როგორ შეცვლის ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკის საგარეო პოლიტიკას?
"ესეც გაივლის, ჩვენ დავბრუნდებით" — უთხრა ჯო ბაიდენმა ამერიკის პარტნიორებს 2019 წელს გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ამ სიტყვის მიერ გამოწვეული აპლოდისმენტები იმის მიმანიშნებელი იყო, რომ არსებობდა დიდი სურვილი, ამერიკის შეერთებული შტატები დაბრუნებოდა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე არსებულ "მსოფლიო წესრიგს". დღეს ბაიდენი უკვე პრეზიდენტია — საარჩევნო კოლეგიამ ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ დაადასტურა.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა "დიდ სტრატეგიაზეა" დამყარებული, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მიღწევისთვის საჭირო საშუალებებს აერთიანებს.
თავდაპირველად, დონალდ ტრამპის საგარეო სტრატეგია ამერიკის პირველობაზე იყო დაფუძნებული და იგი მიზნად ისახავდა საერთაშორისო სისტემაში ლიდერობის აღდგენას. ტრამპი საერთაშორისო ინსტიტუტებს მეტწილად სკეპტიკურად უყურებდა, რის გამოც არაერთი შეთანხმება დატოვა კიდეც. მისი საგარეო პოლიტიკა მალე ნეო-იზოლაციონისტური გახდა, რომლის თანახმადაც, აშშ არ უნდა ჩარეულიყო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მიმდინარე პროცესებში და "საკუთარი თავისთვის მიეხედა". პრეზიდენტმა სირიიდან და ავღანეთიდან ჯარები გაიყვანა, დაიწყო სავაჭრო ომები ჩინეთთან, ევროკავშირთან და მეტწილად შიდა სიმტკიცის გაძლიერებაზე გადავიდა.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა, უმეტესად, ლიბერალურ ინსერნაციონალიზმზე იქნება დაფუძნებული — ის მხარს დაუჭერს დემოკრატიის ექსპორტს, აღადგენს საერთაშორისო ინსტიტუტებში დაკარგული წევრის სტატუსს, რის შემდეგაც, გლობალური საფრთხეებზე პასუხის შემუშავების პროცესში აშშ-ის ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ზოგადად, მულტილატერალიზმი საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალური თეორიიდან ამოდის და უპირატესობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში ინსტიტუციონალიზმსა და ლიბერალურ საშინაო პოლიტიკას. თითქმის იდენტური იყო ობამას სტატეგია: საერთაშორისო პასუხისმგებლობას პარტნიორებზე ანაწილებდა, თუმცა, ხშირად ინერტულ საგარეო პოლიტიკასაც ატარებდა (რუსეთი, უკრაინა).
რამდენიმე შემთხვევაში, კრიტიკოსები ტრამპის საგარეო პოლიტიკას პრინციპულად სწორს უწოდებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ტრამპი სწორი იყო, როდესაც ჩინეთთან სავაჭრო პრაქტიკა შეცვალა, უკრაინას იარაღი მიაწოდა, შეცვალა სავაჭრო ხელშეკრულება კანადასა და მექსიკასთან, ხელი შეუწყო ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების ურთიერთობის ნორმალიზების პაქტს. რაც შეეხება შეცდომებს, მათი აზრით, ტრამპი შეცდა, როდესაც ბოლო 75 წლის განმავლობაში საერთაშორისო სტაბილურობის გარანტორი ალიანსებისთვის ძირის გამოთხრა დაიწყო. ტრამპის კიდევ ერთ შეცდომად კრიტიკოსები საერთაშორისო ინსტიტუციებიდან გასვლას მიიჩნევენ, ასევე, მას ადანაშაულებენ დემოკრატიული წესებისა და ნორმების დამრღვევი პოლიტიკის გატარებაში მიგრანტების წინაშე, როცა პატარა ბავშვები იძულებით დააშორეს დედებს.
ასეა თუ ისე, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ცვლილებებისთვის ემზადება. tikkun olam — სწორედ ამ ებრაული ტერმინით ახასიათებენ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებს ექსპერტები — მსოფლიო იცვლება.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გლობალური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია. 1972 წლიდან, როცა ის პირველად აირჩიეს სენატში, 2009 წლამდე, ანუ ვიცე-პრემიერობამდე, ორი ვადის განმავლობაში, ბაიდენი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რა დროსაც კონფლიქტურ ზონებშიც მოგზაურობდა. საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას მულტილატერალიზმის გზას დაუბრუნებენ და მოკავშირეებთან ურთიერთობაში უფრო თანმიმდევრულ სტრატეგიას დაადგებიან.
