებისთვის დამატებით საჭიროებებს ხდის ცხადს.
მოკლედ რომ ვთქვათ, AI ჩვენს მარკეტინგულ მიდგომებს მნიშვნელოვნად ცვლის და მისი სახით ხელში თანამედროვე და მოსახერხებელი ინსტრუმენტი გვაქვს. ის ცვლის არა მხოლოდ ჩვენს მიდგომებს, არამედ მომხმარებლის გამოცდილებასაც. მარტას თქმით კი, თუ ბრენდებს წარმატება უნდათ, თანამედროვე შესაძლებლობებსა და ტრენდებს, როგორიც ხელოვნური ინტელექტია, ფეხი უნდა აუწყონ.
გამოსვლის ბოლოს მარტა ორტეგამ რამდენიმე კითხვასაც უპასუხა, მათ შორის იყო თუ რა შეზღუდვები და ბარიერები აქვს ხელოვნურ ინტელექტს, სანამ მოქნილ მარკეტინგულ ხელსაწყოდ იქცევა? და მეორე — რამდენად აქტუალურია ეთიკური დილემა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ახლავს ხოლმე თან. ანუ, დატოვებს თუ არა უსამსახუროდ მარკეტერებს ხელოვნური ინტელექტი? პირველ კითხვაზე მარტას პასუხი იყო ის, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ გამოცდისა და დახვეწის ეტაპზეა, შესაბამისად, მისი გამოყენების გადაწყვეტილება ერთგვარ ექსპერიმენტის პირობებში ყოფნის მზაობაზე მიგვანიშნებს. მეორე კითხვაზე პასუხი კი ერთმნიშვნელოვანია — ბევრი სპეციალისტის მსგავსად, მარტაც მიიჩნევს, რომ AI მარკეტერების დამხმარე უფროა, ვიდრე მათი კონკურენტი.
შემდეგი გამომსვლელი — ედ გიანსანტე იყო E-Dublin-იდან. მან გვაჩვენა, თუ როგორ უნდა ვეურთიერთოთ აუდიტორიას ონლაინ, იმისათვის, რომ გაყიდვების ზრდა შევძლოთ. ედის მიდგომით, ონლაინ აქტივობების სამართავად რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ. განსაკუთრებით კი გამოვყოფდით ავტორიტეტის შენების ნაწილს. მისი თქმით, ონლაინ აქტივობებისას ავტორიტეტის შენებას ხელს უწყობს სხვადასხვა მოვლენასა თუ ფაქტზე საკუთარი აზრის, ინტერპრეტაციის გამოხატვა. ბრენდის ხასიათის ხაზგასმა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი კონტენტითა თუ კომუნიკაციით ბევრი რამის მიცემა შეგვეძლოს ადამიანებისთვის და არამხოლოდ ფულის სანაცვლოდ. მისი ერთ-ერთი დევიზი ასე ჟღერს — ჯერ გაეცი და მერე მიიღე.
შემდეგი სპიკერი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ლირაზ მარგალიტია ConverCX-დან. ის ბრენდებთან ემოციური კავშირის მნიშვნელობაზე გვესაუბრა. მან დაყო მომხმარებლის მეხსიერება მოკლევადიან და გრძელვადიანი მეხსიერებად და შეგვახსენა, რომ თუ ადამიანებისთვის პოზიტიური ემოციების შექმნაზე ვიქნებით ორიენტირებული, გაცილებით მეტი ლოიალური მომხმარებელი გვეყოლება. ხშირად, კომპანიები მოკლევადიან შედეგებზე — გაყიდვების გაზრდაზე, ან ახალი ბაზრების ათვისებაზე მუშაობენ და ავიწყდებათ, რომ მათ ამ მომხმარებლების შენარჩუნებაც სჭირდებათ. ამის ილუსტრაციაა ლირაზის მიერ, პრეზენტაციისას ნაჩვენები გამოსახულება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.
საკუთარი ციტატით პრეზენტაციის დაწყება არც ისე თავმდაბლური საქციელია, თუმცა Touch-ის ერთ-ერთ სპიკერს — ბენჯამინ კოულს AppsFlyer-იდან იქნებ სულაც არ ჰქონდა თავმდაბლობის საფუძველი. ის მომხმარებელცენტრულ ანალიზზე გვესაუბრა და ასევე იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს, გვქონდეს ჩვენი პროდუქტის გლობალურ პროდუქტად ქცევის ამბიცია. განსაკუთრებული აქცენტი ბენჯამინისთვის აპლიკაციები იყო, როგორც მზარდი ციფრული პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა მომსახურების მიღებას ჩვენსავე სმარტფონებში ხდის შესაძლებელს. როგორ შევქმნათ იდეალური სამომხმარებლო გამოცდილება, რატომ უნდა გვქონდეს გლობალური პროდუქტი, ან როგორ იხდიან iOS-ის მომხმარებლები მეტს — ეს ის თემებია, რაზეც ბენჯამინ კოული გვესაუბრა და არამხოლოდ.
Touch Digital Summit 2020 მრგვალი მაგიდით, დამსწრეების მხრიდან დასმული არაერთი საინტერესო კითხვითა და ღონისძიების შეჯამებით დასრულდა. შეაჯამეს ვორქშოპები, რომლების პროგრამისტებისთვის თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვის ჩატარდა, ასევე, ის გამოსვლები, რომლებსაც წელს ეს ღონისძიება დაეთმო. გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი წლისთვის ისევ ფიზიკურად შევძლებთ დავესწროთ Touch Digital Summit-ს, თუმცა ისიც აღვნიშნეთ, რომ ციფრულ ფორმატში დასწრებაც არ იყო ნაკლებინფორმატიული, ან ნაკლებად შთამაგონებელი.
მოკლედ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Digital Summit მომდევნო წელს დაგვიბრუნდება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მას დაველოდოთ. დაველოდოთ როგორც შესაძლებლობას, რომელიც შთაგვაგონებს და ამასთან, ტექნოლოგიურ ტრენდებში გარკვევასა და ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარებაში დაგვეხმარება.
კომენტარები