CRISPR-ის სისტემამ კიბოს უჯრედები გაანადგურა — კვლევა
თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ CRISPR/Cas9 სისტემა მეტასტაზური სიმსივნეების მკურნალობისთვის ძალიან ეფექტიანია, რაც კიბოს სამკურნალო საშუალებების ძიებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
მკვლევრებმა შექმნეს საშუალება, რომელიც კიბოს უჯრედებს ცნობს და გენეტიკური მანიპულაციით ანადგურებს. CRiSPR-LNP სისტემით, მესენჯერული რნმ ჯდება კიბოს უჯრედის დნმ-ში და Cas9 ენზიმს აკოდირებს, რასაც კიბოს უჯრედი თვითგანადგურებამდე მიჰყავს.
კვლევა ICRF-ის (ისრაელის კიბოს კვლევის ფონდი) მიერ დაფინანსდა და Science Advances-ში გამოქვეყნდა.
"ეს მსოფლიოში პირველი კვლევაა, რომელიც ამტკიცებს, რომ CRISPR გენომური რედაქტირების სისტემის გამოყენება ცოცხალ ორგანიზმებში კიბოს მკურნალობის კუთხით შეიძლება", — ამბობს კვლევის თანაავტორი, დან პირი. "ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს ქიმოთერაპია არაა. არანაირი გვერდითი ეფექტები არ შექიმნება და ამგვარად, განადგურებული კიბოს უჯრედები აღარასდროს გააქტიურდება".
კვლევისთვის მეცნიერებმა ორი ტიპის სიმსივნე, გლიობლასტომა და საკვერცხეების კიბო შეარჩიეს. ორივე ძალიან აგრესიული დაავადებაა, რომლის დიაგნოსტირების შემდეგ პაციენტები 15 თვეზე მეტს იშვიათად ცხოვრობენ. ზემოხსენებული კვლევა თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერებმა შენიშნეს რომ ერთჯერადი მკურნალობით გლიობლასტომას მქონე თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაორმაგდა, საკვერცხეების კიბოს მქონე თაგვებში კი გადარჩენის მაჩვენებელი 80%-ით გაიზარდა.
მკვლევრები გეგმავენ, რომ მომავალში მსგავსი კლინიკური ექსპერიმენტები სხვა ტიპის სიმსივნეებზეც ჩაატარონ. ხოლო CRISPR სისტემა უზარმაზარი პოტენციალის მატარებელია, არამხოლოდ ონკოლოგიაში, არამედ მთელ მედიცინაში.
კომენტარები