ბაიდენი ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტი იყო, თუმცა მას ხშირად არ ეთანხმებოდა. ის იყო უფრო უხეში პოლიტიკის მომხრე რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში, არ ეთანხმებოდა კონტინგენტის გაზრდას ავღანეთში და ინტერვენციას ლიბიაში. თუმცა, საზოგადოდ, ობამას გადაწყვეტილებების 95%-ს უჭერდა მხარს.
"პოსტ-ტრამპისტულ ეპოქაში უბრალოდ უკან, ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნება არ იქნება საკმარისი", ამბობს ქეით კიზერი, ადვოკატირების ჯგუფის Win Win War დირექტორი. მისი თქმით, ზოგიერთი მემარცხენე ითხოვს "უსაფრთხოების აღქმის რეკონცეპტუალიზაციას". კიზერი საუბრობს ახალ გრანდიოზულ სტრატეგიაზე, რომელიც მართული იქნება ღირებულებებით და არა სამხედრო კუნთებით და გულისხმობს "ეროვნული უსაფრთხოების ხარჯების გადანაწილებას, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის საჭიროებები შინ და საზღვარგარეთ". ეს ჯდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკული პოლიტიკის ფართო კრიტიკაში — დემოკრატიის გავრცელების მიზნით გადადგმული ნაბიჯები კონტრპროდუქტიული გახდა, ქვეყანაში ჩაერთო "სამუდამო ომებში" და მიიღო უზარმაზარ ზიანი.
სიმტკიცე არადემოკრატიული რეჟიმებისა და დიქტატორების მიმართ
ექსპერტების ვარაუდით, ბაიდენი არ მიესალმება ავტორიტარებს, მიუხედავად მათი ძალისა თუ რესურსებისა, განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც საუდის არაბეთსა და ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მაგალითად, ბრაზილიის ავტორიტარი პრეზიდენტი ბოლსონარო და ფილიპინების პრეზიდენტი, დუტერტე, რომლებიც ტრამპის კამპანიას მხარდაჭერას უცხადებდნენ, მეგობარს თეთრ სახლში ვეღარ იპოვიან.
კამპანიის პერიოდში ბაიდენმა ღიად გააფრთხილა ავტოკრატები. მან საჯაროდ გააკრიტიკა ეგვიპტის პრეზიდენტი, რომელმაც ადამიანები უკანონოდ დაიჭირა, აწამა და ქვეყნიდან გაასახლა. ბაიდენი ამბობდა, რომ ტრამპის "ფავორიტი დიქტატორების" ტაქტიკა მიუღებელი იყო და ზოგადად, დემოკრატიული პარტიის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციას არ სჯერა "რეჟიმის ცვლილების".
ბაიდენის პრაგმატულობისა და პრინციპების შეთავსების ხარისხი საუკეთესოდ მისი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ურთიერთობაში აისახება.
"რუსები ჯერ არ ცნობენ ბაიდენის გამარჯვებას, ამით მხარს უჭერენ აშშ-ში პოლარიზაციისა გაღრმავებას", — აცხადებს ანჯელა სტენტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი და "პუტინის სამყაროს" ავტორი. რუსები ბაიდენს კარგად იცნობენ, პუტინი არაერთხელ შეხვედრია მას. ბაიდენმა გამოაცხადა ობამას ადმინისტრაციის "გადატვირთვის პოლიტიკა" რუსეთთან, 2009 წლის მიუნხენის კონფერენციაზე, როცა პრეზიდენტი ჯერ კიდევ დიმიტრი მედვედევი იყო. ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრეზიდენტი ისევ პუტინი გახდა. სტენტი ამბობს, რომ ბაიდენს რუსეთთან მკაცრი რიტორიკა აქვს.
"ბაიდენი მეტად განჭვრეტადი იქნება თავის ქმედებებში, მაშინაც კი, თუ რუსეთისთვის სანქციების დაკისრებას გადაწყვეტს, ან თუ აქცენტს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გადაიტანს".
სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ, არც ისე მშვიდი იქნება ურთიერთობები სხვა გრძელვადიან მოკავშირეებანაც. ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნათანიაჰუ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე იყო. პრეზიდენტობის პერიოდში, ტრამპმა ნათანიაჰუს რამდენიმე "ოცნება" შეუსრულა — ცნო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, გადაიტანა აშშ-ს საელჩო იქ, დააინიცირა სამშვიდობო შეთანხმება, რაც რაც ისრაელის უპირატესობას პალესტინელებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გამოხატავდა.
