დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცერცვაძემ რემდესივირის პრეპარატი თავის თავზე გამოიყენა და შედეგიც არის. გარდა ამისა მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და სულ მალე რემდესივირი უნდა იყოს ქვეყანაში გამოსაყენებლად.

"რემდესივირი არ არის ყოვედღიური ხმარების მედიკამენტი, იხმარება ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკებში და არა ამბულატორიებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან იყო რეკომენდაცია, რომ რამდენიმე კვლევის მიხედვით, თითქოს მან არ მისცა სტატისტიკურ-ვალიდური შედეგი, მაგრამ ძალიან ბევრი კლინიკა დღესაც, ქვეყანაც, იყენებს რემდესივირს. თენგიზ ცერცვაძე არის ერთ-ერთი მაღალი დონის სპეციალისთი და მან გამოიყენა ეს პრეპარატი თავის თავზე და შედეგი არის", — განაცხადა გამყრელიძემ.

ცერცვაძემ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ, ალბათ, 2-3 კვირაში საქართველო რემდესივირს მიიღებდა. რემდესივირის საქართველოში შემოტანას ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ მაისის ბოლოსთვის ვარაუდობდნენ.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, საავადმყოფოში კი 19 ნოემბერს ორმხრივი პნევმონიით გადაიყვანეს. ის სტაციონარიდან სახლში უკვე გაწერეს.

პანდემიის დაწყების დღიდან, ცერცვაძე კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთო, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დგინდება და განისაზღვრება ვირუსის მართვისა და მკურნალობის პროტოკოლები.