ვარაუდობენ, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა იქნება უფრო "თავაზიანი" იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც ნაკლები ძალა და მცირე რესურსები აქვს. პატარა ქვეყნები მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე იმედოვნებენ, რომ ბაიდენი საკუთარ ინტერესს შესაძლებლობებს მიღმა არსებული ღირებულებების საფუძველზე გამოხატავს — ის არ შეაფასებს აფრიკას, როგორც "ბინძური ქვეყნების კონტინენტს", როგორც ტრამპი. ზიტო კაბვემ, ტანზანიის ოპოზიციური ალიანსის ლიდერმა, განაცხადა, რომ ბაიდენის გამარჯვება დემოკრატიის გავრცელების სიგნალს აძლევდა.
"მაშინ, როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დემოკრატიის შუქი წყდება, იმედი გვიჩნდება, რომ ღირსება, პატიოსნება და შეუპოვრობა კვლავ მნიშვნელოვანია", — დაწერა მან.
ბაიდენი გლობალისტია, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის დამოკიდებულებას როგორც პანდემიასთან, ისე ეკონომიკურ კრიზისთან და ტერორიზმთან. აშშ-ის წინაშე დგას გამოწვევა, რისი დაძლევის შემთხვევაში ამერიკა დაარწმუნებს მსოფლიოს, რომ ის იმსახურებს იმ ძალას, რომელიც მან ერთხელ მოიპოვა. "ძალაუფლების სადარაჯოზე მიმდინარეობს მშვიდი საუბრები იმასთან დაკავშირებით, იძირება თუ არა ამერიკა მსოფლიოს სცენაზე", — ამბობს კურტ კემპბელი, ყოფილი დიპლომატი, რომელიც ახლა აზიის ჯგუფის თავმჯდომარეა. "ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს, რომ შეაერთოს ამერიკის ძალა, სურვილი და ცბიერება", რათა დაამტკიცოს, რომ მას "კვლავ შეუძლია და ითამაშებს კიდეც წამყვან როლს მსოფლიოში".
ურთიერთობები ირანთან — ახალი ბირთვული შეთანხმება?
2015 წლის 18 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა ქვეყანამ გერმანიასთან (P5+1) და ირანთან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ და ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას (Joint Comprehensive Plan of Action), რომელიც ირანს სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის შემცირებას ავალდებულებდა.
ეს არ იყო იდეალური შეთანხმება, თუმცა ტოვებდა განცდას, რომ იქნებოდა სტრატეგიული წამოწყება და პლატფორმა, რომელიც მხარეებს საშუალებებს აძლევდა, თანამშრომლობა კვლავ გაგრძელებულიყო. გამომდინარე იქედან, რომ ირანი არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, ტრამპმა შეთანხმება დატოვა. ირანმა საპასუხოდ გააუქმა შეთანხმების ნაწილი და აამოქმედა ცენტრიფუგები, თუმცა იმ პირობით, რომ ურანის გადამუშავების ლიმიტებს არ გადააჭარბებდა.
ტრამპმა "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკა დაიწყო, რომელმაც გავლენა იქონია ირანულ რიალზე (ვალუტა), ეკონომიკაზე, კეთილდღიურობაზე და ცხოვრების ხარისხზე, თუმცა დიდად ვერ იმოქმედა ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო მანუფაქტურის მასშტაბზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ ირანმა JCPOA-ს ფარგლებში გამდიდრებული ურანის დასაშვებ დონეზე ბევრად მეტი დოზა დააგროვა.
სწორედ ამიტომ, ახალი ადმინისტრაციისთვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების (Joint Comprehensive Plan of Action) საკითხი იქნება. შეთანხმებაში მყოფ სხვა ქვეყნებს (ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი) იმედი აქვთ, რომ ხელშეკრულება კვლავ აღდგება.
ცხადია, ბაიდენიც ამას იმედოვნებს კამპანიის მიმდინარეობისას ის ხალხს ჰპირდებოდა, რომ ხელშეკრულებას კვლავ შეუერთდებოდა, თუკი ირანი გარვეულ დათმობებზე წამოვიდოდა. ეს იქნება "კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადასახადი ამერიკის სანდოობის აღსადგენად და მსოფლიოსთვის იმის დასამტკიცებლად, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ამერიკის სიტყვას ისევ აქვს ფასი", — ამბობდა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი.
თუმცა, მან განაცხადა ისიც, რომ გააძლიერებდა და გააფართოვებდა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, რომელსაც შემდეგ 4 წელში ვადა გასდის.
ბაიდენი ამბობს, რომ მსოფლიოს მიერ ამერიკაში განახლებული რწმენა მას იმის საშუალებას მისცემს, რომ ირანის პრობლემა დიპლომატიური გზით გადაჭრას, თუმცა, უშუალოდ JCPOA-ში დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება. პირველ რიგში, ამერიკა და ირანი უნდა შეთანხმდნენ, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს. შესაძლოა, ირანმა ტრამპის დროს დაწესებული სანქციების მოხსნაც მოითხოვოს, რაც, ნაკლებ სავარაუდოა.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "მაქსიმალური წნეხის" გამოყენებას რეჟიმის ცვლილების წინაპირობად მიიჩნევდა. თუმცა, ამან არა პროდასავლელი ირანელი პოლიტიკოსების გაძლიერება, არამედ რადიკალური ჯგუფების (მათ შორის, პარლამენტში) გაძლიერება გამოიწვია.პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, რომლის ადმინისტრაციამაც ირანთან შეთანხმებას მოაწერა ხელი , 2021 წელს ქვეყნის სათავეში აღარ იქნება. მოსალოდნელია, რომ მის ადგილს სწორედ ზემოთ ხსენებული რადიკალები დაიკავებენ. გამოდის, რომ ბაიდენს თვით აიათოლა ალ ხომენეიზე "გამარჯვება" მოუწევს. დასუსტებული ეკონომიკის ქვეყანას, სავარაუდოდ, მეტი გზა არ დარჩება და ბაიდენთან ახალ შეთანხმებაზე მოილაპარაკებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეთანხმების გადასარჩენად შესაძლოა შესაბამისი ფორმა გამოინახოს ფორმა. მათ შორის შეიძლება მოიაზრებოდეს ირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შესასრულებლად სანქციების გაუქმებაც. ეს იმედი განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც შეთანხმების მთავარი არქიტექტორი, ჯეიკ სალივანი ამჟამად ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად დაინიშნა.
ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ ირანმა ე.წ. "ოქროს წესი" მიიღოს, რომელიც გაერთიანებული ემირატების გამოცდილებას ეფუძნება და გულისხმობს ურანის გამდიდრების და გადამუშავების შეწყვეტას.
ბაიდენი ეცდება, პირველი ნაბიჯი თავად გადადგას, მოხსნის ტრამპის მიერ დაწესებულ სამგზავრო შეზღუდვას ირანზე და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ირანს გარკვეულ დახმარებას აღმოუჩენს. ორივე მხარე რეგიონში სიტუაციის დალაგებაზე შეთანხმდება. სწორედ ეს მოცემულობა მოუმზადებს ნიადაგს ახალ ბირთვულ შეთანხმებას — ეკონომიკური ბერკეტების გათვალისწინებით, შეთანხმების მიღწევა შეიძლება არც ისე რთული იყოს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ურთიერთობები ჩინეთთან — უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ ცივ ომს
"Fuck China Week" — ასე ჰქვია ბობ დეივისის და ლინფლინ ვეის წიგნს, რომელიც 2018 წლის დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ გამოიცა, თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც 2020 წლის ივლისში მოხდა — ამერიკამ ჩინელ ოფიციალურ პირებს, მათ შორის, პოლიტბიუროს წევრებს, ახალი შეზღუდვები დაუწესა — 11 ჩინური კომპანია სავაჭრო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდა, ჩინეთის ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არალეგალურად მიიჩნია, გააუქმა ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსი სავაჭრო და დიპლომატიურ ურთიერთობებში, გამოაცხადა კრიმინალური ბრალდებები ჩინეთის 4 მოქალაქის მიმართ, რომლებიც PLO-ში ჯაშუშობაში იყვნენ შემჩნეულნი. მიმდინარეობდა სავაჭრო ომი, რაც ერთმანეთისთვის საექსპორტო საქონელზე ტარიფებისა და კვოტების დაწესებას ითვალისწინებდა. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ამერიკის და ჩინეთის ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში არც ისე სასიამოვნო გამოდგა.
ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიის საფრთხედ აღიქმებოდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, FBI-ს დირექტორი, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო მდივანი თანხმდებოდნენ, რომ ჩინეთს საკუთარი იდეოლოგიის — "გააკონტროლე აზრები" — მსოფლიოში გავრცელება სურს. ამერიკაში ფიქრობდნენ, რომ ჩინეთს ჰეგემონის სტატუსის მიღება უნდა. მაიკ პომპეო აცხადებდა, რომ ამერიკას ან ყველაფერი უნდა გაეკეთებინა საკუთარ მოკავშირეებთან ერთად ჩინეთის აღმასვლისთვის ხელის შესაშლელად, ან გაერისკა 21-ე საუკუნე სი ძინპინის ავტორიტარული აღმასვლისთვის.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაიდენი სი ძინპინთან თანამშრომლობისთვის გადაკვეთის წერტილებს მარტივად იპოვის, მაგალითად, ირანის საკითხს, კლიმატის ცვლილებას და ა.შ. შესაბამისად, ურთიერთობაში კონფრონტაციის დონე დაიკლებს. ბაიდენის მრჩევლები მიიჩნევენ, რომ ტრამპის მიერ "დაშვებული შეცდომების" დრო სწორედ ახლაა — ბაიდენმა უნდა იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩინეთზე ზეწოლისა და რეალური კონკურენციის გასაზრდელად, თუნდაც 5G-ის საკითხში.
რა ბედი ელის "განსაკუთრებულ ურთიერთობებს" და სავაჭრო შეთანხმებას ბრიტანეთთან
ჯო ბაიდენმა ბორის ჯონსონს დონალდ ტრამპის "ფიზიკური და ემოციური კლონი" უწოდა, ანუ, თავიდანვე ვიცოდით, რომ მათ შორის ურთიერთობა განსაკუთრებული ვერ იქნებოდა.
ზოგადად, აშშ სახელმწიფოდ ბრიტანეთთან ომში ჩამოყალიბდა. მრავალი კონფლიქტის შემდეგ, 1895 წლიდან ურთიერთობები დამეგობრების, ხოლო შემდეგ კი მოკავშირეობის ფაზაში გადავიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანულ-ამერიკულ ურთიერთობებს "განსაკუთრებული ურთიერთობები" ეწოდა და საერთაშორისო სისტემაში მჭიდრო თანამშრომლობაში გამოიხატა.
ობამას პერიოდში დაიწყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებაც, რაც მის მიერ მსოფლიო ლიდერობაზე უარის თქმაში, გადატვირთვის პოლიტიკის დაწყებასა და თითქოს ყურადღების მოდუნებაში გამოიხატა. დაიწყო ურთიერთობების გაცივება დიდ ბრიტანეთთანაც. აღსანიშნავია, რომ ობამამ ოვალური კაბინეტიდან გაატანინა ჩერჩილის ბიუსტი, რომელიც იქ ათწლეულების მანძილზე იდგა.
ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, პოლიტიკა კვლავ შეიცვალა და უფრო გაცივდა. AMERICA FIRST პოლიტიკამ დიდწილად უკან გადაწია პრიორიტეტები პარნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების თაობაზე: დაშორდა პოზიციები მრავალ სისტემურ საკითხზე, როგორიცაა NATO-ს აღქმა, კლიმატის ცვლილება, ავტორიტარული რეჟიმები, ირანის ბირთვული ხელშეკრულება და ა.შ.
მიუხედავად ამისა, ტრამპი და ჯონსონი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდნენ. ტრამპმა ჯონსონს "ბრიტანეთის ტრამპი" უწოდა.
ბრიტანეთსა და ამერიკას შორის "განსაკუთრებულ ურთიერთობებს", როგორც ეს მას ჩერჩილმა უწოდა, ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდშიც ბევრი გამოცდა ელის. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონის კონსერვატიულ პარტიას საგარეო პოლიტიკაზე მეტი საერთო აქვს ბაიდენთან, ურთიერთობები მაინც ვერ იქნება ისეთი, როგორც ეს, მაგალითად, ტონი ბლერსა და ჯორჯ ბუშს შორის იყო. მთავარი საკითხი ბრექსიტია.
ბრექსიტი საერთაშორისო სისტემაში ბრიტანეთის როლს მნიშვნელოვნად შეცვლის — მისი პოზიციები ევროპაში შესუსტდება. როგორც მე-20 საუკუნის ევროპაში იტყოდნენ, ბრიტანეთი ვეღარ იქნება ამერიკის "ტროას ცხენი" ევროკავშირში. ბრიტანეთის როლის შემცირებამ ამერიკას შეიძლება ბერლინთან და პარიზთან ურთიერთობების გააქტიურებაშიც უბიძგოს. ასევე, ექსპერტები ამბობენ, რომ ბრექსიტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ბრიტანეთის დამოკიდებულებას ამერიკაზე.
სწორედ ეს თემაა ყველაზე საკამათო — ახალი სავაჭრო შეთანხმება ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის. ახალი ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ თუკი ჩრდილოეთ ირლანდიის მშვიდობის საკითხი ეჭვის ქვეშ დადგება, სავაჭრო შეთანხმება ვერ გაფორმდება. ამასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენმა საკუთარი აზრი არაერთხელ გამოთქვა — არჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მიღწეული შეთანხმება არ შეიძლება ბრექსიტის მსხვერპლი გახდეს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი არასდროს ყოფილა ბრექსიტის მომხრე. მეტიც, ის ამ პროცესს ისტორიულ შეცდომად მიიჩნევდა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირის ქოლგის გარეთ დარჩენილ ბრიტანეთთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულება ჩრდილოეთ ირლანდიის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებს. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბაიდენის მთავარი პრიორიტეტი ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულების დამტკიცება სულაც არ იქნება — უმნიშვნელოვანესი გამოწვევა შიდა ეკონომიკური პრობლემები და კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევა იქნება.
ბაიდენი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წლების მანძილზე მუშაობდა, კარგად იცნობს "სტრატეგიული დავიწყების ხელოვნებას" — ბრიტანეთს აქვს გამოცდილება, ანგლო-ამერიკული ზამთარი მალევე დაათბოს. ბაიდენის საგარეო პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, ქვეყნები მარტივად იპოვიან გადაკვეთის წერტილებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბირთვული უსაფრთხოება, ჩინეთისა და რუსეთის შეკავება, კლიმატის ცვლილება. ისინი ერთად შექმნიან ლიბერალური დემოკრატიების ახალ ალიანსს, რათა ავტოკრატული რეჟიმების გავლენებს საკმარისად დაუპირისპირდნენ.
ბაიდენის პრეზიდენტობა — შანსი ემანუელ მაკრონისთვის
2017 წელს, არჩევიდან მალევე, ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს ეიფელის კოშკზე ვახშმით გაუმასპინძლდა. კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობად შეფასებულმა ქმედებამ მაკრონს "ტრამპის ჭორიკანას" სახელი მოუტანა. ვერ ვიტყვით, რომ ამან მაკრონისთვის კარგად იმუშავა — ტრამპი პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გავიდა და ირანთან ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება შეწყვიტა. ტრამპი ევროპაში მთავარ მოკავშირედ ბორის ჯონსონს აღიქვამდა, შესაბამისად, საფრანგეთის მცდელობები დასაწყისშივე განწირული იყო.
ბაიდენის არჩევა მაკრონისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარაა — მისი, როგორც ევროპაში ამერიკის არჩეული პარტნიორის შექმნის მცდელობა. ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, პეტერ რიკეტის თქმით, ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთი "ნაკლებად საჭირო" გახდა ამერიკისთვის.
სწორედ აქედან გამომდინარეობს საფრანგეთის შანსი. მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი არასდროს შეხვედრია ბაიდენს. მთელი კამპანიის მანძილზე ბაიდენმა ყველა უცხოელ დიპლომატს "კარი დაუხურა", რათა თავიდან აერიდებინა ნებისმიერი მითქმა-მოთქმა უცხოური ძალების არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. თავად ბაიდენის გუნდის რამდენიმე წევრი, მათ შორის ენტონი ბლინკენი, ფილიპ ეტიენი და ჟერარ არუდი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მჭიდრო იდენტურ კავშირებს საფრანგეთთან.
მაკრონის გეოსტრატეგიული აზროვნების მთავარი ნაწილი — მისი "ოპერაციული პროგრამა", როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, არის "ევროპული სუვერენიტეტი". ორგანიზების პრინციპია, რომ ევროპელებმა უნდა გააკეთონ მეტი საკუთარი თავისთვის, მათ შორის თავდაცვასთან დაკავშირებით.
ობამას დროს ევროპა უკვე ქრებოდა ამერიკის თვალთახედვიდან. ამჟამად ბაიდენს მოკავშირეები სჭირდება. ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის ჩანაცვლების შანსი, შეიძლება, ძველი ინსტინქტია, თუმცა, მაკრონმა იცის, რომ საფრანგეთი ამერიკის უძველესი მოკავშირეა — დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტ მომენტში, 1781 წელს, იორკთაუნში, ლაფაიეტი მათ ბრიტანელების დამარცხებაში დაეხმარა.
კონფრონტაცია თუ გადატვირთვა? — ურთიერთობები რუსეთთან
ბაიდენი რუსეთს პირველად 1979 წელს ეწვია.
2014 წლის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და 2016 წლის აშშ-ს არჩევნებში მოსკოვის დადასტურებული ჩარევის შემდეგ, მიუხედავად ტრამპისა და პუტინის ურთიერთიერთდამოკიდებულებისა, სიტუაცია ცივი ომის ტემპერატურას უახლოვდება.
თავად პუტინმა უკვე ისაუბრა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის "მკვეთრი ანტირუსული რიტორიკის" შესახებ. წინასაარჩევნოდ, ბაიდენმა რუსეთი შეაფასა, როგორც "მოწინააღმდეგე" და სახელმწიფო, რომელიც "ყველაზე დიდ საფრთხეს" უქმნის ამერიკის უსაფრთხოებას.
სამეცნიერო წრეებში არსებობს ვარაუდი, რომ აშშ-ს პოლიტიკა რუსეთის მიმართ არამარტო მკაცრი, არამედ უფრო თანმიმდევრული გახდება. პირველ რიგში, ეს ბაიდენის NATO-სთან ურთიერთობებით არის განპირობებული. თუ კი NATO რუსეთს ევროპული უსაფრთხოების საფრთხედ ღიად აცხადებს, მისი გაძლიერება აშშ-ის ჩართულობით "რუსეთის შეკავებისთვის" შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბაიდენი განახლებული მულტილატერალური ურთიერთობების გაძლიერების მომხრეა. ამასთან, მან დააანონსა, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევების აღმოსაფხვრელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან გააძლიერებს თანამშრომლობას. არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა ისიც, რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევისთვის ამ ყველაფერში "რეალურ ფასს" გადაიხდის.
ახალი ადმინისტრაცია პრიორიტეტად ბელარუსის საკითხის დასახვას აპირებს — სურს "გამოიწვიოს" რუსეთს ამოფარებული ლუკაშენკოს რეჟიმი და პასუხი გასცეს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რაც ქვეყანას რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა.
ბაიდენმა რამდენჯერმე გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც პუტინის "კლეპტოკრატიულ ავტორიტარულ სისტემას" ებრძვიან.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაიდენს სურს, ამერიკა უფრო თვალსაჩინო გახდეს საერთაშორისო პოლიტიკურ და დიპლომატიურ სცენაზე, რაც რუსეთს გავლენის სფეროებსა და მანევრირების სივრცეებს შეუვიწროვებს, მაგალითად აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, ლათინურ ამერიკას.
ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქება ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ბაიდენი, როგორც სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის "წამყვანი წევრი", საკმაოდ კარგად ერკვეოდა რეგიონში არსებულ კონფლიქტებში.
მხარეთა შორის ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტს შეარაღებათა კონტროლის შეთანხმება წარმოადგენს. ორმხრივ ხელშეკრულებას — NEW START ვადა თებერვალში გაუვა. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი სწრაფად მოილაპარაკებს მოსკოვთან, სულ მცირე, ხელშეკრულების დროებით გაგრძელებასთან დაკავშირებით.
შეიძლება გამოინახოს მოლაპარაკების სხვადასხვა თემაც: ტერორიზმთან და პანდემიასთან ბრძოლა, კლიმატის შეთანხმება და ირანის ბირთვული უსაფრთხოების საკითხიც კი.
დაახლოება ევროპასთან
ექსპერტების შეფასებით, ბაიდენს ევროპასთან ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე მეტწილად რომანტიკული დამოკიდებულება აქვს, რაც ევროპასაც ხელს აძლევს, განსაკუთრებით მიმდინარე ბრექსიტის ფონზე. ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, ევროპასთან ჩამოშლილი ტრანსატლანტიკური კავშირი გამოაცოცხლოს, რომელიც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს ინტერესების გატარებას ემსახურებოდა. ტრამპის დოქტრინამ "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" შეასუსტა ალიანსების მნიშვნელობა, რაც აშშ-ის ყველაზე მძლავრი გლობალური იარაღი იყო.
ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა ბაიდენსა და ჰარისს გამარჯვება twitter-ით მიულოცა და დაწერა, რომ დროა "დავუბრუნდეთ ხიდების და არა კედლების მშენებლობას".
NATO
ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საერთო საგარეო საფრთხეებზე მყისიერი პასუხის შემუშავებაა. მოსალოდნელია, რომ ის NATO-სთან, მსოფლიოს ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსთან ურთიერთობების მოგვარებაზე იზრუნებს. იგი გააფართოვებს მის მისიას 21-ე საუკუნის საფრთხეებთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორც სამხედრო, ასევე, კიბერ სფეროში.
ბაიდენის გამარჯვებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. "ჩვენ ეს ერთობლივი ძალა მრავალ საფრთხესთან გასამკლავებლად გვჭირდება, მათ შორის, რუსეთთან, საერთაშორისო ტერორიზმთან, კიბერ და ბირთვულ საფრთხეებთან, გლობალური ბალანსის ცვლილებასთან და ჩინეთის ძლიერების ზრდასთან", — განაცხადა მან.
საერთაშორისო შეთანხმებები და ინსტიტუტები
ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი რწმენა საერთაშორისო შეთანხმებებისა და ინსტიტუციებისადმი. მას სურს, იმ შეთანხმებებს შეუერთდეს, რაც ტრამპმა დატოვა.ბაიდენი აპირებს პლანეტის გადასარჩენად გაფორმებულ 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებას დაუბრუნდეს. ის ასევე გეგმავს, თავიდან შეუერთდეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას, რათა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის ჩართულობა მაქსიმალურად გაიზარდოს.
ბაიდენი ამას გააკეთებს არა მხოლოდ კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების დასახვეწად, არამედ სიმსივნის, დიაბეტის, გულის დაავადებების მკურნალობის გასაძლიერებლად. თუკი ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურ როლს ითამაშებს ვაქცინის ხელმისაწვდომობის გაზრდაში მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის, მისი პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე მკვეთრად ამაღლდება.
ბაიდენი, ასევე, აპირებს, გააგრძელოს start-ის ხელშეკრულება, იარაღის კონტროლზე დაწესებული ერთადერთი ხელშეკრულება რუსეთთან, რომელიც ზღუდავს ბირთვული იარაღის გავრცელებას. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, სავარაუდოდ, განაგრძობს მუშაობას ბრიტანეთთან, რუსეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან, რათა გააძლიეროს ირანთან დაკავშირებული ბირთვული შეთანხმება, რომელიც ტრამპმა 2018 წელს დატოვა. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ამერიკას აქვს ახალი შესაძლებლობა, "გამოასწოროს წარსულის შეცდომები და დაუბრუნდეს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კურსს".
საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს მომავალზე და რეგიონში გეოპოლიტიკური სტაბილურობის შექმნაზე.
რუსეთის მიმართ ბაიდენს საკმაოდ ხისტი პოზიცია აქვს — მან არაერთხელ გააკრიტიკა ტრამპი რუსეთის მიმართ მისი არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო. სხვადასხვა წელს ბაიდენი არაერთხელ შეხვედრია საქართველოს ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადებიდან თითქმის ორი თვის თავზე ბაიდენმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია დაგმო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯო ბაიდენი 2009 წლის ივლისში საქართველოს ეწვია. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისში ჩამოვიდა "მარტივი, პირდაპირი გზავნილით — ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, თქვენ გვერდით ვდგავართ უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და, ისევ და ისევ, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალ გზაზე".
ბაიდენის გაპრეზიდენტება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთთან ამერიკის დამოკიდებულების გამკაცრებას მოასწავებს. ბაიდენის ადმინისტრაციის რიტორიკა, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მკაცრი იქნება და ნაკლებად შეეგუება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა თუ დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის ფაქტებს. აშშ-ს ლიდერობის გაძლიერება NATO-ში და პოზიციების გამტკიცება ევროპაში, ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის "ბერკეტებს", რამე ფორმით ვეტო დაადოს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ჯო ბაიდენი უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს კავკასიის რეგიონსა და შავ ზღვას მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. შავი ზღვის აუზში NATO-ს წარმომადგენლობის გაზრდა მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება რუსეთის პოზიციებზე.
კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ბაიდენი, ჯერ უცნობია. მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება ჯერ არ დაუწყია — ინაუგურაცია მომავალი წლის იანვარში იქნება. მანამდე მხოლოდ პოლიტიკის სპეციალისტების მოსაზრებებიდან და ბაიდენის წარსულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა ნაბიჯებს გადადგამს ის. და ასევე, იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები იქნება უფრო მჭიდრო, ვიდრე ტრამპის პრეზიდენტობისას.
კომენტარები